საქართველოში ასიათასობით მიუსაფარი ძაღლი უნდა იყოს, - ვარაუდობენ ცხოველთა უფლებების დამცველები, თუმცა ზუსტად რამდენია, აღრიცხული არ არის. ქუჩის ძაღლები თავსატეხია მათთვისაც, ვინც მიუსაფარ ცხოველებში საფრთხეს ხედავს და მოსპობა ურჩევნია და იმათთვისაც, ვისაც უყვარს და მათზე ზრუნავს. უპატრონო ცხოველების პრობლემა საქართველოს 90-იანი წლებიდან მოჰყვება.
ძაღლი საქანელაზე
„დღეს ოთხმა ძაღლმა ლამის დაგვგლიჯეს მე და ჩემი 5 წლის შვილი, რომელიც ბაღში მიმყავდა. ბავშვი შიშისგან ისტერიკაში ჩავარდა“.
„ახალი პარკი რომ გახსნეს, იმ დღეს მივედი ბავშვთან ერთად და რას ვხედავ, ერთი ძაღლი საქანელაზე „კატაობს“, მეორე სასრიალოზე ზის და დანარჩენები ისე საყვარლად დაკუნტრუშობენ. მივედი და ერთს ვკითხე, ჩვენ როდის დაგვსვამ საქანელაზე-თქო და კბილები დამანახა. წამოვედით... ამ დროს ძალიან მიყვარს ძაღლები!“
„საბავშვო ბაღის ეზოში 15 ძაღლი მაინცაა, აგრესიულები. ერთ-ერთის აგრესია პირადად ვიგემე, როცა 3 წლის ბავშვი ხელში მეჭირა და კიდევ არაერთი შემთხვევაა ასეთი. რამე მოიმოქმედეთ, სანამ ბავშვები დაგვიგლიჯეს. სხვა ადგილას მაინც გადაიყვანეთ“.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ამ პოსტებში კარგად ჩანს, რა საფრთხეს ქმნიან ქალაქებსა და სოფლებში უპატრონო ძაღლები.
„ვაცალოთ წავიდეს ცისარტყელაზე“
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წამოიწყო პროგრამა, რომლის შედეგადაც 36 000 ცხოველს უნდა ჩაუტარდეს სტერილიზაცია, კასტრაცია და ვაქცინაცია. ანუ ძაღლები უნდა წაიყვანონ, ჩაუტარონ სამედიცინო მანიპულაციები და დააბრუნონ, თუმცა უკან არა - ხალხისგან მოშორებულ ადგილას. 25 თებერვლის განკარგულება N412 კრძალავს ძაღლის დაბრუნებას სკოლებთან, ბაღებთან, კლინიკებთან, ბაზრებთან, კვების ობიექტებთან.
ეს გადაწყვეტილება რამდენიმე არგუმენტს ეყრდნობა - ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ ასე მოქალაქეებს და განსაკუთრებით ბავშვებს, დაიცავენ საფრთხისგან.
კანონი მკაფიოდ არ ამბობს, სად შეიძლება ცხოველების გაშვება, მაგალითად, თუ სკოლასთან არა, სკოლიდან რა მანძილის დაშორებით. სურსათი ეროვნულ სააგენტოშიც აღიარებენ, რომ შეიძლება ღირდეს ამაზე მსჯელობა და გადაწყვეტა.
„მიუსაფარი ცხოველები ქუჩაში არავის გვინდა. მაგრამ გვინდა, რომ ეს ყველაფერი ჰუმანურად გაკეთდეს. ძლივს ისწავლა ხალხმა ცხოველების მიკედლება, ზრუნვა. ახლა კი წაიყვანეს სკოლებიდან და ბავშვები ტირილით გვირეკავენ,“ - ამბობს მარიამ ცერცვაძე, ცხოველების უფლება დამცველი და „ენიმალ პროჯექტის“ თანადამფუძნებელი. აქტივისტები, რომლებიც წლები მუშაობდნენ მოქალაქეებთან, ითხოვენ, რომ ძაღლები თავის საარსებო გარემოში დააბრუნონ.
სააგენტოს მონაცემებით, 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ქუჩიდან 502 ძაღლი (კახეთი - 423, იმერეთი - 22, ზუგდიდი - 57) აიყვანეს. ცხოველები აცრეს ცოფზე, გაუკეთეს სტერილიზაცია ან კასტრაცია, დაარეგისტრირეს. მათგან 435 უკვე დააბრუნეს ქუჩაში, დანარჩენებსაც იგივე ელოდებათ ეტაპობრივადო.
თუმცა რაც ეს პროგრამა დაიწყო აქტივისტები ამბობენ, რომ ძაღლები ქრებიან. ისინი მიჰყავთ, უკან კი ან საერთოდ არ აბრუნებენ, ან დაუსახლებელ გარემოში ტოვებენ.
„არ არის გამჭვირვალე, რას იჭერენ, სად მიჰყავთ და როდის. იმდენად არანაირი ინფორმაცია არ გამოდის, რომ ვეჭვობთ, ეს ძაღლები განწირულები არიან სიკვდილისთვის. ვითხოვთ, რომ კანონშიც, განკარგულებაში და აღსრულებაშიც ჩაიწეროს, რომ ძაღლს საიდანაც წაიყვანენ იქ დააბრუნონ", - ამბობს მარიამ ცერცვაძე, - "საერთაშორისო სტანდარტით, თუ ცხოველების 70% ერთდროულად არ გაასტერილე, რაოდენობა არ შემცირდება. 100 ძაღლს რომ წაიყვან და დაკარგავ ეს არაფერს შეცვლის, სხვა, უფრო ავი ძაღლი მოვა მის ადგილას… გასტერილებული, აცრილი ცხოველი სახიფათო აღარ არის. ვაცალოთ მას მოკვდეს, წავიდეს ცისარტყელაზე და ასე შემცირდეს რაოდენობა“.
ქუჩაში ძაღლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-7 წელია. თუკი სახელმწიფო იმის მაგივრად, რომ „ორ დღეში შეამციროს ძაღლების რაოდენობა“ თანმიმდევრულად და ჰუმანურად დაგეგმავს პრობლემის გადაჭრის გზებს, რამდენიმე წელიწადში მიუსაფარი ძაღლები ბუნებრივად აღარ იქნებიან - დარწმუნებულები არიან ცხოველების დამცველები.
1 აპრილის ტყუილ-მართალი
1 აპრილის ღამე ბევრმა თეთრად გაათენა. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ამოდის კვამლი გორის ძაღლთა თავშესაფრის კრემატორიუმიდან. თვითმხილველი ირმა მთიულიშვილი ჰყვება, რომ კრემატორიუმის ჩართვამდე ნახევარი საათით ადრე თავშესაფარში ძაღლები შეიყვანეს. ცხოველების უფლებების დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი ეჭვობს, რომ ძაღლები ცოცხლად დაწვეს, რადგან მათ ევთანაზიას უბრალოდ ვერ მოასწრებდნენ.
ძაღლების დაწვა გორის თავშესაფარმა (მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტო) უარყო. უარყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც. თუმცა დღემდე არ გაუსაჯაროებია ვიდეოკამერების ჩანაწერები, რასაც აქტივისტები 1 აპრილიდან ითხოვენ.
საყოველთაო აჟიოტაჟის შემდეგ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ ხარვეზებს გაითვალისწინებს და ამიერიდან ყველა ნაბიჯზე ინფორმაცია წინასწარ გამოქვეყნდება, იქნება ეს ცხოველების გადაყვანა, ვაქცინაცია, თუ დაბრუნება. ცნობები ძირითადად პროგრამის ფეისბუქ გვერდზე დაიდება.
აქტივისტები სახელმწიფოს უკვე აღარ ენდობიან და თავად შექმნეს პლატფორმა, სადაც ხალხს შეუძლია ატვირთოს ინფორმაცია უბნებიდან წაყვანილი ცხოველების შესახებ. ამ პლატფორმაზე ნებისმიერს შეუძლია დაწეროს, საიდან რამდენი ძაღლი წაიყვანეს. ატვირთოს ვიდეო და ფოტო მტკიცებულება, თუკი ექნება.
„ქუთაისის მუნიციპალიტეტში... ცხოველების ნაწილს შესაბამისი პროცედურები ადგილზევე ჩაუტარდა“.
„ყვარელში მიუსაფარ ძაღლებს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ადგილზე უტარდებათ“.
ასეთი პოსტები იდება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის საიტზე, მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა ყველგან, სადაც შეძლეს იმეორეს, რომ ცოფზე აცრას ძაღლის ზუგდიდიდან ქუთაისში წაყვანა არ სჭირდება. ძაღლიც წვალობს და ტრანსპორტირებაზეც ფული ტყუილად იხარჯება. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიდგომა შეცვალა და საველე ჯგუფებს ვეტერინარი დაუმატა, რომელიც გასტერილებულ ცხოველს ადგილზევე ცრის.
თუმცა მიმკედლებლები ამბობენ, რომ არაერთი ისეთი ძაღლი გადაიყვანეს თავშესაფარში, რომელიც არათუ აცრილი, გასტერილებული და ნამკურნალებიც იყო. მოხალისეები ამ პროცედურებს ხშირად თავისი ინიციატივითა და ხარჯით უტარებენ ძაღლებს.
ლია როინიშვილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შიშობს, რომ ბიუჯეტი ერთი და იმავე პრობლემის მოსაგვარებლად თანხას ორჯერ დახარჯავს.
„ჩვენ ძაღლებს უკვე ორი წელია ვასტერილებთ, ვცრით, ლეიშმანიოზზე, ცოფზე ვამუშავებთ. ამას ადგილობრივი ბიუჯეტით ვაკეთებთ. წელს 100 ათასი ლარი გამოვყავით. 1500 ძაღლი მაინც არის დამუშავებული, გვაქვს ფოტომასალა, რა ადგილებიდან აიყვანეს, რა ჩაუტარდა. ახლა შეიძლება ცენტრალური ბიუჯეტიდან დაიხარჯოს იმავე ძაღლებზე და იმავე საქმეზე თანხა. ვინ გააკონტროლებს? დუშეთის მერიას მივმართეთ, რომ ეს დუბლირება აიცილოს თავიდან. ყველა მუნიციპალიტეტმა ასე უნდა გააკეთოს. 72 მუნიციპალიტეტია და მეხუთედსაც რომ ჰქონდეს გამოყოფილი მსგავსად თანხა, რამხელა ფული იქნება“?!
დუშეთში ძაღლების სტერილიზაციაში ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარა ბრიტანული არასამთავრობო ორგანიზაცია „მეიჰიუ საქართველო“.
„ეს ორგანიზიაცია წლებია ასტერილებს ცხოველებს ბრიტანული ფულით. ახლა ამბობენ, „მეიჰიუს“ საჭდეებზე სხვა ასოებია და ბაზაში ვერ შეგვყავსო. ამიტომ ახალი საჭდეები უნდა გავუკეთოთო, მაშინ როდესაც პროგრამისტმა უბრალოდ ორიოდე ახალი კოდი უნდა დაწეროს და პრობლემა მოგვარდება. ბაკურიანში რომ დააძვრეს საჭდეები და თავიანთი გაუკეთეს, გასტერილებულ ძაღლებად მიითვალეს. თუ ასე არ არის, მოგვცენ დოკუმენტაცია და ვნახავთ“, - ამბობს ნათია ჩიქოვანი, „ენიმალ პროჯექტის“ თანადამფუძნებელი. – „არსებობს საერთაშორისო მეთოდი, რომლითაც ითვლიან ცხოველებს. ასე დაითვალა დუშეთში „მეიჰიუმ“, მერე გაასტერილა და გადასარევად განხორციელდა ეს პროექტი. ასე უნდა გაკეთდეს ყველგან“.
გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა ტელევიზიით განმარტა, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2012 წლიდან აქვს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამა, რომელსაც აქამდე ფერმის ცხოველებისთვის იყენებდნენ. შარშან ამ ბაზაში თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების შეყვანაც დაიწყეს.
„ახლა მონაცემთა ბაზას იმავეს ვტოვებთ, მაგრამ ვქმნით უფრო მოქნილ პროგრამას. ყველა დაინტერესებულმა პირმა, იქნება ეს გრუმინგ-ცენტები, კლინიკები თუ სხვა 1 მაისამდე უნდა მიმართონ სურსათის ეროვნულ სააგენტოს, რომ წვდომა ჰქონდეთ ამ ბაზაზე“, - განაცხადა ავალიანმა. მისივე თქმით, ამ ბაზით უნდა ისარგებლონ ადგილობრივმა თვითმმართველობებმაც და თავისი მონაცემებიც გააციფრულონ.
ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ პოპულაციის შესამცირებლად აუცილებელია ამ პოპულაციის ჯერ დათვლა, მერე კი მისი 70 პროცენტის ერთდროულად გასტერილება. ამავე დროს აუცილებელია სახელმწიფო აკონტროლებდეს შინაური ცხოველების გამრავლებას და სჯიდეს იმ მეპატრონეებს, რომლებიც ძაღლებს ქუჩაში ტოვებენ.
რა ვიცით პროგრამის შესახებ?
„ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამას“ ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექვემდებარება.
რას გულისხმობს პროგრამა?
უპატრონო და მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია -რეგისტრაციას, ცოფზე აცრას, სტერილიზაცია/კასტრაციას, ტესტირებას ლეიშმანიოზზე და ჭირზე.
პატრონიანი ძაღლების რეგისტრაციასა და ძუ ძაღლების სტერილიზაციას.
სად აკეთებს ამას სააგენტო?
მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა თბილისისა და აჭარისა. თბილისში იგივე ევალება თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს. აჭარაში კი - აჭარის მუნიციპალიტეტების შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები.
რამდენ ძაღლს ეხება პროგრამა?
სავარაუდოდ 36 116 მიუსაფარ ძაღლს. ასევე იდენტიფიცირდება 102 092 პატრონიანი ძაღლი. იგეგმება 13 619 პატრონიანი ძუ ძაღლის სტერილიზაციაც.
სად წაიყვანენ დაჭერილ ცხოველებს?
მცხეთა-მთიანეთის მხარიდან – თბილისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში;
კახეთისა და ქვემო ქართლის მხარიდან - გურჯაანის ცხოველთა თავშესაფარში;
შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მხარიდან – გორის ცხოველთა თავშესაფარში;
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარიდან – ქუთაისის ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში.
სად დააბრუნებენ გასტერილებულ და აცრილ ძაღლებს?
აკრძალულია ძაღლების დაბრუნება ბაღებთან, სკოლებთან, უნივერსიტეტებთან, კლინიკებთან, კაფეებთან, რესტორნებთან ბაზრებთან სასტუმროებთან და საბავშვო ან სპორტულ მოედნებთან.
რა თანხაა გამოყოფილი ამ პროგრამისთვის?
თბილისის, გურჯაანის, გორისა და ქუთაისის თავშესაფრებისთვის, სადაც დაჭერილი ძაღლები უნდა გადაიყვანონ ბიუჯეტიდან ჯამურად გამოყოფილია 4 631 870 ლარი.
ფორუმი