ხალხის ნაწილი ამით ამაყობს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს „ოცნების“ პროპაგანდისტული პოლიტიკაა, რითაც საქართველოში ქრისტიანობის (მართლმადიდებლობის) სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იდეას ამწიფებენ.
2026 წელს ქრისტიანობის 1700 წლის აღნიშვნას რომ აპირებდნენ, „ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჯერ კიდევ საახალწლო მილოცვისას თქვა.
„2026 წელი განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისთვის: მომავალ წელს აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-წლოვან იუბილეს. ქრისტიანობა არის საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რწმენას, არამედ კულტურასაც განსაზღვრავს“, – თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი სერგო ვარდოსანიძე ჰყვება, რომ ამ თარიღის აღნიშვნა ილია მეორის სურვილიც იყო: „მას ბოლომდე შერჩა ნათელი გონება. როდესაც მღვდელმთავრები შეკრიბა, ამაზე გააკეთა აქცენტი, უნდოდა, ეს თარიღი აღნიშნულიყო“.
მზის დაბნელებიდან თუ მანამდე?
1700 წლის წინ თხოთის მთაზე დაბნელებულმა მზემ მირიან მეფე დაარწმუნა, რომ „ნინოს ღმერთი“ ჭეშმარიტი ღმერთია და მთელი ერი ქრისტეს რჯულზე მოაქცია. ისტორია არ აზუსტებს, ეს მოვლენა მეოთხე საუკუნის ზუსტად რომელ წელს მოხდა, თუმცა ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ქართლში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა 324-326 წლებში უნდა გამოცხადებულიყო.
მანამდე საქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა. სწორედ ამის გამო უწოდებენ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სამოციქულოს. ანდრია პირველწოდებულმა შემოიტანა საქართველოში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, აწყურისად წოდებული. მასვე უკავშირდება გადმოცემა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი მიწაა.
ასევე აფხაზეთში ქადაგებდა და იქვე მოწამებრივად აღესრულა სიმონ კანანელი, სწორედ ის, ვის ქორწილშიც, სახარების მიხედვით, ქრისტემ წყალი ღვინოდ გადააქცია. არსებობს გადმოცემა, რომ სიმონ კანანელი მაცხოვრის ხორციელი ძმა იყო, იოსებ დამწინდველის შვილი პირველი ქორწინებიდან.
ეს ყველაფერი ხდება პირველ საუკუნეში. წმინდა ნინო საქართველოში შემოდის სამი საუკუნის შემდეგ, მეოთხე საუკუნის დასაწყისში. ამ დროისთვის მცხეთაში უკვე დამარხულია უფლის კვართი, რომელიც იქაურმა ებრაელებმა იერუსალიმიდან ჩამოიტანეს და ქრისტიანობაც ნაქადაგებია, რადგან საქართველო მანამდე ორმა მოციქულმა შემოიარა. წმინდა ნინოს გამოჩენის შემდეგ ქრისტიანობა მტკიცდება, როგორც სახელმწიფო რელიგია.
„მირიან მეფემ უდიდესი ისტორიული როლი შეასრულა. უარი თქვა აღმოსავლურ, მაზდეიანურ, წარმართულ რელიგიებზე და ბიზანტიის მეშვეობით, საქართველო დასავლურ ცივილიზაციაზე გადაიყვანა“, - ამბობს სერგო ვარდოსანიძე.
„ოცნებას“ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება აქვს ჩაფიქრებული?
დღეს კონსტიტუციის მერვე თავით, სახელმწიფო აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მაგრამ იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველო სეკულარული ქვეყანაა.
რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლებასთან ერთად სახელმწიფო აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით, რომელიც სრულად უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში. საქართველოს კონსტიტუცია
2026 წელი „ოცნებამ“ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიის საიუბილეო თარიღად გამოაცხადა. პოლიტიკის ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ფიქრობს, რომ მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას სხვა ქვეტექსტი და რისკი აქვს.
ხელისუფლება სამომავლოდ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას გეგმავს - მიიჩნევს იგი.
ორიოდე წლის წინ ამაზე უკვე იყო ლაპარაკი. 2024 წლის 25 აგვისტოს ბიძინა ივანიშვილმა ამბროლაურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას გაიმეორა სამი დაპირება, რომლებსაც „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემთხვევაში შეასრულებს და თქვა, რომ არსებობს მეოთხეც, „ჩვენი ქვეყნისა და სარწმუნოებისათვის ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თაობაზე ვაცნობებთო“.
ამ გამოსვლიდან სამი დღის შემდეგ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ აღარ დამალა, რომ ხელისუფლებამ საპატრიარქოს მსგავსი რამ (სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება რ.თ.) მართლაც შესთავაზა.
„მაშინ პატრიარქი კატეგორიულად შეეწინააღმდეგა ამ პროცესს. მან ჩაშალა მთავრობის ინიციატივა. სხვათა შორის, ეს არ იყო პირველი მცდელობა, წინა ხელისუფლების დროს „ქრისტიან-დემოკრატებმა“ დაიწყეს მსგავსი ინიციატივით ხელმოწერების შეგროვება. პატრიარქს მაშინაც კატეგორიული პოზიცია ჰქონდა. ის ზუსტად ხედავდა, რომ ამით სახელმწიფო ბოლომდე დაიმორჩილებდა ეკლესიას, ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა. ილია მეორის დროს ეკლესია იყო სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს ყოველთვის უქმნიდა პრობლემას სხვადასხვა ხელისუფლებას, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილს. ვეჭვობ, ახალმა პატრიარქმა წინააღმდეგობა გაუწიოს, მას არც ის ძალა აქვს, არც ავტორიტეტი, რომლითაც ილია მეორე ამ პარალელურ სტრუქტურას ინარჩუნებდა“, - ამბობს ლელა ჯეჯელავა.
ის ყურადღებას ამახვილებს სომხეთზე, სადაც პრორუსული ძალები იმავეს ითხოვენ. ლელა ჯეჯელავას აზრით, საქართველოში რელიგიის იდეოლოგიზება - ერთმორწმუნეობა - რუსეთის ხელში დარჩენილი ერთადერთი ყველაზე ძლიერი იარაღია საქართველოს წინააღმდეგ.
„მომავალ არჩევნებში „ოცნების“ გზავნილი იქნება: „ქრისტიანობა VS ლიბერალური დასავლეთი“. მანამდე იყო გარეჯის თემა, მერე „დედა დედაა, მამა მამაა“... ხელისუფლება გარდაცვლილი პატრიარქის ავტორიტეტზე კაპიტალიზებას ცდილობს. ნელ-ნელა ემზადებიან მის წმინდანად შესარაცხად, რადგან წმინდაზე კაპიტალიზაციის რესურსი მუდმივია", - ამბობს ლელა ჯეჯელავა, - „ჩვენ გვაქვს ქრისტიანობის ორიათასწლიანი ისტორია და ამაზე უნდა ვაკეთებდეთ აქცენტს. ამას, რა თქმა უნდა, არავინ უარყოფს, არც ხელისუფლება, არც საპატრიარქო, მაგრამ თუ დააკვირდით, 26 მაისს ქრისტიანობის 2000 წლის ისტორია არავის უხსენებია. მაშინაც კი, როცა 1700 წელზე ლაპარაკობდნენ, მხოლოდ ილია მეორეს ახსენებდნენ. ამ დროს გვყავს პატრიარქები, რომლებსაც არანაკლები ღვაწლი მიუძღვით ეკლესიისა და საქართველოს წინაშე, კირიონი იქნება ეს თუ ამბროსი ხელაია. უფრო შორს აღარ მივდივარ“.
რამდენი წლისაა საქართველო?
საზოგადოების ნაწილის არც ის არ მოსწონს, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების თარიღი ხელისუფლებამ 26 მაისსაც მიაბა, რადგან სახელმწიფოებრიობა და რელიგია სხვადასხვა ცნებებია, მით უფრო ისეთ ძველ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.
ისტორიკოსი მიხეილ ბახტაძე ამაში სახიფათოს ვერაფერს ხედავს:
„ნებისმიერი ქვეყანა აღნიშნავს თუ რამე საიუბილეო თარიღია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელი აღინიშნება. შეგვიძლია რაღაც თარიღი ავიღოთ ქართული სახელმწიფოებრიობის აღსანიშნავად. არის ასეთი პრაქტიკა, პირობითად რამე თარიღს აიღებენ და მერე აღნიშნავენ“, - ამბობს ისტორიკოსი.
საქართველოს შემთხვევაში რა შეიძლება იყოს ასეთი თარიღი? ბახტაძის აზრით, ეს შეიძლება იყოს აიეტის კოლხეთის პერიოდი - ანუ 12 საუკუნით ადრე ჩვენს წელთაღრიცხვამდე, შეიძლება იყოს კოლხა-დიაოხის პერიოდი - ქრისტეშობამდე მეცხრე საუკუნე, სხვა სიმბოლური თარიღების მოძებნაც შეიძლება.
„არგონავტების მოსვლის თარიღიც სადავოა, მაგრამ ნაწილი თვლის, რომ ეს არის ქრისტეშობამდე მე-12 საუკუნე.
არსებობს ასევე ასურეთის მეფის, ტიგლათფილესერ I-ის წარწერა, საიდანაც ვიგებთ, რომ ქრისტესშობამდე 1112 წელს მან მუშკების (მესხების) ხუთი მეფე დაამარცხა. ეს სახელმწიფო არა, მაგრამ, როგორც ჩანს, ტომთა გაერთიანება მაინც იყო. ასევე ქრისტეშობამდე მეცხრე საუკუნეში არსებობს კოლხა, რომელსაც ზოგი სახელმწიფოდ, ზოგი წინასახელმწიფოებრივ წარმონაქმნად მიიჩნევს“, - ამბობს მიხეილ ბახტაძე.
მისივე თქმით, უკიდურეს შემთხვევაში ასეთ თარიღად შესაძლოა დადგინდეს ფარნავაზის ეპოქა - ქრისტეშობამდე მესამე საუკუნე. ეს კი ქართული სახელმწიფოებრიობის მინიმუმ 2300 წელია.
ფორუმი