საქართველოს ხელისუფლება კვლავაც

საქართველოს ხელისუფლება კვლავაც
აცხადებს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია მისი უმთავრესი მიზანია. თუმცა ევროპამდე “ქართველებს, მაშასადამე ევროპელებს”, კიდევ გრძელი, წინააღმდეგობებით აღსავსე გზა გვაქვს გასავლელი. დასავლურ ფასეულობებს უამრავი წინააღმდეგობა ხვდება პოლიტიკაში, ეკონომიკაში, ყოფა-ცხოვრებაში, რელიგიაში... და კულტურაშიც. მაგრამ პოსტსაბჭოთა ქართული ხელოვნების განვითარების დონე იმასაც ცხადყოფს, ეროვნული კულტურა უკვე მზადაა მიიღოს თანამედროვე დასავლური ხელოვნების ფასეულობები... ეს პროცესი, არსებითად, ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დაიწყო. მეოცე საუკუნის ქართულ კულტურას დასავლეთისთვის ზურგი არასდროს შეუქცევია. მართალია, დასავლური და ქართული ხელოვნება “სინქრონულად” იშვიათად ვითარდებოდა; მართალია, საბჭოთა ეპოქის ქართული კინო, თეატრი, მუსიკა, ლიტერატურა, როგორც წესი, “აგვიანებდა” ხოლმე, ჩვენს კულტურას ერთიანი “ევროპული სივრცე” არასდროს მიუტოვებია. ამასობაში საბჭოთა რეჟიმი დაინგრა და ქვეყანაში სატრანსპორტო დერეფნისა და მილსადენის პროექტების განხორციელება დაიწყო. დასავლეთმა სამხრეთი კავკასია გაზისა და ნავთობის რესურსებით მდიდარ რეგიონად გამოაცხადა, ე.ი. “ენერგიით მდიდარ რეგიონად”... ეს იმ დროს, როცა იმავე დასავლეთმა “ფიზიკური ენერგიის” ამოწურვა გვაუწყა, აღიარა დასაწყისი ახალი ეპოქისა, რომელიც უკვე მონათლეს კიდეც - “პოსტმოდერნიზმი” უწოდეს.

დასავლელი სოციოლოგები, ფილოსოფოსები “პოსტმოდერნს” ეკოლოგიურ მოძრაობას უწოდებენ. მათი დევიზი “გადავარჩინოთ ფიზიკური ენერგია, გადავარჩინოთ ბუნება” შესაბამისად აისახება კულტურაში: “ხელოვნება ენერგიისგან დაიცალა, ამიტომ კულტურის გადასარჩენად გავუფრთხილდეთ იმას, რაც გვაქვს.” ქვეყანაში, სადაც სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტად გაზისა და ნავთობის მილსადენებს მიიჩნევენ, ისევ იქმნება “დაგვიანების” საშიშროება კულტურაში. “ენერგია არა მარტო უნდა გამოიყენო, არამედ მისი გადამუშავების უნარიც უნდა გქონდეს,” - ამტკიცებენ ეკოლოგი-პოსტმოდერნისტები და ინტერპრეტაციის ეპოქის დასაწყისზე საუბრობენ.

ამ თვალსაზრისით, თანამედროვე ქართული კულტურის მოღვაწეებს სრული უფლება აქვთ თქვან, “მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი”... პოსტმოდერნისტების ეს საყვარელი სიტყვა, “ინტერპრეტაცია”, კარგა ხანია უმტკივნეულოდ დამკვიდრდა ჩვენში. ევროპასა და აზიას შორის გადებული ხიდი - უფრო სწორად, “მილი” - ქართველ მხატვრებს ჯერჯერობით ილუზიებს არ უქმნის. რაციონალური, ე.ი. “დასავლური”, ქართულ ხელოვნებაში კვლავაც სჭარბობს აღმოსავლურ-ირაციონალურს. სნობიზმი, რომელიც დროდადრო “აბობოქრდებოდა” ხოლმე ქართულ ცნობიერებაში, ამ შემთხვევაში პოსტსაბჭოთა ეროვნული კულტურის თავისებურ სტიმულადაც იქცა.

გავიხსენოთ თუნდაც გამომცემლობა “დიოგენეს” ინიციატივით ჩატარებული ლიტერატურული კონკურსი “პენ-მარათონი”, რომლის საზეიმო დახურვა 28 ივნისს ჩატარდა “საქართველოს ბანკის” ახლად გარემონტებულ შენობაში. გაგახსენებთ კონკურსის შედეგებს: მესამე პრემია ბესო სოლომონაშვილს ერგო უსათაურო მოთხრობისათვის, მეორე - მწერალ ნუგზარ შატაიძეს მოთხრობისათვის “სოფელი”, ხოლო მთავარი პრიზი და 1000 დოლარი ვანო ჩხიკვაძეს გადასცეს მოთხრობისათვის “კოხტა თამრო”. კონკურსის საზეიმო დახურვის ცერემონიალზე, რომელსაც უამრავი ხალხი დაესწრო, ჩვენ გავესაუბრეთ “პენ-მარათონის” ჟიურის წევრს, მწერალ კოტე ჯანდიერს, რომელმაც აღნიშნა:

[კოტე ჯანდიერის ხმა]: “24 საათში შედევრს ვერ დაწერ, მაგრამ წელს მონაწილეობა მიიღო რამდენიმე პროფესიონალმა მწერალმა, ამიტომ ოსტატობა მაინც იმარჯვებს, რამდენ საათშიც არ უნდა დაწერო.”

გაგახსენებთ, რომ წლევანდელი “პენ-მარათონი” ფოთში, სახელდახელოდ გარემონტებულ გემზე, “კაპიტან თავართქილაძეზე”, გაიმართა. ფინალში გასულ ოცდაექვს მწერალს 24 საათის განმავლობაში უნდა დაეწერა მოთხრობა ერთი დევიზით “ყველაზე უსაფრთხო ხომალდი ნაპირზე ამოთრეული ხომალდია”, ე.ი., ფაქტობრივად, შეექმნა “ვარიაცია თემაზე”, სხვაგვარად რომ ვთქვათ, “ინტერპრეტაციისთვის მიემართა”. კოტე ჯანდიერი აღნიშნავს, რომ დროში შეზღუდვა და დევიზი, რა თქმა უნდა, ზღუდავს ავტორის თავისუფლებას, მაგრამ, ამავე დროს, მშვენიერი საშუალებაა ადვილად გამიჯნო პროფესიონალი მწერალი უნიჭოსგან. ჩვენს კითხვაზე, ეტყობა თუ არა მოთხრობებს, რომ ავტორები დროში იყვნენ შეზღუდულნი, “პენ-მარათონის” ჟიურის წევრმა აღნიშნა:

[კოტე ჯანდიერის ხმა] “ზოგს ეტყობა და არ ვარგა, მაგრამ ერთმა ავტორმა თქვა, ცამეტი წელიწადი ვაპირებდი დაწერასო, მაგრამ ვერ მოვძებნე ამისთვის იმპულსიო, “ხმელეთზე გამოგდებული ხომალდები” რომ წავიკითხე, ამან მომცა იმპულსიო.”

“ენერგიის დეფიციტის” ეპოქაში მწერალს იმპულსი აკლია. “იმპულსს” მას ფულადი პრემიის მოპოვების შანსი აძლევს და, როგორც ვხედავთ, კონკურსის ორგანიზატორების მიერ დაწესებული “თამაშის ფორმა”, “თამაში”, რომელსაც თავისი კანონები აქვს. “კანონებთან გათამაშება” კი პოსტმოდერნიზმის არსია. როგორც წესი, ასეთ თამაშში შედევრები არ იქმნება ხოლმე. თუმცა “შედევრი” თითქმის დავიწყებული სიტყვა ხდება მხატვრული ენერგიის დეფიციტის ეპოქაში. ამ მოსაზრებას მწერალი კოტე ჯანდიერიც ადასტურებს, როცა წლევანდელი “პენ-მარათონის” შედეგებზე საუბრობს:

[კოტე ჯანდიერის ხმა] “იცი, როგორმა პროზამ გაიმარჯვა? ძარღვიანმა, “პოჩვენიკურმა” ქართულმა პროზამ. ენობრივად მომხიბლავია, გამართულია სიუჟეტი და ყველაფერი თავის ადგილზეა... პირველი, მეორე ადგილი ძალიან ოსტატურია, თუმცა რაიმე აღმოჩენა, ფორმის დარგში ძიება არ არის.”

რაიმე აღმოჩენა თუ ფორმის დარგში ძიება არ შეიმჩნევა არც მწერალ-პედიატრის თენგიზ ვერულავას წიგნში “პიკასო”, რომლის პრეზენტაცია შაბათს მოეწყო თბილისის წიგნის მაღაზია “პარნასში”, მაგრამ საერთო-კულტურული ტენდენცია ამ წიგნით ნამდვილად მკვიდრდება. “პიკასო” მოდერნისტი მხატვრის ბიოგრაფიის ინტერპრეტაციაა პოსტმოდერნის ეპოქაში, ან მოდერნისა და პოსტმოდერნის შერიგების ცდა, პიკასოს “მტრედის” სახით. უფრო მეტიც, ფსიქოანალიზისა და ქრისტიანობის შერიგების ცდაც - პიკასოს ბიოგრაფია: დაპირისპირება მამასთან, მამისგან გაქცევა და შემდეგ - “უძღები შვილის დაბრუნება” მწერალ-პედიატრისთვის მეოცე საუკუნის ყველაზე ძლევამოსილი სიმბოლოა. იმხანად, როცა ეს წიგნი იწერებოდა, თენგიზ ვერულავამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა:


[თენგიზ ვერულავას ხმა]: “ბავშვი როცა იბადება, გადაადგილების, ანუ ლოკომოტივაციის, რეფლექსი მას უპირობო აქვს. ამიტომ ეძებს დედის ძუძუს. ეს შინაგანი მოთხოვნილებით ვითარდება. შემდეგ რა ხდება... ბავშვი უკვე სწავლობს, ხვეწს ამ თამაშს. შემდგომ ეტაპზე შეიძლება დაიღალოს ან ჩაეძინოს ამ თამაშში... ბავშვის განვითარების ეს ეტაპები - უპირობო თამაშისა, შემდეგ - თამაშისა და ბოლოს - თამაშის არსურვილისა, არის არა მარტო ბავშვის განვითარების საფეხურები, არამედ კაცობრიობის განვითარების საფეხურებიც. ისევე როგორც ემბრიონი იმეორებს ბიოგენეტიკური განვითარების კანონს, ასევე კაცობრიობის განვითარების საფეხურები არის თითოეული ინდივიდის განვითარების საფეხურები..”

თენგიზ ვერულავა დარწმუნებულია, რომ “ეჭვის ეპოქა”, მოდერნიზმი, დასრულდა და კულტურამ უარი თქვა დესტრუქციულ ვნებებზე. კულტურა აღარაა ის ბავშვი, რომელსაც სათამაშოს გაფუჭება, დამტვრევა იტაცებს. კულტურა ემსგავსება დინჯ და ჩაფიქრებულ არსებას, რომელიც ჭკუას კარგავს სხვადასხვა ტიპის სათამაშო კონსტრუქტორებზე.

[თენგიზ ვერულავას ხმა]: “უნდა გამოირიცხოს კიდევ დეკარტეს მოსაზრება - “ვარსებობ, ე.ი. ვეჭვობ”. ეჭვი არ უნდა შეგეპაროს არც მამის არსებობაში, არც ღმერთის არსებობაში.”

ვერ გეტყვით, იზიარებენ თუ არა მწერალ-პედიატრის ამ მოსაზრებას გალერეა “უნივერსში” მოწყობილი ექსპოზიციის, “ფიროსმანის ფერისცვალების”, ავტორები, იური მეჩითოვი და მაია დეისაძე. ერთ-ერთ ინტერვიუში მათ განაცხადეს, რომ სიტყვას “ფერისცვალება” აქ “რელიგიური დატვირთვა” არა აქვს. უბრალოდ, ფიროსმანის გენიალური ხელოვნება იმპულსებს ქმნის ამ “ფერისცვალებისთვის”, ე.ი. ინტერპრეტაციისთვის... როცა შეგიძლია, მაგალითად, გააშიშვლო დიდი მხატვრის აქტრისა მარგარიტა, ჩართო ფიროსმანის შედევრებში ფოტოგრაფია, კოლაჟად აქციო სურათი და ამით არაფერი დაუშავო გენიალურ მხატვარს. ოცდამეერთე საუკუნე კი “გენიალურ მხატვრად” სწორედ იმას მიიჩნევს, ვისი შემოქმედებაც ექვემდებარება ინტერპრეტაციას, ვინც ახლოს გიშვებს, მასთან თამაშის საშუალებას გაძლევს. მერე რა, რომ “უნივერსში” გამოფენილი მეჩითოვისა და დეისაძის ნამუშევრები აბსოლუტური კიტჩია. თანამედროვე კულტურაში ხომ მკვიდრდება ის, ვისაც კიტჩის არ ეშინია. საბედნიეროდ, ეროვნული კულტურის დამცველმა-რეტროგრადებმა “ფიროსმანის ფერისცვალება” ადვილად გადახარშეს და პროტესტი არ გამოუთქვამთ. როგორც ჩანს, არ მიაქციეს ყურადღება... შეიძლება ისინი მეტისმეტად გაიტაცა “თამაშმა”, რომლის შესახებ ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ჩვენს მომდევნო მიმოხილვაში გიამბობთ.