ამერიკა ცდილობს გაეროს უშიშროების საბჭოს ერაყის შესახებ ახალი რეზოლუცია მიაღებინოს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს გადასცა ახალი რეზოლუციის პროექტი, რომელიც დროებითი, ამერიკულ-ბრიტანული ადმინისტრაციის მიერ შექმნილი, ერაყის მმართველი
საბჭოს უფლებამოსილებას ცნობასა და ერაყში გაეროს სპეციალური მისიის შექმნას ითვალისწინებს. დიპლომატიური წყაროების ცნობით, პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ამ კვირაში იგეგმება და მასზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ერაყის ხელისუფლების ლეგიტიმაციის გაჭიანურებული საკითხის მოგვარება.

კვირის დასაწყისში, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები - ამერიკის შეერთებულმი შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი - შეუდგენენ ახალი რეზოლუციის პროექტის განხილვას, რომელიც, ერთი თვის წინ დანიშნული ერაყის მმართველი საბჭოს უფლებამოსილები სცნობას ითვალისწინებს. ამერიკის ოფიციალური წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ რეზოლუციას მხარს დაუჭერენ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები, რადგან, პროექტი ასევე ითვალისწინებს ერაყში გაეროს ოფიციალური წარმომადგენლობის მისიის შექმნას.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის პროექტი დადებითად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იური ფიოდოროვმა, რომელმაც დოკუმენტს "ქვეყანაში წარმომადგენლობითი მთავრობის ლეგიტიმაციისკენ მიმართული პირველი სერიოზული ნაბიჯი უწოდა." გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმაც მოუწოდა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ ერაყის მმართველ საბჭოს.
თუმცა, საბჭოს უფლებამოსილების ცნობისგან თავს იკავებს ზოგიერთი არაბული ქვეყანა, ვინაიდან მმართველი საბჭო მთლიანად ამერიკის მიერ იქნა შერჩეული.
მაგრამ როგორც კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ორგანიზაციათა ცენტრის დირექტორი ედუარდ ლაკი აცხადებს, რეზოლუციის მიღება მნიშვნელოვანწილად შეარბილებს ოპონენტი ქვეყნების დამოიკდებულებას.

[ედუარდ ლაკის ხმა] ნს 081301 "აზრთა სხვადასხვაობისა და იმის გამო, რომ გაეროს მხოლოდ რამდენიმე წევრი სახელმწიფო უჭერდა მხარს ინტერვენციას ერაყში, ზოგიერთ ქვეყანას, ახლა, საკუთარი საზოგადოების წინაშე თავის გასამართლებლად, სჭირდება ამგვარი ექსტრალეგიტიმაცია გაერთიანებული ორგანიზაციის სახელით. იმისთვის, რომ შეეძლოთ თქვან, რომ ამ წინადადებას არა ამერიკის კარნახით ღებულობენ, არამედ მთელი საერთაშორისო საზოგადოების სურვილის გათვალისწინებით."

როგორც ცნობილია, ერაყის მმართველ საბჭო აღჭურვილია უფლებამოსილებით დანიშნოს მინისტრები და დიპლომატიური წარმომადგენლობები. სამშაბათს კი საბჭომ უკვე შექმნა იურისტთა ჯგუფი, რომელსაც საკონსტიტუციო ასამბლეის შერჩევა დაევალა. 12 აგვისტოს, მმართველმა საბჭომ ნება დართო ექვს საერთაშორისო ავიაკომპანიას ორი კვირის მანძლზე განახორციელოს ფრენები ბასრას აეროპორტიდან.

რაც შეეხება გაეროს ახალ მისიას ერაყში, რომელსაც ახალი რედაქციით "ერაყისთვის გაეროს დახმარების მისია ერქმევა", იგი 300 წევრისგან იქმნება დაკომპლექტებული, რომლეთა უმრავლესობა ერაყელები იქნებიან და ისინი იმუშავებენ ორი მიმართულებით: გააგრძელებენ პროგრამას სახელწოდებით "სურსათი-საწვავის სანაცვლოდ" და დაეხმარებიან მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვაში.

გაეროს ნომერ 1483-ე რეზოლუციას, რომელიც ამერიკის მიერ შერჩეული ერაყის მმართველი საბჭოს ლეგიტიმაციას ითვალისწინებს, არასაკამარისად მიიჩნევენ გერმანია და საფრანგეთი. ამ ქვეყნების პრინციპული მოთხოვნაა, რომ გაძლიერდეს გაეროს როლი ერაყის რეკონსტრუქციის პროცესში და ამ ქვეყნისთვის შეგროვებული სახსრების განკარგვის უფლებაც დამოუკიდებელ უწყებებს მიეცეთ.