საშუალო ფენა და ახალგაზრდობა

დავით პაიჭაძე საშუალო ფენა საქართველოში – რეალობაა თუ ფიქცია? თუ ასეთი ფენა ჩვენს ქვეყანაში არსებობს, როგორ უნდა განისაზღვროს ის, ვინ შეადგენს საშუალო ფენას?
შეიძლება თუ არა ახალგაზრდობის ნაწილი ასეთ ფენას მივაკუთვნოთ? ჩამოთვლილ კითხვებს დამაჯერებელი პასუხი არ მოეპოვებათ, რადგან ჩვენს საზოგადოებას ამ თვალსაზრისით პრაქტიკულად არ სწავლობენ.

საშუალო ფენის ცნებას ერთობ მიმზიდველი შინაარსი გააჩნია: წესისამებრ, მოსახლეობის დაახლოებით ორი მესამედი თავს მას აკუთვნებს. არსებობს ამგვარი თვითიდენტიფიკაციის უნივერსალური მიზეზი: ადამიანს სურს, იყოს უმრავლესობაში, მოიქცეს, როგორც ყველა – ეს უსაფრთხოა, მოხერხებულია, არ არის დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან. შეიძლება არსებობდეს სპეციფიკური, “ქართული” მიზეზებიც საკუთარი თავის საშუალო ადამიანად მოაზრებისათვის. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია ასე განსაზღვრავს საშუალო კლასისა თუ ფენის რაობას საქართველოში [ჯგერენაიას ხმა]: “საქართველოში საშუალო კლასის კონტურები არსებობს. მართალია, ეს კლასი ჯერ არ არის ფორმირებული: ადამიანები, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი ბიზნესი, მიუხედავად ამ ბიზნესის მოცულობისა, ყველაზე მეტად დაინტერესებული არიან სტაბილურობით ქვეყანაში, ანუ საკუთარი საქმიანობის უსაფრთხო წარმართვით”.

ემზარ ჯგერენაია საშუალო ფენას განაკუთვნებს წვრილ მოვაჭრეებს, თუნდაც თითო ჯიხურის, სავაჭრო დახლის ან კერძო ტაქსის მფლობელსაც კი. ცხადია, რომ საშუალო კლასის თუ ფენის ქონებით განმსაზღვრელი თამასა ამ შემთხვევაში საგრძნობლად დაბლა არის დაწეული. საზოგადოების შემსწავლელ მეცნიერებებში დამკვიდრებულია საკუთრივ საშუალო ფენის, საშუალო ფენის ზედა და ქვედა ნაწილის ცნებები. შეიძლება, ჩემი რესპონდენტის ჩამოთვლილი ხალხი სწორედ საშუალო ფენის ქვედა ნაწილს განეკუთვნება;

რამდენად ატარებს ახალგაზრდობა საშუალო კლასის იდეოლოგიას (თუ ასეთი საერთოდ არსებობს საქართველოში); ემზარ ჯგერენაიას აზრით [ჯგერენაიას ხმა]: “შეიძლება ითქვას, აფხაზეთის ომის შემდეგ, რომლის მომსწრე არის ეს თაობა, ახალგაზრდების გარკვეული, საკმაოდ დიდი ნაწილი ორიენტირებულია სტაბილურ გარემოზე, მაგრამ ამ სტაბილურ გარემოს ეძებს არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ. ამიტომ ამ ფენაში, ამ ახალგაზრდობაში მე ვერ ვხედავ ხალხს, რომელსაც შეუძლია მომავალი საშუალო კლასის იდეოლოგია ატაროს ან იყოს მომავალი საშუალო კლასის წარმომადგენელი საქართველოში”.

ჩემი თანამოსაუბრე მიიჩნევს, რომ საშუალო ფენა ძნელად ყალიბდება საქართველოში და მთავარი პრობლემა მისი ჩამოყალიბებისას ის გახლავთ, რომ ხალხი, მოქცეული ქართული საშუალო ფენის სუსტად მოხაზულ კონტურებში, [ჯგერენაიას ხმა]: “პრინციპში, გარდაქმნებით დაინტერესებული არ არის. ის ამ სტაბილურობის შენარჩუნების პირობებშიც კი ცდილობს იფუნქციონიროს და სიახლის ან რადიკალური ცვლილების მომენტი მას შინაგანად არა აქვს. რასაკვირველია, თუ ვინმე შეცვლიდა ამ გარემოს, ის შეიძლება გამოსულიყო, როგორც გარკვეული მხარდამჭერი, მაგრამ გარემოს შეცვლა და სტრუქტურული ცვლილებები მასში გამოიწვევს შიშსა და გაურკვევლობას; ამიტომაც ყოველთვის ცდილობს სტატუს-კვოს შენარჩუნებას. მე ეჭვი მაქვს, რომ საშუალო ფენის ფუნქცია, კლასიკური გაგებით, თავის თავზე აღებული აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც ძალიან დიდი ფული აქვს ქვეყანაში. ისინი ინოვაციების მომხრეები კი არ არიან, არამედ ატარებენ საშუალო კლასის იდეოლოგიას. ზუსტად რომ ვთქვათ: საშუალო კლასი, რომელიც ევროპაშია, ჩვენთან არის სწორედ ელიტარული ეკონომიკური სტრუქტურა. ელიტა თვითონ ატარებს საშუალო კლასის იდეოლოგიას. ამოტრიალებული სიტუაცია არის”.

შეიძლება არ დაეთანხმო ამ მოსაზრებებს და განაცხადო, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობს მრავალრიცხოვანი “შუაგული”, რომელიც თავს ასეთად იცნობიერებს, არავითარ საშუალო კლასს სინამდვილეში ის არ შეადგენს: წვრილ ბიზნესმენთა, ფერმერთა თუ ხელოსანთა საქმიანობა, რომელთა შორის მრავლად არიან ახალგაზრდებიც, მხარდაჭერასა და აღიარებას იმსახურებს, მაგრამ ეს მათგან საშუალო კლასს არ ქმნის; საამისოდ აუცილებელია სპეციალისტთა და მოსამსახურეთა საგრძნობი რაოდენობა, ცხოვრების შესაბამისი დონითა და ხარისხით, საკუთარი თავის რწმენით, უფლება-მოვალეობების ცოდნით და ა.შ.

ჩვენს ხელისუფლებას ხშირად თავი მოაქვს სტაბილურობით, არადა, საზოგადოებას სწორედ სტაბილურობა და, განსაკუთრებით, მომავლის რწმენა აკლია; არა იმიტომ, რომ ჩვენში საშუალო ფენა არ არის, არამედ იმიტომ, რომ არ არის სტრუქტურა, რომელიც სხვადასხვა პროფესიის, ფენისა თუ შეძლების ადამიანებს ერთ მთელად შეკრავდა, ხოლო ე.წ. შუაგულის სტაბილურ ინერტულობას დინამიკურ მდგრადობად გადააქცევდა. საშუალო ადამიანი, რომელიც ცდილობს, გადარჩეს და დარჩეს საშუალოდ, იმ სტაბილურობის ფაქტორია, დაგდებულ ქვას ან დამდგარ ჭაობს რომ ახასიათებს. საზოგადოებაში ასეთი სტაბილურობა არც საკმარისია და არც საიმედო: თუ ადამიანებს უბრალოდ სურთ, რომ გადარჩნენ, ისინი მზად იქნებიან, შეეგუონ ნებისმიერ რეჟიმსა და მის ნებისმიერ ცვლილებას.