„ეუთოს“ საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობათა პრობლემები

რუსეთის სახელმწიფო მოხელეები საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე მოქმედ „ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის“ დამკვირვებელთა მისიას ლამის
ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებდნენ. ოფიციალური მოსკოვი გაღიზიანებას ვერ ფარავდა იმის გამო, რომ „ეუთოს“ დამკვირვებელთა ჯგუფს ერთხელაც არ დაუფიქსირებია ჩეჩენი ბოევიკების საქართველოდან რუსეთში გადასვლის შემთხვევა და მხოლოდ რუსეთიდან საქართველოს დაბომბვის ფაქტებს ამჩნევდა. ახლა მოსკოვს თავისი ბრალდებების მამტკიცებელი ფაქტები გამოუჩნდა.

25 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ალექსანდრ იაკოვენკომ ჟურნალისტებს აუწყა, რომ „ეუთომ“ აღიარა საქართველოს ტერიტორიაზე „ამოუცნობი შეიარაღებული პირების“ ყოფნის ფაქტი. მისი სიტყვებით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე „ეუთოს“ მონიტორინგის ოპერაციის შესახებ 23 სექტემბერს გავრცელებულ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 20 სექტემბერს „ეუთოს“ სნოს ბაზის ორი პატრული დააკავა 12 კაცისგან შემდგარმა „ამოუცნობმა შეიარაღებულმა ჯგუფმა“. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დამკვირვებლები გაათავისუფლეს. უკან მობრუნებულ მონიტორებს გზად შეუმჩნევიათ რუსეთ-საქართველოს ინგუშეთის მონაკვეთის სამხრეთით რამდენიმე სპეციალური თავშესაფარი. მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ სპეციალური გადაწყვეტილების მიღებამდე სნოს რაიონში მონიტორების პატრულირება შეჩერებულია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ეს „ეუთოს“ მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე „ამოუცნობი შეიარაღებული პირების“ ყოფნის ფაქტის პირველი დადასტურებაა. აქამდე, რამდენიმე თვის მანძილზე, დამკვირვებლები ვერაფერს ამჩნევდნენო, - დასძინა იაკოვენკომ.

რუსეთის საგარეო უწყებისავე ცნობით ჩეჩნებმა „ეუთოს“ დამკვირვებლები 48 საათის მანძილზე დუმილის პირობით გაუშვეს და მისიის წარმომადგენლებმა, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, ბოევიკების მოთხოვნა შეასრულეს. რუსეთში ამით ხსნიან იმ ფაქტსაც, რომ „ეუთოს“ მოხსენება მხოლოდ 3 დღის შემდეგ გავრცელდა.

ეს პრობლემა 26 სექტემბერს რუსეთის ელჩმა ეუთოს მუდმივ საბჭოზეც დააყენა, რომელზეც საქართველოს საკითხი განიხილებოდა. რუსეთის ბრალდებას „ეუთოს“ დამკვირვებლებისა და „ამოუცნობი შეიარაღებული პირების“ შეთანხმების შესახებ საქართველოს ელჩმა გიგა ბურდულმა ასეთი პასუხი გასცა.

[ბურდულის ხმა] „საქართველოს სამართალდამცველებმა დაადგინეს, პრაქტიკულად, ამ ჯგუფის წარმომავლობა. უკვე დაკავებულია 4 კაცი ამ ჯგუფიდან და გრძელდება ეს ოპერაცია და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ის წარმატებით დასრულდება. და ეს არის დამადასტურებელი იმისა, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვართ განწყობილი და ჩვენ მიერ წარმოებული ანტიკრიმინალური-ანტიტერორისტული ოპერაცია უკვე გარკვეულ შედეგებს იძლევა.“

გიგა ბურდულის თქმით, სწორედ ეს ფაქტი არის ერთ-ერთი არგუმენტი ქართული მხარის ინიციატივის დასასაბუთებლად, როდესაც იგი პანკისის ხეობაში „ეუთოს“ დამკვირვებელთა მისიის მოწყობას ითხოვს.

„ეუთოს“ მუდმივ საბჭოზე საქართველოს ელჩის გიგა ბურდულის მიერ გაკეთებული განცხადება, 11 სექტემბრიდან დღემდე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს ეხებოდა.

[ბურდულის ხმა] „აღვნიშნეთ ისიც, რომ სრულიად უსაფუძვლო არის რუსეთის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ძირითადი ტერორისტული საფრთხე საქართველოს ტერიტორიიდან მომდინარეობს. ძირითადი წყარო ტერორიზმისა ჯერ კიდევ მაინც ჩეჩნეთის ტერიტორიაზეა, რასაც რუსეთი სათანადოდ ვერ უვლის და ეს არის მცდელობა იმისა, რომ ყურადღება გადატანილ იქნეს - როგორც რუსეთის საზოგადოებრიობის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებრიობისა - საქართველოს პრობლემატიკაზე.“

საქართველოს განცხადებამ „ეუთოს“ მუდმივ საბჭოზე წევრი სახელმწიფოების დელეგაციათა მხარდაჭერა ჰპოვა, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, რომლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კატეგორიული წინააღმდეგია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ოპერაციისა.

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომამ ნათლად აჩვენა, რომ რუსეთის მცდელობა, გაეროსა და ევროსაბჭოს შემდეგ ეუთოში მაინც შეეჩერებინა საქართველოს დიპლომატიური წარმატებები, უშედეგოდ დამთავრდა.