”არის, ასრულდა!” - ბიუჯეტი პირველი მოსმენით მიღებულია

ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი საარჩევნო წლის დადგომა საქართველოს ხელისუფლების როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო შტოში, როგორც სავარაუდო იყო, ძალუმად იგრძნობა. დღეს ხელისუფლების თუ ოპოზიციის
ნებისმიერი ქმედება სწორედ მომავალი საპარლამენტო ბატალიების კონტექსტში აღიქმება. წინასაარჩევნო ვაჭრობისა და პოპულიზმის ზეობის სეზონი უკვე კარგა ხანია გაიხსნა და ამ პროცესისაკენ პირველ საჯილდაო ქვად სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი იქცა.

წლის ბოლოს პარლამენტში 2003 წლის მთავარი ეკონომიკური კანონის პროექტის ჩაგდებას კანცელარიაში სახელისუფლებო ფრაქციათა დატუქსვა მოჰყვა. მთავრობამ არადისციპლინირებული დეპუტატები იმგვარად ”დაამუშავა” და დააზღვია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებაში ბიუჯეტის მორიგი ჩაგდების ”გაუგებრობა”, ფაქტობრივად, გამოირიცხა.

და, როგორც მოსალოდნელი იყო, - ”არის, აღსრულდა!” - ბიუჯეტი 2003 პირველი მოსმენით მიღებულია. პარასკევს გვიან ღამით კენჭისყრისას მთავრობამ ნალოლიავები და ნაყიდი 130 ხმა უკლებლივ მიითვალა, რითაც ოპოზიციას კუნთებიც გამოუჩინა და, ფაქტობრივად, რეალობად აქცია კანცელარიის თავდაუზოგავი მცდელობაც, ზემოქმედება მოეხდინა ახალ უმრავლესობაზე.

საბიუჯეტო გამოცდამ, საბიუჯეტო ვნებების არცთუ გამჭვირვალე ფონზე, ქართული პოლიტეკონომიური კულუარული თამაშები გამოამზეურა. მთავარი ეკონომიკური კანონის გარშემო ვაჭრობა ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ არამარტო ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ აქამდე არასოდეს ამ ვაჭრობაში გარიგებებს ამგვარი ”მაღალტექნოლოგიური” იერი არ ჰქონია და არც თითოული ხმის მაზანდა აწეულა ამ დონეზე.

საბიუჯეტო ვნებებში არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას არ დაუზოგავს თავი. წინასწარი განხილვების დროს ოპოზიცია კარგად აპრობირებულ წინასაარჩევნო სლოგანებს ეფექტურად იყენებდა, ხალხის კეთილდღეობაზე გულანთებულ დეპუტატებს საკუთარ ამომრჩევლებზე ზრუნვით გული ეთუთქებოდათ და ზოგი მინიმალური ხელფასის საარსებო მინიმუმამდე გაზრდას, ზოგი პენსიონერების 3 ლარით ”გამდიდრებას” და ზოგიც პედაგოგებისთვის ღირსეულ ცხოვრების პირობებს მოითხოვდა.

გადამღლელ საარჩევნო მარათონს დროდადრო, ოთხ წელიწადში ერთხელ მაინც, ახასიათებს ამგვარი ”გამონათებები”, რასაც ყველა წინასწარ შეგუებულია : ისინიც, ვინც ამგვარი ლოზუნგებით ხალხის გულის მონადირებას ცდილობს, მაგრამ აპრიორი დარწმუნებულია, რომ თავისი კოლეგების დაყოლიებას ვერ შეძლებს და ისიც, ვისაც ამ მაცდური წინადადებების აღსრულება ევალება, მაგრამ მათი არარეალურობის გამო ვერ დათანხმდება.

თავის მხრივ, არც მთავრობაა გულხელდაკრეფილი და ახალ ბიუჯეტს დითირამბებით ამკობს. ამასთან, არც არჩევნები ავიწყდება, რისთვისაც, ბუნებრივია, ფულია საჭირო და თან - არცთუ მცირე რაოდენობით. საარჩევნო ”შავი სალაროს” შევსებისათვის კი სახელმწიფო ბიუჯეტზე უკეთეს წყაროს, აბა, სად იპოვი? და, მართალია, ხელფასებსა და პენსიებს ვერ ზრდი, მაგრამ, სამაგიეროდ, ხარჯების ნაწილში, რამდენიმე მუხლში, რამდენიმე მეგობარ ორგანიზაციასა თუ სააგენტოზე ან რომელიმე გაურკვეველ ფონდში გაურკვეველი მიმართულებით დასახარჯ ათეულ მილიონს ”შეაცურებ”. შედეგად, შეიქმნება საინტერესო შეკრული წრე: თანხებით, რომელიც ჩემ და თქვენ მიერ გადახდილი გადასახადებით უნდა შეგროვდეს, შესაძლებელი გახდება ჩემი და თქვენი საარჩევნოდ ”მომადლიერება”.

მართალია, ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ხელისუფლების საარჩევნო არსენალი, აშკარად, მდიდრდება და იხვეწება. თემატური უმრავლესობის შესაკრებად მთავრობას სხვადასხვა მიმართულებით მოუწია საკუთარი ნიჭის გამოვლენა. პარასკევ საღამოს ბიუჯეტს ისეთმა დეპუტატებმაც მისცეს ხმა, რომელთა ”მიუმხრობლობაში” აქამდე ეჭვიც არავის ეპარებოდა. ტრადიციულ ლობისტურ მეთოდებთან ერთად, ხელისუფლების არსენალში ისეთი ხრიკიც გამოჩნდა, როგორიცაა შანტაჟი, ხმის შეძენისას პირდაპირ ნაღდი ანგარიშსწორება, კარიერის გაგრძელების პერსპექტივა, მომავალ საარჩევნო სიებში გამსვლელი ადგილების შეთავაზება და ა.შ. ამ პროცესში ყველაზე დიდი მოთხოვნა, როგორც წესი, მაჟორიტარებზეა ხოლმე და მათაც არ უღალატიათ და, საკუთარი რეგიონისათვის ერთი-ორი მილიონის გამოტყუების სანაცვლოდ, თავიანთი ძვირფასი ხმა ნამდვილად არ დაუზოგავთ.

გაცხოველებული საბიუჯეტო ვაჭრობისას რატომღაც ნაკლებად ინტერესდებიან თავად საბიუჯეტო პარამეტრებით, რომელსაც ხელისუფლება ”ჯერ არნახულს, ჯერ არგაგონილს და ამბიციურს” უწოდებს, ოპოზიცია კი კორუფციულად და წინასაარჩევნო სალაროს დამფინანსებლად რაცხს. ერთსაც და მეორესაც თავისი ”რკინის არგუმენტები” აქვს.

წლევანდელი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები 200 მილიონით არის გაზრდილი, რაც, კაცმა რომ თქვას, მისასალმებელია, მაგრამ ვშიშობთ, ეს იმ 200 მილიონად არ იქცეს, რომელიც წლის ბოლოს სეკვესტრის მაკრატლის ქვეშ მოხვდება. წლევანდელი პროექტით: 35 ლარამდე გაიზრდება მინიმალური ხელფასი; 1 სექტემბრიდან უფასო გახდება საშუალო განათლება; ოდნავ, მაგრამ მაინც გაიზრდება თავდაცვის ხარჯები; ”ხელმოკლე” პროკურატურის თანამშრომლებს ხელფასები გაუორმაგდებათ, რაზეც 6,5 მილიონი ლარი დაიხარჯება; გაიზრდება ტრანსფერები და სხვადასხვა დარგობრივი დაფინანსება. ანუ მთავრობას ყელყელაობის საფუძველი აქვს.

ალბათ, მართალია ოპოზიციაც, რომელიც ზოგიერთ გაზრდილ ტრანსფერში სავაჭრო თანხას და ”მოქალაქეთა კავშირის” წინასაარჩევნო შემოსავლებს ხედავს, რაზეც სახელმწიფო მინისტრი ორაზროვნად შენიშნავს, რომ ”ბიუჯეტი ღიაა და საჯარო. თქვენ ნუ ფიქრობთ, რომ ის ხდება, რასაც ბევრი თქვენგანი თავის დროზე მიჩვეული იყო. სხვათა შორის, შიდა ვალი, რომლის გასასტუმრებლადაც 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გრაფიკები უნდა დავაწესოთ, თქვენი მონაწილეობით დაგროვდა, მთავრობაში მაშინ თქვენ იყავით ”. თუ რა დროს და ვის გულისხმობდა ავთანდილ ჯორბენაძე ამ რეპლიკაში, ვფიქრობთ, ძნელად გამოსაცნობი არ არის.

ხელისუფლებაში, ბუნებრივია, არსებობს ნოსტალგია ”იმ დროზე” და ერთსულ და ერთხორც ”დედა პარტიაზე”. მაგრამ თუ პარტიაში სიტუაცია, მართლაც, შეიცვალა, არა მგონია დროსთან დაკავშირებით რაიმე ცვლილება იგრძნობოდეს. ამ დროის ”სურნელი” ძალუმად იგრძნობა თუნდაც მთავრობის სხდომაზე, ან ხელისუფლების კომენტარებში. მაგალითად, 2003 წელი კვლავ კორუფციასთან ბრძოლის წლად ცხადდება და მთავარ პრიორიტეტადაც ეს მიმართულებაა მიჩნეული. ”თუ 2003 წელი არ იქნება გარდატეხის წელი, გადასახადების ამოღების, კორუფციასთან, კონტრაბანდასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მაშინ უნდა შევეგუოთ იმ აზრს, რომ, მომავალი არჩევნების შედეგად, ხელისუფლებაში მოვლენ ადამიანები, რომლებიც პოპულიზმით მანიპულირებენ”, - შენიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი. პრეზიდენტის სურვილი და მოწოდება გადასახადების ამოღების გაუმჯობესების და კორუფციასთან ხმალამოღებული ბრძოლის თაობაზე ბუნებრივია, სამართლიანი და მართებული, ოღონდ ძალიან ნაცნობი და სადღაც უკვე მოსმენილი სენტენციაა.