დღევანდელი ომების მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ

გადაცემაში ციკლიდან "ქალი და მსოფლიო" გაგაცნობთ საანგარიშო მოხსენებას
სახელწოდებით "მსოფლიოში დედათა მდგომარეობის შესახებ". მასში თავმოყრილია განვლილი წლის მონაცემები, რომლებიც ასახავს დედებისა და ბავშვების მდგომარეობას სხვადასხვა ქვეყანაში და რომელთა საფუძველზე მოხსენების ავტორებს მეტად შემაშფოთებელი დასკვნა გამოაქვთ: დღევანდელი ომების მსხვერპლთა დაახლოებით 90 პროცენტს სამოქალაქო პირები, მათ უმეტესობას კი ქალები და მცირეწლოვანები შეადგენენ.

შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ჰუმანიტარული ორგანიზაცია "გადაარჩინეთ ბავშვები" მესამე წელია, აქვეყნებს საანგარიშო მოხსენებებს "მსოფლიოში დედათა მდგომარეობის" შესახებ და ამჯერად 105 სახელმწიფოში შექმნილ ვითარებას მიმოიხილავს. ასეთი მიმოხილვა კი მართლაც აუცილებელი ჩანს, თუნდაც პრობლემის გასაცნობიერებლად: როგორც ირკვევა, განვლილი საუკუნის მანძილზე ომის მსხვერპლთა შორის სამოქალაქო პირთა პროცენტული მაჩვენებელი თითქმის გაოცმაგებულია.

რა არის ამ ტენდენციის მიზეზი? ჩვენმა თანამშრომელმა, ეუჯენ ტომიუკმა ასეთი შეკითხვით მიმართა გაეროს განათლებისა და განვითარების პროგრამის უმაღლესი რანგის მრჩეველს ბერილ ლევინგერს, რომელიც ბოლო საანგარიშო მოხსენებისათვის ჩატარებულ კვლევას ხელმძღვანელობდა. ლევინგერის პასუხი ასეთი იყო: [ლევინგერის ხმა] "2002 წლისთვის კონფლიქტების მსხვერპლთა დაახლოებით 90 პროცენტს ქალები და ბავშვები შეადგენენ. მიზეზია ომებისა და კონფლიქტების თავისებურებები, იქნება ეს ტერორიზმი თუ სისტემატური გენოციდი. დაახლოებით ერთი საუკუნის წინ, პირველი მსოფლიო ომის დროს, მსხვერპლთა შორის ქალებისა და ბავშვების რიცხვი დაახლოებით 5 პროცენტს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის დროს (დაბომბვების გამო) 65 პროცენტამდე გაიზარდა. ახლა კი ომების კი არა, კონფლიქტების პერიოდია და, როგორც ირკვევა, 10 მსხვერპლიდან 9 - ქალები და ბავშვები არიან. ეს საზარელი ცვლილებაა!"

საანგარიშო მოხსენებაში კიდევ არაერთი, მართლაც საზარელი მაჩვენებელია მოყვანილი: მაგალითად, ვკითხულობთ, რომ გასული ათი წლის მანძილზე შეიარაღებული კონფლიქტების დროს დაიღუპა 2 მილიონამდე ბავშვი, ხოლო 12 მილიონი - დაობლდა; რომ ქალები და ბავშვები მსოფლიოში აღრიცხული 35 მილიონი ლტოლვილის 80 პროცენტს შეადგენენ; რომ კონფლიქტით მოცულ ტერიტორიებზე ქალები და ბავშვები ხშირად დაუცველი არიან როგორც შიმშილისა თუ დაავადებების, ისე მონური შრომისა და სქესობრივი ექსპლუატაციის წინაშე.

გაუპატიურებამ, განაგრძობენ ანგარიშის ავტორები, ომის იარაღის სახე მიიღო. რად ღირს თუნდაც ბოსნიის მაგალითი: ადგილობრივი თუ გაეროს უწყებების ინფორმაციით, იქ, ომის მხოლოდ პირველი წლის მანძილზე, ანუ 1992-ში, 20 ათასამდე გოგონა და ქალი გააუპატიურეს. არადა, ბოსნიის ომმა 3 წელი გასტანა და, ამდენად, გაუპატიურებულთა საერთო რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. ლევინგერის თქმით, [ლევინგერის ხმა]
"მაგალითად, ბოსნიაში კონფლიქტის დროს 50 ათასი ქალი იქნა გაუპატიურებული. ეს მათთვის, რასაკვირველია, დიდი ტრავმა იყო; ზოგს გაუპატიურების შედეგად შვილი შეეძინა. ასე რომ, პრობლემა თაობებს გადაეცემა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ საშინელი ფენომენის მთელი მასშტაბი მომდევნო 25 წლის მანძილზე გამოჩნდება."

საანგარიშო მოხსენება მოიცავს ე.წ. "დედათა ინდექსს", რომლის შესადგენად 6 მაჩვენებელია გამოყენებული. ესენია:
-
დედათა სიკვდილიანობის რისკი,
-
თანამედროვე კონტრაცეპტივების ხმარება,
-
კვალიფიციური პერსონალის თანდასწრებით მშობიარობათა რიცხვი,
-
ორსულთა შორის ანემიის გავრცელება,
-
ზრდასრულ ქალთა შორის წერა-კითხვის გავრცელება და
-
მმართველ ორგანოებში ქალთა მონაწილეობა.


ამ მაჩვენებლების მიხედვით შედგენილ სიაში ბოლო ადგილი უკავია და, მაშასადამე, ქალთათვის ყველაზე ცუდი პირობების შემქმნელ ქვეყნად ითვლება ნიგერია. სიის ბოლოში არიან, აგრეთვე, კონფლიქტებით მოცული სახელმწიფოები გვინეა ბისაუ, იემენი, ეთიოპია, გვინეა და ნეპალი. ხოლო საუკეთესო მაჩვენებლები აქვს და, შესაბამისად, პირველ ადგილზეა შვეიცარია, რომელსაც კანადა, ნორვეგია, დანია და შვეცია მოჰყვებიან. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან დანარჩენებზე უკეთესი მაჩვენებლები აღმოაჩნდათ რუსეთსა და მოლდოვას, რომლებიც მე-20 ადგილს იყოფენ. ამ სიაში საქართველო არ არის შეყვანილი, მაგრამ ე.წ. "ბავშვთა ინდექსში" მას 31-ე ადგილი ერგო, რაც მრავალ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე უკეთესი მაჩვენებელია. მაგალითად, სომხეთს 46-ე, ხოლო აზერბაიჯანს 94-ე ადგილი უკავია.

"ბავშვთა ინდექსი", რომელშიც ბოლო ადგილზე ავღანეთი აღმოჩნდა, ოთხი მაჩვენებლის მიხედვით არის შედგენილი. ეს მაჩვენებლებია:
-
ახალშობილთა სიკვდილიანობა,
-
კვების ხარისხი,
-
დაწყებით სკოლაში სიარული და
-
სასმელი წყლის გავრცელება.

როგორც ორგანიზაციის "გადაარჩინეთ ბავშვები" საანგარიშო მოხსენებაში ვკითხულობთ, ავღანეთში 6-დან 1 ბავშვი 1 წლის ასაკის მიღწევამდე კვდება, 90 პროცენტს სუფთა სასმელი წყალი არა აქვს, ხოლო 70 პროცენტზე მეტი სკოლაში არ დადის. მთლიანობაში, დაასკვნიან ანგარიშის ავტორები, მსოფლიოში ბავშვების 25 პროცენტს, ანუ 540 მილიონ ბავშვს, სახიფათო, არასტაბილურ გარემოში ცხოვრება უწევს.

ამიტომ ორგანიზაცია "გადაარჩინეთ ბავშვები" მსოფლიოს ყველა გავლენიან მთავრობასა თუ ორგანიზაციას მოუწოდებს, "ნებისმიერ ომსა და კონფლიქტზე გამოხმაურებისას" ყურადღება დაუთმონ პირველ რიგში ქალებსა და ბავშვებს.

როგორც ბერილ ლევინგერმა ჩვენს თანამშრომელთან ეუჯენ ტომიუკთან საუბარში აღნიშნა, ახალი ყაიდის ომებისა და მათი შედეგებისაგან მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ჰუმანიტარული დახმარება საკმარისი არ არის: საერთაშორისო თანამეგობრობას გრძელვადიან ამოცანებთან შეჭიდება ჰმართებს. ლევინგერის განმარტებით, [ლევინგერის ხმა] "ქალებსა და ბავშვების სჭირდებათ ოთხი რამ: ეს არის განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკური საყრდენი და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა."

საანგარიშო მოხსენებაში ქებით არის მოხსენიებული შეერთებული შტატების მთავრობის ბოლო ინიციატივა სახელწოდებით "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი", რომლიდანაც უნდა დაფინანსდეს განვითარებადი ქვეყნების დახმარება იქ ეკონომიკური მდგომარეობისა და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად. მომდევნო 3 წლის მანძილზე ვაშინგტონი ამ ფონდში 5 მილიარდ დოლარს გადარიცხავს. დღეს მას უკვე მოუწოდებენ ამ ყაიდის გრძელვადიანი დახმარების პროგრამებით პირველ რიგში ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას.

სხვათა შორის, ეს მოწოდება ეფუძნება არა მარტო ჰუმანიტარულ, არამედ პრაგმატულ მოსაზრებებსაც: ექსპერტები ირწმუნებიან, რომ დედებისა და ბავშვების დაცვის შედეგად ყალიბდება მშვიდობისდამცველთა თაობა, ვინაიდან ექსპერტებისათვის გამოცდილებით არის ცნობილი, რომ შერიგების პროცესში დედებს გამორჩეული როლის შესრულება შეუძლიათ.

დაბოლოს, დაინტერესებულთა საყურადღებოდ: ორგანიზაციის "გადაარჩინეთ ბავშვები" წლევანდელი საანგარიშო მოხსენების "მსოფლიოში დედათა მდგომარეობის შესახებ" საინტერნეტო მისამართია: www.savethechildrenus.org