რით დასრულდება მოქალაქეთა კავშირთან დაკავშირებული ახალი სკანდალი?

თამარ ჩიქოვანი, თბილისი დიდი შანსია, რომ 2 ივნისს დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნები
ბოლო ათი წლის განმავლობაში გამართული ყველა დონის არჩევნების მთავარი მონაწილის, მოქალაქეთა კავშირის, გარეშე ჩატარდეს. 3 მაისის საღამოს გაირკვა, რომ თბილისის საოლქო სასამართლომ ყოფილ მმართველ პარტიას რეგისტრაცია შეუჩერა.
მოქალაქეთა კავშირის რეგისტრაციის კანონიერების გასარკვევად
საოლქო სასამართლოს 4-მა კერძო პირმა მიმართა, რის საფუძველზეც საოლქო სასამართლომ ამ პარტიის რეგისტრაცია შეაჩერა. საბოლოო გადაწყვეტილებას რეგისტრაციაში გავლის კანონერების შესახებ საოლქო სასამართლო 27 მაისს დანიშნულ პროცესზე მიიღებს. ეს კი ნიშნავს, რომ რეგისტრაციაგაუვლელი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნებში მონაწილეობას, უბრალოდ, ვერ მიიღებს.
მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორული ფრთა, რომელმაც პარტიის ბოლო ყრილობაზე პარტიის განახლებისა და ოპოზიციურ ძალად ჩამოყალიბების აუცილებლობას დაუჭირა მხარი, დარწმუნებით აცხადებს, რომ საარჩევნო მარათონიდან პარტიის ასეთი ხერხით ჩამოშორება ხელისუფლების – კონკრეტულად, პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის - ინტრიგების შედეგია და ეს ფაქტი უდავოდ გახდება საერთაშორისო სკანდალის მიზეზი. მოქალაქეთა კავშირის რეფორმატორული ფრთა 7 მაისს უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, თუმცა, რეალურად, რეგისტრაციის შეჩერების გადაწყვეტილების გაუქმებისთვის ძალზე ცოტა დროა დარჩენილი. 8 მაისს სრულდება არჩევნებში მონაწილე პარტიების მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატურების წარდგენის ვადა.
ამ ინფორმაციის შემდეგ კიდევ უფრო ოპტიმისტურად ჟღერს სხვა პარტიების პროგნოზები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. ქართველი ლეობორისტების ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მას არჩევნებში კონკურენტი არ ეყოლება, თუმცა ამ დღეებში სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევის სააგენტოს “ნეა ინტერმედიას” გამოკითხვის შედეგები სხვაზე მეტყველებს. 400 რესპოდენტის გამოკითხვის შედეგად, გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი აქვს მოძრაობას “ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს.” მას გამოკითხულთა 10, 5 პროცენტი უჭერს მხარს. გამოკითხვის შედეგებით, 4 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი აქვს კიდევ სამ პარტიას – ნაციონალურ მოძრაობას, ახალ მემარჯვენეებს და ლეიბორისტებს. რეგისტრაციაშეჩერებულ მოქალაქეთა კავშირს მხარს უჭერს გამოკითხულთა 3,3 პროცენტი. ალბათ, ამ პარტიის წარმომადგენლებს ის მაინც დაუამებთ გულს, რომ აქამდე მათ მუდმივ საარჩევნო კონკურენტს, აღორძინებას, უარესი შედეგი აქვს – 2,3 პროცენტი.