ევროსაბჭოს ექსპერტები მაღალ შეფასებას აძლევენ კანონპროექტს “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ”

სოზარ სუბელიანი, თბილისი ჯერ კიდევ 1999 წელს წინა მოწვევის პარლამენტმა პირველი წაკითხვით მიიღო კანონი “სიტყვისა და პრესის თავისუფლების შესახებ”.
პროექტმა ევროსაბჭოს ექსპერტების მაღალი შეფასება დაიმსახურა, თუმცა საქართველოს პარლამენტი ამ პროექტის მიღებასა და მისთვის კანონის ძალის მინიჭებას არ ჩქარობს. მეტიც, ამასობაში იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტში აქტიურად მუშავდება სრულიად საწინააღმდეგო სულისკვეთების მქონე კანონები, რომლებიც, სიტყვის თავისუფლების დაცვის ნაცვლად, პრიორიტეტს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და თანამდებობის პირთა დაცვას ანიჭებენ.

თუკი ის კანონპროექტები, რომლებიც ამჟამად იუსტიციის სამინისტროსა და პარლამენტში მუშავდება, სხვადასხვა სახის შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის ერთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პირველი წაკითხვით მიღებული პროექტი სრულიად სხვა ღირებულებებზეა ორიენტირებული. პროექტი გამორიცხავს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ცილისწამებისთვის, ხოლო სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მაღალ ევროპულ სტანდარტებს ამკვიდრებს. კერძოდ, თუ საქმე შეეხება ცილისწამებას საჯარო პირის მიმართ, ამ უკანასკნელმა სასამართლოში უნდა დაამტკიცოს, რომ განცხადებაში მის წინააღმდეგ მოხმობილი ფაქტები, არსებითად, მცდარია და მოპასუხემ მას, მოსარჩელეს, ბოროტი განზრახვით დასწამა ცილი და ზარალი მიაყენა .

პირველი მოსმენის შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ერთ-ერთი ცვლილება ითვალისწინებს საინფორმაციო მომსახურებაზე საგადასახადო შეღავათების დაწესებას, რაც საინფორმაციო საშუალებათა ეკონომიკურ მდგომარეობას მკვეთრად გააუმჯობესებს.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნანა ავალიანი ამბობს, პარლამენტის წინადადებით, სამინისტრომ ევროსაბჭოს სთხოვა, შეეფასებინა პროექტი. ევროსაბჭომ, თავის მხრივ, დახმარება არ დაიზარა.

ნანა ავალიანის თქმით, ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც მკვეთრად პოზიტიურია, ევროსაბჭოს ოფიციალური პოზიციის გამოხატულებადაც შეიძლება მივიღოთ. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატის მედიის განყოფილების წარმომადგენელს, მარიო ეითმაიერს, მიაჩნია, რომ პროექტი კარგად იცავს იმ სტანდარტებს, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და ევროსასამართლოს პრაქტიკა ამკვიდრებს: [მარიო ეითმაიერის ხმა] “ჩანს, რომ ამ კანონპროექტის ავტორებს დიდი ძალისხმევა აქვთ გაწეული იმისათვის, რომ მასში აისახოს ევროპული კონვენციისა და ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მრავალჯერ აღუნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლება დამოკიდებულია არა მხოლოდ კარგ კანონზე, არამედ ამ კანონების კარგ აღსრულებასა და დამკვიდრებულ პრაქტიკაზეც.”

ექსპერტების აზრით, თუკი საქართველო დააპირებს მიღოს რაიმე სხვა კანონი, რომელიც სიტყვის თავისუფლებასთან იქნება დაკავშირებული, ევროსაბჭოს ექსპერტიზა ამ ახალმა პროექტებმაც უნდა გაიაროს: [მარიო ეითმაიერის ხმა] “ამ დილას ჩვენ მოვისმინეთ ინფორმაცია, რომ არსებობს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებული სხვა კანონპროექტებიც. მიმაჩნია, რომ ყველა მათგანი ევროპის ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა იქნეს განხილული.”

ექსპერტების აზრით, განსახილველი კანონპროექტი კარგად იცავს ბალანსს, ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლებასა, მეორე მხრივ კი, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვას შორის და, ამ მხრივაც, იგი ევროსაბჭოს სტანდარტების დონეზე დგას.