ჩამოერთმევა თუ არა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო - თეთრი არწივის ორდენი? ამ საკითხზე გადაწყვეტილება პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ უნდა მიიღოს.
საქმე ისაა, რომ 8 ივნისს თეთრი არწივის ორდენის კაპიტულმა (კოლეგიამ) თავისი პოზიცია წარუდგინა პოლონეთის პრეზიდენტს, რომელიც ასევე ესწრებოდა სხდომას. პრეზიდენტის პრესსპიკერმა რაფალ ლესკევიჩმა 8 ივნისის საღამოსვე განაცხადა, რომ გადაწყვეტილება შესაბამის დროს გამოცხადდებოდა.
რას ამბობენ პოლონეთში
სწორედ პოლონეთის პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ წამოაყენა წინადადება, კაპიტულის სხდომის დღის წესრიგში შეეტანათ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის საკითხი. უკრაინის პრეზიდენტი ამ ჯილდოთი 2023 წლის აპრილში დაჯილდოვდა. ნავროცკის მიმართვის მიზეზი გახდა, პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფისათვის მიანიჭებინა „УПА-ს გმირების“ სახელი (უკრაინის მეამბოხე არმია - უკრ. УПА - Українська повстанська армія).
თეთრი არწივის ორდენის კაპიტულის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი, პროფესორი და პოლონეთის მეცნიერების ყოფილი მინისტრი მიხალ კლეიბერი, საზოგადო მოღვაწე სოფია რომაშევსკა, ფოტოგრაფი ადამ ბუიაკი, ეკონომისტი და ისტორიკოსი ვოიცეხ როშკოვსკი, ასევე ყოფილი დისიდენტი და ჟურნალისტი ბრონისლავ ვილდშტეინი.
კაპიტულის სხდომამდეც მისმა ზოგიერთმა წევრმა უკვე დაუჭირა მხარი პრეზიდენტ ნავროცკის პოზიციას, ჩამოერთვას ზელენსკის თეთრი არწივის ორდენი.
2023 წლის აპრილში პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ უკრაინელ კოლეგას ეს ჯილდო გადასცა „პოლონეთსა და უკრაინას შორის მეგობრული და მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, დემოკრატიის, მშვიდობისა და ევროპის უსაფრთხოების სასარგებლოდ თანამშრომლობის განვითარებისთვის, ასევე ადამიანის განუყოფელი უფლებების დაცვისას გამოჩენილი სიმტკიცისთვის“. მაშინ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯილდო მთელ უკრაინელ ხალხს ეკუთვნოდა.
თეთრი არწივის ორდენი პოლონეთის უძველეს და უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო ჯილდოდ ითვლება. ორდენის კაპიტულას, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, უფლება აქვს, გამოთქვას მოსაზრება ორდენთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე, მათ შორის, პრეზიდენტის წინაშე დააყენოს ჯილდოს მინიჭების ან ჩამორთმევის საკითხი.
პოლონური მხარის უკმაყოფილება უკავშირდება იმას, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ 2026 წლის 26 მაისის ბრძანებულებით უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების ცალკეულ ცენტრ „ჩრდილოეთს“ მიანიჭა „УПА-ს გმირების სახელობის“ საპატიო სახელწოდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს „ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის მიზნით, ასევე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაცვისას დაკისრებული ამოცანების სანიმუშო შესრულების გათვალისწინებით“.
პლონეთში ამ გადაწყვეტილებამ გამოიწვია აღშფოთების დიდი ტალღა, რომელიც უკვე მეორე კვირაა არ ცხრება.
რადგან დიპლომატიამ ხელშესახები შედეგი ვერ გამოიღო, 8 ივნისს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა საჯაროდ მოუწოდა პრეზიდენტებს ნავროცკისა და ზელენსკის გულწრფელი საუბრისკენ. ტუსკის თქმით, მნიშვნელოვანია ემოციების გაკონტროლება, რათა არ დაზიანდეს ის ორმხრივი სოლიდარობა, რომელიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩამოყალიბდა. „თანამშრომლობა ორივე სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებშია, ხოლო კონფლიქტი მოსკოვის ინტერესებს ემსახურება, და ეს ყველასთვის აშკარაა“, — განაცხადა დონალდ ტუსკმა.
თუმცა დონალდ ტუსკმა უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სამხედრო ქვედანაყოფს „УПА-ს გმირების“ სახელი მიანიჭა, რადგან პოლონური საზოგადოებისთვის УПА-ს თემა განსაკუთრებით მტკივნეული და მგრძნობიარეა.
პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ ჩიკორსკიმ პოლონურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევა გაუგებარი ნაბიჯი იქნებოდა, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ამ ჯილდოს მფლობელად დღემდე რჩება გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შრიოდერი.
გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998–2005 წლებში. თანამდებობის დატოვების შემდეგ იგი რუსული სახელმწიფო ნავთობგიგანტის, „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ შრიოდერს პირადი ურთიერთობები არ გაუწყვეტია რუსეთის პრეზიდენტთან და არც მისი ქმედებები დაუგმია.
„პრეზიდენტ ნავროცკის სურდა საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა, ამიტომ ახლა მის წინაშე დგას ძალიან სერიოზული და პასუხისმგებლობით სავსე გადაწყვეტილების საკითხი“, — თქვა რადოსლავ სიკორსკიმ.
რას ამბობენ უკრაინაში
უკრაინულ საზოგადოებაშიც გრძელდება დისკუსია იმის შესახებ, რომ პოლონეთი უკრაინის შიდა საქმეებში ერევა და, რომ საბრძოლო ქვედანაყოფისთვის სახელის მინიჭება მხოლოდ უკრაინის გადასაწყვეტი საკითხია. ამის შესახებ უკრაინელები სოციალურ ქსელებში წერენ. ისინი აღნიშნავენ, რომ პოლონელებს არ უკარნახებენ არც იმას, რა გადაწყვეტილებებს იღებენ, არც იმას, რას არქმევენ ქუჩებს, ვის უდგამენ ძეგლებს და რომელ ისტორიულ ფიგურებს განადიდებენ.
უკრაინელები ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, თუ ვინ არიან XVIII საუკუნეში დაარსებული თეთრი არწივის ორდენის კავალრები: რუსეთის იმპერატორი პეტრე პირველი და სხვა რუსი მონარქები. ეკატერინე მეორე პოლონეთის ხელისუფლებამ 1787 წელს დააჯილდოვა, ანუ უკვე რეჩპოსპოლიტის (პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის) პირველი დანაწევრების შემდეგ, რომლის შედეგადაც რუსეთის იმპერიამ ბელარუსისა და ლივონიის ნაწილი მიიტაცა. ორდენის კავალრებს შორის იყვნენ ასევე იტალიელი ფაშისტების ლიდერი ბენიტო მუსოლინი, უნგრეთის რეგენტი მიკლოშ ჰორტი, რომელიც ჰიტლერის მოკავშირე იყო, და იტალიური ფაშისტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ჯუზეპე ბასტიანინი.
რა ელის სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს?
ისტორიულ წარსულთან დაკავშირებული დაძაბულობის გამო, 5-6 ივნისს პოლონეთში სასწრაფო ვიზიტით ჩავიდა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, რომელმაც, პოლონელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას, აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს კარგად ესმის, რა რეაქციას იწვევს УПА-ს თემა პოლონეთში, და რომ უკრაინა მზად არის ამ საკითხზე დიალოგისათვის. კირილო ბუდანოვისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მარცინ ბოსაცკის შეხვედრის ერთ-ერთი საკითხიც შექმნილი ვითარებიდან გამოსვლის გზების დასახვა იყო.
არაოფიციალური ინფორმაციით, პოლონეთი უკრაინისგან გარკვეულ დათმობებს მოითხოვს.
როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან გამოსვლა?
ისტორიის დოქტორმა და პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ლუკაშ ადამსკიმ, რომელიც იულიუშ მერეშოვსკის დიალოგის ცენტრის დირექტორია, რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის გადაცემაში დაასახელა რამდენიმე შესაძლო გამოსავალი:
- სამხედრო ქვედანაყოფის სახელწოდებაში დაემატოს განმარტება, რომ საუბარია УПА-ს იმ გმირებზე, რომლებიც საბჭოთა ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძოდნენ;
- ქვედანაყოფს მიენიჭოს ტარას ბულბა-ბოროვეცის სახელობის УПА-ს გმირების სახელი, რადგან მან 1941 წელს ვოლინში საბჭოთა სამხედრო ნაწილების განადგურება შეძლო;
- უკრაინელმა სამხედროებმა თავად მიმართონ პრეზიდენტ ზელენსკის და განაცხადონ, რომ პატივს სცემენ УПА-ს მებრძოლებს, თუმცა არ სურთ პოლონეთთან კონფლიქტის გაღრმავება, ამიტომ ითხოვენ სახელწოდების შეცვლას.
ლუკაშ ადამსკის აზრით, უკრაინას ასევე შეეძლო ეთქვა, რომ УПА იყო ფორმირება, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, თუმცა გმობს იმ მეთოდებს, რომლებსაც ის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იყენებდა და არ სურს ამ მეთოდების განდიდება. პროფესორ ადამსკის თქმით, უკრაინაში УПА-ს მიმართ დამოკიდებულება გარკვეულ კორექტირებას საჭიროებს.
„ყოველგვარი მუდმივი შეხსენების გარეშე, „კი მაგრამ თვითონ პოლონელები რას აკეთებდნენ და ა.შ. განსაკუთრებით თუ 1943-1944 წლებზე ვსაუბრობთ. ასეთი ჟესტი, სიმეტრიის ძიების გარეშე, დამატებით არგუმენტებს მისცემდა იმ პოლონელ პოლიტიკოსებს, რომელთა უმრავლესობასაც უკრაინის დახმარების გაგრძელება სურს“, — აღნიშნა ადამსკიმ.
მისი შეფასებით, თუ პრეზიდენტ ზელენსკის ორდენს ჩამოართმევენ, ანუ უკრაინული მხარე დათმობებზე არ წავა, პოლონეთის პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ ეჭვის ქვეშ დააყენონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი.
ესკალაციისგან ორივე ქვეყანა წააგებს, ლუკაშ ადამსკი
„ეს ყველაზე ცუდი სცენარია, რადგან უკრაინა გმირულ ბრძოლას აწარმოებს რუსი აგრესორის წინააღმდეგ. ესკალაციისგან ორივე ქვეყანა წააგებს. პოლონეთში ნაციონალიზმი გაძლიერდება, ხოლო უკრაინელი ლტოლვილები შესაძლოა პოლონელი ნაციონალისტების სამიზნედ იქცნენ. მე იმისიც კი მეშინია, რომ პუტინმა შეიძლება თქვას: „კარგი, უარს ვამბობთ უკრაინის დენაციფიკაციაზე, მაგრამ გვინდა მისი დებანდერიზაცია“. და საინტერესოა, ასეთ შემთხვევაში როგორი რეაქცია ექნებათ პოლონურ და დასავლურ საზოგადოებებს. მე აქ მართლაც დიდ საფრთხეს ვხედავ“, — ამბობს ლუკაშ ადამსკი.
თავის მხრივ, უკრაინის პარლამენტის დეპუტატმა იგორ გუზმა რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის ეთერში განაცხადა, რომ უკრაინელები თავად გადაწყვეტენ, ვინ არიან მათი გმირები, УПА-ს წევრები კი უკრაინის სახელმწიფოს გმირებად მიიჩნევიან, რადგან ისინი დამოუკიდებელი და ერთიანი უკრაინისთვის იბრძოდნენ. უკრაინელი პოლიტიკოსის თქმით, უკრაინელებს არასოდეს უკარნახიათ პოლონელებისთვის, როგორ შეეფასებინათ Armia Krajowa („სამამულო არმია“) ან სხვა პოლონური სამხედრო ფორმირებების საქმიანობა, მათ შორის ვოლინის ტერიტორიაზე მოქმედი ნაწილებისა. იგორ გუზი მიიჩნევს, რომ მსგავს ვითარებაში ულტიმატუმების ენით საუბარი დაუშვებელია.
„ვოლინის ტრაგედიის თემა ისტორიული თემაა. ეს ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტების საკითხია, რომელიც საჭიროებს სიღრმისეულ კვლევას, სხვადასხვა ტიპის დისკუსიებსა და კულტურულ ღონისძიებებს, რაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტარდებოდა. პოლონეთში დაწყებულია საარჩევნო კამპანია. ისტორია კი ისტორიკოსებს უნდა დავუტოვოთ — ამის შესახებ არაერთხელ თქმულა“, — ამბობს უკრაინის პარლამენტის დეპუტატი.
მისი თქმით, თუ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი არწივის ორდენს ჩამოართმევენ, ეს არსებითად არაფერს შეცვლის და გავლენასაც ვერ მოახდენს, რადგან ეს ჯილდო ისედაც მხოლოდ სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს. ამავე მოსაზრებას იზიარებს უკრაინის ყოფილი ელჩი პოლონეთში (2003–2005 წლებში) იჰორ ხარჩენკო, რომელიც იხსენებს 1997 წელს, როცა პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ალექსანდრ კვასნევსკიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგებისა და შერიგების შესახებ განცხადებას. 2003 წელს კი პრეზიდენტებმა კიდევ ერთი განცხადება მიიღეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ფორმულას — „ვიხდით ბოდიშს და ვაპატიებთ“.
რა თქმა უნდა, წინასწარ შეიძლებოდა პროგნოზირება, როგორი რეაქცია ექნებოდა პოლონეთს ზელენსკის მიერ ხელმოწერილ ბრძანებულებაზე, რომლის მიხედვითაც სამხედრო ქვედანაყოფს УПА-ს გმირების სახელი მიენიჭა. ადამიანები, რომლებიც პრეზიდენტს ამ გადაწყვეტილებას ურჩევდნენ, ალბათ კარგად აცნობიერებდნენ შესაძლო შედეგებს.
„მაგრამ ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომლისთვისაც ეს ქვედანაყოფი იბრძვის. უკრაინის ცენტრალურ მოედანს „მაიდან ნეზალეჟნოსტი“ ჰქვია, ვარშავის ცენტრალურ მოედანს კი — პილსუდსკის მოედანი. ჩვენ პოლონელებს არაფრის გადარქმევას არ ვთხოვთ. როდესაც რაიმე მიზეზით უკრაინელი და პოლონელი ერთმანეთს უპირისპირდებიან, საბოლოოდ ყოველთვის რუსეთი იგებს. ეს უნდა გვახსოვდეს. ისტორია პოლონურ პოლიტიკაში გარკვეულ ინსტრუმენტად იქცა და, როგორც ჩანს, ახლა უკრაინას მოუწევს როგორღაც პასუხის დაბრუნება“, — ამბობს უკრაინელი დიპლომატი.
მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე აქტიურად საუბრობენ როგორც პოლონელი, ისე უკრაინელი პოლიტიკოსები და ჩინოვნიკები, უკრაინის პრეზიდენტი მთელი ამ დროის განმავლობაში ინარჩუნებს დუმილს. თუმცა პოლიტიკის ანალიტიკოსებმა შენიშნეს, რომ ზელენსკიმ შეცვალა ევროპაში მოგზაურობის ტრანზიტული მარშრუტი: ადრე, როგორც წესი, ვარშავიდან მიფრინავდა ხოლმე, ახლა კი კიშინიოვიდან გაფრინდა. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ესეც ერთგვარი პასუხია.
„ევროპული სიმართლის“ თანადამფუძნებელი და ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე იური პანჩენკო მიიჩნევს, რომ ეს გარკვეულ სიგნალს წარმოადგენს — რომ უკრაინა იმდენადაც არ არის დამოკიდებული პოლონეთის დახმარებაზე, რომ ეროვნული ღირსების საკითხებში მსგავს დათმობებზე წავიდეს.
რადიო თავისუფლების უკრაინული რედაქციის რესპონდენტის თქმით, პოლონური საზოგადოების რეაქციამ აჩვენა, რამდენად გაძლიერდა ბოლო წლებში ანტიუკრაინული პროპაგანდა. იური პანჩენკოს შეფასებით, ასეთი მძაფრი რეაქცია არ მოჰყოლია არც უკრაინის მესამე პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინა გმირის წოდება სტეპან ბანდერასთვის, და არც სხვა მსგავს ნაბიჯებს. თუ უკრაინა დათმობაზე წავა, ეს საგანგაშო სიგნალი იქნება, რადგან მომავალში პოლონეთს საშუალებას მისცემს, უკრაინელებს უკარნახოს, როგორ უნდა მიუდგნენ საკუთარ ისტორიულ მეხსიერებას.
„პოლონეთში ამბობენ, რომ უკრაინა უტაქტოდ ექცევა მსხვერპლის ხსოვნას. მაგრამ პოლონეთიც ყოველთვის უტაქტოდ იქცეოდა უკრაინელი მსხვერპლის მიმართ. მაგალითად, გასულ წელს პოლონეთმა მიიღო კანონი, რომელმაც УПА სრულად კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა. ეს კანონი რომ არ ყოფილიყო, უკრაინასა და პოლონეთს შორის შესაძლებელი იქნებოდა დიალოგი და კომპრომისი. მაგრამ კანონის მიღების შემდეგ ამბობენ, რომ УПА-ში გმირები არ ყოფილან, რომ იქ მხოლოდ დამნაშავეები იყვნენ. კი მაგრამ რა ვუყოთ იმ შემთხვევებს, როდესაც УПА პოლონურ Armia Krajowa-სთან თანამშრომლობდა? გამოდის, რომ არმია კრაიოვაც „დამნაშავეების თანამზრახველი“ იყო? დღეს პოლონეთმა უკრაინასთან საუბრისთვის შანტაჟის ფორმატი აირჩია“, — ამბობს იური პანჩენკო.
წლების განმავლობაში უკრაინა და პოლონეთი სხვადასხვაგვარად აფასებდნენ XX საუკუნეში ОУН-ისა და УПА-ს საქმიანობას. პოლონურ საზოგადოებაში УПА-ს მიმართ დამოკიდებულება უკიდურესად ნეგატიურია და უკავშირდება 1943 წელს ვოლინში მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს.
პოლონეთის მეცნიერების მინისტრის მოადგილე ანჯეი შეპტიცკი (მიტროპოლიტ ანდრეი შეპტიცკის ძმის შვილთაშვილი) კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც УПА-ს მებრძოლები პოლონელ ანტიკომუნისტ იატაკქვეშა მებრძოლებს შეადარა. მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ვოლინის დანაშაულზე, УПА იყო ორგანიზაცია, რომელიც იბრძოდა უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, იბრძოდა, უპირველეს ყოვლისა, საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ და ეს ერთგვარი უიმედო ბრძოლა იყო.“
УПА-ს მიმართ დამოკიდებულება უკრაინაშიც არაერთმნიშვნელოვანია. სოციოლოგიური გამოკითხვების მიხედვით, უკრაინელთა ორ მესამედზე მეტი УПА-ს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევს.
მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული პოლონელების ექსჰუმაციისა და საძიებო სამუშაოების დაწყებამ ისტორიულ წარსულთან დაკავშირებული დავები და გაუგებრობები ვერ შეაჩერა, რადგან კონფლიქტი უკვე პოლიტიკურ სიბრტყეში გადავიდა. ერთობლივი საძიებო და ექსჰუმაციის სამუშაოები გრძელდება. უკრაინამ პოლონურ მხარეს მათი ჩატარების ნებართვა მისცა. 9 ივნისს სამუშაოები დაიწყო ლვოვის ოლქის სოფელ ჰუტა პეინიაცკაში. 1944 წლის 28 თებერვალს ეს სოფელი მთლიანად დაიწვა. შედეგად, უკრაინული და პოლონური მონაცემებით, 200-დან 800-მდე პოლონელი დაიღუპა. თუმცა საზღვრის სხვა და სხვა მხარეს განსხვავებული შეხედულებები არსებობს იმის შესახებ, თუ ვინ იყო ამ მკვლელობაზე პასუხისმგებელი.
როგორი იქნება პოლონეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება ვოლოდიმირ ზელენსკისთვის გადაცემული თეთრი არწივის ორდენის საკითხზე? პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტი კაროლ ნავოცკი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმაც უნდა მოაწეროს ხელი. ეს კი ნიშნავს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის აღება მთავრობასაც მოუწევს.
УПА (უკრაინის მეამბოხე არმია) - მოკლედ
УПА - უკრაინის მეამბოხე არმია იყო სამხედრო-პოლიტიკური ფორმირება, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე 1942-1956 წლებში მოქმედებდა.
УПА-ს შექმნის მიზანი იყო სხვადასხვა ნაციონალისტური შეიარაღებული ჯგუფების გაერთიანება ОУН(б) (უკრაინელი ნაციონალისტების (ბანდერელების) ორგანიზაცია) - ის დროშის ქვეშ. УПА, უკრაინული სახელმწიფოს აღსადგენის გზაზე, თავის მთავარ ამოცანად მიიჩნევდა ეროვნული არმიის შექმნასა და აჯანყების მომზადებას იმ მოლოდინით, რომ საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია სისხლისმღვრელ ომში ერთმანეთს დაასუსტებდნენ.
УПА მხარს უჭერდა დამოუკიდებელი და ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს შექმნას, რომელიც ყველა ეთნიკურ უკრაინულ მიწას გააერთიანებდა.
მისი დაარსების თარიღად 1942 წლის 14 ოქტომბერი ითვლება. УПА-ს ერთ-ერთ ბოლო ბრძოლად მიიჩნევა შეტაკება საბჭოთა შინსახკომის ჯართან 1956 წელს, როდესაც მოსკოვი ცდილობდა საბჭოთა სამხედრო კოლონების უნგრეთში შეყვანას ანტიკომუნისტური აჯანყების ჩასახშობად. ზოგიერთი მონაცემით, УПА-ს ცალკეული მებრძოლები წინააღმდეგობას 1967 წლამდეც აგრძელებდნენ.
1943 წლის მაის-ნოემბერში УПА-ს მთავარსარდალი იყო დმიტრო კლიაჩკოვსკი, 1944-1950 წლებში - რომან შუხევიჩი, ხოლო 1950-1954 წლებში - ვასილ კუკი.
УПА-სთვის დამახასიათებელი იყო პარტიზანული ტაქტიკა. მისი შეიარაღება ძირითადად ნადავლით მოპოვებული გერმანული, საბჭოთა, უნგრული და ავსტრიული იარაღისგან შედგებოდა. ორგანიზაციის რიგებში უკრაინელებთან ერთად იბრძოდნენ ებრაელები, რუსები და სხვა ეროვნების წარმომადგენლები.
УПА ერთდროულად ებრძოდა როგორც ნაცისტურ გერმანიას, ისე მოგვიანებით საბჭოთა ხელისუფლებას. გერმანელი საოკუპაციო ადმინისტრაცია, მათ შორის ერიხ კოხი, УПА-ს მოქმედებებს ანტიგერმანულ აჯანყებადაც კი აფასებდა. გერმანული დოკუმენტების თანახმად, УПА-სა და გერმანულ სამხედრო ნაწილებს შორის შეტაკებები 1944 წლის აგვისტომდე გრძელდებოდა. გერმანელებსა და УПА-ს შორის შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ საბჭოთა პარტიზანების ანგარიშებიც მოწმობს.
საბჭოთა პროპაგანდა УПА-ს წარმოაჩენდა, როგორც სტრუქტურას, რომელიც ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდა.
2014 წელს რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ УПА გამოაცხადა ექსტრემისტულ ორგანიზაციად.
УПА-ს მიმართ პოლონეთშიც ძირითადად ნეგატიური დამოკიდებულებაა. 2016 წელს პოლონეთის პარლამენტმა УПА-ს მოქმედებები ვოლინში პოლონელი მოსახლეობის გენოციდად შეაფასა.
ვოლინში მოქმედებდნენ არა მხოლოდ УПА-ს რაზმები, არამედ „ბულბა-ბოროვეცის“, „მელნიკოველების“ და სხვა ატამანების შეიარაღებული ჯგუფებიც. რეგიონში ასევე მოქმედებდნენ გერმანული სადამსჯელო ნაწილები და პოლიცია, რომელთა რიგებშიც ირიცხებოდნენ როგორც უკრაინელები და პოლონელები, ისე საბჭოთა პარტიზანები.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის არქივებში დაცული დოკუმენტების საფუძველზე დადგინდა, რომ დასავლეთ უკრაინაში პოლონურმა მხარემ დაკარგა 30 327 ადამიანი და 240 დასახლებული პუნქტი, ხოლო უკრაინულმა მხარემ — 16 523 ადამიანი და 115 დასახლებული პუნქტი. პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი კი მიიჩნევს, რომ УПА და სხვა ნაციონალისტური ფორმირებები დაახლოებით 100 000 პოლონელის მკვლელობაზე არიან პასუხისმგებელნი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინულ საზოგადოებაში УПА-ს მიმართ დამოკიდებულება მერყეობდა პოზიტიურსა („დამოუკიდებლობისთვის მებრძოლები“) და ნეგატიურს („გერმანიის კოლაბორაციონისტები“) შორის. თუმცა ღირსების რევოლუციის შემდეგ УПА-ს დამსახურების აღიარებამ ფართო მხარდაჭერა მოიპოვა.
2015 წელს УПА-ს მებრძოლებს უკრაინის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლთა ოფიციალური სტატუსი მიენიჭათ. 2018 წელს მიღებული კანონით კი მათ საბრძოლო მოქმედებების მონაწილეთა სტატუსიც მიიღეს.
2023 წლის შემოდგომაზე ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, უკრაინის მოსახლეობის 2/3-ზე მეტისთვის УПА დამოუკიდებლობის დაცვის სიმბოლოდ იქცა.
„ჩვენ წარსულის სერიოზულ გადაფასებას ვაკვირდებით. УПА-ს ისტორია ჩვენი ეროვნული მეხსიერების ერთ-ერთ საკვანძო ელემენტად ყალიბდება. უკრაინელთა 70%-ზე მეტისთვის ეს ისტორია იქცა გამოცდილებად, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლისა და დამოუკიდებლობის დაცვის ტრადიციას“, — განაცხადა კვლევის პრეზენტაციაზე იარინა იასინევიჩმა, განმათავისუფლებელი მოძრაობის კვლევის ცენტრის პროგრამების დირექტორმა.
ფორუმი