სპარსეთის ყურეში შესაძლო ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები

არ არსებობს იმის იურიდიული საფუძველი, რომ ერაყის წინააღმდეგ ომი დაიწყოს უახლოეს მომავალში. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომი გამორიცხულია. ვაშინგტონი განაგრძობს სპარსეთის ყურეში
სამხედრო ძალის თავმოყრას და არაორაზროვნად აცხადებს, რომ თუ ერაყი არ განიარაღდება, მაშინ ამას მას ძალის გამოყენებით გააკეთებინებენ.

ამასობაში მთელს მსოფლიოში იზრდება ომის საწინააღმდეგო საპროტესტო მოძრაობა. გასული კვირის ბოლოს ასიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა საპროტესტო აქციებში, რომლებიც მსოფლიოს, მათ შორის, ევროპისა და ამერიკის მრავალ ქალაქში, მოეწყო.

ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები მოითხოვენ შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან, რომ არ გამოიყენოს ძალა ბაღდადის წინააღმდეგ და არ დაიწყოს ახალი ომი.

შეერთებულ შტატებში ყველაზე დიდი სამშვიდობო დემონსტრაციები გაიმართა ვაშინგტონსა და სან ფრანცისკოში. ორგანიზატორთა თქმით, სან ფრანცისკოში 50 ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში, ვაშინგტონში კი – 200 ათასი.

ვაშინგტონის საპროტესტო აქციის წინ სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლმა აქტივისტმა, ადვოკატმა მარა ვერჰეიდან-ჰილარდმა ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, რომ თუკი შეერთებული შტატები ერაყის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ამერიკის ქუჩებს მოიცავს ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო მოძრაობის მსგავსი საპროტესტო მოძრაობა:

[ვერჰეიდან-ჰილარდის ხმა] "შეერთებულ შტატებში ჩვენ მოწმენი ვხდებით სახალხო დემოკრატიისა, რომლის დროსაც ხალხი დგება და ქუჩაში გადის, როცა გრძნობს, რომ მთავრობა არ უპასუხებს ხალხის ნებას. მაშინ ხალხმა თვითონ უნდა იმოქმედოს."

"არ გვსურს სისხლი ნავთობის სანაცვლოდ" – ამ და მსგავს ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ დემონსტრანტები, რომლებიც ამერიკის ისტორიის მნიშვნელოვანი სიმბოლოების მახლობლად შეიკრიბნენ. ერთ-ერთი მათგანია ე.წ. "ეროვნული ხეივანი", სადაც სამოქალაქო უფლებების აქტივისტმა, მარტინ ლუთერ კინგმა თავისი ცნობილი სიტყვა წარმოთქვა 1963 წელს.

მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ შავკანიანი ლიდერები, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯესი ჯეკსონი და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი ელ შარპტონი. მათ ჯორჯ ბუში მილიტარიზმში დაადანაშაულეს.

მიტინგებზე ხშირად გაისმოდა ბრალდება, რომ ერაყის წინააღმდეგ ომის მთავარი მიზეზია ნავთობსაბადოებზე კონტროლის მოპოვების სურვილი. ვაშინგტონელმა რელიგიურმა ლიდერმა, მღვდელმა გრეილენდ ჰეგლერმა დამსწრეთ კიდევ ერთხელ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ბუში და მისი ადმინისტრაციის სხვა უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი, ნავთობის მრეწველობაში გავლენიანი პირები იყვნენ.

[ჰეგლერის ხმა] "რატომ უნდა იბრძოლონ ჩვენმა ვაჟებმა და ქალიშვილებმა და დაიღუპონ იმისთვის, რომ ძვირფასი სპორტული მანქანის ავზს საწვავი არ მოაკლდეს? რატომ უნდა იბრძოლონ ჩვენმა ვაჟებმა და ქალიშვილებმა და დაიღუპონ იმისთვის, რომ მოგება ჰპოვონ ნავთობკომპანიებმა და ნავთობის მრეწველობამ? იმისთვის ვართ ქუჩებში, რომ არ არსებობს ამის ლოგიკური მიზეზი."

საპროტესტო აქციების მონაწილენი იმედოვნებენ, რომ შეძლებენ შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი აზრის შეცვლას ბუშის ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ.

ეს უკანასკნელი კი უარყოფს საომარი მზადების რაიმე კავშირს ნავთობის საბადოების კონტროლის სურვილთან. ბუში აცხადებს, რომ სადამ ჰუსეინს უკანასკნელი შანსი ეძლევა საიმისოდ, რომ განიარაღდეს გაეროს ინსპექტორების ზედამხედველობით. წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი იარაღის გამოყენებით იმუქრება.

შეერთებული შტატების გარდა საპროტესტო გამოსვლები გაიმართა თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, ბელგიაში, ნიდერლანდებში და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.