ჯორჯ ბუში ასრულებს ლათინურ ამერიკაში მოგზაურობას

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნების ლიდერებმა კვირას ელ სალვადორში გამართულ შეხვედრაზე თანხმობას მიაღწიეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების აუცილებლობის თაობაზე.


როგორც ეროვნული უშიშროების საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა, კონდოლიზა რაისმა განაცხადა, ცენტრალური ამერიკის ქვეყნების პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში შეერთებული შტატების მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება რეგიონის პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ”მათი თქმით, ეს მათ დაეხმარება არა მარტო ჩვენთან სავაჭრო ურთიერთობებში, არამედ ისინი ამ ხელშეკრულებას ერთმანეთს შორის სავაჭრო ბარიერების მოშლის გზად მიიჩნევენო”, აღნიშნა რაისმა.

სავაჭრო გეგმების განხორციელებასთან ერთად ბუშის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ ეს ლათინურ ამერიკაში 80-იან წლებში დაწყებული ლიბერალური რეფორმების პროცესის დაჩქარებას შეუწყობს ხელს. ამ რეფორმებს ჯერჯერობით ერთობ არაერთგვაროვანი შედეგები ჰქონდა სიღატაკის დაძლევისა და დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.

”ვაჭრობა სამუშაო ადგილებს ნიშნავს. ვაჭრობა იმას ნიშნავს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც მუშაობა სურთ, დიდი შანსი აქვთ იშოვონ სამუშაოო”, განაცხადა პრეზიდენტმა ბუშმა. მისი სიტყვებით, ვაჭრობა ეკონომიკური აღმასვლის საუკეთესო გარანტია არის.

აღთქმული მხარდაჭერის მიუხედავად ჯორჯ ბუშმა თავის ცენტრალურ ამერიკელ პარტნიორებს განუცხადა, რომ იგი ვერ შეუმცირებს სუბსიდიებს ამერიკის სოფლის მეურნეობას და ვერ შეასუსტებს ტარიფების ბარიერებს, რაც გავლენას ახდენს ცენტრალური ამერიკის საქონლის ექსპორტზე შეერთებულ შტატებში.

მაგრამ, როგორც ელ სალვადორის პრეზიდენტმა, ფრანსისკო ფლორესმა თქვა, ამ სავაჭრო ბარიერების მიუხედავად შეერთებული შტატების გეგმა უნიკალურ შანსს წარმოადგენს რეგიონის ქვეყნებისთვის.

ბუშმა უკუაგდო ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის მხრიდან ბრალდებას, რომ მისი ამ უკანასკნელი მოგზაურობის მთავარი მიზანი მომავალი არჩევნებისთვის ესპანურენოვანი ამერიკელების ხმების მონადირება იყო.

”ლათინურ ამერიკაში პრეზიდენტის მოგზაურობა ნაწილია გააზრებული სტრატეგიისა ამერიკაში ლათინურენოვანი ამომრჩევლების გულის მოსაგებადო”, თქვა კალიფორნიის შტატის სათათბიროს ყოფილმა თავმჯდომარემ, ანტონიო ვილარაიგოსამ.

მექსიკაში, პერუსა და ელ სალვადორში ბუში გულთბილად მიიღეს მთავრობებმა, მაგრამ მოსახლეობა მას პროტესტებით შეხვდა.