Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰააგის სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი სამხედრო დამნაშავედ ცნო

ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა კოსოვოს განთავისუფლების არმიის (KLA) ყოფილი მეთაური და მოგვიანებით კოსოვოს პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი სამხედრო დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

58 წლის ტაჩი და კოსოვოს გათავისუფლების არმიის კიდევ სამი ყოფილი ლიდერი, რომლებიც 1998-1999 წლების ომში სერბულ ძალებს ებრძოდნენ, სასამართლომ სამხედრო დანაშაულთა ოთხ მუხლში ცნო დამნაშავედ: უკანონო და თვითნებურ დაკავებასა და დაპატიმრებაში, სასტიკ მოპყრობაში, წამებასა და მკვლელობაში.

მოსამართლე ჩარლზ სმიტმა განაცხადა, რომ ეს პირები, რომლებსაც კოსოვოში ფართოდ მიიჩნევენ ეროვნულ გმირებად, ჩართული იყვნენ „ერთობლივ დანაშაულებრივ განზრახვაში“, რაც ითვალისწინებდა სულ მცირე 385 ადამიანის თვითნებურ დაკავებას კოსოვოსა და ჩრდილოეთ ალბანეთში არსებულ იმ ობიექტებზე, რომლებსაც KLA აკონტროლებდა.
„დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ სინამდვილეში ეს მოძრაობა ძალიან არაფორმალური და სუსტად ორგანიზებული იყო და მასში მკაცრი იერარქია არ არსებობდა“, განუცხადა რადიო თავისუფლებას საერთაშორისო ადვოკატთა ასოციაციის (IBA) აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ელისმა.

მისი განმარტებით, ამ არგუმენტის მიხედვით, ტაჩის და სხვა ლიდერებს ვერ დაეკისრებათ პასუხისმგებლობა KLA-ს სხვა წევრების ქმედებებზე, რადგან არ არსებობდა ე.წ. „ერთობლივი დანაშაულებრივი განზრახვა“.
„მოსამართლეთა კოლეგიას მოუწევს თითოეული ბრალდებულის როლის ცალ-ცალკე შეფასება - არსებობდა თუ არა უფროსისა და ქვეშევრდომის ისეთი ურთიერთობა, რომლითაც ბრალდებულს ეფექტიანი კონტროლი ჰქონდა. ეს საკვანძო საკითხია. ასევე უნდა დადგინდეს, იცოდნენ თუ არა ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შესახებ ან ჰქონდათ თუ არა საფუძველი, სცოდნოდათ და არაფერი გააკეთეს მის აღსაკვეთად“, დასძინა ელისმა.

სასამართლოს დადგენილებით, 348 დაკავებული გახდა სასტიკი მოპყრობის, ხოლო 303 - წამების მსხვერპლი. ეს მოიცავდა ადამიანებისთვის ფრჩხილების დაძრობას, კიდურების მოტეხასა და დახვრეტის ინსცენირებას.

სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო უკანონო მკვლელობის 96 შემთხვევასა და ეპიზოდში. მსხვერპლთ „არანაირი აქტიური მონაწილეობა არ მიუღიათ საბრძოლო მოქმედებებში“.

სასტიკი დანაშაულების დეტალები

განაჩენში წარმოდგენილი იყო ჩადენილი დანაშაულების შემზარავი დეტალები.

„ლაპუშნიკში დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა გაიხსენა, რომ როდესაც KLA-ს წევრები სცემდნენ მასთან ერთად დაკავებულ ერთ პირს, ეს პირი ევედრებოდა ჯარისკაცებს: „ტყვია დამახალეთ, ასე ნუ მტანჯავთო“, რაზეც ერთ-ერთმა ჯარისკაცმა უპასუხა: „შენთვის ტყვია არ გვემეტება, სიცოცხლეს ნელ-ნელა წაგართმევთო“, უთხრა სმიტმა სასამართლო დარბაზს.

განაჩენში აღწერილია, თუ როგორ ახდენდა KLA თავისი ოპონენტების დადგენას და დაკავებას ხშირად „შეუმოწმებელი ჭორების“ საფუძველზე, რათა 1998 წლის აპრილიდან 1999 წლის აგვისტომდე პერიოდში განემტკიცებინა კონტროლი კოსოვოზე. დაკავებულებს ბრალად სდებდნენ კოლაბორაციონიზმს, ჯაშუშობასა და ღალატს.

მათ აწამებდნენ და სასტიკად ეპყრობოდნენ სკოლის შენობებში, ბოსლებსა და სარდაფებში, თქვა სმიტმა და დასძინა, რომ ზოგიერთ გადარჩენილს გაჰყვა ხანგრძლივი დეპრესია ან სიარულის უნარი დაკარგა მიყენებული დაზიანებების გამო.

მათთვის, ვინც ვერ გადარჩა, სიკვდილი არ ყოფილა ტანჯვის დასასრული, მოისმინა სასამართლომ.

„მკვლელობის მსხვერპლთაგან ბევრი ადამიანის ცხედარი იპოვეს ისეთ მდგომარეობაში, რაც მათ ღირსებას კიდევ უფრო შეურაცხყოფდა“, განაცხადა სმიტმა. მან აღწერა შემთხვევა, როდესაც ოჯახმა მსხვერპლის დაღუპვის შესახებ შეიტყო მედიის საშუალებით, სანამ გზის პირას იპოვიდნენ მის დასახიჩრებულ სხეულს.

„მკვლელობის ზოგიერთი მსხვერპლის ცხედარი საერთოდ ვერ იპოვეს, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა გადარჩენილი ნათესავების ტკივილი“, აღნიშნა სმიტმა.

მსჯავრდადებულთა საბოლოო მიზანს წარმოადგენდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კოსოვოში ხელისუფლების ხელში ჩაგდება პოლიტიკური ოპონენტების განადგურების გზით, დაასკვნა სასამართლომ.

კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ტაჩი უარყოფს სამხედრო დანაშაულებში ბრალდებებს.

ტაჩიმ, რომელიც მდუმარედ იდგა მოსამართლის მიერ განაჩენის წაკითხვისას, უარყო ყველა ბრალდება, ისევე როგორც სხვა მსჯავრდადებულებმაც. სელიმის მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, ვესელის - 18 წლით, ხოლო კრასნიჩის - 25 წლით.
ოთხივე პირმა „მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ერთობლივ დანაშაულებრივ განზრახვაში“, განაცხადა სმიტმა. ეს მოიცავდა, მისი თქმით, როგორც დანაშაულის წახალისებას, ასევე მასში უშუალო მონაწილეობას.

სასტიკი ომი

კოსოვოს გათავისუფლების არმია შეიქმნა 1990-იანი წლების შუა ხანებში, სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმისადმი კოსოვოელი ალბანელების მრავალწლიანი მშვიდობიანი წინააღმდეგობის შემდეგ.
მცირე პარტიზანული ჯგუფებიდან ის გადაიქცა ძალად, რომელიც ებრძოდა ეთნიკურ სერბებსა და იუგოსლავიის ჯარებს. ასობით ათასი ეთნიკური ალბანელი იძულებული გახდა, მიეტოვებინა საკუთარი სახლი ამ კონფლიქტის დროს, რამაც გააჩინა ბოსნია-ჰერცეგოვინაში განხორციელებული ეთნიკური წმენდის განმეორების საფრთხე. 13 000-მდე ადამიანი დაიღუპა ან დაკარგულად გამოცხადდა.

1999 წლის მარტში ნატომ დაიწყო საჰაერო დარტყმები იუგოსლავიის სამიზნეებზე, რასაც მოჰყვა იუგოსლავიისა და ეთნიკური სერბების ძალების გაყვანა. 2008 წელს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
„ეს საქმე არ ეხება კოსოვოს განთავისუფლების არმიის ლეგიტიმურობასა და მის მიზანს კოსოვოს დამოუკიდებლობის მოპოვების შესახებ. ეს საქმე არ ითვალისწინებს ერთი მხარის პასუხისმგებლობის აწონ-დაწონას მეორესთან შედარებით“, განაცხადა სმიტმა.

თუმცა პრიშტინაში განაჩენს საპროტესტო აქციებით შეხვდნენ - დემონსტრანტები მარშით მიდიოდნენ ქუჩებში და „KLA, KLA“-ს სკანდირებდნენ ოთხი მსჯავრდადებული პირის მხარდასაჭერად. სმიტის მიერ განაჩენის გამოცხადებას მრავალრიცხოვანი ხალხი ადევნებდა თვალს ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებულ დიდ ეკრანებზე.

ჰააგის პოლიციას წყლის ჭავლის გამოყენება დასჭირდა სასამართლოს გარშემო ტერიტორიის გასაწმენდად მას შემდეგ, რაც ტაჩის მხარდამჭერებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს. არეულობა სწრაფად აღკვეთეს.

ინდიანის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის პროფესორმა, ტიმოთი უოტერსმა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აღნიშნა, რომ განაჩენზე რეაქციები მკვეთრად იყოფა ეთნიკურ ნიადაგზე.

„ეს სრულად შეესაბამება იმას, რაც ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე ჩატარებული ყველა სხვა სასამართლო პროცესიდან ვიცით. ყველა ეს პროცესი ეთნიკური აღწერის პრინციპით აღიქმება - იმით, თუ როგორ რეაგირებს ხალხი ხორვატიაში, სერბეთსა თუ ბოსნიაში მიმდინარე სასამართლოებზე, მარტივად მიხვდებით, რომელ მხარეს მიეკუთვნება ის“, განაცხადა უოტერსმა.

მისი თქმით, ამის ნათელი ილუსტრაცია იყო ბელგრადში ბოსნიელ სერბთა ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ რატკო მლადიჩის დაკრძალვა, რომელიც ბოსნიაში, მათ შორის სრებრენიცის 1995 წლის ხოცვა-ჟლეტაში, სამხედრო დანაშაულებისთვის იყო მსჯავრდადებული: „ათასობით ადამიანი გამოვიდა მისთვის პატივის მისაგებად, მიუხედავად იმისა, რომ იგი 8 000-ზე მეტი ბოსნიელი მამაკაცისა და ბიჭის მკვლელობისთვის პასუხისმგებლად ცნეს. ეს გაცილებით მეტს გვეუბნება, ვიდრე ის, რაც თავად სასამართლო დარბაზში ხდება“.

კოსოვოელი ალბანელები იკრიბებიან პრიშტინაში გამართულ აქციაზე 2026 წლის 16 სექტემბერს, ჰააგაში კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტის, ჰაშიმ ტაჩისა და საველე მეთაურების სასამართლო პროცესზე სამხედრო დანაშაულის განაჩენის გამოცხადების დღეს.

16 სექტემბერს კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გლაუკ კონჯუფცამ, სწრაფად დაგმო ჰააგის ტრიბუნალის მიერ გამოტანილი განაჩენი.

„ეს არის ჭეშმარიტად სამწუხარო, უსამართლო და დაუმსახურებელი გადაწყვეტილება KLA-ს ოთხივე ლიდერისთვის“, განაცხადა კონჯუფცამ მას მერე, რაც ჰააგაში განაჩენი გამოცხადდა.

რამუშ ჰარადინაიმ, KLA-ს ყოფილმა ლიდერმა და მოგვიანებით კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, განაჩენს უწოდა „მიუღებელი, უსამართლო“ და დასძინა, რომ „KLA ეწეოდა სამართლიან განმათავისუფლებელ ომს“.
2019 წელს ჰარადინაი ასევე გამოცხადდა კოსოვოს სპეციალიზებულ პალატებში - საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც შეიქმნა 1990-იანი წლების კონფლიქტთან დაკავშირებული საქმეების განსახილველად, თუმცა მისთვის ოფიციალურად არ წაუყენებიათ ბრალი.

განაჩენის გამოცხადებამდე ორი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრად ხელახლა არჩევის შემდეგ, ალბინ კურტიმ განაცხადა: „ჩვენთვის ყველაფერი ნათელია: კოსოვოს ხალხი, ჩვენი წინააღმდეგობა და ჩვენი ომი სამართლიანი და განმათავისუფლებელი იყო ოკუპანტის წინააღმდეგ, რომელმაც ჩაიდინა სამხედრო დანაშაულები, დანაშაული კაცობრიობის წინაშე და გენოციდი“.

ტაჩის ადვოკატმა რიჩარდ-პიერ პროსპერმა განაჩენს უწოდა „მართლმსაჯულების ფარსი“ და აღნიშნა, რომ შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული. პროსპერის თქმით, დაცვის მხარე გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას.

ტაჩის ძმის, განიუს თქმით, ის სააპელაციო საჩივრის წარმატებით დაკმაყოფილებას მოელის.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ მის უდანაშაულობაში“, დასძინა მან, როგორც კოსოვოს მედია იტყობინება.

თუმცა პროსპერმა გააფრთხილა საზოგადოება, რომ სააპელაციო პროცესს შესაძლოა წლები დასჭირდეს და მოუწოდა კოსოვოს პარლამენტს, შეწყვიტოს სპეციალიზებულ პალატებთან თანამშრომლობა.

16 სექტემბრის განაჩენი აუცილებლად არ ნიშნავს სამართლებრივი პროცესის დასასრულს, ვინაიდან ეს მხოლოდ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაა და მხარეებს უფლება აქვთ ის გაასაჩივრონ.
გარდა ამისა, ჰაშიმ ტაჩის წინ ელოდება კიდევ ერთი ცალკე სასამართლო პროცესი, რომელშიც მას ბრალი ედება მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში.


XS
SM
MD
LG