პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 2000-დან 4000 ლარამდე.
მხოლოდ 22 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წამოწყებული ოთხი სხდომა ჩატარდა. ერთი - მოსამართლის ავადმყოფობის გამო გადაიდო. რადიო თავისუფლება რამდენიმე ასეთ სხდომას დაესწრო.
მაგალითად, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ამ დღეს, სიძულვილის ენის წინააღმდეგ წარმოებული ორი სხდომა გამართა. ერთს - 8, მეორეს კი - 9 წუთი დაუთმო.
მოსამართლემ ორივე შემთხვევაში შსს-ს მიერ, სოციალურ ქსელში გამოვლენილი სავარაუდო სამართალდამრღვევები, ნამდვილ დამრღვევებად მიიჩნია - ერთს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა, მეორეს - 4000 ლარიანი.
რა მუხლებით ედავება ფეისბუკის მომხმარებლებს შს სამინისტრო?
ორი მუხლით:
- #1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45-დღიან პატიმრობას. თუკი დარღვევა განმეორდება, ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდე იზრდება პატიმრობა კი 60 დღემდე.
- #2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 3 000 - 5 000 ლარამდე იზრდება და ჯარიმის სახით წესდება პატიმრობაც - 5-დან 60 დღემდე.
წაკითხულის გააზრების პრობლემა, შეცდომა თუ სხვა რამ?
22 ივნისს მოსამართლე ნინო ენუქიძეს საქმე უნდა განეხილა გიორგი მელითაურის წინააღმდეგ.
25-ე დარბაზში, გიორგი მელითაური, მისი ადვოკატი, გიორგი დავითური, ცოლი და მცირეწლოვანი შვილი, სხვა გულშემატკივრები და ჟურნალისტები ზუსტად ორ საათზე შევიდნენ.
ორიოდ წუთში მოსამართლემ და მისმა მდივანმაც დაიკავეს ადგილები. შსს-ს წარმომადგენლის სკამი, მოსამართლისგან ხელმარცხნივ, კი ცარიელი დარჩა.
მოსამართლე ნინო ენუქიძემ დარბაზში მსხდომებს შეატყობინა, რომ შსს-ს წერილობითი განმარტების თანახმად, ამ სხდომას მათი წარმომადგენელი სხვა, მიმდინარე საქმეების გამო ვერ დაესწრებოდა. სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა ვერც მისი მონაცვლე, რადგან მასაც სწორედ ამ დროს, სხვა საქმეები ებარა. ამიტომ სხდომა 30 ივნისისთვის გადაიდო.
25-ე დარბაზში, 22 ივნისს, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წამოწყებული ერთ-ერთი გამორჩეული საქმე უნდა განხილულიყო.
შსს გიორგი მელითაურს, ფეისბუკში, „მთავარის“ ე.წ. ქარდის ქვეშ დატოვებული კომენტარის გამო ედავება. შსს-ს ინსპექტორი, ირწმუნება, რომ გიორგი მელითაურმა ამ კომენტარით მისივე მეგობარს, ფოტოგრაფ ლევან ზაზაძეს მიაყენა შეურაცხყოფა.
საქმე იმაშია, რომ „მთავარის“ პოსტის ქვეშ დაწერილი კომენტარი არ მიემართება ლევან ზაზაძეს. ამ კომენტარს საერთოდ არ ჰყავს ადრესატი.
22 ივნისს, ლევან ზაზაძე მოწმის სახით გამოკითხვას ელოდა სასამართლოში. მის გამოკითხვას გიორგი მელითაურის ადვოკატი ითხოვს. ფოტოგრაფს იმედი აქვს, რომ მას 30 ივნისს მაინც მოუსმენენ - მისი მოწმედ გამოკითხვის მოთხოვნა, ჯერ მოსამართლემ უნდა დააკმაყოფილოს.
„გიორგის წელიწადზე მეტია ვიცნობ და ახლო მეგობარია. ჯერ ერთი, რომ რამხელა აბსურდია, ადამიანს სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვებისთვის სასამართლოს უნიშნავ და მერე ის, რომ ზოგადად, ვინც სქრინები ამოღო, სწორად ვერ კითხულობს მის შინაარსს“.
ლევან ზაზაძე ამბობს, რომ „მთავარის“ ქარდის ქვეშ დაწერილი კომენტარი მას არ ეხებოდა:
„6 ივნისს, შაბათის მარშის დროს, მე და ჩემს მეგობარს, თამარ გიორგაძეს მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა უცნობმა, რაც საბოლოოდ გადაიზარდა ჩხუბში. ამის შესახებ ინფორმაცია დაიწერა სხვადასხვა მედიაშია. მათ შორის, ქარდი გააკეთა „მთავარმა“. ამ პოსტის ქვეშ დაიწერა გიორგი მელითაურის სახელით კომენტარიც, რომელიც, ცხადია, არ მომემართება მე. ის ზოგადად, აბსტრაქტულადაა დაწერილი. თუმცა, ინსპექტორმა გადაწყვიტა, რომ რაკი ქარდზე ჩემი ფოტო იყო, მე მაგინებს. ეს არის აბსურდი. ამაზე იხარჯება რესურსი. ამის გამო შეიძლება ადამიანი დააჯარიმონ ან დააპატიმრონ“.
გიორგი დავითურს, გიორგი მელითაურის ადვოკატს მიაჩნია, რომ საქმეები, რომლებსაც დღეს შსს სასამართლოებში აწარმოებს, არ ექვემდებარება სამართლებრივ შეფასებას. მისივე თქმით, საქმეში, რომელიც გიორგი მელითაურის წინააღმდეგ წაიღო შსს-მ სასამართლოში, არაერთი ხარვეზია:
„სრულ აბსურდთან გვაქვს საქმე, დაწყებული როგორც ფორმალური, ისე გამოძიების და მტკიცებულებების შეგროვების თვალსაზრისით. საქმეში გვხვდება სქრინშოთები, ვინაობა, კავშირი გიორგი მელითაურთან, არ დგინდება. რომც დადგინდეს ეს კავშირი, ეს კომენტარი არც არის ვინმეს შეურაცხყოფა.
ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მას ედავებიან იმ ადამიანის შეურაცხყოფას, რომელიც მისი მეგობარია. და საერთოდ, ამ ადამიანსაც კი არ მიემართება ის კომენტარი. საბოლოოდ, ალბათ გადაწყვეტენ, რომ ჰაერში გინებაც არ შეიძლება, რომ ეს არის საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა“, - თქვა გადადებული სხდომიდან გამოსულმა გიორგი დავითურმა.
რაც შეეხება თავად გიორგი მელითაურს, ის მცირე კომენტარით შემოფარგლა:
„მედავებიან ლევან ზაზაძის შეურაცხყოფას, რაც აბსურდია. ლევანს ვიცნობ, მეგობარია და არაფერი მასთან გასაყოფი და გასალანძღი არ მაქვს. დანარჩენს სასამართლოზე განვიხილავთ“.
ემიგრანტი, რომელიც ამბობს, რომ არაფერი იცოდა სხდომის შესახებ
5 წელია, ივანე კოდელაშვილი ემიგრაციაშია. ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სამსახურიდან ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, 2012 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს, ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ცხოვრობს, აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნილისა და რეზიდენტის სტატუსი მუდმივი ცხოვრების უფლებით.
მას ტელეკომპანია „იმედის“ ფეისბუკის გვერდზე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ქარდის ქვეშ, პირველ ივნისს დატოვებული კომენტარის გამო ედავებიან - სწორედ პირველ ივნისს შეუდგა მუშაობას სამმართველოც.
მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მისი საქმის განხილვას ზუსტად 8 წუთი და 5 წამი დაუთმო. მოსამართლემ თქვა, რომ ივანე კოდელაშვილს სხდომის შესახებ კანონით დადგენილი წესით ეცნობა:
„იგი სხდომაზე არ გამოცხადდა, არ უცნობებია რაიმე საპატიო მიზეზი სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ უნდა გაგრძელდეს მოცემულ საქმეზე სასამართლო განხილვა“.
შსს-ს იურისტმა, სალომე ქირიამ საქმის წარმოების დაწყების მიზეზი ასე ახსნა:
„გამოვლინდა ფაქტი, ტელეკომპანია იმედის პოსტზე, საჯარო ხელმისაწვდომობის პოსტზე შეურაცხყოფას აყენებს მამუკა მდინარაძეს...
აქ არ ყოფილა რაიმე საჯარო დებატები და რაიმე ქმედების შეფასება, ეს არ იყო იმგვარი წინადადება ან სიტყვათა შეთანხმება, რომელიც მიემართებოდა რაიმე გარემოების ან პიროვნების ქმედების შეფასებას, არამედ ეს იყო მიზანმიმართულად, მისი შეურაცხყოფის მიყენების მცდელობა და ფაქტობრივად, აღნიშნული შესრულდა კიდეც“.
8 წუთის თავზე, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ივანე კოდელაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მე-16 პრიმა მუხლით ცნო სამართალდამრღვევად და მას 4000 ლარიანი ჯარიმის გადახდაც დააკისრა.
რადიო თავისუფლება ივანე კოდელაშვილს სოციალური ქსელით დაუკავშირდა. ჩვენთან საუბრისას ის ირწმუნება, რომ მან არაფერი იცოდა საქართველოში, მის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ. ინფორმაცია ოჯახის წევრებისგან მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ის 4000 ლარით დააჯარიმეს:
„ეს კომენტარი ამ 14 წლის დაგროვებული ბრაზია. ყველა ის ფაქტი, რაც მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ხდებოდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ხდებოდა, პოლიციელების ის ვიდეოები, რაც ვრცელდება, ეს იყო ჩემი თავისუფალი ნებისა და აზრის გამოხატულება, ხოლო მე როგორ გამოვხატავ ჩემს აზრს და როგორ მოვიქცევი ფეისბუკის კომენტარში, ეს უშუალოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და არცერთ ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში ამას კანონდარღვევად არ თვლიან. ჩემი მხრიდან მათ მიმართ დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, არ შეიცვლება.
ვერ ვეგუები და ვერც ვერასდროს შევეგუები საქართველოს გარუსებას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არ შემიძლია მივიღო მონაწილეობა იმ მოვლენებში, რა მოვლენებიც მიმდინარეობს რუსული ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ, ჩემი აზრის დაფიქსირებას მაინც ვახერხებ სოციალური ქსელებიდან“, - გვითხრა მან.
„არ ჰქონდა მნიშვნელობა, დაიფარებოდა თუ არა რაიმე ასო“ - ჯარიმა დაპატიმრებული რეზო კიკნაძის შეურაცხყოფისთვის
9 წუთი და 13 წამი დასჭირდა ზვიად ცეკვავას, რომ 22 ივნისს 2000 ლარით დაეჯარიმებინა 39 წლის ვახტანგ დიასამიძე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ტექნიკური მომსახურების ერთ-ერთი კომპანიის დირექტორი.
შსს მას 3 ივნისს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ქარდის ქვეშ დაწერილი კომენტარის გამო ედავებოდა.
ქარდზე კი გამოტანილი იყო პროევროპული აქციებისას დაკავებული, მსჯავრდებული რეზო კიკნაძის ციტატა, რომელშიც ის ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას აკრიტიკებდა.
ვახტანგ დიასამიძეს, რომელიც 22 ივნისს, სასამართლოში ადვოკატის გარეშე მივიდა, მონანიებამ ვერ უშველა:
„მოვყვები, რა მოხდა. პირველ რიგში, მე ეს პიროვნება, არ ვიცოდი, ვინ იყო. კი, მე უხეშად ვთქვი და ალბათ არ უნდა მეთქვა, არ უნდა დამეწერა, ბოლომდეც არ მიწერია ის სიტყვები, სიტყვები, რომლებიც შეურაცხმყოფელია, ინიციალებით ჩავნიშნე, მაგრამ აქ კონტექსტი იყო სხვა რაღაც.
ხვიჩა კვარაცხელია რომ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული და ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, ეს ის პერიოდია, როცა, ჩემი აზრით, ყველა ქართველისთვის, ყველაზე საამაყო მომენტია, როცა შენი ქვეყნის მოქალაქე ასეთ წარმატებას აღწევს და ამ პიროვნებას ჰქონდა დაწერილი, რომ არც შენი პიროვნება მაინტერესებს, არც საუკეთესო ფეხბურთელობა, თუ კი შენ არ მოიკითხე პატიმრები... ასეთი კონტექსტი... რა თქმა უნდა, მე არ უნდა მეთქვა და ვნანობ, რაზეა ლაპარაკი, მაგრამ კონტექსტი, რომელიც მე დავწერე, პიროვნების მიმართ კი არა, ამ ყველაფერზე მქონდა იმის გამო, რომ როცა ასეთი სიხარულია, ვიღაც ადამიანი ამას კი არ იზიარებს, პირიქით, აკნინებს ხვიჩა კვარაცხელიას“, - ასე განმარტა მისი კომენტარის არსი ვახტანგ დიასამიძემ.
სალომე ქირიამ, შსს-ს იურისტმა, მას და მოსამართლეს მიუგო, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იცნობდა თუ არა სამართალდამრღვევი იმ პირს, ვისაც შეურაცხყოფა მიაყენა და არც იმას, რომ ვახტანგ დიასამიძე შეეცადა, არანორმატიული სიტყვის ერთი ასო ფიფქით ჩაენაცვლებინა:
„ბატონი რეზო კიკნაძე, ამ შემთხვევაში, განიხილება როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე, პიროვნება, რომელსაც სოციალურ ქსელში, საჯარო სივრცეში, საჯარო თავშეყრის ადგილას მიაყენა სხვა მოქალაქემ შეურაცხყოფა. ამის მიხედვით დაიდენტიფიცირდა და დაკვალიფიცირდა 166-ე მუხლის შემადგენლობა.
ბატონმა ვახტანგმა, როგორც ახსენა, შეეცადა, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ ყოფილიყო აღქმადი, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გამახვილდეს კონტექსტზე და კონტექსტი ნამდვილად იყო შეურაცხმყოფელი. არ ჰქონდა მნიშვნელობა, დაიფარებოდა თუ არა რაიმე ასო, რადგან საზოგადოების ნებისმიერი წევრისთვის აღქმადი იყო ის სიტყვები, რაც ბატონმა ვახტანგმა გამოიყენა და რაც მიემართებოდა ბატონ რეზოს“, - განმარტა სალომე ქირიამ, შსს-ს იურისტმა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წარმოებული საქმეების ერთ-ერთი მთავარი იურისტია.
წყევლაც ისჯება?
თუკი სამოქალაქო აქტივისტის, თამუნა გიორგაძის წინააღმდეგ წამოწყებულ საქმეს გავითვალისწინებთ, დიახ, შსს ნებისმიერი უარყოფითი კონოტაციის მქონე მიმართვას, მათ შორის, წყევლას, შეურაცხყოფად ან სხვა მსგავს ქმედებად მიიჩნევს და იწყებს საქმის წარმოებას.
სასამართლოდან თამუნა გიორგაძეს გასულ კვირაში, 17 ივნისს შეატყობინეს, რომ მის წინააღმდეგ საქმე განიხილებოდა.
სხდომა, რომელიც მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანის ხელმძღვანელობით უნდა ჩატარებულიყო 22 ივნისს, გაურკვეველი ვადით გადაიდო.
თამარ გიორგაძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ჭიშკართან შევხვდით. მან საქმის მასალები დაგვათვალიერებინა და გვითხრა, რომ შსს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფას ედავება.
საქმე ეხება 11 ივნისს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელიც არ შეიცავს არცერთ არანორმატიულ სიტყვას, თუმცა, აქვს უარყოფითი კონოტაცია.
„დღეს უნდა ყოფილიყო ჩემი სხდომაც, მაგრამ მოსამართლის ავადმყოფობის გამო სხდომა, ამ ეტაპზე, უვადოდაა გადადებული. ოქმში წერია, რომ მედავებიან ბიძინა ივანიშვილის შეურაცხყოფას. გასულ ოთხშაბათს დამირეკეს 3 საათზე სასამართლოდან, 5 საათზეა თქვენი პროცესი და მოდითო. ვუთხარი, რომ ვერ მივიდოდი. დღეს, 12 საათზე უნდა ყოფილიყო სხდომა, უკვე გზაში ვიყავი, რომ დამირეკეს, ავად არის მოსამართლეო“.
გოგა ხატიაშვილი, იურისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი გვეუბნება, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ წამოწყებული საქმეები, რომლებიც ძირითადად ორი, 173-ე, 16-ე პრიმა და 166-ე მუხლებით მიმდინარეობს, იმდენად ზოგადი და ბუნდოვანია, რომ სამართალდამცველს, პირადი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაწყვიტოს, რა მოიაზროს შეურაცხყოფად და რა არა:
„ამ მუხლებში არის მოცემული ვარიანტები - სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ანდა სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება.
ერთი მხრივ, იმდენად ფართო შინაარსი აქვს და მეორე მხრივ, იმდენად სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რომ არ ვართ დაზღვეული იმისგან, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება ამ ნორმის ქვეშ მოაქციონ.
ფაქტობრივად, ჩვენ ვრჩებით ინდივიდუალური პირების გადაწყვეტილების ამარად. ანუ, ვის ხელშიც მოხვდება ესა თუ ის კომენტარი, მან უნდა შეაფასოს, არის თუ არა ეს შეურაცხყოფა“.
გოგა ხატიაშვილის თქმით, როდესაც შსს-ს სასამართლოში მიაქვს საქმე წვრილმანი ხულიგნობის მუხლით, აუცილებელია, მან დაამტკიცოს, რომ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა კომენტარმა თუ პოსტმა ნამდვილად დაარღვია ამ მუხლის შემადგენლობისთვის აუცილებელი მოცემულობა - საზოგადოებრივი წესრიგი:
„მაგალითად, ვიღაცას დავუწერე კომენტარი, მივაყენე შეურაცხყოფა, იქნებ ეს ჩემი კომენტარი არავის უნახავს. როგორ დგინდება, რომ დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი? წვრილმანი ხულიგნობის განსასაზღვრად საჭიროა არსებობდეს შედეგი. აი, ეს უნდა დაამტკიცოს შსს-მ, რომ დადგა შედეგი“.
ამაზე საუბრისას, გოგა ხატიაშვილი გვიხსნის, როგორაა აწყობილი საკანონმდებლო კონსტრუქცია და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ქმედება კანონდარღვევად და პირიქით:
„საკანონმდებლო კონსტრუქცია აწყობილია ორი პრინციპით. პირველი - როცა ახორციელებ რაიმე ქმედებას, რომელიც მიუხედავად იმისა, დადგება თუ არა შედეგი, უკვე კანონდარღვევაა. აი, მაგალითად, მე თუ ვიღაცის პირადი ცხოვრების საიდუმლო უკანონოდ მოვიპოვე, იმას ზიანი მიადგა თუ არა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ავტომატურად ითვლება კანონდარღვევად, რადგან ეს უკვე მნიშვნელოვანი ზიანია.
მაგრამ არის ისეთი ტიპის ნორმები სამართალში, სადაც აუცილებელია დადგეს შედეგი. მაგალითად, მე თუ ვიღაცის პირადი ცხოვრების არა საიდუმლო, არამედ ამსახველი ინფორმაცია მოვიპოვე, მაგალითად, გადავიღე ფოტო, როგორ ვახშმობს რესტორანში და შემდეგ გავავრცელე, ეს ფაქტი დანაშაულად მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც შეფასდება, რომ ამ ფაქტმა ამ ადამიანისათვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, მაგალითად, ამ ინფორმაციის გავრცელების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, გახდა ძალადობის მსხვერპლი და ა.შ“.
გოგა ხატიაშვილის თქმით, პროევროპული აქციების შემდეგ, 2025-2026 წელს მიღებული კანონები, არაერთხელ გამხდარა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთო/ოდირისა და ვენეციის კომისიის კრიტიკის საგანი. ეს ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ როდესაც კანონი არ არის განჭვრეტადი და ნათლად ჩამოყალიბებული, ეს არის გადაჭარბებული ძალაუფლების მინიჭება სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით თუკი ამ კანონების აღსრულება ევალება სამართალდამცავ ორგანოებს. სწორედ ამიტომ, ისინი მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ასეთი ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადი ნორმები იქცეს პოლიტიკურ იარაღად გარკვეულ სიტუაციებში ადამიანების წინააღმდეგ.
როგორ აფასებს ახალი სამმართველოს მუშაობას ხელისუფლება სამი კვირის თავზე?
"ქართული ოცნების" ხელისუფლების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს საქმიანობამ შედეგები უკვე მოიტანა და საზოგადოება სოციალურ ქსელში, უფრო ნაკლებად იყენებს შეურაცხმყოფელ გზავნილებს.
ასე ფიქრობს შსს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე:
"ეფექტი არის ის, რომ ჩვენი თანამშრომლები ნამდვილად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო ასეთი შემთხვევები, ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შემცირდა ასეთი ქმედებები”, - თქვა მან 22 ივნისს.
"ოპტიმიზმით უყურებს" ახალი სამმართველოს მუშაობას "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც:
"დარწმუნებული ვართ, რომ ამ სამმართველოს მუშაობა გამოიღებს კონკრეტულ შედეგებს. ჩვენ დავუპირისპირდებით მომავალშიც სიძულვილს და აგრესიას, რომელსაც სრულიად ხელოვნურად გვახვევენ თავს გარედან. გამჭვირვალობის კანონის მიღების მიზანიც ეს იყო - სიძულვილის თავიდან არიდება. ჩვენ გვინდა მშვიდი ქვეყანა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე ამ ქვეყანაში, ეს არის საზოგადოების დაკვეთა და ჩვენ ვმოქმედებთ საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად“.
შსს-ში "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" პირველი ივნისიდან მუშაობს. ამ დრომდე, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, იქ სულ ათამდე ადამიანია დასაქმებული. 15 ივნისის მონაცემებით, სამმართველომ სასამართლოებში, საქართველოს მასშტაბით, 60-მდე საქმე გადააგზავნა.
ის კომენტარები, რომელთა გამოც "სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო" მოქალაქეებს სავარაუდო სამართალდამრღვევებად მიიჩნევს და მათი საქმეები სასამართლოში მიაქვს, სოციალურ ქსელებში რჩება და ყველასთვის ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუკი თავად პოსტის ან კომენტარის ავტორი არ გადაწყვეტს, რომ ის წაშალოს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს კომენტარებისა თუ პოსტების წაშლის ვალდებულებას და შესაბამისად, ვერავინ, მათ შორის ვერც მოსამართლე დაავალდებულებს დაჯარიმებულ მოქალაქეებს, წაშალონ ის კომენტარები, რომლებსაც შსს წვრილმან ხულიგნობად ან პოლიტიკოსის შეურაცხყოფად, გადაკიდებად და საზოგადოებრივი წესრიგისა და სიმშვიდის დარღვევად მიიჩნევს.
ფორუმი