საქართველოში ქუჩის მოვაჭრენი მხოლოდ ლუკმაპურის ფულს შოულობენ

ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქალაქის ადმინისტრაციის განცხადებების მიუხედავად, ქუჩის ვაჭრობის აკრძალვა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში მაინც ვერ ხერხდება. ხელისუფლებას, რომელსაც თავისი მოსახლეობის უდიდესი
ნაწილის სამუშაოთი და სასიცოცხლო მინიმუმით უზრუნველყოფა არ შეუძლია, ელემენტარულად, ალბათ, მორალური უფლებაც არ გააჩნია სოციალურად დაუცველ ფენებს ლუკმაპურის ფულის შოვნის საშუალება მოუსპოს.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ყოველდღიურად ათიათასობით ადამიანი რის ვაი-ვაგლახით ახერხებს წვრილი ვაჭრობით ლუკმაპურის შოვნას. წვრილი მოვაჭრეებისათვის უამრავი ადგილი არსებობს თბილისშიც, სადაც საქონელი პირდაპირ ქუჩაშია გაშლილი. თბილისში ამგვარი ქუჩის ვაჭრობის ძირითად ”დისლოკაციის ადგილად” ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორია, მეტროს სადგურები და საკოლმეურნეო ბაზრები ითვლება.

ქუჩაში მოვაჭრეს მაღაზიაში ან ბაზრობებზე დახლის დასაქირავებლად თანხა არ ჰყოფნის და იძულებულია ასე პარტიზანულად გაშალოს საქონელი ქუჩაში. ამისათვის კი სულ ელემენტარული ინვენტარია საჭირო.

ქუჩის ვაჭრობა თბილისში ოფიციალურად აკრძალულია. წესით, ნორმალურ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის სოციალური დაცვის მინიმალური გარანტიები მაინც არსებობს, ამგვარი ვაჭრობა ანომალიას წარმოადგენს და არც არავის უჩნდება სურვილი წვიმასა და ქარში ან პაპანაქება სიცხეში ქუჩაში დადგეს და თითო- ოროლა კლიენტის ლოდინში გაატაროს დღე. ქუჩის ვაჭრობა არ არის ნორმალური არც ესთეტიკური და არც სანიტარული თვალსაზრისით. თბილისში ხშირად შეხვდებით ქუჩაში მოვაჭრეებს, რომელთა სავაჭრო ასორტიმენში კვების პროდუქტები ან მედიკამენტებია. ბუნებრივია, ქუჩა არ გახლავთ ის ადგილი, სადაც შესაძლებელია დაცულ იქნეს ამ პროდუქტების ან პრეპარატების შენახვის წესები, მაგრამ რამდენადაც ასეთი ვაჭრობა და მოვაჭრეები არსებობენ, შესაბამისად, მათ მყიდველიც ჰყავთ და მოთხოვნაც არსებობს.

ქუჩის ვაჭრობით, როგორც წესი, ყველაზე გაჭირვებული ფენები არიან დაკავებულნი. მათ შორის, უმეტესობა აფხაზეთიდან ლტოლვილია. ქუჩის მოვაჭრეთა ყოველდღიური შემოსავალი, ადგილის მიხედვით, სხვადასხვაგვარია, თუმცა, უკეთეს შემთხვევაში, დღეში 10 ლარს არ აღემატება. მოვაჭრეები საქონელს ან საბითუმო მაღაზიიდან, ან ბაზრობებიდან ეზიდებიან და 10-15 პროცენტიანი წანამატით ყიდიან. თბილისში მეტროს სადგურ ”დელისთან” არსებული ქუჩის ბაზრობის გამყიდველი ლტოლვილი ქალბატონი გვიამბობს, რომ ხშირად მათ მოგება არც რჩებათ, რადგან ქუჩის მოვაჭრეებს შემწუხებელი მრავლად ჰყავთ. ხშირია ქურდობის შემთხვევები, ყოფილა ყალბი ფულის შეჩეჩების შემთხვევაც, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე მოვაჭრეებს პოლიციელებისაგან ელოდებათ. იმის გამო, რომ ამგვარი ვაჭრობა არალეგალურია, პოლიციელები დღეში რამდენჯერმე სახელდახელო რეიდებს აწყობენ. ისინი მოვაჭრეებისაგან არაოფიციალურ ბაჟს აგროვებენ, ან, სულაც, შლიან. არაოფიციალური გადასახადის რაოდენობა, ადგილის მიხედვით, 1-დან 5 ლარამდე მერყეობს.

მიუხედავად ამ პრობლემებისა, ქუჩის ვაჭრობით ათასობით ადამიანი ირჩენს თავს და, სანამ ქვეყანაში სოციალურად დაუცველი ფენებისათვის ელემენტარული პირობები არ შეიქმნება, ამგვარი ანომალია კარგა ხანს დარჩება თავის გატანის საშუალებად.