როგორ აპირებს საქართველოს ხელისუფლება მოხელეთა მატერიალური მოტივაციის ამაღლებას?

სახელმწიფო მოხელეთა შრომის დაბალი ანაზღაურების პირობებში კორუფციასთან ბრძოლა ქარის წისქვილებთან ბრძოლას წააგავს. ამიტომ საქართველოს ახალი ხელისუფლება,
რომელიც წამყვან თანამდებობებზე საზღვარგარეთ განათლებამიღებულ კადრებს ეპატიჟება, სერიოზული პრობლემის წინაშე დგას - ფინანსურად უზრუნველყოს რეფორმა და მარტო ენთუზიაზმის ანაბარა არ დატოვოს სახელმწიფო მოხელე. ამ პრობლემის მოსაგვარებლად პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო კანონი "რეფორმების განვითარებისა და უზრუნველყოფის ფონდის" შესახებ. თუმცა კანონმდებლებსა და ექსპერტებში გაჩნდა ეჭვი, რომ ამ კანონით, შესაძლოა, ხდებოდეს კორუფციის დაკანონება.


ყველა მინისტრი, რომელიც "ვარდების რევოლუციის" შემდეგ დაინიშნა, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ან კერძო სექტორიდან მოდის, ან - საერთაშორისო ინსტიტუტიდან, სადაც მათი ხელფასი რამდენიმე ათას დოლარს უტოლდებოდა. საქართველოში კი, როგორც ცნობილია, მინისტრის საშუალო ხელფასი 140-დან 300 ლარის ფარგლებში მერყეობს. კიდევ უფრო ნაკლები ანაზღაურება აქვთ მინისტრის მოადგილეებს, დეპარტამენტისა და განყოფილების ხელმძღვანელებს, რომლებაც ასევე, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობისა და ბურჯანაძე-დემოკრატების პარტიული მრევლიდან შეირჩევა.

მიუხედავად არჩეული პრეზიდენტისადმი მაღალი ნდობისა, საქართველოში ძალიან ცოტა ვინმეს თუ სჯერა, რომ მაღალანაზღაურებადი კერძო პირი 100 ლარიან სახელმწიფო სამსახურში მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების გამო მიდის და არა იმიტომ, რომ თანამდებობა პირადი კეთილდღეობისათვის გამოიყენოს. ჩანს, ასეთი ენთუზიასტებისა არც ახალ ხელისუფლებას სჯერა, რომელმაც საქართველოს პარლამენტს შესთავაზა კანონი "რეფორმების განვითარებისა და უზრუნველყოფის ფონდის"შექმნის შესახებ. კანონის თანახმად, დონორი ორგანიზაციები ამ ფონდში ჩარიცხავენ გარკვეულ თანხებს, რაც, სხვა პროგრამების დაფინანსების გარდა, თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურებასაც მოხმარდება. ერთ-ერთი გამარჯვებული პარტიის - "ბურჯანაძე-დემოკრატების" ფრაქციის - წევრი, პარლამენტარი ვასილ მაღლაფერიძე ასეთი ფონდის არსებობას მიესალმება. თუმცა მაღლაფერიძე შეშფოთებას გამოთქვამს იმ მუხლის გამო, რომელიც ფონდში ფულის ჩარიცხვის უფლებას, ანონიმურობის დაცვით, კერძო პირებსაც აძლევს, რითაც ირღვევა გამჭვირვალობის პრინციპი.

[ვასილ მაღლაფერიძის ხმა] "შინაარსი და მიზანი არის ბრწყინვალე, მაგრამ შევსების წყარო, ერთ-ერთი წყარო - "გ" პუნქტი - მაშფოთებს. ეს არ იქცეს სახელმწიფო რეკეტის ფორმად."

მაღლაფერიძე ბრჭყალებს ხსნის და განმარტავს, რომ ანონიმურობის შემთხვევაში, რასაც კანონი ითვალისწინებს, "რეფორმების განვითარებისა და უზრუნველყოფის ფონდში" შესაძლებელია მოხვდეს "შავი ფულიც" და ის ფულიც, რომელიც რომელიმე მინისტრის ქრთამისთვის იყო გამიზნული. პარლამენტარის ამგვარ შეშფოთებას ექსპერტები და კორუფციის თემაზე მომუშავე ჟურნალისტებიც იზიარებენ. მათ შორისაა ყოველდღიურ გაზეთ "ალიას" რედაქტორის მოადგილე ქეთი ხატიაშვილი, რომელიც ამგვარ ფარულ შენატანს ქრთამის დაკანონებას ადარებს.

[ქეთი ხატიაშვილის ხმა] "როდესაც მინისტრი ხელფასს იღებს ისეთი ადამიანისგან, რომლის ანონიმურობაც არის გარანტირებული და დაცული, ეს, ალბათ, ნიშნავს ქრთამს. ესე იგი გამოდის, რომ შევარდნაძის დროს, როდესაც ქრთამებს იღებდნენ, ეს ითვლებოდა კორუფციად. ახლა გამოდის, რომ ჩვენ ამ ქრთამებს დავაკანონებთ."

ძნელია პირდაპირ ანალოგზე საუბარი, მაგრამ საქართველოს სინამდვილეში უკვე იყო პრეცედენტი ქრთამის დაკანონების მცდელობისა. ლაპარაკია სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელ 200 ლარზე, რომელსაც ადრე წვევამდელები პირადად სამხედრო კომისრებს აძლევდნენ. "რეფორმებისა და განვითარების ფონდის" შესახებ კანონის მიღება ადასტურებს, რომ ახალი ხელისუფლება ენერგიულად განაგრძობს ბიუჯეტის შევსების არატრადიციული, ალტერნატიული წყაროების ძიებას. და ეძებს მას ეგრეთ წოდებულ ოლიგარქებში, რომლებიც აქამდეც არ ერიდებოდნენ ჯიბეზე ხელის გაკვრას პომპეზური ღონისძიებების დასაფინანსებლად. განსხვავება ის არის, რომ ამჯერად მათ ახალი მინისტრების ხელფასების დაფინანსებაზე ზრუნვაც მოუწევთ.