მსოფლიოში ყველაზე დიდი, ატომური ავარიის ლიკვიდაცია რამდენიმე წელი გრძელდებოდა. 1986 და მომდევნო წლებში წმენდაში 600 000-მდე ლიკვიდატორი მონაწილეობდა. საქართველოდან, ე.წ. “სპეცსბორებზე” 2000-ზე მეტი ადამიანი წაიყვანეს.
მათ შორის იყვნენ 34 წლის ანდრო კაცაძე და 30 წლის ელენე კერესელიძე - დღეს, ჩერნობილის კატასტროფიდან 40 წლის შემდეგ ისინი ჩერნობილის ზონაში ყოფნის გამოცდილებაზე გვიყვებიან - უკაცრიელ სოფლებზე, ვაშლის ხელა მარწყვებზე, ჩაკეტილ ზონაზე, საიდანაც გასვლა არ შეეძლოთ, რადიაციისგან დაბინძურებული ნივთების სასაფლაოზე, იმაზე, რა „ჩამოიტანეს“ მათ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ და რის ფასად.
რადიო თავისუფლება: “ლიკვიდატორი” - რას ნიშნავს ეს სიტყვა, ვინ იყვნენ ლიკვიდატორები?
ანდრო კაცაძე: ლიკვიდატორი ნიშნავს იმ ადამიანს, ვინც სხვადასხვა სამუშაოზე მუშაობდა ჩერნობილიდან 30-კილომეტრიან ზონაში. მარტო ეგენი ითვლებოდნენ ლიკვიდატორებად, თორემ სხვებიც იყვნენ, ოღონდ ზონის გარეთ.
- თქვენ სად მოხვდით, როცა უკრაინაში ჩახვედით?
ელენე კერესელიძე: ჩვენ 17 კილომეტრით ვიყავით ჩერნობილიდან დაშორებულები, სოფელი იყო აპაჩიჩი. ორად ორი მოსახლე იყო, ისიც მოხუცები. ცოცხალი თავით რომ ვერ გაიყვანეს იქიდან, ისეთები. ამბობდნენ, თუ გვიწერია, აქ მოვკვდეთო. დანარჩენი სულ ჩაკეტილი იყო ყველაფერი. გაუბედურებული. ძალიან ცუდი შეგრძნება იყო, მკვდარი ზონა. არსად სულიერი არ დადიოდა.
ანდრო კაცაძე: ჩვენი იყო მექანიკური ნაწილი. დილით გადიოდნენ ბიჭები სამუშაოდ, სოფლებში სახლები რომ იყო დარჩენილი, სახურავს ხსნიდნენ, შიფერს, მანქანაში აგროვებდნენ და ე.წ. “მაგილნიკში” მიჰქონდათ. ყველაფერი, რაც რადიაციული დაბინძურებით იყო, იმ ამოთხრილ დიდ ორმოში უნდა ჩაეყარათ. ყრიდნენ ყველაფერს: მანქანებს, ავტობუსებს, ტროლეიბუსებს. შუა ტყეში იყო ეს ორმო. მეც მიწევდა იქ თვეში ორჯერ წასვლა. მე ვიყავი მთავარი საწყობის უფროსი. ბიჭები რომ გამოდიოდნენ ზონიდან, ხომ ამოწმებდნენ მათ რადიაციაზე, უნდა გამოეცვალათ ხოლმე და რადიაციის კვალს თუ აღმოაჩენდნენ სპეცტანსაცმელზე, გვერდზე დებდნენ და მერე ვყრიდით. ჩემი მოვალეობა იყო, რომ ეს ყველაფერი, რაც მოგროვდებოდა, ჩექმები, ტანსაცმელი, დამეტვირთა მანქანაზე და წამეღო იმ “მაგილნიკში”
- გახსოვთ რას გრძნობდით წასვლისას? არ გეშინოდათ?
ელენე კერესელიძე: არც შიში და არც განცდა, რომ, ვაიმე, სად მივდივართ, არ გვქონია. გვაგზავნიან ანუ რაღაც ვალდებულება გვაქვს, რომ ვალი უნდა მოიხადო.
- და რისთვის მიდიოდით ეს თუ იცოდით? აგიხსნათ ვინმემ რამე?
ანდრო კაცაძე: მაგას არავინ გვეუბნებოდა. ვინ გვეკითხებოდა. თან მაშინ ხომ კინოებში არ აჩვენებდნენ, რა ხდებოდა. პირველ მაისს არ ჩაატარეს კიევში აღლუმი ჩერნობილის მერე? თითქოს არაფერი ხდებოდა. ხალხს არ ეუბნებოდნენ რა არის ეს, ან რა მოხდება შემდეგ. რა ავადმყოფობა მოჰყვება. მივდიოდით, ვიცოდით, რომ ეს არის “სპეცსბორები”, უნდა დავეხმაროთ ხალხს, ექვსი თვე ვიქნებით და მერე ჩამოვალთ სახლში.
ელენე კერესელიძე: წარმოდგენა არ გვქონდა დეტალებზე. აფეთქდა - აფეთქდა. არც გარკვეული ვიყავით იმაში, რომ რადიაციული ფონია, საშიშია.. ჩვეულებრივად წავედით. რადგან ჰოსპიტალში მივდიოდით სამუშაოდ, გოგონები იყვნენ ექთნები საქართველოდან და სამედიცინო პერსონალი იყო სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან. მაგრამ ექთნები იყვნენ მარტო საქართველოდან, რადგან არცერთმა ქვეყანამ არ გაუშვა მაშინ ექთნები, გოგოები. მე ვიყავი იქ საიდუმლო საქმის მწარმოებელი და მე რაც ვიცოდი, ის ბევრმა არ იცოდა და არც უნდა სცოდნოდათ.
- რა გეცვათ? რა გეკეთათ? როგორ იცავდით თავს რადიაციისგან?
ანდრო კაცაძე: მარტო “მასკა”. “ლიპისტოკს” ეძახდნენ, თეთრი იყო.
- ტანზე?
ანდრო კაცაძე: ტანზე არაფერი განსაკუთრებული. ფორმა ან უბრალოდ ტანსაცმელი. და შესვლა-გამოსვლისას სინჯავდნენ ამ ტანსაცმელს… მაგ ტანსაცმლის გარდა, ზეწრები, პირსახოცები, ყველაფერი უნდა მომეგროვებინა და გადაგვეყარა.
- შეგიძლიათ გაიხსენოთ, სად ცხოვრობდით?
ელენე კერესელიძე: ორსართულიანი საბავშვო ბაღის შენობა იყო. თოჯინები, სულ დამტვრეული სათამაშოები ეყარა. ჩვენ დავალაგეთ, დავასუფთავეთ და იქ მოვეწყვეთ გოგოები. მამაკაცები სამხედრო კარვებში იყვნენ. იქ ცხოვრობდნენ. ჰოსპიტალი კი გაიხსნა სკოლის სამსართულიან შენობაში. ვინც რეაქტორზე მუშაობდა, წესით, ისინი უნდა მოსულიყვნენ ხოლმე, მაგრამ არ შემოდიოდნენ. და ბოლოს რომ მიხვდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა, ხუთი თვეც გავიდა და შემცვლელიც არ გვყავდა, მოვიდა ბრძანება, რომ როგორც გავხსენით, ისევე დავკეტეთ და წამოვედით.
- რთული იყო იქ ყოფნა?
ელენე კერესელიძე: პირველი ორი კვირა ძალიან გაგვიჭირდა. ჯერ დაგვირიგეს აირწინაღები, ვითომ მაგით რომ უნდა გვევლო, მაგრამ ეს იყო საშინელება. თან ზაფხულში და მერე ვამბობდით, რომ რაც იქნება - იქნება და მოვიხსენით ბოლოს. სულ პირი გვიშრებოდა და წყალი გვინდოდა. უწყლოდ ერთი წუთი ვერ გაჩერდებოდი.
მარწყვი იყო იცით, როგორი? ჩვენი ხელით რომ ვკრეფდით, კაი ზომის ვაშლი რომ აიღო, მაგხელა. მე ეგეთი ვაშლი ცხოვრებაში არ მიჭამია, ეგეთი ტკბილი. ცხოვრებაში თევზი და სოკოც არ მიჭამია, მაგრამ იქ, სხვა წასასვლელი რომ არსად იყო, ძალაუნებურად სათევზაოდ და სოკოზეც მივყვებოდი ხოლმე. ცოტა დრო რომ გასულიყო და რამით გაგვერთო თავი. იქ არც ტელევიზორის ყურება შეგეძლო, არც სადმე წასვლა. გამორიცხული იყო და ამიტომ, ხან სადმე გავიდოდით იქვე ან ოთახში შევიკრიბებოდით და ასე გადიოდა დრო.
- როგორ იხსენებთ იქაურობას დღეს?
ანდრო გოცაძე: პრიპიატში რომ გავივლიდით ხოლმე, სულ ცარიელი იყო მთელი ქალაქი. დანგრეული. შიშით რომ იყურები, კორპუსი დგას, საბავშვო მოედანი და კაციშვილის ჭაჭანება არ არის. მარტო ძაღლები დარბიან... მდინარეც იყო იქ, პრიპიატის, თევზებიც დაჭერაც შეგეძლო. მაგრამ წყლის დალევა იქაურის. როგორც მახსოვს, არ შეიძლებოდა და საგანგებოდ მოჰქონდათ მინერალური წყალი და ხანდახან კოკა-კოლა, პეპსი და ეგეთი რამეები.
ელენე კერესელიძე: ძალიან ცუდი შეგრძნებაა. ძალიან. ითრგუნები ადამიანი, კაციშვილის ჭაჭანება რომ არ არის. ახლაც ჟრუანტელმა დამიარა მაგის გახსენებაზე.
ერთადერთი, რაც სულ კარგად მახსენდება, 170 ადამიანი ვიყავით იქ და როგორც ერთი დიდი ოჯახი ისე ვიყავით.
- როცა დაბრუნდით, მერე რა მოხდა?
ელენე კერესელიძე: მე რომ თბილისში ჩამოვედი, სამი თვე არ დამიძინია. საწოლზე ვიჯექი და ვათენებდი, ვიხრჩობოდი. არ ვიცი, აქაური კლიმატი ვეღარ ავიტანე.
ანდრო გოცაძე: ხო ვამბობ, საერთოდ აზრზე არ ვიყავით რა არის ეს ჩერნობილი, რა რადიაცია… მაგრამ რომ ჩამოვედით, მერე დაგვეწყო ყველაფერი. ვინც იქ იყო, მგონი ყველა არის ინვალიდი ახლა. ან მეორე ან პირველი ჯგუფის ინვალიდი.
ელენე კერესელიძე: ყველას ეუბნებოდნენ, რომ… შვილის გაჩენა არ შეიძლებოდა.
- თქვენ მაგის გამო არ გარისკეთ?
ელენე კერესელიძე: თავიდან კი, მერე რაღაც პრობლემები მქონდა და მერე უკვე შიშებიც დამეწყო, რომ რადგან გეუბნებიან "არა", იქნებ მართლა არ შეიძლება-მეთქი.
- და ამას ვინ გეუბნებოდათ?
- ვინც წაგვიყვანა, ვინც ითავა ეგ საქმე და გაგვიშვა, ეგენი გვაფრთხილებდნენ.
ანდრო გოცაძე: ვისაც ოჯახი არ ჰყავდა, ეგენი არც მიჰყავდათ. და შვილების ყოლაზე... რამდენი წელი არ გინდათო, მაგას ამბობდნენ კი. შეიძლება ბავშვს დეფექტები ჰქონდეს და ჯერ არ გინდათო. ჩამოსვლიდან მალევე არაო.
- თქვენ დაოჯახებული იყავით?
- კი, მე უკვე ორი ბავშვი მყავდა…
ელენე კერესელიძე: ჩემთან ერთად ვინც იყო და ვინც არ იყო, ბევრს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, მათაც და მათ შვილებსაც, ვინც გარისკა.
- დღეს რაზე გეფიქრებათ ხოლმე, ნანობთ თქვენს გადაწყვეტილებას?
ელენე კერესელიძე: არა, არაფერს არ ვნანობ საერთოდ. აბსოლუტურად არაფერს. რაც უნდა მომხდარიყო, მოხდა.
40 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს, შაბათს, ღამის პირველი საათსა და 23 წუთზე, უკრაინაში, ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე №4 რეაქტორი აფეთქდა, რასაც უდიდესი რადიაციული გამოფრქვევა მოჰყვება. კატასტროფის მიზეზებად დასახელდა არასწორად ჩატარებული ექსპერიმენტი და უსაფრთხოების პროტოკოლის დარღვევა. საბჭოთა მედიამ ეს ამბავი 2 დღის დაგვიანებით გამოაცხადა - მოკლე, მშრალი ინფორმაციით. უცხოელი ჟურნალისტები ამბავს უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ და დაფარული დეტალების გარკვევას ცდილობდნენ.
საბჭოთა მთავრობამ კატასტროფის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მხოლოდ 36 საათის შემდეგ მიიღო. 100 000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს. ქალაქი პრიპიატი სრულად დაიცალა.”ჩერნობილის” ავარიას, ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო სკალით, უმაღლესი - მეშვიდე, დონე მიენიჭა. თუმცა, აფეთქებიდან რამდენიმე დღეში, კიევში დიდი საპირველმაისო აღლუმი მაინც ჩატარდა.
ატომური კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა დღემდე უცნობია. ოფიციალური ცნობებით, პირველ დღეებში 30 ადამიანი დაიღუპა. გაეროს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვარაუდით, რადიაციით გამოწვეული დაავადებების გამო დაახლოებით 4 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. სხვა კვლევებით - ჩერნობილის მსხვერპლთა რიცხვი ჯამში შეიძლება ათიათასობით ადამიანი იყოს.
ჩერნობილის ატომურ სადგურს საფრთხე რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისშიც დაემუქრა. ახლა ის ისევ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, თუმცა, სანამ ომი გრძელდება, სტრატეგიული ობიექტიც მუდმივად საფრთხის ქვეშაა.