ნიშნავს თუ არა ჟორდანიას გამარჯვება ქართული ფეხბურთის გამარჯვებას

ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი მერაბ ჟორდანიამ არჩევნები მოიგო და კიდევ 4 წლით შეინარჩუნა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი. ასე გადაწყვიტა გასულ შაბათს გამართულმა საანგარიშო-საარჩევნო ყრილობამ, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. ყრილობა კი შედგა, მაგრამ, როგორც ჩანს, ხმაური ამით არ დასრულებულა და ყრილობის კანონიერების თაობაზე კამათი კიდევ გაგრძელდება.

რუსეთის მორიგი სამხედრო აგრესია რომ არა, გასული კვირის მთავარ ქართულ თემად, რა თქმა უნდა, ფეხბურთი დარჩებოდა. ამ დღეებში ხომ რამდენიმე ფრიად მნიშვნელოვანი საფეხბურთო ამბავი მოხდა: თბილისში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისი, ტრაპიზონში ამხანაგურად ითამაშეს საქართველოსა და თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა და ბოლოს, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში” გაიმართა ფეხბურთის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა.
ამ ამბებს, ბუნებრივია, ფართოდ გამოეხმაურა ჩვენი მასმედია. ქართული ფეხბურთის სახლად წოდებული ოთხსართულიანი ოფისის პრეზენტაციას საქართველოს პრეზიდენტი და მრავალი სხვა ჩინოსანი დაესწრო. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ უეფას პრეზიდენტი ლენარტ იუჰანსონი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი სენეშ ერზუკი და უეფას განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე ერიხ ეპლე. ფეხბურთის ფედერაციის ოფისი უეფას სახსრებით აშენდა და როგორც იუჰანსონმა აღნიშნა, ქართულ ფეხბურთს დახმარება არც შემდგომში მოაკლდება. “განსაკუთრებული ყურადღებით ვადევნებ თვალს თქვენი ფესბურთის განვითარებას, – განაცხადა უეფას პრეზიდენტმა, – მეტ-ნაკლებად ვიცნობ ქართული ფეხბურთის წარსულს, არაერთი გამოჩენილი ფეხბურთელი გყოლიათ და, იმედია, ახალი ევროპული გამარჯვების მოპოვებაც არ უნდა გაგიჭირდეთ”. იუჰანსონის ეს ოპტიმიზმი საქართველოს პრეზიდენტმაც გაიზიარა: “მე და ჩემი ხალხი ვამაყობთ ქართველ ფეხბურთელთა ადრინდელი წარმატებებით, – თქვა მან, – შევეცდებით, ავაღორძინოთ ეს მდიდარი ტრადიციები და ამაში ახალაგებული ფეხბურთის სასახლეც დაგვეხმარება”. შევარდნაძე უფრო შორს წავიდა და საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონობა უწინასწარმეტყველა, მერე მსოფლიოს საფეხბურთო ფორუმიც გაიხსენა და ბრძანა, რომ ის დროც მოვა, როცა ქართველები მსოფლიო სარბიელზეც ვიტყვით ქართულ სიტყვასო. ოპტიმიზმიც ასეთი უნდა, ოღონდ ეგ არის, ამგვარ საზეიმო შეხვედრებზე ნათქვამი გულისამაჩუყებელი “ქართული სიტყვისა” თითქმის აღარავის სჯერა, მეტადრე იმ ხალხს, ვინც ქართველ და თურქ ფეხბურთელთა ტრაპიზონული მატჩის ტელერეპორტაჟი იხილა. ამ მატჩის შედეგი და, რაც მთავარია, ჩვენებურთა თამაშის ხარისხი ოპტიმიზმის არანაირ საფუძველს არ იძლევა. მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატის პროზიორებმა სტუმართა კარში სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და როგორც პოპულარული თურქული გაზეთი “ჰურიეთი” წერდა, ქართველებს ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარეს. აი, კიდევ რამდენიმე ამონარიდი თურქული პრესიდან: “საქართველომ ჩვენს გმირებს მატჩის დაწყებიდან ათ წუთში უსიტყვო კაპიტულაცია გამოუცხადა”. “ქართველებს ფეხბურთი დავიწყებიათ. რას ველოდით და რა ვნახეთ?!” “გიუნეშის გუნდმა მეზობელი საქართველო გაანადგურა”. სხვათა შორის, ნაკლები არც ქართულ პრესაში თქმულა და ამის საილუსტრაციოდ აი, ეს საგაზეთო სათაურებიც გამოდგება: “თბილისში ქართული ფეხბურთის სახლი გაიხსნა, ტრაპიზონში ქართულმა ფეხბურთმა სირცხვილი ჭამა”. “რა ითამაშა საქართველოს ნაკრებმა, არარაობა ფეხბურთის ნაცვლად”. გაზეთ “სარბიელის” აზრით, “ტრაპიზონში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რას წარმოადგენს საქართველოს რჩეულ ფეხბურთელთა გუნდი – უსუსური, უამბიციო და უცოდინარი”. ქართველთა თამაშით გაკვირვებული დარჩენილა თვით რუსეთის ნაკრების მსტოვარი ალექსანდრ გრებნევი, რომელიც ვალერი გაზაევმა საგანგებოდ მიავლინა თურქეთში. გრებნევის კომენტარი ასეთია: “არ მეგონა, საქართველოს ასეთი სუსტი ნაკრები თუ ჰყავდა. გაცილებით მეტს ველოდი”. როგორც მოგეხსენებათ, რუსეთისა და საქართველოს ფეხბურთელები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში ერთ ჯგუფში არიან და ორიოდ კვირაში თბილისში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. უფრო ადრე, 8 სექტემბერს კი ჩვენი გუნდი შვეიცარიელებს სტუმრად ეთამაშება. საკონტროლო მატჩების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ევროპული ჩემპიონატის ფინალურ ეტპზე გასვლის პერსპექტივა ერთობ საეჭვო ჩანს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კვლავარჩეულმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ ფედერაციის ყრილობის დელეგატებსა და სტუმრებს განუცხადა, რომ ეროვნული ნაკრები ფედერაციის უმთავრესი საზრუნავი იქნება და გუნდი ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვდება. თუმცა ჟორდანიას არაფერი უთქვამს ამ შესარჩევ ციკლში მოსალოდნელი შედეგებისა და იმის თაობაზე, კონკრეტულად რას უნდა ველოდოთ ქართული ფეხბურთისგან უახლოეს ოთხ წელიწადში, მიუხედავად ამისა, ყრილობის დელეგატთა უმეტესობამ მაინც ძველ პრეზიდენტს დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში სულ 57 დელეგატი მონაწილეობდა და 38 მათგანი ჟორდანიას მომხრე აღმოჩნდა. რაკი გამარჯვებული პირველივე ტურში გამოვლინდა, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატის – დავით პეტრიაშვილისათვის საერთოდ არ უყრიათ კენჭი. რაც შეეხება მესამე კანდიდატს, ვაჟა ჩაიძეს, მან ყრილობას უკანონო უწოდა და პროტესტის ნიშნად დარბაზში არც გამოჩენილა. სხვათა შორის, ყრილობის კანონიერების თაობაზე არაერთმა დელეგატმა ისაუბრა, დავით პეტრიაშვილმა კი დიდუბე-ჩუღურეთის სასამართლოს დადგენილებაც გაიხსენა. საასმართლომ, როგორც ცნობილია, გააუქმა ფედერაციის აღმასკომის თებერვლის გადაწყვეტილება ყრილობის ჩატარების წესისა და დელეგატთა ხმების განაწილების თაობაზე. ამას კიდევ რამდენიმე სასამართლო მოჰყვა, მაგრამ ჟორდანიამ მაინც თავისი გაიტანა და სავარძელი კიდევ 4 წლით შეინარჩუნა. დრო გამოაჩენს, ნიშნავს თუ არა მერაბ ჟორდანიას გამარჯვება ქართული ფეხბურთის გამარჯვებას. მაგალითად, ამაში ეჭვი ეპარება საქართველოს იუსიტიციის სამინისტროს სააღმსრულებლო დეპარტამენტის უფროსს გიგლა აგულაშვილს, რომელიც სპეცრაზმის თანხლებით გამოცხადდა “შერატონ მეტეხი პალასში” და რაკი ყრილობაზე გამოსვლის საშუალება არ მიეცა, სათქმელი ჟურნალისტებს განუცხადა: “ჩვენ აქ სამოქალქო სასამართლოს დადგნილების აღსასრულებლად მოვედით. – თქვა მან, – ყრილობის ორგანიზატორებმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაიზიარეს და ყრილობა კანონის დარღვევით ჩაატარეს. ამჯერად ძალის გამოყენებას მოვერიდეთ, მაგრამ საქმეს აუცილებლად გადავცემთ საგამოძიებო ორგანოებს”.