პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს

თამარ ჩიქოვანი, თბილისი რატომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში? - ეს კითხვა ყველაზე ხშირად გაისმოდა 21 აგვისტოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის სეკვესტრის საკითხის განხილვისას.
ფრაქციათა ხელმძღვანელების ერთი ნაწილი აღმასრულებელი ხელისუფლების კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების აუცილებლობაზე აკეთებდა აქცენტს. მცირე ნაწილი კი, თავად სეკვესტრის გაპროტესტების მიუხედავად, ამ სიტუაციაში მთავრობის მიერ წარმოდგენილი პროექტის მხარდაჭერის აუცილებლობას აღიარებდა. როგორ წარიმართა დებატები პარლამენტში?


დებატები პარლამენტში მთავრობის წევრებისთვის მეტად მძიმედ წარიმართა. კომიტეტების თავმჯდომარეების დიდი ნაწილი არა მხოლოდ მხარს არ უჭერს ბიუჯეტის სეკვესტრის პროექტს, არამედ კონკრეტული მინისტრების თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს. პირველი, ვინც ფინანსთა მინისტრის მირიან გოგიაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი გახლდათ. ის აღშფოთებულია იმით, რომ ბიუჯეტის სეკვესტრისას პროცენტულად დაფინანსება ყველაზე მეტად ძალოვან სამინისტროებს აკლდება: თავდაცვის სამინისტროს - 14,2 პროცენტი, საზღვრის დაცვის დეპარტამენტს - 19 პროცენტზე ოდნავ ნაკლები, დაზვერვის სამმართველოს - 21 პროცენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს - 10 პროცენტი. ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით:
[ ირაკლი ბათიაშვილის ხმა] " ვინაიდან ბიუჯეტზე პასუხისმგებელი ფინანსთა სამინისტროა და სწორედ მისი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო მუშაობისა და კანონის არაერთგზის დარღვევის გამო აღმოჩნდა ქვეყანა მძიმე საბიუჯეტო კრიზისში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მოითხოვს კონკრეტულად ფინანსთა მინისტრის და სხვა პასუხისმგებელი პირების თანამდებობიდან გათავისუფლებას."
პარლამენტარ დავით სალარიძის განცხადებით, ის მხარს არ დაუჭერს ბიუჯეტის სეკვეტრს, თუ, ბოლოს და ბოლოს, არ გაირკვა, ვინ არის დამნაშავე:
[ დავით სალარიძის ხმა] " პირველადაა ქვეყანაში ასეთი მძიმე ვითარება, ხელფასების დარიგების თვალსაზრისით. 15 მილიონი დავალიანება არასდროს ყოფილა. და, ალბათ, ხელფასის მიმღები ადამიანი ტყუის. ალბათ, ტყუის იმ ჯარისკაცის დედა, რომელსაც თავისი შვილი ვერ გაუშვია ჯარში იმიტომ, რომ ისიც მშიერი ეყოლება ამ სეკვესტრის გამო. ალბათ, ყველაზე მეტად ისინი ტყუიან. აი, სად არის ძაღლის თავი დამარხული და რა კითხვებსაც უნდა დღეს პასუხის გაცემა."


ძაღლის კიდევ ერთი დამარხული თავი ოპოზიციამ სხდომისას აღმოაჩინა - კერძოდ, ის, რომ 16 კომიტეტიდან 8 კომიტეტს ამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხთნ დაკავშირებით არანაირი მოსაზრება არ გააჩნია. გაერთიანებული დემოკრატების წევრი ვასილ მაღლაფერიძე გაკვირვებას ვერ მალავდა:
[ ვასილ მაღლაფერიძის ხმა] "უმრავლესობას შეიძლება გაუგო, ოპოზიციას შეიძლება გაუგო, მაგრამ უპოზიციობა გაუგებარია. ეს არის, ელემენტარულად, რაც აქცევს ქვეყანას."
მთლიანობაში, ოპოზიცის პოზიცია ასეთია: ერთი ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს სეკვესტრს, თუ მთავრობა მთლიანად გადადგება; ოპოზიციის მეორე ნაწილი - მაგალითად, აღორძინება - საერთოდ არ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას. რა გეგმები აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას? - ამის შეტყობა შესაძლებელი იქნება სახელმწიფო მინისტრის მოადგილე გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუდან.