12 დეკემბერს რუსეთში კონსტიტუციის დღე

12 დეკემბერს რუსეთში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა,
12 დეკემბერს რუსეთში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა,
რომ 9 წლის წინ მიღებულმა კონსტიტუციამ გაზარდა რუსეთის მოსახლეობის თავისუფლება და უფლებები. მაგრამ, მისივე სიტყვებით, [პუტინის ხმა]“საუბედუროდ, ადამიანები ჯერ კიდევ ხვდებიან თვითნებობას, უკანონობას, გულგრილობას და მმართველთა არაკომპეტენტურობასო”. რუსეთის მოსახლეობა 1993 წლის 12 დეკემბერს გამართულ რეფერენდუმში მიემხრო კონსტიტუციას, რომელმაც პარლამენტის დასუსტების ხარჯზე პრეზიდენტის ძალაუფლება გაზარდა. პუტინმა დღეს ისარგებლა კონსტიტუციის დღით და ხელი მოაწერა ბრძანებულებას ჩეჩნეთში კონსტიტუციის დამატებითი მუხლის შესახებ რეფერენდუმისათვის მზადების შესახებ. პუტინმა ჩეჩნეთის პრომოსკოვურ ადმინისტრაციას ერთი თვე მისცა რეფერენდუმის მოსამზადებლად. ბრძანებულებაზე ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე მოსკოვის მომხრე ჩეჩენი ლიდერების კონგრესმა მოიწონა გეგმა, ახალი კონსტიტუციის შესახებ რეფერენდუმის გაისად, მარტში ჩატარების შესახებ. კონგრესზე მიღებული განცხადებით, ჩეჩნეთი არის რუსეთის განუყოფელი ნაწილი და სურს იყოს ფედერაციის თანასწორუფლებიანი წევრი. დღესვე მოსკოვის ქუჩებში ასამდე დემონსტრანტმა, მათ შორის რამდენიმე ლიბერალმა პოლიტიკოსმა დაგმო ჩეჩნეთში მიმდინარე ომი. რადიკალური პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი ხრამოვის სიტყვებით:[ხრამოვის ხმა] “ჩვენ გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა - შეწყვიტეთ ომი ჩეჩნეთში, შეწყვიტეთ გენოციდი ჩეჩნეთში, გადაარჩინეთ რუსული დემოკრატია”.