პირველი ქართული ფილმის იუბილე

70 წლის წინ მაყურებელმა პირველად გაიგო ქართული სიტყვა ეკრანზე.
კინოთეატრში ქართული ფილმის სანახავად მისულ პუბლიკას პირველად მიეცა საშუალება არა მარტო ენახა კინოსურათი, არამედ მოესმინა კიდეც, თუ როგორ მეტყველებდნენ მსახიობები. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე” პირველი ქართული ხმოვანი ფილმის -“შაქირის” იუბილეს ეძღვნება.

ამ ფილმზე საუბარს ქართველი კინემატოგრაფისტები ყოველთვის ერიდებოდნენ. ლეო ესაკიას “შაქირი”, რომელიც ეკრანებზე ზუსტად 70 წლის წინ გამოვიდა, უსაშველოდ სუსტი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ქართველებს პირველი ქართული ხმოვანი ფილმით ეამაყათ. კინოში ხმის შემოსვლის ისტორიას თუ გავიხსენებთ, არსებითად, ანალოგიურ სიტუაციაში აღმოჩნდა სხვა ქვეყნების კინოხელოვნებაც. პირველ ხმოვან ფილმებს შედევრებად არ მიიჩნევენ არც ამერიკელები, არც ფრანგები და არც რუსები. მაგრამ “შაქირი” მაინც განსაკუთრებული მოვლენაა. ქართული კინოს ისტორიკოსების აზრით, ლეო ესაკიას ფილმი არა მარტო ეპოქის კინემატოგრაფიული კლიშეებითაა სავსე, არამედ ტექნიკურადაც უმწეოა. მითუმეტეს, იმ პერიოდში გადაღებული ქართული მუნჯი ფილმების, თუნდაც “ჩემი ბებიასა” და “ჯიმ შვანთეს,” ფონზე. კინომცოდნე გოგი დოლიძე ძალიან კატეგორიულია, როცა “შაქირზე” საუბრობს [გოგი დოლიძის ხმა]: “არავითარი ღირსებები... გარდა იმისა, რომ ეს არის პირველი ხმოვანი ფილმი (ლენინგრადში გაახმოვანეს)... ჯერ გადაიღეს მუნჯი ვარიანტი, მერე ხმოვანი.”

ეროვნული კინოს ისტორიას მრავალი წარუმატებლობა ახსოვს, მაგრამ ძალზე ცოტაა ფილმი, რომელიც ერთი დეტალით მაინც არ იქნებოდა დასამახსოვრებელი. როგორც წესი, ქართულ კინოში სუსტ რეჟისურასა და გაუმართავ სცენარს მსახიობები ნიღბავდნენ ხოლმე, განსაკუთრებით 20-იან და 30-იან წლებში, როცა ქართული თეატრი აღმავლობას განიცდიდა, თეატრიდან კინოში მოხვედრილი მსახიობები კი ცდილობდნენ სიყალბისგან დაეხსნათ ფილმი. “შაქირს” ამ მხრივაც არ გაუმართლდა. ცნობილი მსახიობებიდან ფილმში მხოლოდ კოხტა ყარალაშვილი თამაშობს. თუმცა მასაც ხელ-ფეხი აქვს შეკრული და სრულიად უსუსურად გამოიყურება ეკრანზე. გაუმართავ დრამატურგიას აქ კიდევ ერთი დეტალი ემატება – ხმა, რომელიც, ჯერ ერთი, ხელოვნურადაა “შეჭრილი” ფილმში და, მეორეც, დრამატურგიის სიყალბეს კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩენს. არადა, ფილმის სცენარის ავტორი იმხანად ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა, მომავალში საბჭოთა კინოდრამატურგიის კლასიკოსად აღიარებული, გიორგი მდივანია – ავტორი “საბუდარელი ჭაბუკის” სცენარისა, მწერალი, რომელმაც 1970 წელს, ჩეზარე ძავატინისთან ერთად, სცენარი დაწერა ვიტორიო დე სიკას ფილმისთვის “მზესუმზირები”. ქართული კინოს ისტორიკოსი, კინომცოდნე გოგი დოლიძე აღნიშნავს [გოგი დოლიძის ხმა]: “ეს იყო ყბედი ფილმები... ცდილობდნენ, რაც შეიძლება, გაეკვირვებინათ მაყურებელი.”

პირველი ხმოვანი ფილმების ავტორები პუბლიკას მხოლოდ ხმით აკვირვებდნენ. კინემატოგრაფი ისევ “ატრაქციონად” იქცა, ანუ ხმოვანი ფილმის ეფექტი ლიუმიერების კინოსეანსის მსგავსი იყო. “გახმოვანებული ეკრანის” სანახავად კინოში მოსული პუბლიკა ყურადღებას არც ფილმის სიუჟეტს აქცევდა, არც იმას, თუ როგორ თამაშობდნენ მსახიობები და იმასაც კი არა, თუ “რაზე ყბედობდნენ”. იმხანად, როცა “შაქირის” პრემიერა შედგა, ქართველი მაყურებელიც, ძირითადად, მხოლოდ გახმოვანების ეფექტებით დაინტერესდა და, საეჭვოა, აღელვებულიყო ფილმის სიუჟეტით, ამბით ჩრილოკავკასიური სოფლის ღარიბ-ღატაკებზე, რომლებმაც კოლმეურნეობა “როტე-ფანე” ააშენეს და გაუმკლავდნენ კულაკებს. კინომცოდნე გოგი დოლიძე მიიჩნევს [გოგი დოლიძის ხმა]: “ეს არის ტიპიური ფილმი, რაც მაშინ იქმნებოდა, მოდელი, რომელიც იქმნებოდა მოსკოვში... 30-იანი წლების პირველ ნახევარში შემოვიდა ჯაშუშის თემა, მოსკოვის გავლენით, რა თქმა უნდა. გარეგნული ხატი სიმპათიური უნდა ყოფილიყო და ბოლოს უნდა აღმოჩენილიყო საზიზღარი.”

სხვათა შორის, “შაქირის” გახმოვანება სწორედ მოსკოვსა და ლენინგრადში მოხერხდა, ეგრეთ წოდებული, ტაგერისა და შორინის სისტემებით, რომელიც სულაც არ იყო დახვეწილი. სურათის ავტორებმა ვერაფრით მიაღწიეს გამოსახულებისა და ხმის სინქრონულობას. განსაკუთრებით აშკარა იყო პირველი საბჭოთა ხმოვანი ფილმების საერთო ნაკლი – უხმო კინოს მიჩვეული მსახიობები ცდილობდნენ გამძაფრებული მიმიკითა და ჟესტით შეექმნათ ხასიათები და, როცა თამაშის ასეთ მანერას ხმა დაემატა, ისინი საკმაოდ კომიკურად გამოიყურებოდნენ კამერის წინ. მითუმეტეს, რომ ფილმის ესთეტიკა, განსაკუთრებით კი, მონტაჟი, მუნჯი კინოს პრინციპების მიხედვით შეიქმნა – ყოველი კადრი საკმაოდ მოკლე იყო იმისთვის, რომ მსახიობს მოესწრო ტექსტის ბოლომდე წარმოთქმა. არაბუნებრივი ხმა, არაბუნებრივი მიმიკა და ჟესტი, არაბუნებრივი მონტაჟი – ყველაფერი ეს ამძაფრებდა ისედაც მოგონილი სიუჟეტის აბსურდულობას.

და აქ, “შაქირის” ეკრანებზე გამოსვლიდან 70 წლის შემდეგ, ლოგიკური იქნება დაიბადოს კითხვა, რატომ მაიცდამაინც “შაქირი”, რატომ ენდო ქართული საბჭოთა ხელისუფლება მაინცდამაინც ლეო ესაკიას და რატომ მისცა სწორედ მას პირველი ქართული ხმოვანი ფილმის გადაღების უფლება? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წინა სურათები “ჰოლტზე” და “ამერიკანკა” იმხანად ხელისუფლებამაც მოიწონა და კრიტიკამაც? და თუ ასეა, რატომ გაახმოვანეს პირველად ფილმი, რომლის მოქმედება საქართველოში არ ხდება, რატომ ასრულებენ აქ მთავარ როლებს დღესდღეობით სრულიად უცნობი მსახიობები - ვინმე ამირჯანი და ვინმე მიჩურინი?. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ისევ ეპოქა უნდა გავიხსენოთ, სწორედ ის ეპოქა, რომელიც, გოგი დოლიძის აზრით, კარგად იკითხება "შაქირში" [გოგი დოლიძის ხმა]: “ეპოქის ნიშნები... განწყობა, მანერები, ურთიერთობა –ცხადი ხდება, თუ რა ეპოქაში ვიყავით – ალბათ, მხოლოდ და მხოლოდ ეს აზრი აქვს ახლა ამ ფილმს.”

1932 წელს ქართულ, ისევე როგორც მთელ საბჭოთა, ხელოვნებაში გარდატეხის ეპოქა იწყება. სწორედ 1932 წელს გამოცხადდა სოცრეალიზმი საბჭოთა ხელოვნების “შემოქმედებით მეთოდად”, სწორედ 1932 წელს გაუქმდა ხელისუფლებისგან მეტნაკლებად დამოუკიდებელი შემოქმედებითი ორგანიზაციები, სწორედ ამ წელს გამოცხადდა შესრულებულად პირველი ხუთწლედის გეგმა და მოსახლეობამ “შეიტყო”, რომ “კულაკობა, როგორც კლასი, განადგურებულია”. მაგრამ განადგურებული მტერი აუცილებლად უნდა ჩანაცვლებულიყო “ახალი მტრით”, რომელიც, მოგეხსენებათ, ჟანგბადივით სჭირდება ნებისმიერ ტოტალიტარულ ქვეყანას თავისი არსებობის შესანარჩუნებლად. იმხანად არსებობდა მავნებლის, ტროცკისტის, იმპერიალისტის სახე, მაგრამ ხელისუფლებისთვის აუცილებელი გახდა არსებობა რაღაც აბსტრაქტული “მტრისაც”, რომელსაც ნიღაბს შეუცვლიდნენ, ახალ სახელს დაარქმევდნენ იმისდა მიხედვით, თუ როგორ წარიმართებოდა ისტორია. ამ თვალსაზრისით, ძალზე საყურადღებოა სტალინის სტატია “თავბრუდახვევა წარმატებებისგან”, რომელიც პრესაში ზუსტად მაშინ გამოქვეყნდა, როცა გიორგი მდივანი “შაქირის” სცენარზე იწყებდა მუშაობას. სტალინს არ მოსწონს, რომ კულაკობასთან ბრძოლა დასრულებულად გამოცხადდა და აღნიშნავს: “ვისაც სურს უხელმძღვანელოს მოძრაობას და შეინარჩუნოს კავშირი მილიონიან მასებთან, მან უნდა აწარმოოს ბრძოლა ორ ფრონტზე – ჩამორჩენილთა წინააღმდეგაც და ნაადრევად წინგაქცეულთა წინააღმდეგაც”.

ამ თვალსაზრისით, სტალინს ახალი ტექნიკაც დაეხმარა – კინოში მოსული “მისი უდიდებულესობა ხმა”... ხელისუფლება თუ არა, კინემატოგრაფისტები ხომ კარგად ხედავდნენ, რომ პირველ საბჭოთა ხმოვან ფილმებში მტრის სახე, აშკარად, გროტესკულია, არაბუნებრივი, მაგრამ იმასაც ხედავდნენ, თუ როგორი ენთუზიაზმით დადიოდა პუბლიკა ამ სურათების სანახავად. პუბლიკა ერთობოდა, ხმოვანი ფილმების სანახავად კინოში ბავშვები დაჰყავდა. არადა, პირველი საბჭოთა ხმოვანი ფილმების ავტორები მას მოგონილ, დამაჯერობლობას სრულიად მოკლებულ ისტორიებს სთავაზობდნენ, ახალ მითებს, რომლის ჩამოყალიბების პროცესი სწორედ ამ დროს იწყებოდა. ეს პუბლიკა უკვე შეჩვეული იყო მუნჯ კინოს, ანუ “მუნჯ სიზმრებს”, მაგრამ “ხმოვანი სიზმარი” ჯერ არ ენახა... სწორედ ასეთ “გახმოვანებულ სიზმარს” ჰგავდა “შაქირი”. სიზმარი კი, მოგეხსენებათ, სულაც არ არის აუცილებელი, რომ დამაჯერებელი იყოს. და თუ 1932 წელს, “შაქირის” ნახვის შემდეგ, მაყურებელს შეიძლებოდა ადვილად დაევიწყა ეს “გახმოვანებული სიზმარი”, სულ რამდენიმე ხანში, როცა ქვეყანაში რეპრესიების ეპოქა დაიწყება, სიზმარი ახდება – მტრის აბსტრაქტული სახე ისევ მიიღებს ფორმას, ისევ დაერქმევა სახელი. 1937 წელს გადაღებულ ფილმებში ხმის ტექნიკაც დაიხვეწება და მსახიობები სიტყვებს - “გავანადგუროთ”, “მტერი” უფრო ბუნებრივად, უფრო მკაფიოდ წარმოთქვამენ.