27 სექტმბერს უკრაინელმა სამხედროებმა დრონების დახმარებით დაახლოებით 4 ტონა საკვები პროდუქტი მიაწოდეს ქალაქ ოლეშკის, რომელიც ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში მდებარეობს. ამის შესახებ ხერსონის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსანდრ პროკუდინმა განაცხადა.
მისი თქმით, უპილოტო საფრენი აპარატებით საკვები პროდუქტები ქალაქის 100 სხვადასხვა პუნქტში მიიტანეს. ოპერაციაში მონაწილეობდნენ უკრაინის ეროვნული გვარდიის ბრიგადა და საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადა „ბორისფენი“, ასევე უკრაინის არმიის სხვა დანაყოფები.
პროკუდინის განმარტებით, უკრაინული მხარე 2026 წლის მარტიდან ცდილობს, ოლეშკისათვის საკვები პროდუქტები მიწოდებას, თუმცა, მისივე თქმით, რუსი სამხედროები ყველანაირად უშლიან ხელს ამ პროცესს და ნადირობენ ჰუმანიტარული ტვირთით დატვირთულ დრონებზე.
ქალაქი ფაქტობრივად ბლოკადაშია მოქცეული. ოლეშკიში არ არის ელექტროენერგია, გაზი და წყალმომარაგება. მაღაზიებში საკვები პროდუქტები ბოლოს მაისის ბოლოს შეიტანეს. ქალაქში ორი ათასამდე მცხოვრები რჩება, მათ შორის, სულ მცირე 50 ბავშვი. დაახლოებით ოთხი ათასი ადამიანი ცხოვრობს ქალაქის მიმდებარე სოფლებში (მათ შორის, დაახლოებით 150 ბავშვია).
20 სექტემბერს სრულიად უკრაინის ეკლესიათა საბჭომ რომის პაპ ლეონ XIV-ს, რელიგიურ ლიდერებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა მოწოდებით, გადაარჩინონ ოლეშკის მცხოვრებლები შიმშილით სიკვდილისგან.
22 სექტმბერს კი უკრაინელმა ჩოგბურთელმა, მსოფლიოს 47-ე ჩოგანმა ალექსანდრა ოლეინიკოვამ, სინგაპურში გამართული ტურნირის პირველ წრეში გამარჯვების შემდეგ, საზოგადოებას მოუწოდა, ყურადღება მიაქციოს ჰუმანიტარულ კატასტროფას ოლეშკიში - რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქალაქში, რომელიც ხერსონიდან სულ რაღაც ცხრა კილომეტრში მდებარეობს.
„იცით, მე უკრაინიდან ვარ. ჩვენთან ახლა ომია. ერთადერთი, რასაც მატჩის შემდეგ გთხოვდით: მოიძიეთ ინფორმაცია ოლეშკის შესახებ. ეს ქალაქი ამჟამად დროებით ოკუპირებულია. იქ ჰუმანიტარული კატასტროფაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იქ ადამიანები შიმშილობენ, ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ იღებენ, არ აქვთ მედიკამენტები და არ შეუძლიათ ქალაქიდან გასვლა, ევაკუაცია“.
ოლეშკის მცხოვრებლები ფაქტობრივად შიმშილობენ: ადამიანებს საკვები პროდუქტები ბოლოს თითქმის ოთხი თვის წინ მიუტანეს. გადარჩენისთვის სარეველა ბალახისგან აცხობენ კვერებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანები იძულებულნი გახდნენ, ძაღლები ეჭამათ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას განცხადებით, ოთხი წლის წინ რუსეთის მიერ ქალაქის ოკუპაციისა და კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემდეგ, ოლეშკის არ მიეწოდება ელექტროენერგია, გაზი და სასმელი წყალი.
„ახლოვდება ზამთარი და რუსეთი პირდაპირ ცდილობს, ამ ქალაქში ცხოვრება შეუძლებელი გახადოს. ისინი ცდილობენ, ადამიანები შიმშილითა და სიცივით დახოცონ. ვერც ერთი ქვეყანა და ვერც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ადამიანებამდე ვერ აღწევს. მათ ყოველდღიურად ეწურებათ წყალი, საკვები და სიცოცხლისთვის საჭირო სხვა რესურსები. მთელი მსოფლიო სამართლიანად გმობს ნაცისტების მიერ ლენინგრადის ალყას, დღეს კი რუსეთი უკრაინელების წინააღმდეგ იმავე მეთოდს იყენებს“, - განაცხადა ანდრი სიბიჰამ გაეროს სხდომაზე.
რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ოლეშკიში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაცია უკიდურესად მწირია. რაიმეს გაგება მხოლოდ იმ ადამიანებისგან ხერხდება, რომლებმაც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გასვლა მოახერხეს, ან იმ მოკლე ტექსტური შეტყობინებებიდან, რომლებსაც ქალაქის მცხოვრებლები ნათესავებსა და ნაცნობებს უგზავნიან.
„დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამთ. ყველაფერი იწურება. მალე სიტუაცია კრიტიკული იქნება. შემოდგომაზე კი აუცილებლად დავიხოცებით. მე უკვე ვკვდები. ყოველდღე უფრო და უფრო ვსუსტდები“.
„ჩვენთან არაფერი შეცვლილა. ჯერ კიდევ ვუძლებთ. არანაირი მომარაგება არ არის. სრული ბლოკადაა. და დაუსრულებელი დრონები, ხანძრები. ეს ყველაფერი საშინელებათა ფილმს ჰგავს“, - ასეთ შეტყობინებებს ოლეშკის მცხოვრებლები ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უგზავნიან.
ქალაქი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ 2022 წლიდან იმყოფება. ბოლო თვეებია უკრაინის ხელისუფლება ოლეშკიში შექმნილ კატასტროფულ ვითარებაზე საუბრობს. ქალაქში არ არის ელექტროენერგია, წყალი და გაზი, არ დადის სასწრაფო დახმარება, მაღაზიები არ მუშაობს. ადამიანები თავს საკუთარ კარ-მიდამოში მოყვანილი ბოსტნეულით ირჩენენ.
„უკანასკნელ ბორშჩს ვხარშავთ. ერთი ჭარხალი, ხუთი კარტოფილი, ერთი ხახვი, ყაბაყი, პომიდორი და ცოტა ქერის ბურღული, რომ გასქელდეს. სტაფილო არ გვაქვს. აჰ, დამავიწყდა. დღეს ბორშჩში დელიკატესი გვაქვს. დედაჩემმა 2,5 კილოგრამი შაქარი ათ კვერცხში გადაცვალა. კომბოსტოც არ გვაქვს. მაგრამ სატაცური ჯერ კიდევ არის. ყაბაყი და სატაცური ახლა ძალიან გვეხმარება. მოვამზადეთ. ვუალა! ოლეშკური მხიარული ბორშჩი“, - ჰყვება ოლეშკის ერთ-ერთი მცხოვრები.
ოლეშკი დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონიდან ოთხი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. როგორ გამოიყურება ახლა ოკუპირებული ქალაქი - მისი სამოქალაქო რეესტრის სამსახურის შენობა, მუსიკალური სკოლა და საბავშვო ბაღი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დრონიდან გადაღებულ ვიდეოში აჩვენეს.
ადრე ოლეშკიში დაახლოებით 24 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. სავარაუდო გათვლებით, ახლა მოსახლეობა ათჯერ ნაკლებია. ქალაქამდე აღწევს უკრაინული მობილური ოპერატორების რადიოსიგნალი ხერსონიდან, რაც ოლეშკის მცხოვრებლებთან ინფორმაციის გაცვლის საშუალებას იძლევა. სწორედ ასე გახდა ცნობილი, რომ საკვები პროდუქტები ქალაქში ბოლოს 2026 წლის მაისის ბოლოს ჩაიტანეს. კიდევ ერთი მცდელობა სექტემბრის პირველ დღეებში იყო, თუმცა ავტომობილები საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოხვდნენ.
„გასულ კვირას შეტყობინება მივიღე, რომ დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც კი, როდესაც ადამიანები ძაღლებს ჭამდნენ. ეს ძალიან საშინელებაა. ამის დადასტურება არ შემიძლია, რადგან დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ ვიმყოფები. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ სიტუაცია საშინელია. ეს შიმშილია და ადამიანები უბრალოდ საათებსა და დღეებს ითვლიან, იმ იმედით, რომ ეს მდგომარეობა როგორმე მოგვარდება“, - განაცხადა ოლეშკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტეტიანა გასანენკომ.
მოხალისეები (ვოლონტიორები), რომლებიც ოლეშკის მცხოვრებლებთან კავშირს ინარჩუნებენ, ჰყვებიან, რომ ადამიანები, რომლებიც დაბომბვებს გადაურჩნენ, სარდაფებში ცხოვრობენ. ისინი გარეთ მხოლოდ მარაგებისა და საკუთარ ბოსტნებში მოყვანილი პროდუქტების გასაცვლელად გამოდიან.
„როგორც ჩანს, ბაზარი ჯერ კიდევ არსებობს. მცხოვრებლები იქ მიდიან. თუმცა, ძირითადად, ეს გაცვლაა. მაგალითად, ვიკითხე და კარტოფილი 1000 რუბლი (12 აშშ დოლარი) ღირს. მაკარონის ნახევარკილოგრამიანი შეკვრა - 1000 რუბლი. სიგარეტის კოლოფი - 1300 რუბლი“, - ჰყვება ვოლონტიორი ირინა.
ანუ, 12 დოლარი ღირს ერთი შეკვრა მაკარონი, ხოლო 3 ათასი დოლარი - ფქვილის ერთი ტომარა. ირინას ინფორმაციით, რომელიც მან ოლეშკის მცხოვრებლებისგან მიიღო, ადგილობრივ საავადმყოფოში მხოლოდ ოთხი ექიმია დარჩენილი. თუმცა, აქვთ თუ არა მედიკამენტები და შეუძლიათ თუ არა მათ ადამიანებისთვის დახმარების გაწევა, უცნობია. გარდაცვლილთა და დაბომბვების შედეგად დაღუპულთა ცხედრები მორგში გადააქვთ. მორგს, ისევე როგორც მთელ ქალაქს, ელექტროენერგია არ მიეწოდება.
„საავადმყოფოს კარი ჯერ კიდევ ღიაა, თუმცა ჩვენ ვიღებდით შეტყობინებებს, რომ გენერატორისთვის საწვავი აღარ არის. უფრო მეტიც, საავადმყოფოს სარდაფში - ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია - სამხედრო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ცხედრებს ათავსებენ. ამიტომ იქ აუტანელი სიმყრალეა, რომელიც ჰაერს წამლავს“, - ამბობს ოლეშკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტეტიანა გასანენკო.
ოლეშკის მცხოვრებლები, რომლებთანაც მოხალისეებსა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს კავშირი აქვთ, ევაკუაციას ითხოვენ. კიევი ჰუმანიტარული დერეფნის ორგანიზებას ჯერ კიდევ გაზაფხულზე ცდილობდა. უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისრის, დმიტრო ლუბინეცის ინიციატივით, შედგა იმ ადამიანების სია, რომლებსაც ქალაქის დატოვება სურდათ. ომბუდსმენის მონაცემებით, სექტემბრის შუა რიცხვების მდგომარეობით, გადაუდებელი ევაკუაცია სჭირდება 358 ადამიანს (ეს მხოლოდ ის ადამიანები არიან, რომელთა შესახებაც უფლებადამცველებმა ინფორმაციის მოპოვება შეძლეს).
თუმცა რუსეთის მხარე „მწვანე დერეფნის“ გახსნას არ დათანხმდა.
„ოფიციალურად მივმართე რუსეთის ომბუდსმენ ლანტრატოვას, რომელთანაც მოლაპარაკებებიც კი გვქონდა. შემიძლია დავადასტურო, რომ უკრაინულმა მხარემ, ჩემი აზრით, აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთა. ჩვენგან ყველა ტექნიკური საკითხი მოვაგვარეთ. დავაზუსტეთ, ვის გაყვანა იყო საჭირო და რამდენი ასეთი ადამიანი გვყავდა. შევიმუშავეთ ლოგისტიკური მარშრუტი. მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველყოფაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, უკრაინული მხარის ყველა მცდელობის მიუხედავად, რუსეთის მხარემ ჰუმანიტარული ევაკუაციის პროცესი დაბლოკა“, - განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა.
კრემლში აღიარეს, რომ ოლეშკიში, რომელსაც რუსეთის არმია თითქმის ხუთი წელია აკონტროლებს, ვითარება კრიტიკულია, თუმცა ამაში უკრაინას ადანაშაულებენ.
„იქ მართლაც არის პრობლემები საკვები პროდუქტების, მედიკამენტებისა და სხვა აუცილებელი ნივთების ჩატანასთან დაკავშირებით. კიევის რეჟიმი ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებს, რომ ამ მომარაგებას ხელი შეუშალოს. ჩვენი სამხედროები კვლავ მუშაობენ იმისთვის, რომ ეს ვითარება მოაგვარონ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.
სანამ მწვანე დერეფანი არ გაიხსნება, ქალაქის დატოვების ერთადერთი გზა - დანაღმული მინდვრებისა და გზების გავლით - უახლოეს დასახლებულ პუნქტამდე ფეხით მისვლაა. ვინც ამ რისკზე წასვლას გადაწყვეტს, მათ მოხალისეები დისტანციურად ეხმარებიან. თუმცა ოლეშკის მცხოვრებლებს უცხო ადამიანების ნდობის ეშინიათ.
„ნდობის უზარმაზარი დეფიციტია. გაუგებარია, ვინ მოვა. დადასტურებულია, რომ რუსი სამხედროები ადგილობრივ მცხოვრებლებად ინიღბებიან - როგორც დრონებისგან, ისე სამოქალაქო მოსახლეობისგან დასამალად. ამიტომ არავინ იცის, რით შეიძლება დასრულდეს უბრალოდ ქუჩიდან მოსული ადამიანის ვიზიტი“, - ამბობს მოხალისე ირინა.
ჰუმანიტარული უბედურების ზონა ხერსონის ოლქის დნეპრის მარცხენა სანაპიროს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება. კიევში აცხადებენ, რომ მოსკოვი ბლოკავს საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მიწოდებას, ხელს უშლის საერთაშორისო მისიების მუშაობასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას.
ფორუმი