Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისსა და მოსკოვს შორის - ვინ წარმოადგენს "ქართული ოცნების" ხელისუფლებას რუსეთში?

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალური და არაოფიციალური, ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები რუსეთში
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ოფიციალური და არაოფიციალური, ყოფილი და მოქმედი წარმომადგენლები რუსეთში

საგარეო უწყება გვიდასტურებს ინფორმაციას - რუსეთში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად 41 წლის ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. ის მანამდე “ქართული ოცნების” ხელისუფლების განათლების მინისტრი იყო. ბუნდოვანია, ამ პოსტიდან გადადგა თუ გაუშვეს.

„ქართული ოცნების“ საგარეო უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ალექსანდრე წულაძე “საგანგებო და სრულუფლებიან დესპანად 2025 წლის 17 დეკემბერს დაინიშნა“. ეს ამბავი არც დეკემბერში არ გასაჯაროებულა და ცნობები ამ გადაწყვეტილების შესახებ არც ახლა არ იძებნება ოფიციალურ წყაროებში.

წულაძის მოსკოვში ყოფნის ამბავზე 2026 წლის 3 იანვარს “ქართული ოცნების” მხარდამჭერმა, პრორუსმა ჟურნალისტმა ლალი მოროშკინამ ფეისბუკზე დაწერა.

“რუსეთში გამართულად მუშაობს საქართველოს საელჩო, რომელსაც ახალი ხელმძღვანელი ალექსანდრე წულაძე ყავს (ყოფილი განათლების მინისტრი)” - როცა მოროშკინამ ეს ტექსტი გამოაქვეყნა, წულაძის დანიშვნიდან ორ კვირაზე მეტი იყო გასული.

  • მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექცია 2009 წლის მარტში ამოქმედდა, საქართველოს მიერ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის [2008 წლის 2 სექტემბერი] შემდეგ; რაც, თავის მხრივ, 2008 წლის აგვისტოს ომსა და კრემლის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას მოჰყვა. ასევე 2009 წლის მარტში ამოქმედდა რუსეთის ინტერესების სექცია შვეიცარიის საელჩოს შემადგენლობაში, თბილისში.
  • ინტერესების სექცია ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, თბილისსა და მოსკოვს შორის არსებობს. აგვისტოს ომის შემდეგ ამოქმედდა ასევე ჟენევის ფორმატი - პოლიტიკური კონსულტაციებისთვის და “ქართულმა ოცნებამ” აამოქმედა არაფორმალური შეხვედრების ფორმატიც, რომელსაც წლების განმავლობაში “აბაშიძე-კარასინის” ფორმატს უწოდებდნენ.


ალექსანდრე წულაძის წინამორბედი - მამუკა მერკვილაძე - საქართველოს ინტერესების სექციას 2024 წლის მარტიდან, სავარაუდოდ - 2025 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა. მისი გათავისუფლების შესახებ ცნობები ოფიციალურად არ დადასტურებულა. „TV პირველის“ ინფორმაციით, მერკვილაძე თავისი მეგობრის - სუსის ყოფილი უფროსის, ამჟამად დაპატიმრებული გრიგოლ ლილუაშვილის - კადრი იყო. სხვადასხვა წყარო ერთმანეთს ხშირად უკავშირებს ლილუაშვილისა და ფარცხალაძის გვარებსაც.

ფარცხალაძეს მეგობრები ჰყავს პროკრემლისტურ პარტიაში - "სოლიდარობა მშვიდობისთვის". დაუზუსტებელი ინფორმაციით, ეს პარტია სწორედ მისი ხელშეწყობით შეიქმნა. რუსეთის ხელისუფლებაში დადასტურებული აქვთ, რომ, ვიზებისა თუ ფრენების თემებზე, რუსეთში მიმდინარე მოლაპარაკებებში ფარცხალაძეც მონაწილეობდა. ახლა მას ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

ამ დრომდე გაურკვეველია, რატომ არ ჩანს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში გიორგი ქაჯაია, რომელმაც 2025 წლის მარტში ზურაბ აბაშიძის ადგილი დაიკავა. მანამდე ის მოსკოვში, საქართველოს ინტერესთა სექციას ხელმძღვანელობდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ვინ არის ალექსანდრე წულაძე?

„მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება. არ არის სავალდებულო, ყველა იყოს დიპლომატი, როდესაც, მით უმეტეს, უშვებ ადამიანს მაღალ თანამდებობაზე - ნუ, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში“, - უთხრა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა „tv პირველს“. დააზუსტა ასევე, რომ წულაძის რუსეთში გაგზავნა მისი და „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება იყო.

ალექსანდრე წულაძე პროფესიით იურისტია. განათლების სისტემაში მოხვედრამდე ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო.

  • განათლების მინისტრის პოსტზე არასრული 9 თვის განმავლობაში მუშაობდა [2024 წლის 2 ოქტომბრიდან 2025 წლის 30 ივნისამდე]; მანამდე ის მინისტრის პირველი მოადგილე იყო.
  • 2019-2023 წლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო. მანამდე მას მოსამართლედ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა.
  • 2015-2017 წლებში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო დეპარტამენტის უფროსის პოსტს იკავებდა.
  • 2017-2019 წლებში იყო იურიდიული კომპანია CLL Law Firm-ის მმართველი პარტნიორი.
  • 2010 წლიდან ასწავლის საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტსა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
  • 2011-2012 წლებში წულაძე იუსტიციის მინისტრის თანაშემწედ მუშაობდა, 2010–2011 წლებში - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ადმინისტრაციული ბიუროს უფროსად.
  • წულაძეს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; ფლობს სამართლის დოქტორის ხარისხს. სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობდა იტალიაში, აშშ-ში, გერმანიაში.


2025 წლის ივნისის ბოლოს, „ქართული ოცნების“ სხვა არაერთი მაღალჩინოსნის მსგავსად, განათლების მინისტრის პოსტი წულაძემაც ფეისბუკგანცხადებით დატოვა. დაწერა, რომ საკუთარი ნებით წავიდა, მაგრამ როცა ირაკლი კობახიძე მის შემცვლელად გივი მიქანაძეს წარადგენდა და მას „საუკეთესო კადრს“ უწოდებდა, წულაძე ამ ბრიფინგზე არ იდგა. მაშინ გაჩნდა ეჭვი, რომ ის გაუშვეს.

რადიო თავისუფლება საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელს ვერ დაუკავშირდა; ხოლო საგარეო უწყებამ არ უპასუხა ჩვენს თხოვნას - ამ საკითხში დახმარების შესახებ.

რას აკეთებს სექცია?

რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში მოქმედი საქართველოს ინტერესების სექციის საქმიანობაზე საჯარო ინფორმაცია მწირია. საგარეო უწყების ვებსაიტზე გაბნეული ცნობებიდან ჩანს, რომ ზოგადად ის საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურებას უზრუნველყოფდა, ეხმარებოდა დოკუმენტების მომზადებაში, განახლებაში; აწვდიდა ინფორმაციას რუსეთში ამოქმედებული ახალი წესების შესახებ.

უმოქმედოა უშუალოდ ამ სექციისთვის განკუთვნილი ვებსაიტის ბმული, რომელიც საგარეო უწყებას აქვს მითითებული. უწყებას მოქმედი ბმულების გამოგზავნა ვთხოვეთ - ვერ მივიღეთ.

საქართველოს წარმომადგენლობების ჩამონათვალში, რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილ გრაფაში ახალი საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, ალექსანდრე წულაძის ფოტო მიმაგრებული არ არის და არც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის შემადგენლობაა ჩამოთვლილი.

სექციაში დასაქმებულთა შესახებ მწირი [შესაძლოა - არასრული ან ძველი] ცნობები რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებსაიტზეა:

  • სოფიო მოსიძე - საქართველოს ინტერესთა სექციის უფროსი მრჩეველი [ჟურნალისტი - მანამდე ბელარუსში საქართველოს საელჩოში მუშაობდა. „TV პირველის” ინფორმაციით, მამუკა მერკვილაძის გათავისუფლების შემდეგ, მოსიძე ასრულებდა საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის ფუნქციას].
  • თეიმურაზ სანაძე - უფროსი მრჩეველი, საქართველოს ინტერესთა სექციის კონსული.
  • შოთა დოლიძე - პირველი მდივანი, საქართველოს ინტერესთა სექციის ვიცე-კონსული.
  • ვიტალი მიქელაძე - პირველი მდივანი, ვიცე-კონსული.

ამ ჩამონათვალში არ არის საქართველოს ინტერესების სექციის ძველი ხელმძღვანელი - მამუკა მერკვილაძე და არც ახალი - ალექსანდრე წულაძე.

რაც შეეხება რუსეთის ინტერესების სექციას, რომელიც შვეიცარიის საელჩოში, თბილისში მოქმედებს - სპეციალური ვებსაიტი აქვს, სადაც რუსეთის მოქალაქეებისთვის მრავალფეროვანი ინფორმაცია ქვეყნდება.

რუსეთის ფედერაციის ინტერესების სექცია ინფორმაციას საქართველოს მოქალაქეებისთვისაც აქვეყნებს და მაგალითად, ქართველ სტუდენტებს რუსეთის უნივერსიტეტებში ეპატიჟება - უფასო კვოტით, უგამოცდოდ; სთავაზობენ უფასო საერთო საცხოვრებელს; სტიპენდიებს; რუსული ენის უფასოდ შესწავლას - მოსამზადებელ ფაკულტეტზე. აბიტურიენტებს წინასწარ აფრთხილებენ, რომ თბილი ტანსაცმელი დასჭირდებათ.

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსახვედრად, გამოცდების ნაცვლად, ტარდება გასაუბრება - სწორედ ინტერესების სექციის წარმომადგენლებთან.

  • რუსეთის ინტერესთა სექცია აცხადებს, რომ აბიტურიენტები საქართველოდან ძირითადად ირჩევენ მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უმაღლეს სასწავლებლებს; თუმცა არის მოთხოვნა ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის სასწავლებლებზე.
  • აბიტურიენტებს იზიდავენ რეკლამებით - რომლებშიც ლაპარაკია ინფრასტრუქტურის თანამედროვე დონეზე, მდიდარ ბიბლიოთეკებზე და პრაქტიკულ მეცადინეობაზე.


არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ახლა აღარც რუსეთის ტერიტორიაა უსაფრთხო.

ვინ არის მამუკა მერკვილაძე?

ალექსანდრე წულაძის წინამორბედი - მამუკა მერკვილაძე - ბიზნესმენია. მისი გვარი ათეულობით საწარმოს აქციონერებს შორის იძებნება, მათ შორის - 35%-იანი წილით - კომპანია „კანიონი 350-ის" თანამესაკუთრეთა შორის. ამ კომპანიას მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდაში, კანიონის ტერიტორიაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად მიწის დიდი ფართობი 40 წლის ვადით აქვს გადაცემული. ამ გარიგებას ადგილობრივი მოსახლეობის მწვავე პროტესტი მოჰყვა და დღემდე გრძელდება.

2017-2018 წლებში მერკვილაძე საქართველოს რკინიგზის შვილობილი კომპანიის, GR Logistics & Terminals-ის დირექტორის მოადგილე და დირექტორი იყო. ის ამ თანამდებობაზე მეგობარმა და ბიზნესპარტნიორმა - საქართველოს რკინიგზის დირექტორმა, დავით ფერაძემ დანიშნა. მედიაში ეს ნეპოტიზმად შეფასდა.

  • მერკვილაძე 2021 წლიდან იკავებდა მოსკოვში დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციის, „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ ვიცე-პრეზიდენტის პოსტს. ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი დავით ცეცხლაძეა - რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებული „ეროვნებათაშორისი საბჭოს“ წევრი, ღიად პროკრემლისტური განწყობებით. ემხრობა რუსეთის ომს უკრაინაში. 2024 წლის აგვისტოში მოუწოდებდა უკრაინის მხარდამჭერ ქართველ მებრძოლებს, დაეყარათ იარაღი.
  • დავით ცეცხლაძე რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც იკავებს. ეს საბჭო მსჯელობდა რუსეთის ბაზარზე დასაშვები ქართული კომპანიების შესახებაც.
  • დიასპორული ორგანიზაციის ეგიდით, მამუკა მერკვილაძე [სექციის ხელმძღვანელად დანიშვნამდე] ჩართული იყო მოლაპარაკებებში რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიაფრენებისა და რუსეთში უვიზო მიმოსვლის აღდგენის შესახებ.
  • 2022 წლის იანვარში, მამუკა მერკვილაძე საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.


მამუკა მერკვილაძის ცოლი, თამარ დუდუნია, რუსეთის ესტრადის მომღერალია - „ქართველი შემსრულებელი სმოლენსკის ოლქიდან“. 2019 წელს, ტელეარხ „ზვეზდასა“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, მას პრიზი პირადად სერგეი შოიგუმ გადასცა.


მამუკა მერკვილაძე
მამუკა მერკვილაძე

საქართველოს ინტერესთა სექციაში მამუკა მერკვილაძის დანიშვნის ამბავი, მთავრობაზე ადრე, „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ არხებით გავრცელდა.

2024 წლის 11 მარტს, როცა „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები თბილისში ამ თემაზე ლაპარაკობდნენ, ამ დროს, მოსკოვში ახლადჩასული მერკვილაძე თავის პირველ შეხვედრას სწორედ დავით ცეცხლაძესთან მართავდა.

„მერკვილაძემ პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ კვლავ მოუსმინოს [რუსეთში] ქართული დიასპორის ხმას. ის კარგად იცნობს რუსეთში ქართველების ცხოვრებას. რამდენიმე წელი იყო ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის ვიცე-პრეზიდენტი. საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი ძალიან პოზიტიურია“, – ცეცხლაძის ეს კომენტარი 2024 წლის 12 მარტს გავრცელდა.

  • მოსკოვში, შვეიცარიის საელჩოში, საქართველოს ინტერესების სექციას მამუკა მერკვილაძე 2024 წლის მარტიდან, სავარაუდოდ - 2025 წლის ოქტომბრამდე ხელმძღვანელობდა.
  • თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ამბავი შარშან ოქტომბერში ტელეკომპანია "პირველმა" გაახმაურა. ეს ამბავი დროში ემთხვევა ლილუაშვილის უძრავი ქონების ჩხრეკას. [2025 წლის ოქტომბერში]. ამავე პერიოდში გაიჩხრიკა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ამჟამად პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის უძრავი ქონებაც. სხვადასხვა წყარო ერთმანეთს ხშირად უკავშირებს ლილუაშვილისა და ფარცხალაძის გვარებსაც.


ლილუაშვილი, ფარცხალაძე...

რუსულენოვანი მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ მერკვილაძემ დიპლომატიური სამსახური პრაქტიკულად „ბიზნეს-ცენტრად“ გადააქცია - „კერძო ბიზნეს-კომბინაციებისთვის“. ГРУЗИНФОРМ-ი აყალიბებდა ვერსიას, რომ მამუკა მერკვილაძის საშუალებით - გრიგოლ ლილუაშვილს მიეცა შესაძლებლობა, ეკონტროლებინა ქართული ბიზნესი რუსეთში.

კონსტანტინე მორგოშია
კონსტანტინე მორგოშია

“ალტ-ინფოს” ულტრამემარჯვენე პარტიის, “კონსერვატორები საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა - “მაგნიტსკის სიაში” შეყვანილმა კონსტანტინე [კოკა] მორგოშიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მას რუსეთის ტერიტორიაზე სწორედ ფარცხალაძისა და ლილუაშვილის გამო არ უშვებენ.

„რუსეთის ფედერაციაში შესვლა 2029 წლამდე მაქვს აკრძალული და როდესაც ეს მე იქ [მოსკოვში] განმიცხადეს, მითხრეს პირდაპირ, ღიად - რომ ეს არის ოთარ ფარცხალაძისა და გრიგოლ ლილუაშვილის უპირობო მოთხოვნა. ზრდილობიანად ამიხსნეს - ეს არის თქვენი ხელისუფლება, თქვენი ქვეყნის მმართველი რგოლი და წყენად ნუ ჩაიდებო... ხელები არავის გადაუგრეხია, არც მიჩხუბია - ჩავჯექი თვითმფრინავში და დავბრუნდი უკან... საფუძვლად რაღაც ის ჩაწერეს, ვითომ დღეების რაოდენობა დავარღვიე, მაგრამ ეს სისულელეა, პასპორტში ხომ ჩანს - რუსეთში რამდენჯერაც ჩავსულვარ, გადაბმულად 10 დღეც არ გავჩერებულვარ“, - კონსტანტინე მორგოშია გვეუბნება, რომ მოსკოვიდან 2023 წლის მარტში გამოაბრუნეს - ზუსტად იმ პერიოდში აპირებდა რუსეთში ახალი ბიზნესის დაწყებას.

მორგოშიას ღია დაპირისპირება ფარცხალაძის წინააღმდეგ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის შემდეგ გამომჟღავნდა. ბიზნესმენის მკვლელობის ორგანიზებაში სწორედ ფარცხალაძეს ედება ბრალი. კონსტანტინე მორგოშია კი ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. მედიას ღიად უყვება იმაზეც, რომ ოთარ ფარცხალაძე მისი, როგორც მოწმის, მკვლელობასაც გეგმავდა. შესაბამისად, ახლა მოსკოვში ჩასვლის სხვა შესაძლებლობებს არც კი განიხილავს - „ვიდრე ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორი ადამიანის შეკვეთით მკვლელობაში არის ძებნილი, არის იქ [რუსეთში], არანაირი პოლიტიკური განცხადებები რუსეთის მხრიდან არ კეთდება და მისი პოლიტიკური ძალის [„სოლიდარობა მშვიდობისთვის“] სპიკერები ისევ პოლიტიკურ პროცესებში არიან“.

როგორც მორგოშია თავის ბოლო ფეისბუკლაივში იხსენებს - ის თავიდანვე ეჭვის თვალით უყურებდა ფარცხალაძესთან თანამშრომლობას და ბიზნესმენ მამუკა ფიფიას არ უწონებდა იდეას - მასთან ერთად პოლიტიკური პარტიის დაფუძნების შესახებ.

მამუკა ფიფია და ოთარ ფარცხალაძე "წითელ მოედანზე"
მამუკა ფიფია და ოთარ ფარცხალაძე "წითელ მოედანზე"

ოთარ ფარცხალაძეს მამუკა ფიფიასთან მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ისინი მოსკოვში, "წითელ მოედანზეც" ერთად პოზირებდნენ 2025 წლის 9 მაისს, როცა პრეზიდენტი პუტინი „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების მე-80 წლისთავს აღნიშნავდა. ფარცხალაძის "წითელ მოედანზე" დანახვა პოლიტიკური ოპონენტებისთვის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იქ ყოფნის ტოლფასი იყო.

მამუკა ფიფია რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენია, რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე. ის პარტიის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივანია. ფიფიას პარტიის სამომავლო გეგმებში შედის “გეორგიევსკის ტრაქტატ 2-ის" გაფორმება რუსეთთან - ამის შესახებ ილაპარაკა 23 ივლისს მოსკოვშიც, კონფერენციაზე “გეორგიევსკის ტრაქტატი - წინაპრების ისტორიული არჩევანი”. ამ შეხვედრაზე მის გვერდით დავით ცეცხლაძე იჯდა.

რადიო თავისუფლება დავით ფიფიასაც დაუკავშირდა. ზარს არ უპასუხა, ტექსტურ შეტყობინებაში კი აღნიშნა, რომ მამუკა მერკვილაძესთან და შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციასთან არავითარი თანამშრომლობა არ აკავშირებდა. თუმცა აღარ გვიპასუხა შეკითხვებზე ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით. მათ შორის, ვკითხეთ, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია ფარცხალაძის საქმეზე მის გამოკითხვასთან დაკავშირებით. “კომენტარს არ ვაკეთებ!” - მოგვწერა ფიფიამ.

29 იანვარს შს სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძე-რომანოვს „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის „შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება" ედება ბრალად. მას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს და ძებნა გამოცხადდა საქართველოს მასშტაბით.

2023 წლის სექტემბერში, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა „ქართველ-რუს ოლიგარქს, ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც მუშაობდა „ეფესბესთან" [რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური], რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ“ .

როდესაც ფარცხალაძეს აშშ-მა სანქციები დაუწესა, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სანქციების აღსრულების წესში, საქართველოს მოქალაქისთვის საშეღავათო გამონაკლისი დაუშვა.

ფარცხალაძეს ღიად იცავდა და აქებდა თავად ბიძინა ივანიშვილიც.

რუსეთის დუმის დსთ-ს საკითხებისა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა, რომ ფარცხალაძე მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ფრენების აღსადგენად. შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა, როდესაც რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აღდგა.

2023 წლის 10 მაისს ვლადიმირ პუტინმა 2 განკარგულება გამოსცა - 15 მაისიდან გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმი და მოხსნა 2019 წლიდან დაწესებული აკრძალვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებზე.

2023 წლის მაისში, პირველ განახლებულ ავიარეისს მოსკოვიდან “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლები ჩამოჰყვნენ; რომლებიც მანამდე მოსკოვში შეხვედრებს მართავდნენ. მათ შორის იყო თავად მამუკა ფიფიაც. სხვადასხვა დროს, პარტიის წევრები პუტინის ხელისუფლებას სთხოვდნენ საქართველოს დაცვას, გადარჩენას, ჩარევასა და დახმარებას დასავლეთთან ბრძოლაში.

ვისი დამსახურება იყო პუტინის გადაწყვეტილება? ეს შედეგი დიდწილად მიაწერეს პოლიტიკურ ძალას, “სოლიდარობა მშვიდობისთვის”, თუმცა რუსეთთან დაახლოებაზე ორიენტირებული ძალების წარმომადგენლები თვლიან, რომ ეს ყველა იმ ჯგუფის დამსახურებაა, რომლებიც სხვადასხვა დროს ამ თემაზე ელაპარაკებოდნენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს - მთავრობაში თუ დუმაში.

კავშირების გაღრმავების აუცილებლობა, როგორც ეკონომიკის განვითარების მექანიზმი, სხვადასხვა დროს აბაშიძე-კარასინის ფორმატშიც განიხილებოდა. პუტინის გადაწყვეტილებას კმაყოფილებით შეხვდა თბილისი.

ღიად ანტიდასავლური, პრორუსული ძალების წარმომადგენლებსა და მათ მხარდამჭერებს შორის, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩადიოდნენ მოსკოვში ანდა ახლაც იქ იმყოფებიან, ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი დაპირისპირება იკვეთება. არის ბრალდებები "ქართულ ოცნებასთან" გარიგების შესახებაც.

  • შვეიცარიის საელჩოში გახსნილი ინტერესების სექცია ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ, თბილისსა და მოსკოვს შორის არსებობს.
  • ომის შემდეგ შეიქმნა ასევე ჟენევის ფორმატი - პოლიტიკური კონსულტაციებისთვის.
  • “ქართულმა ოცნებამ” აამოქმედა ასევე არაფორმალური შეხვედრების ფორმატი, რაც წლების განმავლობაში, “აბაშიძე-კარასინის” ფორმატის სახელით იყო ცნობილი.


2025 წლის მარტში, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძე, მრჩევლად გადაიყვანეს, ხოლო მის ადგილას გიორგი ქაჯაია დანიშნეს - რუსეთში საქართველოს ინტერესთა სექციის ყოფილი ხელმძღვანელი [მამუკა მერკვილაძის წინამორბედი].

საჯარო წყაროებში ქაჯაიაზე მხოლოდ პოსტზე დანიშვნის ცნობები იძებნება. არ გავრცელებულა ინფორმაცია მის მიერ იმგვარი შეხვედრების გამართვის შესახებ, როგორსაც ზურაბ აბაშიძე გრიგორი კარასინთან რეგულარულად მართავდა [ძირითადად - პრაღაში]. კარასინი ამჟამად რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეა და საქართველოსთან კიდევ უფრო დაახლოების იმედებს გამოხატავს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ჯერჯერობით ვერ მივიღეთ პასუხი შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია გიორგი ქაჯაიას გათავისუფლების ან პოსტიდან წასვლის შესახებ და თუკი ეს სიმართლეა, ვინ დაინიშნა მის ადგილას. საჯარო წყაროებში ეს ინფორმაცია არ იძებნება.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG