ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" დღეს

ყოველკვირეულ პროგრამაში "ოქროს საუკუნე" დღეს
დავასრულებთ საუბარს ქართული კინოს კლასიკოსზე, სიკო დოლიძეზე, რომლის დაბადების 100 წლისთავი ამას წინათ საკმაოდ ორიგინალურად აღინიშნა თბილისში.

საიუბილეო საღამოების დადგმა საქართველოში ყოველთვის უჭირდათ. განსაკუთრებით, როცა იუბილარი არ იყო ცოცხალი. ამ შემთხვევაში მას იმასაც მიაწერდნენ ხოლმე, რაც არასდროს გაუკეთებია. ცხადია, მიაწერდნენ ყველაფერს კარგს, იმ პრინციპით, რომ "მკვდარზე ცუდს არ ამბობენ". სიყალბისა და ხელოვნურობის განცდა მაყურებელს ყველაზე მეტად მაშინ დაეუფლებოდა ხოლმე, როცა საიუბილეო საღამოს იუბილარის ახლობლები, ნათესავები აწყობდნენ.

გამოგიტყდებით, რაღაც მსგავსს ველოდი პირადად მე სიკო დოლიძის საიუბილეო საღამოზეც, რომელიც ქართული კინოს კლასიკოსის ქალიშვილმა, რეჟისორმა ქეთი დოლიძემ დადგა კინოთეატრ "ამირანში". მით უმეტეს, რომ სცენაზე აქ ქეთი დოლიძისა და ნანა კვასხვაძის მოწაფეები, თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტები ვიხილეთ. სიკო დოლიძე მისმა შვილიშვილმა, თორნიკე ბზიავამ, განასახიერა (თორნიკე სახელოვანი ბაბუის წერილებსა და ლექსებს კითხულობდა), ქეთი დოლიძე კი საღამოს მასპინძლის როლში მოგვევლინა - მოქმედებას კომენტარს უკეთებდა და დროდადრო იუბალარის შესახებ გვიამბობდა ხოლმე. მაგრამ სამსაათიანმა საღამომ ისე ჩაიარა, რომ მაყურებელს საათზე ერთხელაც არ დაუხედავს. მართალია, ცოტა არ იყოს, უხეიროდ შეირჩა სიკო დოლიძის ფილმების ფრაგმენტები, მართალია, ახალგაზრდა მსახიობებმა იუბილარის წერილები მუსიკის ფონზე მეტისმეტად პათეტიკურად წაიკითხეს, საღამო მაინც ძალიან ხალისიანად ჩატარდა. სცენაზე თავი მოიყარეს ქართული კინოს განსხვავებული თაობების წარმომადგენლებმა - იმათ, ვინც პირადად იცნობდა სიკო დოლიძეს და იმათ, ვისაც მხოლოდ მისი ფილმები ენახა. გათამაშდა მთელი ქართული კინოს ისტორია, რადგან სიკო დოლიძის მოსვლა კინოში, ფაქტობრივად, ემთხვევა პირველი ქართული ფილმების გადაღებას. როგორც საღამოს კიდევ ერთმა წამყვანმა, კინომცოდნე ოლღა თაბუკაშვილმა გვიამბო:

[ოლღა თაბუკაშვილის ხმა] "სულ პირველად პატარა სიკოს ჯერ კიდევ ჩოხატაურში გაუვლია კინოთეატრ "ილუზიონთან". კითხვაც არ იცოდა, მაგრამ აფიშით მაინც მიმხვდარა, რომ ვიღაც "ფოკუსნიკი" სეანსებს შორის აჩვენებს ფოკუსებს. სეანსი არ იცოდა რა იყო, მაგრამ "ფოკუსი" იცოდა. უყიდია ორ შაურად ბილეთი და შესულა კინოთეატრში. ჩამქრალა სეანსი. სიკო წამომხტარა ადგილიდან - წამოსულა პირდაპირ მატარებელი. არ დაგავიწყდეთ, 1909 წელი იყო. ეს იყო ლიუმიერების პირველი სეანსები."

კინო, როგორც "ფოკუსი", კინო, როგორც სანახაობა, გართობა, შეიძლება ითქვას, სიკო დოლიძის პრინციპი გახდა ცხოვრებაში. იგი ყოველთვის მაყურებელზე ფიქრობდა და ძალიან კარგად იცოდა, რომ პუბლიკა კინოში ცოცხალ ხასიათებს, კარგ მსახიობებს, სიუჟეტის მოულოდნელ განვითარებას ელოდება. ამ "ფოკუსებზე" აიგო საიუბილეო საღამოც, რომელიც უფრო მეტად 20-იან წლებში დადგმულ ეგრეთ წოდებულ "კონსტრუქტივისტულ სპექტაკლებს" ჰგავდა. თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტებმა წარმოდგენა რამდენიმე დუბლად დაჰყვეს. ყოველი დუბლი ქართული კინოს კლასიკოსის ცხოვრებისა და შემოქმედების რომელიმე ეტაპს ასახავდა.

[ხმა. ეპიზოდი პირველი. "კინოში პირველი 30 წელია ძნელი"]

საიუბილეო საღამოს "კონსტრუქტივისტულ-ფუტურისტული სტილი" ბუნებრივად აღიქვა ყველამ, ვინც კარგად იცოდა სიკო დოლიძის შემოქმედებითი ბიოგრაფია, თუნდაც ის, რომ კინოში იგი უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მოვიდა და როგორც ისტორიის, ასევე ლიტერატურის სიყვარული თავის ფილმებშიც გამოხატა, თუნდაც ის, რომ 20-იან წლებში იგი ქართველ ავანგარდისტ პოეტებს დაუახლოვდა და დრომოჭმულ ლიტერატურას დაუწყო ბრძოლა. სიკო დოლიძის საიუბილეო საღამოზე ქართული კინოს კლასიკოსის ეს ლექსებიც წაგვიკითხეს.

[სიკო დოლიძის ლექსები]

სიკო დოლიძის ასი წლისთავისადმი მიძღვნილი საღამოს კულმინაცია იუბილარის ყველაზე პოპულარულ ფილმში, "ჭრიჭინაში", გადაღებული მსახიობების გამოჩენა იყო. სცენაზე ჯერ ლეილა აბაშიძე ავიდა, მერე პირდაპირ გადაღებიდან მობრძანებული მედეა ჩახავა გამოცხადდა, მერე - ლიანა ასათიანი, მედეა ამირანაშვილი. ამ ოთხმა ქალბატონმა, რომლებიც, თუ არ ვცდები, პირველად შეხვდნენ ერთმანეთს სცენაზე "ჭრიჭინას" გადაღების, ე.ი. 50 წლის, შემდეგ, იმპროვიზაციის მთელი ფეიერვერკი მოაწყვეს და, შეიძლება ითქვას, აღადგინეს თავად სიკო დოლიძის მუშაობის სტილი - მსახიობის მიმართ ნდობა და იმპროვიზაციის განსაკუთრებული ვნება. ლეილა აბაშიძემ საგანგებოდ აღნიშნა, რომ "ჭრიჭინას" სცენების გადაღება ერთი დუბლით მიმდინარეობდა და რომ არც ერთ სხვა რეჟისორს არ უყვარდა ისე მსახიობი, როგორც სიკო დოლიძეს. აი, ფრაგმენტები ქართული კინოს ვარსკვლავების გამოსვლებიდან.
ლეილა აბაშიძე:

[ლეილა აბაშიძე] "ეს იყო რეჟისორი, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას აძლევდა მსახიობს გადასაღებ მოედანზე."

მედეა ჩახავა:

[მედეა ჩახავა] "არაჩვეულებრივად კეთილი, გულჩვილი, ყველაფერზე აუცრემლიანდებოდა ხოლმე თვალი. სულ ღიმილი ჰქონდა პირზე და ხშირად თავი სტკიოდა... "

ლიანა ასათიანი:

[ლიანა ასათიანი] "ბატონი სიკო იყო მთელი ეპოქა, არაჩვეულებრივი ხიბლი ჰქონდა და... არაჩვეულებრივ აურას ქმნიდა, მასთან ყველა კარგად გრძნობდა თავს. ამიტომ ის ჯგუფი, რომელიც ერთხელ დააკანონა, არ შეუცვლია."


საიუბილეო საღამოზე საგანგებოდ აღნიშნეს, რომ სწორედ სიკო დოლიძემ მოიყვანა სერგო ზაქარიაძე კინოში, ხოლო 50-იანი წლების მიწურულს, როცა დიდი ქართველი მსახიობი კინემატოგრაფისტებმა სრულიად დაივიწყეს, მთავარ როლზე დაამტკიცა იგი ფილმში "დღე პირველი, დღე უკანასკნელი". საიუბილეო საღამოზე უჩვენეს ფრაგმენტები ამ ჯერ კიდევ დაუფასებელი ფილმიდან, რომლის ოპერატორმა ლევან პაატაშვილმა თითქმის იმასვე მიაღწია, რაც სერგეი ურუსევსკიმ მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში "მიფრინავენ წეროები" - კინოხელოვნება დაუბრუნა რეალურ ცხოვრებას, ცოცხალ ადამიანებს.

[ხმა. "დღე პირველი, დღე უკანასკნელი"]

ბუნებრივია, რომ 60-იან წლებში, როცა ქართულ კინოში ძმები შენგელაიები, ოთარ იოსელიანი, მიხეილ კობახიძე მოვიდნენ, "დღე პირველი, დღე უკანასკნელი" საზოგადოების ერთმა ნაწილმა პროპაგანდისტულ ფილმად აღიქვა, იმის მოწოდებად, რომ არ არსებობს "სათაკილო პროფესია". მაგრამ დღეს ეგრეთ წოდებული "ოტტეპელის" ეპოქის ერთ-ერთი პირველი ქართული ფილმი აღიქმება, როგორც თავისუფლების, იმედის, ადამიანთა ერთობის თავისებური კინემატოგრაფიული სახე... ის სახე, რომლისაც სიცოცხლის ბოლომდე სჯეროდა "გურულ ფოკუსნიკს", ქართული კინოს კლასიკოსს, სიკო დოლიძეს.