საქართველოში ცხოვრება გაძვირდა

ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საარსებო მინინუმი გაიზარდა, ანუ ცხოვრება კიდევ უფრო გაძვირდა. 2002 წლის პირველ ნახევარში, გასაშუალებული ფასების მიხედვით,
საარსებო მინიმუმმა შრომისუნარიანი ასაკის მქონე მამაკაცისათვის 125,4 ლარი შეადგინა, ეს იმ პირობებში, როდესაც მინიმალური ხელფასი, დაახლოებით, 20 ლარის ტოლია.

საქართველოში ამ უკანასკნელი წლის განმავლობაში ცხოვრება, შედარებით უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაძვირდა. ზრდის მაჩვენებელი, დაახლოებით, ინფლაციის ტემპის იდენტურია. შრომისუნარიანი მამაკაცისათვის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკოსების გათვლით, 125 ლარს შეადგენს. იგივე მაჩვენებელი საშუალო მომხმარებლისათვის 110 ლარი, ხოლო საშუალო ოჯახისათვის 218 ლარია.

საარსებო მინიმუმი გამოითვლება ადამიანისათვის აუცილებელი საკვების, მომსახურების და აუცილებელი საქონლის საშუალო ფასებიდან და გასაშუალებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სამომხმარებლო ფასების მიხედვით.

ზაფხულის პერიოდში, როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე ადგილი აქვს ფასების, შედარებით, კლებას და დეფლაციას, საარსებო მინიმუმიც უმნიშვნელო ცვლილებას განიცდის. მაგალითად, ივნისში მოქმედი ნორმებით გაანგარიშებული საარსებო მინიმუმის მაჩვენებელი, წინა თვესთან შედარებით, 2,1 პროცენტით შემცირდა, თუმცა გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5,2 პროცენტით გაიზარდა, ანუ ცხოვრება შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, იმავე პროცენტითაა გაძვირებული.

დედაქალაქი, ტრადიციულად, შედარებითი სიძვირით გამოირჩევა და, შესაბამისად, თბილისში საარსებო მინიმუმი, საშუალო ეროვნულ მაჩვენებელთან შედარებით, 2,2 პროცენტით მეტია.

ნორმატიულმა მინიმალურმა ხელფასმა, ანუ ისეთმა ხელფასმა, რომელიც, ბოლო პერიოდში არსებული სტრუქტურით, ყველა სხვა შემოსავალთან ერთად, საარსებო მინიმუმის დონეზე უზრუნველყოფდა ოთხსულიანი ოჯახის ბიუჯეტის არადეფიციტურობას, ერთი დასაქმებულისათვის ივნისში 49,9 ლარი შეადგინა. საინტერესოა, რომ მინიმალური ხელფასი – 20 ლარი, ნორმატიული მინიმალური ხელფასის მხოლოდ 40 პროცენტს შეადგენს.

ოფიციალური გაანგარიშებით, ერთსულიან ოჯახს ასეთი ხელფასი უზრუნველყოფს 45 პროცენტით, ორსულიანს - 28, სამსულიანს - 25, ოთხსულიანს კი - მხოლოდ 22 პროცენტით. ანუ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ელემენტარულად, ვერ უნდა სულდგმულობდეს. ყოველ შემთხვევაში, მინიმალური ხელფასით ადამინის ორგანიზმი იმ ინგრედიენტების ნახევარსაც ვერ მიიღებს, რაც მისი სიცოცხლისათვის აუცილებელია. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ადგილი აქვს ფარულ დასაქმებას და აღურიცხავ შემოსავლებს, რომლითაც საქართველოს მოსახლეობა როგორღაც ახერხებს არსებობას.