რუსთავის არჩევნების ბათილად ცნობის საკითხი მეორედ ბრუნდება უზენაეს სასამართლოში

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ხელახალი არჩევნები რუსთავში 2002 წლის 30 ნოემბერს უხეში დარღვევებით დასრულდა. 30 ნოემბრიდან დღემდე ეს საკითხი რამდენჯერმე იქცა
საჯარო განხილვის საგნად, მათ შორის, ერთხელ უზენაეს სასამართლოში. უზენაესმა სასამართლომ, 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაავალა ერთობლიობაში განეხილა რუსთავის არჩევნების გაყალბების მამხილებელი ყველა დარღვევა და საჩივარი და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეცა ახალი განკარგულება. ცენტრალური საარჩევნო კომისია 10 იანვარს შეიკრიბა, მაგრამ, უზენაესი სასამართლოს დავალების სრული იგნორირებით, რუსთავის არჩევნების სამართლიანობა ცნო. პროტესტის ნიშნად, არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები”, “თავისუფლების ინსტიტუტთან” ერთად, უზენაეს სასამართლოში შესატან ახალ სარჩელს ამზადებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 იანვრის სხდომას, ჟურნალისტებთან ერთად, ესწრებოდნენ რუსთავის არჩევნების კანონდარღვევების გამო მომჩივანი არასამთავრობო ორგანიზაციებიც. ეს ორგანიზაციები, “სამართლიანი არჩევნებისა” და “თავისუფლების ინსტიტუტის” სახით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობილი პოლიტიზირების კვალდაკვალ, უზენაესი სასამართლოს დადგენილების აღსრულებას ცდილობდნენ. კერძოდ, “სამართლიანი არჩევნების” წევრი ნუგზარ კუპრეიშვილი მოითხოვდა შექმნილიყო საგანგებო კომისია, რომელიც საარჩევნო უბნებისა და სარეგისტრაციო ჟურნალების გადამოწმების საშუალებით დაადგენდა, არჩევნების გაყალბების რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე. კომისიამ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ორი უნიკალური კენჭისყრა ჩაატარა, რაზეც ნუგზარ კუპრეიშვილი თავად მოგითხრობთ:
[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] “ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ჩატარდა კენჭისყრა, სასაცილოა, არის თუ არა სერიოზული დარღვევა ის, როდესაც ამომრჩეველთა რაოდენობა ძალიან მცირეა, უბანში მოსულ ამომრჩეველთა რაოდენობა, ხოლო ოქმებში ასახულია ათმაგად და ოცმაგად გადიდებული ციფრები. რასაკვირველია, კომისიის ყველა წევრი დაეთანხმა იმ აზრს, რომ ეს არის სერიოზული დარღვევა. მაშინ დადგა მეორე საკითხი კენჭისყრაზე: მაშინ ვინ არის მომხრე, ბათილად იქნეს ცნობილი არჩევნების შედეგები იმ უბნებზე, სადაც ასეთ დარღვევას ჰქონდა ადგილი. თქვენ წარმოიდგინეთ, მივიღეთ ნონსენსი, როდესაც კომისიამ კენჭისყრის გზით გადაწყვიტა, რომ თურმე ეს არ ყოფილა გაბათილების საფუძველი. და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 5 წუთით ადრე კომისიამ ეს დარღვევები სერიოზულ დარღვევებად ჩათვალა.”

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მორიგი თვითდისკრედიტაციის მომენტში მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, სხდომის თავმჯდომარე გია ზესაშვილი, რომელმაც, როგორც აღმოჩნდა, არჩევნების შედეგების გაბათილებას მისცა ხმა. არადა, მეორე მხრივ, არსებობს მოსაზრებაც, რომ ჯუმბერ ლომინაძე სწორედ იმიტომ არ გამოჩნდა სხდომაზე, რომ გია ზესაშვილი ზემოდან მიღებული დავალებების უკეთეს შემსრულებლად ითვლება. ასეა თუ ისე, გია ზესაშვილი პიროვნულად არ აღმოჩნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრებს შორის, რომელთა წინააღმდეგ “სამართლიანი არჩევნები” სისხლის სამართლის საქმის აღძვრას გეგმავს. ეს საკითხი, შეიძლება ითქვას, თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს.
[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] “ჩვენი მოთხოვნაა, რომ თებერვლის თვეში, არაუგვიანეს თებერვლის თვისა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრინციპი იქნეს მიღებული და შეიცვალოს ეს საარჩევნო ადმინისტრაცია. საქართველოში, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ასეთი კომისიების წყალობით, არჩევნების შედეგების, საბოლოო შედეგებისადმი ნდობის ხარისხი არის თითქმის ნულის ტოლი.”

სასამართლო ხელისუფლებისადმი ნდობის ფაქტორიც საკმაოდ სუსტდება მაშინ, როცა მისი გადაწყვეტილებების იგნორირებას საჯაროდ ახდენს სახელმწიფო სტრუქტურა. ფაქტია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 იანვრის სხდომის შემდეგ, ფაქტობრივად, რუსთავის არჩევნების შედეგების ძველი ოქმი და განკარგულება დარჩა ძალაში. შეიცვალა მხოლოდ თარიღი და რეგისტრაციის ნომერი. შეიცვლება თუ არა იმ სასარჩელე განცხადების ტექსტი, რომელიც “სამართლიანმა არჩევნებმა” და “თავისუფლების ინსტიტუტმა”, რუსთავის ხელახალი მაჟორიტარული არჩევნების შედეგების გაყალბების გამო, ამჯერად უკვე მეორედ უნდა შეიტანონ უზენაეს სასამართლოში?
[ნუგზარ კუპრეიშვილის ხმა] “იცით, რა არის, სასამართლოზე ჩვენ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ უკვე სასამართლომ არ დაავალოს ისევ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რუსთავის საკითხის გადაწყვეტა, არამედ თვითონ მიიღოს გაბათილების გადაწყვეტილება. ამის უფლებამოსილება მას გააჩნია. აი, ამაზე ვიბრძოლებთ და არა იმაზე, რომ ისევ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაულოცოს ეს საქმე.”