როგორ მიმდინარეობს ბასილ მკალავიშვილის სასამართლო პროცესი

სოზარ სუბელიანი, თბილისი 18 ნოემბერს გამართული ბასილ მკალავიშვილისა და პეტრე ივანიძის სასამართლო პროცესი ამჯერად ორ კვირაზე მეტი ხნით გადაიდო და მხოლოდ 6 დეკემბერს გაგრძელდება.
ასეთი ხანგრძლივი შესვენების მიზეზად საქმიდან იეჰოვას მოწმეების ადვოკატების - მამუკა ჭაბაშვილისა და მანუჩარ ციმინტიას აცილება იქცა. მოსამართლე შალვა კვარაცხელიამ იეჰოვას მოწმეებს დრო მისცა ახალი ადვოკატების ასაყვანად, მანამდე კი ბასილ მკალავიშვილსა და პეტრე ივანიძეს კიდევ რამდენიმე დაზარალებული შეურიგდა.

პროცესზე ბასილ მკალავიშვილსა და პეტრე ივანიძეს 6 ადვოკატი ემსახურება, თუმცა, მათ გარდა, ბრალდებულების პოზიციას კიდევ ორი გავლენიანი მხარდამჭერი ჰყავს, სახელმწიფო ბრალმდებლისა და მოსამართლის სახით. მოსამართლე შალვა კვარაცხელიას ერთხელაც არ უცდია, აღეკვეთა დაზარალებულებისა თუ ჟურნალისტების მიმართ ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების მუქარა და შეურაცხყოფა, რაც უკვე საეჭვოს ხდის პროცესის ობიექტურობას. მაგალითად, 25 და 28 ოქტომბრის პროცესზე ბასილ მკალავიშვილის ადვოკატი ქართლოს ღარიბაშვილი ემუქრებოდა იეჰოვას მოწმეებსა და მათ ადვოკატებს, რასაც მოსამართლის საკმაოდ რბილი კომენტარი ახლდა: [ქართლოს ღარიბაშვილის და შალვა კვარაცხელიას ხმა]
-
[ქართლოს ღარიბაშვილი] "და თუ იეღოველების ცემა მოგვინდება, რად გვინდა ან პეტრეს დახმარება, ან მამა ბასილის, ან ვინმესი, მარტო ვცემ სუყველას ერთად. მით უმეტეს, რომ ხელს არ შემოგიბრუნებენ და არაფერი და თუ შემომიბრუნებენ, აგერ, ზურაბ ტოგონიძე (ერთ-ერთი ადვოკატი - ს.ს.) მომეშველება მაგაში. თუ საცემები არიან, მეც შევუერთდები და მეცა ვცემ ამათ და არანაკლები წარმატებით, ვიდრე იცემნენ აქამდე."
-
[შალვა კვარაცხელია] "გასაგებია, გასაგებია."
-
[ქართლოს ღარიბაშვილი მამუკა ჭაბაშვილს] "შენა ხარ პატარა ბიჭი, რომელიც სუყველას თვალებში უყურებდი, იქ რომ მოდიოდი. ზრდილობიანი კი არა, უზრდელი ყოფილხარ, საერთოდ. მეორე - შენი ცემა თუ გვინდა, საკუთარ სადარბაზოში გცემთ, რა აურზაურსა ტეხავ აქა."
[სტილი დაცულია]

ადვოკატი ღარიბაშვილი საკუთარ სტილს არც 18 ნოემბრის პროცესზე ღალატობდა:
[ქართლოს ღარიბაშვილის, მამუკა ჭაბაშვილის და შალვა კვარაცხელიას ხმა]
-
[ქართლოს ღარიბაშვილი] "მამუკა ჭაბაშვილი სახალხო დამცველის ოფისში როგორც იეჰოვას მოწმეების ადვოკატი კი არ გამოდიოდა, არამედ გამოდიოდა როგორც ერთ-ერთი პროვოკატორთაგანი, რომელთაც დაგეგმეს მამა ბასილისა და ამ ჯგუფის განადგურება, ეს იყო…"
-
[მამუკა ჭაბაშვილი] "მოსამართლეს ვთხოვ, შენიშვნა მისცეს ბატონ ქართლოსს, რათა მან შეარჩიოს სიტყვები."
-
[შალვა კვარაცხელია] "კი ბატონო, შეწყვიტეთ…"
-
[ქართლოს ღარიბაშვილი] "მე არ ვამბობ იმას, რომ მამუკა ჭაბაშვილი იყო პროვოკატორი, თუმცა ყველამ იცის, რომ ის პროვოკატორია."
[სტილი დაცულია]

მეტიც, 15 და 18 ნოემბერს გამართულ პროცესებზე ქართლოს ღარიბაშვილი ერთ-ერთი დაზარალებული მხარის - სააგენტო "ინტერმედიას" - დამფუძნებლებს, მალხაზ რამიშვილსა და ზურაბ მირგატიას, მოსპობით, განადგურებითა და საქართველოდან გასახლებითაც ემუქრებოდა, თან საჯაროდ აცხადებდა, თუკი რომელიმე მათგანს ქუჩაში მოვკრავ თვალს, ავტომანქანით გადავუვლიო. მალხაზ რამიშვილის თქმით, ბრალდებულები და მათი ადვოკატები ცდილობენ, დააშინონ დაზარალებულები, რათა ისინი შერიგებაზე დათანხმდნენ: [მალხაზ რამიშვილის ხმა] "ახლა, კონკრეტულად, ჩემს წინაამდეგ იყო მუქარა, მერე, ალბათ, ყველას წინააღმდეგ, ინდივიდუალურად, შეიძლება ესეთივე რაღაცა მოხდეს. ასეთი მუქარები, სხვათა შორის, ბიზნეს-რეპუტაციას ძალიან ვნებს: როცა საქმიან ხალხში ტრიალებ, გაქვს რაღაც ვალდებულებები, ვიღაცეებს აქვთ შენს მიმართ ვალდებულებები და უცებ ამბობენ, რომ გავასახლებთ და მსგავსი სისულელეები, ეს ადამიანს მუშაობაში ხელს უშლის, რაც მათ კარგად იციან და ამიტომაც იქცევიან ასე." [სტილი დაცულია]

დაზარალებული მხარეებიდან რამდენიმეს - გაზეთ "რეზონანსის", რადიო "რეზონანსის" და "რადიო 105-ის" - წარმომადგენლებმა ბასილ მკალავიშვილთან შერიგება არჩიეს. ქართლოს ღარიბაშვილის თქმით, ამ შერიგებით ბასილ მკალავიშვილმა მიზანს მიაღწია, რადგან მხარეებს შორის დაიდო სიტყვიერი შეთანხმება, რომ ხსენებულ საინფორმაციო საშუალებებში ბასილ მკლავიშვილის საწინააღმდეგო მასალა აღარ გავა.

ამავე საინფორმაციო საშუალებების ყოფილი გამომცემელი მალხაზ რამიშვილი, რომელიც ამჯერად პროცესზე, ზურაბ მირგატიასთან ერთად, სააგენტო "ინტერმედიას" წარმოადგენდა, შერიგების წინააღმდეგი იყო, რადგან, მისი თქმით, ბრალდებულები საკუთარი მოქმედების გამო არავითარ სინანულს არ ამჟღავნებენ: [მალხაზ რამიშვილის ხმა] "ეგრე შერიგება უზნეობასთან, ძალადობასთან და პრესაზე ზეწოლასთან შერიგებას უდრის. ეს იგივეა, სილა რომ გაგაწნან და მერე გითხრან, შევრიგდეთო და პირდაპირ შეურიგდე. ამიტომ დავაყენე ეს პირობა, რომ გამოთქვან სინანული, მოინანიონ, ბოდიში მოიხადონ და დადონ პირობა, რომ მეტს აღარ გააკეთებენ ეგეთ რაღაცას." [სტილი დაცულია]

მიუხედავად ამისა, გამოძიების მიერ დაშვებული შეგნებული თუ შეუგნებელი შეცდომის გამო რამიშვილი და მირგატია იძულებულნი გახდნენ, შერიგებაზე წასულიყვნენ. როგორც აღმოჩნდა, გამოძიების თანახმად, "ინტერმედია" დაზარალებულად ითვლება, მაშინ, როცა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული მხოლოდ ფიზიკური პირი შეიძლება იყოს და არა იურიდიული პირი. იურიდიული პირი შეიძლება იყოს მხოლოდ სამოქალაქო მოსარჩლე, მაგრამ "ინტერმედიას" ძალიან გაუჭირდება იმის დამტკიცება, რომ ბასილ მკალავიშვილის თავდასხმის დროს მას რაიმე მატერიალური ან მორალური ზიანი მიადგა - ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათი აქცია გაზეთ "რეზონანსის" წინააღმდეგ იყო მიმართული და მათ საერთოდ არ იცოდნენ, თუ იმავე შენობაში "ინტერმედიასაც" ჰქონდა ოფისი. მალხაზ რამიშვილის თქმით, იგი მაინც აპირებს, პროკურატურას მიმართოს თხოვნით, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე მის წინააღმდეგ მიმართული მუქარის გამო, ხოლო ზურაბ მირგატიამ, ორგანიზაციის სახელით, შერიგებაზე თანხმობა გამოაცხადა, რასაც ქართლოს ღარიბაშვილის ბოდიშებიც მოჰყვა: [ზურაბ მირგატიას, შალვა კვარაცხელიას და ქართლოს ღარიბაშვილის ხმა]
-
[ზურაბ მირგატია] "ჩვენ მოვითხოვთ, რომ შერიგება ჰგავდეს შერიგებას და არა დაჩაგვრას. თუ დაჩაგვრაზე მიდგება საქმე, არავის დავეჩაგვრინებით და, თუ მუქარაზე მიდგება საქმე, არავის ჯიპის ქვეშ თავს არ მოვაყოლებთ."
-
[შალვა კვარაცხელია] "მესმის, მესმის, ბუნებრივია…"
-
[ზურაბ მირგატია] "უბრალოდ, მინდა დაფიქსირდეს მოპირდაპირე მხარის სიტყვაში, რომ ნორმალური სახე ექნება ამას, არ იქნება მუქარები, არ იქნება იარლიყის მოწებება და არ იქნება რაღაცა ჩვენს მიმართ."
-
[ქართლოს ღარიბაშვილი] "ჩემი მხრიდან - არა მამა ბასილის სახელით, არამედ როგორც ადვოკატმა ქართლოს ღარიბაშვილმა - ბოდიში მინდა მოვიხადო იმ მომენტებისათვის, რაშიც მე აგრესიულობა გამოვიჩინე. მე გამეხარდა ერთი მომენტი, რომ ბატონი მალხაზი და ბატონი ზურაბი, ისევე, როგორც წინა პროცესზე აქ მოსულები, არ დადგნენ საქართველოში იეღოველების გვერდით. აი, მაგაზე მადლობას გეუბნებით."
-
[ზურაბ მირგატია] "ბატონი ქართლოსის სიტყვა მისაღებია და ვღებულობ ყველაფერს, მაგრამ ბოლო წინადადებას ვერ ვეთანხმები. ჩვენ აბსოლუტურად არც არავის გვერდით ვართ და არც არავის ვეწინააღმდეგებით. ყველას სარწმუნოება და ყველას სინდისი მათი პიროვნული საქმეა."
[სტილი დაცულია]

18 ნოემბრის პროცესზე გამოცხადებული ერთ-ერთი შესვენების დროს მკალავიშვილის, მისი მიმდევრებისა და ქართლოს ღარიბაშვილის აგრესიამ რადიო "თავისუფლების" წინააღმდეგ გადაინაცვლა. ისინი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ რადიო "თავისუფლების" ჟურნალისტებს, აცხადებდნენ, რომ რადიო "თავისუფლებას" ისევე დაარბევდნენ, როგორც თავის დროზე გაზეთი "რეზონანსი" დაარბიეს, თავად ბასილ მკლავიშვილი კი კატეგორიულად ითხოვდა, რომ რადიო "თავისუფლებას" პროცესი დაეტოვებინა: [ბასილ მკალავიშვილის ხმა] "მოსამართლემ გაიყვანოს (დარბაზიდან), თორემ ძალით გავიყვან… ამერიკის დაქირავებული აგენტები არიან ესენი… რეზონანსის ბედი ეწევათ მაგათ… მიდით, ჩააგდეთ მანქანაში…" [სტილი დაცულია].

სახელმწიფო ბრალმდებელი თენგიზ აბაშიძე როგორც პროცესის დროს, ისე პირად საუბრებშიც, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერაზე მეტად მხარეების შერიგებასა და ბრალდების მუხლების მოხსნას ცდილობს, თავის პოზიციას კი "სახელმწიფოებრივი ინტერესის" მოშველიებით ამართლებს: [თენგიზ აბაშიძის და სოზარ სუბელიანის ხმა]
-
[თენგიზ აბაშიძე] "აი, როცა რელიგიის შესახებ კანონი დაიხვეწება, ეს ნორმებიც უნდა ჩაიდოს შიგ, ანუ, რისი უფლება აქვს იეღოველს და აღარ უნდა გადაცილდეს იმას, რისი უფლება აქვს, თუნდაც, მამა ბასილის მრევლს და ქრისტიანულ იმას და აღარ უნდა გადაცილდეს. ჩვენი თვითმიზანი არ არის, მაგალითად, რომ ის (ბასილ მკალავიშვილი - ს.ს.) დავსაჯოთ მკაცრად. ანუ, შეიძლება უფრო ისეთი რაღაც გამოიწვიოს ამან, გაუთვალისწინებელი…"
-
[სოზარ სუბელიანი] "დავუშვათ, კიდევაც შერიგდნენ, დანაშაული ხომ მაინც რჩება!"
-
[თენგიზ აბაშიძე] "არა, თუკი შერიგდებიან, შერიგება იმას ნიშნავს, რომ ის პატიებს ამას…"
-
[სოზარ სუბელიანი] "სახელმწიფო?"
-
[თენგიზ აბაშიძე] "სახელმწიფოსთვისაც ეს მისაღებია იმიტომ, რომ ის რომ, მაგალითად, დაიჭირო, სიტყვაზე, არა? ამას რა მოჰყვება, ისიც უნდა გათვალო, სახელმწიფოებრივი კუთხით."
[სტილი დაცულია]

18 ნოემბრის პროცესზე მოსამართლე კვარაცხელიამ დააკმაყოფილა ქართლოს ღარიბაშვილის შუამდგომლობა იეჰოვას მოწმეთა ადვოკატების აცილებისა და მოწმეების სახით მათი დაკითხვის თაობაზე, რის შემდეგაც პროცესი მთელი 20 დღით გადაიდო.