კითხვა ”ვისი სული გსურს” - ქართული პოლიტიკის ყველაზე აქტუალურ გამოცანად იქცა

თამარ ჩიქოვანი, თბილისი პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებით არიან დაკავებულნი. პროცესის კონფიდენციალურობა იმდენ მოარულ ხმას ბადებს წარმოუდგენელი შემადგენლობის საარჩევნო ბლოკების შექმნის თაობაზე,
რომ პოლიტიკური პარტიები გავრცელებული ცნობების უარყოფასაც აღარ ცდილობენ. თუმცა კონსულტაციების მიმდინარეობის ფაქტს არავინ უარყოფს.

წინასაარჩევნო პერიოდმა საქართველოში მოღვაწე პოლიტიკური პარტიები ერთმანეთთან საპარტნიოროდ განაწყო, რადგან, რეალური ვითარების გათვალისწინებით, ამომრჩეველი უპირატესობას აღარ მიანიჭებს ცალკეულ პარტიას და უფრო პარტიათა გაერთიანებების მიმართ გამოხატავს კეთილგანწყობას. გარდა ამისა, საარჩევნო ბლოკების სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი მუშაობს: მართალია, თავად პარტიების ცნობით, მათი წევრთა რაოდენობა რამდენიმე ათასს აღწევს, მაგრამ რეგიონალური ორგანიზაციებისა და კარგად ორგანიზებული სამუშაო ჯგუფების სიმრავლით ბევრი ვერ დაიკვეხნის, რომ არაფერი ითქვას პარტიების ფინანსურ შესაძლებლობებზე. არადა, ეფექტური საარჩევნო კამპანიის ჩატარების გარეშე, რაც არა მხოლოდ საარჩევნო ბროშურებისა და კლიპების დამზადებას გულისხმობს, არამედ ამომრჩევლებთან შეხვედრების ჩატარებასაც, 7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, არსებითად, წარმოუდგენელი იქნება. შესაბამისად, ადამიანური თუ ფინანსური თვალსაზრისით მწირი რესურსების გაერთიანების შემთხვევაში, პარტიების პარლამენტში მოხვედრის შანსი ნამდვილად მატულობს.
პოლიტიკური კულუარებიდან გამოსული ცნობებით, ჯერჯერობით ოპოზიციას კონკრეტული გადაწყვეტილებისთვის არ მიუღწევია. საკითხი ასე დგას: ან ყველა ოპოზიციური პარტია ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანდება და ერთიანად ეცდება პარლამენტში ადგილების უმრავლესობის მიღებას, ან თითოეული დამოუკიდებლად ცდის ბედს. გაერთიანებული დემოკრატების წევრი ვასილ მაღლაფერიძე ამ ხმებს ადასტურებს და იმედს გამოთქვამს, რომ, ინტენსიური კონსულტაციების შედეგად, ოპოზიცია ერთიანი ბლოკის შექმნის გადაწყვეტილებამდე მივა. იგი უარყოფს ამ დღეებში ერთ-ერთი ქართული გაზეთით გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმადაც, საბოლოოდ შეწყდა კონსულტაციები ერთიანი საარჩევნო ბლოკის შექმნის თაობაზე გაერთიანებულ დემოკრატებსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. ვასილ მაღლაფერიძის განცხადებით, კონსულტაციები გრძელდება და იგი იმედოვნებს, რომ შეთანხმება ერთიანი ბლოკის შექმნის თაობაზე მიღწეულ იქნება.
ამ დღეებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა და მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნიკო ლეკიშვილმა დაადასტურა, რომ, მართალია, იგი კვლავ მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, მაგრამ თანამშრომლობას მხოლოდ ახალ მემარჯვენეებთან გეგმავს. ამის თაობაზე განცხადებას იგი უახლოეს დღეებში დაგეგმილ ბრიფინგზე აპირებს.
უახლოეს დღეებშივე კიდევ ერთი გაერთიანების შესახებ გაცხადდება. კარგად ინფორმირებული წყაროს ცნობით, წარმატებით მიმდინარეობს კონსულტაციები ახალ მემარჯვენეებსა და ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას შორის. ეს პარტიები არა მხოლოდ საარჩევნო ბლოკის შექმნას გეგმავენ, არამედ მოქმედ პარლამენტში ორი ფრაქციის - ” ახლებისა” და ”ახალი აფხაზეთის-ქრისტიან-დემოკრატების” - ალიანსის შექმნასაც აპირებენ. ანუ დიდია შანსი, რომ ახალ მემარჯვენეებთან, ნიკო ლეკიშვილის გარდა, კიდევ ერთი ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ვაჟა ლორთქიფანიძეც, მჭიდროდ ითანამშრომლებს.
ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით თუ ვიმსჯელებთ, ახალი მემარჯვენეები საკმაოდ ბევრ პოლიტიკოსს ესიმპათიურება. მაგალითად, ფრაქცია მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარე ვიტალი ხაზარაძე არ გამორიცხავს ახალ მემარჯვენეებთან პარლამენტის ახლანდელი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის პარტნიორობასაც. თავად პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი ყოფილი თანაპარტიელის ამ ვარაუდზე ჯერჯერობით უცნობია.