Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„საქმე უცხოელი პატრონების დაკვეთით შეკერეს“ - ფარცხალაძე დუმილს არღვევს, თუმცა ბევრს არაფერს ამბობს

ოთარ ფარცხალაძე: „მდევნიან გაყალბებული დანაშაულებისთვის, - იმისთვის, რაც არ ჩამიდენია“
ოთარ ფარცხალაძე: „მდევნიან გაყალბებული დანაშაულებისთვის, - იმისთვის, რაც არ ჩამიდენია“

აშშ-ის და ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძე, - რომელზეც საქართველოს ხელისუფლებას „კანონიერი ქურდის“ ძმის მკვლელობასა და „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებული ბრალდებებით ძებნა აქვს გამოცხადებული, - პირველ კომენტარს აკეთებს და თავის ყოფილ გუნდს „დაკვეთის შესრულებაში“ ადანაშაულებს.

მოკლე წერილობითი ინტერვიუ ოთარ ფარცხალაძესთან, - ყოფილ გენერალურ პროკურორთან, რომელიც პოსტიდან წასვლის შემდეგ რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და რომელმაც ბოლო წლებში გვარში „რომანოვი“ დაიმატა, - პარასკევს, 20 თებერვალს გამოაქვეყნა რუსულმა პროსამთავრობო Моско́вский комсомо́лец-მა.

MK-ს თანახმად, ფარცხალაძე „დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე „უცხოელი პატრონების“ დავალებით შეკერეს“.

რას ამბობს სანქცირებული ექსპროკურორი

„მე მდევნიან გაყალბებული დანაშაულებისთვის, - იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. ცდილობენ, ჩამომაშორონ ჩემს ისტორიულ სამშობლოს“, - აცხადებს ფარცხალაძე, რომლის სახელიც წლების განმავლობაში არაერთ გახმარებულ ეპიზოდში ფიგურირებდა, სავარაუდო დანაშაულის ნიშნებით.

„საერთაშორისო კრიმინალურმა ორგანიზაციებმა ჩემზე ნადირობა გამოაცხადეს. არ მეშინია. ეს ყველაფერი იდეალურად აჩვენებს ჩემს მიერ არჩეული გზის სისწორეს. მზად ვარ, სიცოცხლე გავწირო ჩვენი შვილების ბედნიერი მომავლისთვის“, - უთხრა MK-ს ფარცხალაძემ.

  • აშშ-მა ფარცხალაძეს 2023 წელს სანქციები დაუწესა „საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ“ და მიუთითა, რომ:
  • „სრულად აქვს მიღებული რუსული იდენტობა“;
  • აშშ-ს თანახმადვე, მისი ბიზნესპარტნიორი, ФСБ-ს ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო და უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის საკეთილდღეო გავლენის მოსახდენად იყენებენ“.

„ქართველმა ხალხმა თვალები უნდა გაახილოს და დაინახოს, ვინ მოქმედებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე, და ასევე, ვინ ხლართავს ინტრიგებს, ვინ ემსახურება უცხოელ ბატონებს და ვინ ანადგურებს ჩვენს იდენტობას, ცხოვრების წესსა და ერთიანობას," - ამბობს ახლა ფარცხალაძე.

უშუალოდ ბრალდებებზე იგი არ საუბრობს და აქცენტს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენისა და გაღრმავების „საჭიროებაზე“ სვამს.

არ ახსენებს არც ბიძინა ივანიშვილს, - თავისი შვილიშვილის ნათლიის, ბერა ივანიშვილის მამას.

„ახალი თავი მოძმე ერების ურთიერთობაში“

ის აცხადებს, რომ „გრძელი და სახიფათო გზა“ გაიარა „სამშობლოს სამსახურში“ და დასძენს:

„ვიცი, ახალი თავი დაიწყება ჩვენს მოძმე ერებს შორის ურთიერთობებში“.

მისი თქმით, საქართველოს საზოგადოებას ორი ვარიანტი აქვს:

  1. „პირველი ვარიანტია ვუღალატოთ ჩვენს ისტორიას, რწმენას, მეგობრებსა და ძმებს“;
  2. „მეორე არის კვლავ გაერთიანება და ღვთის გზის ძიება, რაც ჩვენს ხალხს კეთილდღეობისკენ მიიყვანს“.

იგი იმეორებს რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების მიერ მუდმივად გამოყენებულ ტროპს და ამბობს: „მართლმადიდებლური სარწმუნოება გვაერთიანებს“.

„მე ყველა ძალისხმევას მივმართავ ქართველ და რუს ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განმტკიცებისთვის, რაც დაფუძნებული იქნება პატივისცემაზე, ერთიანობასა და გარე საფრთხეებისადმი ერთობლივ წინააღმდეგობაზე“, - აცხადებს ფარცხალაძე.

რას ედავებიან მას

ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე ძმებ მიქაძეებთან ერთადაა ბრალდებული ბიზნესმენ ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში. ჯანგველაძე 2025 წლის 14 მარტს მოკლეს ვაკეში.

იგი, სავარაუდოდ, რუსეთშია და პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.

19 თებერვალს პატიმრობა შეუფარდეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზეც - სხვა ბრალდებულებთან ერთად.

  • როგორც ჯანგველაძის, ისე „ქოლცენტრების“ საქმეში ფარცხალაძესთან ერთად ბრალდებულები არიან მისი გარემოცვის წევრები, ძმები, გიორგი და დავით (დათუნა) მიქაძეები;
  • „ქოლცენტრების“ საქმეზე ბრალდებულია „ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე, - რომელიც ბრალდებას უარყოფს და თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

ვინ არის ფარცხალაძე-რომანოვი?

ოთარ ფარცხალაძე (ამჟამად ფარცხალაძე-რომანოვი) ფართო საზოგადოებამ 2013 წელს გაიცნო, როცა 37 წლისა საქართველოს მთავარი პროკურორი გახდა — მხოლოდ 39 დღით (21 ნოემბერი – 30 დეკემბერი).

  • პოსტიდან გადადგა გახმაურებული სკანდალების ფონზე: კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მისი განათლება და დიპლომი;
  • „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებდა, რომ 2001 წელს ის გერმანიაში „ბოტასების ქურდობისთვის“ გაასამართლეს.

მისი სახელი ფიგურირებდა ძალადობის ეპიზოდებში (გენერალური აუდიტორის ცემის საქმე, სპორტის ყოფილი მინისტრის „სარდაფში ცემის“ საქმე), თუმცა ქართულ სასამართლოებში ეს ბრალდებები ვერ დამტკიცდა.

2023 წლის 14 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა და იგი რუსეთის სპეცსამსახურებთან დააკავშირა.

დასანქცირებულ ფარცხალაძეს პარტიასთან ერთად სახელმწიფო სტრუქტურებიც იცავდნენ. ეროვნულმა ბანკმა „გამონაკლისი“ დაუშვა სანქციების აღსრულების წესში - „საქართველოს მოქალაქეებისთვის“.

დღეს ფარცხალაძის სახელი პერიოდულად ჩნდება რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების ლობირებასთან დაკავშირებულ მასალებში.

მას დაფუძნებული აქვს მოძრაობა „რუსი ქართველები“. მონაწილეობდა რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის დისკუსიებში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG