Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ ეძებენ და აბრუნებენ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ცხედრებს

უკრაინაში დაღუპული ქართველები, რომელთა ცხედრების ჩამოსვენება ჯერ ვერ ხერხდება. კოლაჟი
უკრაინაში დაღუპული ქართველები, რომელთა ცხედრების ჩამოსვენება ჯერ ვერ ხერხდება. კოლაჟი

26 აპრილს, დაღუპვიდან ზუსტად 2 წლის თავზე, უკრაინიდან საქართველოში გადმოასვენეს ქართველი მებრძოლი, 37 წლის დავით ღოღაძე. უკრაინაში დაღუპული 90-მდე ქართველიდან, 10-ზე მეტის ცხედარი კვლავ უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება.

ძმის ცხედრის დაბრუნება 2 წლის შემდეგ

ნიკო ღოღაძე, დავითის ძმა, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ძმის ცხედარი რუსულმა მხარემ უკრაინას ჯერ კიდევ 2025 წელს, ცხედრების მორიგი გაცვლის დროს გადასცა, თუმცა მისი ამოცნობა გაჭიანურდა.

დავითი 2024 წლის 7 მაისს ბახმუტში დაიღუპა. როგორც მისი ძმა ამბობს, ის, სხვა სამხედროებთან ერთად, თანამებრძოლის, წინა დღით დაღუპული სოსო გუგუტიშვილის ცხედრის გამოტანას ცდილობდა, როდესაც ისიც და მისი მეგობარიც, ბესო ლომიძე, სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა:

„ის ტერიტორია [სადაც დავითი და ბესო დაიღუპნენ - რ.თ.] დაიკავა რუსულმა მხარემ და დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ცხედრების გამოსვენება. 2025 წელს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა, ჩემი ინფორმაციით, 10 000 ცხედარი გადასცა უკრაინას და მათ შორის იყო ჩემი ძმისა და ბესოს ცხედრებიც.

ბესო 2025 წელსვე გადმოასვენეს საქართველოში, რადგან მისი იდენტიფიცირება მალევე მოხდა. თუმცა ჩემს ძმას, სამწუხაროდ, არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და პროცესი ამიტომ გაჭიანურდა - დედა ორჯერ ჩავიდა უკრაინაში, ჩააბარა დნმ-ი. როგორც კი დადასტურდა, რომ ცხედარი ნამდვილად ჩემს ძმას ეკუთვნოდა, გადმოვასვენეთ საქართველოში, ამ პროცესში ძალიან დამეხმარა საქართველოს საკონსულო უკრაინაში“.

დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე
დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე

უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის, „შავი არწივის“ წევრს, დავით ღოღაძეს, 30 აპრილს თელავში დაკრძალავენ.

მამუკა კეკელიას ცხედრის დაბრუნება

წელიწად-ნახევრის ლოდინის შემდეგ, 2026 წლის 6 მარტს ჩამოასვენეს საქართველოში 54 წლის მამუკა კეკელია.

ის 2024 წლის 26 ოქტომბერს დონეცკის ოლქთან, ქალაქ მარინკის მიმდებარედ, ჭურვის აფეთქებას ემსხვერპლა.

მისი მეგობარი და ყოფილი თანამებრძოლი, რომეო ფარულავა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მამუკა კეკელიაც უკრაინამ ცხედრების გაცვლით დაიბრუნა და შემდეგ ის საქართველოში გადმოასვენეს.

მამუკა კეკელია
მამუკა კეკელია

აფხაზეთიდან დევნილი მამუკა კეკელია უკრაინაში 2022 წლის აპრილში, ომის დაწყებიდან თითქმის ორი თვის თავზე ჩავიდა და არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის, „კარპატსკი სიჩის“ რიგებს შეუერთდა:

„ჯერ კიდევ 2022 წლის მარტში დამიკავშირდა გერმანიიდან და მთხოვა, დავხმარებოდი უკრაინაში წასვლაში. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებითაც, რომ ოჯახი დამიკავშირდა და მთხოვა, არ შემეწყო ხელი მამუკასთვის, რომ ომში წამოსულიყო, ყველანაირად ვეცადე გადამერწმუნებინა. თუმცა მაინც მოახერხა...

სადაც კი ცხელი წერტილი იყო, ყველგან იბრძოდა. ბრძოლებში აქვს მონაწილეობა მიღებული - კონტაქტი 3 მეტრი. მტრის პირისპირ მუშაობდა“, - ასე იხსენებს რომეო ფარულავა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მამუკა კეკელიას.

2025 წელს უკრაინა და რუსეთი რეგულარულად ცვლიდნენ ცხედრებს - მათ შორის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილსა და მაისში. ხოლო ივნისში შედგა ცხედრების გაცვლის მასშტაბური ოპერაცია - ათასობით დაღუპული სამხედროს ცხედარი გადასცეს მხარეებმა ერთმანეთს. საერთო ანგარიშით, 2025 წელს უკრაინამ 11 000-ზე მეტი დაღუპული სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ცხედრების იდენტიფიცირებაზე დაახლოებით 6 თვე მიდის.

„ვერც ცოცხლებში და ვერც დაღუპულებში ჩემს ძმას ვერ მივაგენით“ - უკრაინაში დარჩენილი მებრძოლების ცხედრები

2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში ომს აწარმოებს, 90-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

ერთ-ერთი პირველი დაღუპული, რომლის გადმოსვენებაც საქართველოში ამ დრომდე ვერ მოხერხდა, ბახვა ჩიქობავაა. ის 2022 წლის 19 მარტს მარიუპოლში, სავარაუდოდ, დაბომბვისას დაიღუპა.

ბახვა ჩიქობავა „აზოვის“ ბატალიონის მებრძოლი იყო. რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრამდე, ის სამხედრო ინსტრუქტორის პოზიციაზე მუშაობდა და ძირითადად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის პერიოდში შექმნილი „აზოვის“ ბატალიონის ახალბედა წევრებს წვრთნიდა.

ბახვა ჩიქობავას ახლობლების ინფორმაციით, მისი ცხედარი, სავარაუდოდ, ქალაქშივე, რუსი სამხედროებისთვის „შეუმჩნეველ ადგილას არის დამალული“.

2022 წლის 3 დეკემბერი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე აღმოჩნდა უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვის. უკრაინიდან გავრცელებული ინფორმაციით, ამ დღეს ბახმუტთან „კადიროველების“ თავდასხმას ხუთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა:

  • ბადრი მარკელია
  • ავთო რურუა
  • რომეო ფიჩხაია
  • როლანდ კვარაცხელია
  • მერაბ ალადაშვილი.


არცერთი მათგანის ცხედარი საქართველოში გადმოსვენებული არ არის.

ბადრი მარკელიას და, ლორენა მარკელია, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ცხედარი, ამ დრომდე, ნაპოვნიც კი არ არის:

ბადრი მარკელია
ბადრი მარკელია

„რაღაც სივრცეში ვართ გაშეშებულები. დავით ღოღაძის გადმოსვენების ამბავმა ჭრილობები ხელახლა გახსნა. მისი დაღუპვის ამბავი დადასტურებული იყო, ცხედარიც ნანახი იყო. ჩვენს შემთხვევაში, თავდაპირველად გვქონდა ინფორმაცია, რომ თითქოს, გადარჩენილმა მებრძოლებმა დრონით ნახეს, რომ ცხედრები ესვენა მინდორში - სამი დაღუპული ცალკე და ორი ცალკე - ამ ორში ერთი ჩემი ძმა იყო. თუმცა ჩვენ ამ დრონის კადრები არ გვინახავს. მოვითხოვეთ, რომ გადმოეცათ, მაგრამ ვერ მოხერხდა.

ჩვენთვის, ოჯახისთვის, ეს ინფორმაცია არ არის იმის დასტური, რომ ბადრი ნამდვილად გარდაცვლილია. ეს არავის დაუდასტურებია. იმედს ვებღაუჭებით, რომ იქნებ ტყვედ არის ჩავარდნილი.

იქაურ წითელ ჯვარს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ყველას მივმართეთ, დატოვებული გვაქვს განცხადებები, რომ ვეძებთ ამ ადამიანებს. ძიება არ შეგვიწყვიტავს. ჩემი ძმაც იყო ჩასული უკრაინაში. გაწევრიანებულები ვართ უკრაინულ ჯგუფებში, სადაც ქვეყნდება ტყვეების შესახებ ინფორმაცია, სულ ვამოწმებთ ცნობებს ტყვეების გაცვლის შესახებ, მაგრამ ვერც ცოცხლებში და ვერც დაღუპულებში ჩემს ძმას ამ დრომდე ვერ მივაგენით, თუმცა იმედი ჯერ არ გადამიწურავს“.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის ზაფხულისთვის, უკრაინაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 70 ათასი ადამიანი ითვლება, მათი უმეტესობა ჯარისკაცია. ეს რიცხვი მუდმივად იზრდება.

ბადრი მარკელიასთან ერთად, 2022 წლის 3 დეკემბერს ბახმუტთან დაიღუპა 41 წლის ქართველი მებრძოლი, აფხაზეთიდან დევნილი ავთო რურუაც. ის პროფესიონალი სამხედრო იყო, იბრძოდა 2008 წლის აგვისტოს ომში.

როდესაც გავრცელდა ცნობა მისი დაღუპვის შესახებ, ცოლს, ელმირა ინალიშვილს, მისმა თანამებრძოლმა უთხრა:

„უკანასკნელ ტყვიამდე იბრძოლა. მითხრა, პირისპირ, კონტაქტურ ბრძოლაში დაიღუპა. რომელი ობიექტიც უნდა გაემაგრებინა, იმ ადგილას, მინდორშია ისევ მისი სხეულიო“.

3 წელზე მეტია, ელმირა ინალიშვილი ქმრის ცხედრის საქართველოში ჩამოსვენებას ელის. ძმის ცხედრის საძებნელად და თან საომრად, უკრაინაში წავიდა ავთო რურუას ძმაც, ირაკლი რურუა.

ელმირა რადიო თავისუფლებას უყვება, რომ დაღუპულების ცხედრების გამოყვანა თანამებრძოლებმა მალევე სცადეს, თუმცა რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ იძულებულნი გახდნენ, ოპერაციაზე უარი ეთქვათ:

ავთო რურუა
ავთო რურუა

„ავთოს ძმა, ირაკლიც დაიჭრა, ახლა საფრანგეთში მკურნალობს, მას აქვს მუდმივი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი დამაიმედებელი ინფორმაცია არ გვაქვს.

ჩვენი ინფორმაციით, ცხედრები სამი თვის განმავლობაში იყვნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც დაიღუპნენ, თუმცა შემდეგ მათი გზა-კვალი ქრება. ის ტერიტორია რუსეთმა მალევე დაიკავა. რამდენჯერმე სცადეს ბიჭებმა მათი გამოყვანა. პირველი მცდელობა ჰქონდათ დაღუპვიდან დაახლოებით 40 დღის შემდეგ. ამ ოპერაციაში მისი ძმა, ირაკლიც იღებდა მონაწილეობას, თითქმის 200 მეტრით მიუახლოვდნენ ტერიტორიას, მაგრამ რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ ირაკლიმ უარი თქვა ოპერაციის გაგრძელებაზე, ცოცხალ ბიჭებს ვერ გავწირავდიო. ამის შემდეგ კიდევ იყო ერთი მცდელობა, მაგრამ, როდესაც ტერიტორიას უკვე დრონებით ათვალიერებდნენ, მიცვალებულები ვეღარ იპოვეს. არ ვიცით, დაასაფლავეს, სადმე სხვაგან წაიღეს, გაიხრწნნენ ცხედრები თუ რა მოხდა, ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია აღარ გვაქვს“.

ელმირა ინალიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ოჯახის წევრებს, მათ შორის, ძმას და მამას, ჩაბარებული აქვთ გენეტიკური მასალის (დნმ) ნიმუშიც.

„ავთოს მამამ დაახლოებით ერთი წლის წინ გააგზავნა ნიმუში. ძმამ, ირაკლიმ, უკრაინაში ჩააბარა. თავად უკრაინულმა მხარემ მოგვთხოვა ამ ნიმუშების ჩაბარება, რომ ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში, მოხდეს დადასტურება“.

ამ დოკუმენტურ ფილმში ნახავთ, როგორ ეძებენ და პოულობენ უკრაინელი მებრძოლები ფრონტის ხაზზე დაღუპულებს. ფილმი მოიცავს უკრაინის ომის დროს დაკარგული, დაღუპული სამხედროების პოვნისა და იდენტიფიცირების, ასევე ამოუცნობი ნეშტებისთვის სახელის დარქმევის ემოციურ პროცესს.

კიდევ ერთი დაღუპული მებრძოლი, რომლის გადმოსვენებაც საქართველოში ამ დრომდე ვერ მოხერხდა, 48 წლის ლევან ლობჟანიძეა.

ლევან ლობჟანიძე
ლევან ლობჟანიძე

შვილი, თაკო ლობჟანიძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ტერიტორია, სადაც მამამისი 2023 წლის 27 ოქტომბერს დაიღუპა, რუსეთის მიერაა ოკუპირებული და შესაბამისად, ვერც ცხედრის გამოყვანა ვერ მოხერხდა.

ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში, სოფელ კლიშჩიივკასა და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ქალაქ ბახმუტს შორის არსებულ ე.წ. ნაცრისფერ ზონაში, დრონებით დაბომბვას ემსხვერპლა. ის სპეციალური დანიშნულების რაზმის, „თბილისის“ წევრი იყო, რომელიც უკრაინის არმიის სახმელეთო ჯარების 49-ე ცალკეული ქვეითი ბატალიონის, „კარპატსკი სიჩის“ ნაწილია.

ლევან ლობჟანიძის ცხედრის გამოსვენების მცდელობისას, 2023 წლის 15 ნოემბერს დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 31 წლის ნიკოლოზ გელენიძე. ის საქართველოში მალევე, 25 ნოემბერს, ჩამოასვენეს და ფოთში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს.

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან, რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე. უკრაინაში პირველი ქართველი მებრძოლები 2022 წლის 18 მარტს დაიღუპნენ.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG