რა აკავშირებს კოდორის შარშანდელ მოვლენებს პანკისის ხეობის დაბომბვასთან?

ყველა ომი, შეიარაღებული კონფლიქტი თუ სამხედრო ინცინდენტი წარმოუდგენელია სხვადასხვა სახის გასაიდუმლოებული ისტორიების გარეშე. მაგრამ ისინი ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ იწყებენ ამოსვლას,
როდესაც მოვლენის ემპირიული შეფასება კარგავს თავის აქტუალობას. ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ პანკისის ხეობის დაბომბვის შემთხვევაში. ბუნებრივია, საქართველოს ხელისუფლება, პოლიტიკური სპექტრი და მასმედია ამჯერადაც მთლიანად მომხდარის კომენტირებითა და მოვლენათა განვითარების პროგნოზირებით არიან დაკავებულნი, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ახლო წარსულის გახსენება და გარკვეული პარალელის გავლება თუნდაც კოდორის შარშანდელ მოვლენებთან. მით უფრო, რომ ამ ორ ინცინდენტს ბევრი რამ აქვთ საერთო.

გასულ წელს სიტუაციის გამწვავება კოდორის ხეობაში სწორედ აგვისტოს ბოლოს დაიწყო. 22 აგვისტოს მარუხის უღელტეხილზე, კერძოდ, მჟავე წყლებთან, რუსული ავიაციამ, დიდი რაოდენობით ქვეითსაწინააღმდეგო თვითმართვადი ნაღმები ჩამოყარა. 24 აგვისტოს კი ნაღმზე დაზვერვაზე წასული ქართველი სამხედროები – კაპიტანი დავით დავლაშერიძე და უფროსი ლეიტენანტი მურთაზ ოსეფაშვილი აფეთქდნენ.

შემდგომ კი ვითარება კოდორის ხეობაში კიდევ უფრო დრამატულად განვითარდა. ერთი თვის თავზე ხეობაში გამოჩნდა ცნობილი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის ოთხასკაციანი რაზმი, რომლემაც კურსი სწორედ მჟავე წყლების მიმართულებით აიღო. ძნელი სათქმელია, თუ ვის მიერ იქნა შემუშავებული გელაევის რაზმის პანკისიდან გადაადგილების სცენარი, ან რა მიზანს ისახავდა იმ საველე მეთაურის რეანიმირების იდეა, რომელიც შამილ ბასაევის მსგავსად 1992-93 წლებში აქტიურად იბრძოდა აფხაზეთში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

ერთი ვერსიით, გელაევს სწორედ ქართველების წინაშე ჩადენილი ამ დანაშაულის გამოსყიდვა სურდა და იმიტომ შეიჭრა აფხაზეთის ტერიტორიაზე. მით უფრო, რომ ჩეჩნების დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა ყოფილი მოკავშირეების მიმართ მას შემდეგ, რაც აფხაზებმა რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს ნეიტალური პოზიცია დაიკავეს. მეორე ვერსიით, რუსლან გელაევის რაზმი, ყაბარდო-ბალყარეთის გავლით, ჩეჩნეთში უნდა გადასულიყო, მაგრამ რუსული აგენტურის მუშაობით, ოპერაცია ჩავარდა და ისინი აფხაზეთის ტერიტორიაზე ალყაში აღმოჩნდნენ.

მოგვიანებით, ადგილობრივი სვანების დახმარებით მჟავე წყლებთან ამოსული გელაევის რაზმის წევრები გამთენიისას რუსეთის ავიაციამ დაბომბა, რის შედეგადაც 6 ჩეჩენი მებრძოლი ადგილზე დაიღუპა. იმ ამბების უშუალო მონაწილეთა თქმით, რომლებიც, ალბათ, კიდევ დიდხანს არ მოისურვებენ საკუთარი ვინაობის გამჟღავნებას, მოვლენათა ასეთი განვითარების უკან რუსლან გელაევმა საქართველოს ხელისუფლების ღალატი ამოიკითხა. დღეს საინფორმაციო საშუალებებს ხშირად მოჰყავთ პრეზიდენტ შევარდნაძის სატელევიზიო გამონათქვამი რუსლან გელაევის განათლებულობის შესახებ, როგორც რუსეთის გაღიაზიანების კლასიკური მაგალითი. მაგრამ არავინ იცის, რა უკეთესი იყო მაშინ: რუსეთის გაღიზაინება, თუ შურისძიების გრძნობით შეპყრობილი იმ ასობით ჩეჩენი მებრძოლის გულის მოლბობა, რომლებიც მზად იყვენენ საქართველოს ხელისუფლებისთვის მეორე ჩეჩნეთი მოეწყოთ.

დღესაც, როგორც ერთი წლის წინ, რუსლან გელაევის რაზმის ნარჩენები რუსეთის საზღვრისკენ მიიწევენ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ არაფერს იმჩნევს, მებრძოლებს კი კვალდაკვალ მიჰყვება რუსული გამანადგურებლები და არავინ უწყის, თუ რით დამთავრდება ეს უთანასწორო ორთაბრძოლა.