მოსალოდნელი ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი მნიშვნელოვანი ცვლილებებისათვის ემზადება. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებათა პაკეტი, რომელიც პიროვნების
უფლებებისა და თავისუფლების სამართლებრივ დაცვას ისახავს მიზნად, საერთაშორისო კონვენციათა პრინციპებს ეყრდნობა. რასობრივ დისკრიმინაციასთან, ინვალიდთა უფლებების შევიწროებასა და ტრეფიკინგთან ბრძოლას საქართველო ცივილიზებულ მსოფლიოსთან ერთად აპირებს.

საერთაშორისო კონვენცია - "რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს ავალდებულებს აქტიურად ებრძოლოს საზოგადოებისთვის ამ არცთუ უჩვეულო სენს და დამნაშავეც სათანადოდ დასაჯოს. ექსპერტთა აზრით, ამ საქმეს სისხლის სამართლის კოდექსში ჩასამატებელი ახალი 142-ე პრიმა მუხლი შესანიშნავად მოუვლის.

მართალია, ჩემთან მოსაუბრე ადამიანები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ამგვარი დანაშაული საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ეს, ალბათ, საკითხის მეტად ემოციური და გულუბრყვილო ხედვაა. მით უმეტეს, რომ რასობრივი დისკრიმინაცია კანონდარღვევათა ფართო სპექტრს მოიცავს. იუსტიციის სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსის გიორგი გოგიბერიძის განმარტებით:

(გოგიბერიძის ხმა) "რასობრივი დისკრიმინაცია მოიცავს არა მხოლოდ რასის, ანუ კანის ფერის, არამედ ეროვნული, ეთნიკური, სოციალური ნიშნის მიხედვით პირის ან პირთა ჯგუფისთვის გარკვეული უფლებების შეზღუდვას ან უფლებების განხორციელებაზე უარის თქმას, რამაც ამ პირის ან პირთა ჯგუფის არსებითი ინტერესების ხელყოფა გამოიწვია. ეს არის დეფინიცია ამ მუხლისა და, შესაბამისად, გათვალისწინებულია სანქცია".

საგულისხმოა, რომ, ამ მუხლის მიხედვით, არ დაისჯებიან და, შესაბამისად, 3, 5 ან 10 წლით თავისუფლებაც არ აღეკვეთებათ იმ პირებს, რომლებიც სხვებს, მაგალითად, სომხურ წარმომავლობას აბრალებენ. მოგეხსენებათ, რომ ამგვარმა ტენდენციამ ქართულ პოლიტიკაში საკმაოდ ძლიერად მოიკიდა ფეხი.

სამწუხაროდ, ჩვენში ასევე ძლიერად მოიკიდა ფეხი ტრეფიკინგმა, ანუ ადამიანთა ექსპლუატაციის უმძიმესმა დანაშაულმა, რომელსაც დღემდე არანაირი სასჯელი არ ეფარდება. საერთაშორისო კონვენციათა პრინციპებზე დაყრდნობით, ტრეფიკინგის შემთხვევებს (სიმძიმისა და მაკვალიფიცირებელი ნიშნების გათვალისწინებით) სისხლის სამართლის კოდექსი, ალბათ, სულ მალე 3-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას შეუფარდებს. ხსენებულ დანაშაულს, იუსტიციის სამინისტროს წინადადების მიხედვით, 173-ე პრიმა მუხლი დასჯის. ტრეფიკინგი, რომელსაც საფუძვლად უდევს მსხვერპლის მოტყუება, ძალადობა ან შანტაჟი, ამ გზით მის პროსტიტუციაში ჩაბმას, მონური სამუშაოს შესრულებისთვის გამოყენებასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, მისი სხეულის ნაწილების გაყიდვასაც კი გულისხმობს. მსოფლიო პრაქტიკის მიხედვით, ტრეფიკინგის მსხვერპლთა შორის, ძირითადად, ბავშვები და ქალები არიან.

იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის მიხედვით, ინვალიდთა უფლებები სისხლის სამართლის143-ე მუხლმა უნდა დაიცვას. საერთაშორისო კონვენცია მკაცრად ბრძანებს, რომ ინვალიდს ყველა ქვეყანაში უნდა ჰქონდეს საკუთარი უფლებებისა და თავისუფლების სრულყოფილად რეალიზების შესაძლებლობა. ამ ბრძანებას საქართველოც ეხმიანება და ყველა მას, ვინც ადამიანის უფლებების შევიწროებას ინვალიდობის მოტივით გაბედავს, სულ მალე, თავისუფლების აღკვეთაც კი დაემუქრება. სასჯელი უფრო მძიმე იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამგვარ უღირს საქციელს თანამდებობის პირი ჩაიდენს.