მაია სანდუს წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოითხოვა მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, პრორუსი სოციალისტის, იგორ დოდონის პოლიტიკურმა ძალამ.
მოლდოვის პრეზიდენტის განცხადებას ძირითადად დადებითად აფასებენ რუმინელი პოლიტიკოსები.
რუმინეთთან გაერთიანების სურვილი მოლდოვაში ათეულობით წელიწადს ითვლის - ჯერ კიდევ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ეტაპიდან. გაერთიანების მომხრეები თავიანთ ნებას, სხვადასხვა დროს, ხალხმრავალ აქციებზეც გამოხატავდნენ.
რადგან რეფერენდუმი არ ჩატარებულა, არავინ იცის, მოსახლეობის რა პროცენტი უჭერს ამ იდეას მხარს ქვეყანაში, სადაც პრორუსული გავლენა ჯერ ისევ დიდია.
რა თქვა პრეზიდენტმა სანდუმ
„რეფერენდუმი რომ ჩატარდეს, მე მხარს დავუჭერდი რუმინეთთან [მოლდოვის] გაერთიანებას“, - განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ 12 იანვარს ბრიტანულ პოდკასტ The Rest Is Politics-ში საუბრისას.
ჟურნალისტები მისი პოზიციით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც რესპონდენტმა მოლდოვის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის პერიოდის გახსენებისას თქვა, რომ მსჯელობა რუმინეთთან გაერთიანებაზე ამ პროცესის ნაწილი იყო და რომ მაშინ გამართულ მიტინგებზე ასობით ათასი ადამიანი იკრიბებოდა.
შეკითხვაზე - რატომ უჭერს მხარს გაერთიანებას? - სანდუმ განმარტა, რომ გარშემო და მთელ მსოფლიოში დღეს შექმნილ სიტუაციაში „მოლდოვის მსგავსი პატარა ქვეყნისთვის სულ უფრო რთულდება, გადარჩეს როგორც დემოკრატია, როგორც სუვერენული სახელმწიფო და რა თქმა უნდა, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს“.
„მოლდოვა უწინ რუმინეთის ნაწილი იყო“, - თქვა ასევე პრეზიდენტმა.
ბესარაბია
დღევანდელი მოლდოვა, წარსულში - ბესარაბია, რუმინეთის ისტორიული ნაწილი და შესაბამისად - რუმინელებით დასახლებული ტერიტორია იყო.
- ბესარაბია რუსეთმა რუმინეთს ოსმალეთის იმპერიასთან მორიგი ომის (1806-1812 წწ.) შემდეგ წაართვა.
- 1822 წელს ბესარაბია გახდა რუსეთის იმპერიის ნაწილი - გუბერნია. მისი დედაქალაქი იყო კიშინიოვი, მოლდოვის ამჟამინდელი დედაქალაქი.
- რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, 1918 წელს მოლდოვა [ბესარაბია] ისევ შეუერთდა რუმინეთს, თუმცა ისევ დროებით.
- 1940 წელს რუმინეთის ბესარაბია საბჭოთა კავშირმა დაიპყრო და შექმნა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა.
ამ ტერიტორიებიდან მასობრივად გაასახლეს ადგილობრივები და ჩაასახლეს რუსები.
ბესარაბიის სამხრეთით მდებარე სტეპი ამჟამად უკრაინის ოდესის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილია.
2014 წელს უკრაინის ხელისუფლების წევრები აღნიშნავდნენ, რომ იმ დროს რუსეთი ცდილობდა ოდესის ოლქის სამხრეთ ნაწილში დაეარსებინა ბესარაბიის სახალხო რესპუბლიკა.
რეაქცია თბილისიდან
საქართველოს სადავო პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოლდოვის პრეზიდენტს „საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ” განზრახვაში სდებს ბრალს და ვარაუდობს, რომ მაია სანდუს “თვალი გდრ-ის სცენარისკენ გაურბის - გზისკენ, რომელმაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა ევროკავშირში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან მიერთების დღესვე შეიყვანა”; რომ ეს არის გზა “სუვერენიტეტის დაკარგვით ევროპისკენ”, რაც, მისი სიტყვებით, საქართველოს “შინნაზარდ „ჰიპერევროპელებსაც“ სურთ.
“ჩვენთვის კი საკითხი მარტივია - საქართველოს ევროპული გზა დამოუკიდებელი სახელმწიფოს გზაა და არა მისი გაუქმების”, - წერს პაპუაშვილი 13 იანვრის ფეისბუკპოსტში.
მაია სანდუ კი ინტერვიუში ამბობს, რომ მოლდოველების უდიდესი ნაწილი დღეს ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს და რომ „ეს უფრო რეალისტური მიზანია“, რასაც ქვეყანა თანმიმდევრულად მისდევს. „ეს ასევე გვეხმარება გადავრჩეთ, როგორც დემოკრატია“, - თქვა სანდუმ.
ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვა საქართველოზე წინ არის. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადავიდა. სწორედ ამ ეტაპზე გადასვლის საკითხი შეაჩერა "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ 2028 წლის ბოლომდე.
“როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს პოლიტიკური ლიდერი, არც ვიცი, რა კომენტარი შეიძლება გავაკეთო. ძალიან სამწუხარო მოვლენაა მოლდოვისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც დამოუკიდებლობა ჩვენთან ერთად მოიპოვა, 90-იანი წლების დასაწყისში”, - რუმინეთთან გაერთიანების სურვილის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტის პოზიციას გამოეხმაურა “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც.
“როცა ჩვენ და ბალტიისპირელები საბჭოთა იმპერიის დაშლისას დამოუკიდებლობას ვითხოვდით, მოლდოვა რუმინეთთან გაერთიანებას ითხოვდა. ანუ მაშინ, 90-იანებში, მოლდოვა დამოუკიდებლობას კი არა - სამშობლოსთან, რუმინეთთან, გაერთიანებას ითხოვდა. იქნებ ისიც არ იცით, რომ მოლდოვური ენა არ არსებობს და მოლდოვის ოფიციალური ენა რუმინულია?” - წერს ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - „თავისუფლების“ მოედნის - წარმომადგენელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ბაკურ კვაშილავა.
2013 წელს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოლდოვური ენა, როგორც ოფიციალური სახელმწიფო ენა, რუმინულით იცვლება. რუმინეთისგან მიტაცებული რეგიონის ენას მოლდოვური საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დაერქვა. 1989 წელს ქვეყნის პარლამენტმა მოლდოვური ენა სახელმწიფო ენად დაამტკიცა, მაგრამ დამწერლობაში კირილიცა ლათინურით შეცვალა. როდესაც 1991 წელს მოლდოვამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სახელმწიფო ენას რუმინული ერქვა, მაგრამ 1994 წლის კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად მოლდოვური ჩაიწერა.
მსგავსება აფხაზეთთან - რელევანტურია?
მოლდოვისა და რუმინეთის შესაძლო გაერთიანება, სოციალური ქსელების დისკუსიებში ბევრმა შეადარა, მაგალითად, ოკუპირებული აფხაზეთის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში.
რამდენად რელევანტურია ასეთი შედარება?
„მსგავსება ჩანს - როგორ თავის დროზე რუმინეთს ჩამოაშორა რუსეთმა ბესარაბია [დღევანდელი მოლდოვა], ასევე ჩამოაშორა საქართველოს აფხაზეთის რეგიონი. ასე რომ, პარალელები აშკარაა“, - გვეუბნება ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე და ყურადღებას ამახვილებს ასევე მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის მიერ შექმნილ იდენტურ ტერიტორიულ პრობლემებზეც - როცა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მსგავსად, რუსეთი აკონტროლებს მოლდოვის სეპარატისტულ, თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთს.
პრორუსული სეპარატისტული რეგიონი დნესტრისპირეთი მოლდოვას 1990 წელს გამოეყო, რასაც ომი მოჰყვა. კიშინიოვი დნესტრისპირეთს ვეღარ აკონტროლებს 1992 წლიდან. რუსეთს იქ 1700 სამხედრო ჰყავს განთავსებული.
რას ფიქრობენ რუმინეთში
რადიო თავისუფლების რუმინული სამსახურის ინფორმაციით, მოლდოვის პრეზიდენტის განცხადება, რეფერენდუმის შემთხვევაში - ორი ქვეყნის გაერთიანების მხარდაჭერის შესახებ, ძირითადად მოიწონეს - ხელისუფლებაშიც და ოპოზიციაშიც.
რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველმა ევგენი ტომაკმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გაერთიანება ბუნებრივი სურვილია რუმინელებისთვის, მდინარე პრუტის ორივე მხარეს; რუმინეთმა ამ საკითხის განხილვის იდეა ჯერ კიდევ 2018 წელს წამოაყენა, მაგრამ „მოლდოვის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, სამწუხაროდ, გაერთიანებას სასწრაფო საკითხად არ განიხილავს“ და დრო იქნება საჭირო.
ტომაკი აუცილებელ სიფრთხილესაც უსვამს ხაზს - შესაძლო პოლიტიკური კონფრონტაციის თავიდან ასარიდებლად.
„ვფიქრობ, ჩვენი ძალისხმევა კონცენტრირებული უნდა იყოს [მოლდოვის] ევროკავშირში ინტეგრაციაზე“, - ამბობს რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი.
რუმინეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (PSD) ტიტუს კორლეციანი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მოლდოველებთან რუმინელებს "საერთო იდენტობა" აკავშირებთ, ხოლო მაია სანდუს განცხადება მნიშვნელოვანი სიგნალია, მაგრამ - არასაკმარისი.
სენატორი ასევე აღნიშნავს, რომ ორი ქვეყნის გაერთიანება წარმოუდგენია „გერმანული მოდელის“ მსგავსად - ისევე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ 1989 წელს მხარი ერთხმად დაუჭირა გერმანელი ერის გაერთიანებას, ასევე არ უნდა უთხრან უარი რუმინელ ერს.
ნაციონალურ-ლიბერალური პარტიის წარმომადგენელი რუმინეთის პარლამენტში - ალინა გორგიუ - ხაზს უსვამს, რომ მაია სანდუმ მხოლოდ საკუთარი პოზიცია გამოხატა, ეს არ არის მოლდოვის სახელმწიფოს პოზიცია და საკითხი უფრო საფუძვლიან, პასუხისმგებლობიან მიდგომას საჭიროებს.
დეპუტატს ამავე პარტიიდან, იონუს სტროეს ორი ქვეყნის გაერთიანება უფრო მას შემდეგ წარმოუდგენია, რაც მოლდოვა გაწევრიანდება ევროკავშირში და ორივე ქვეყანაში ჩატარდება შესაბამისი რეფერენდუმები.
კიდევ ერთი სენატორი ჯგუფიდან „რუმინეთი უპირველეს ყოვლისა“, კლემენტ სავა, თვლის, რომ რეფერენდუმისთვის მზადება უნდა დაიწყოს და გაერთიანების პროცესი უნდა დაჩქარდეს, რაც, თავის მხრივ, დააჩქარებს და გააადვილებს მოლდოვის გაწევრიანებას ევროკავშირში.
„მოლდოვისა და რუმინეთის გაერთიანება არ ეწინააღმდეგება ევროპულ გზას, არამედ ამოკლებს ამ გზას - რასაც, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა უფრო მეტი დრო მოეთხოვა", - ასეთია მისი პოზიცია.
მოლდოვაში კი, მაია სანდუს წინააღმდეგ სახელმწიფო ღალატის მუხლით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყება მოითხოვა ქვეყნის ყოფილი პრორუსი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სოციალისტურმა პარტიამ.
სოციალისტები აცხადებს, რომ მაია სანდუს პოზიცია არ შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ პირად მოსაზრებად და რომ ეს არის „უცხოურ პლატფორმაზე“ შეგნებულად გაჟღერებული განაცხადი მოლდოვის სახელმწიფოს ინტერესების - „კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და ნეიტრალიტეტის“ წინააღმდეგ.
დოდონის პარტია მიიჩნევს, რომ სანდუს პოზიცია ეჭვქვეშ აყენებს მოლდოვის რესპუბლიკის არსებობას. გამოძიების დაწყებასთან ერთად, ისინი პრეზიდენტის გადადგომასაც ითხოვენ.
მოლდოვაში 2024 წლის 28 სექტემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მაია სანდუს პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვა. პროევროპულმა „მოქმედების და სოლიდარობის პარტიამ“ 101-წევრიან პარლამენტში 55 მანდატი მოიპოვა. პრორუსი პოლიტიკოსის, სოციალისტ იგორ დოდონის „პატრიოტულმა ბლოკმა“ კი მხოლოდ 26 მანდატის მიღება შეძლო. არჩევნების შემდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დოდონმა მხოლოდ მხარდამჭერების მცირე ჯგუფის გამოყვანა მოახერხა.
ფორუმი