ევროპის კავშირი და ბალტიისპირა ქვეყნები რუსეთთან შეთანხმებას აღწევენ

ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ლუქსემბურგში ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება,
რომლის თანახმად, ორ მხარეს შორის პარტნიორობა და თანამშრომლობა გავრცელედბა კავშირის ათ ახალ წევრზეც. ერთ-ერთი უკანასკნელი საკითხია, რომელიც ხელს უშლიდა ევროპის კავშირსა და რუსეთს შორის ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას, გახლდათ ესტონეთსა და ლატვიაში რუსულენოვანი უმცირესობების მდგომარეობა.

მრავალკვირიანი ჭიდილის შემდეგ ევროპის კავშირმა და რუსეთმა სამშაბათს ბრიუსელში ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას კავშირის გაფართოების თაობაზე.

უკანასკნელ დღეებში ორმა მხარემ ყველა ის სადაო პრობლემა გადაჭრა, რომლებიც რუსეთისთვის გაფართოების შესაძლო უარყოფით ეფექტს უკავშირდება. გასულ კვირაში შეთანხმება იქნა მიღწეული კალინინგრადის ოლქსა და დანარჩენ რუსეთს შორის საქონლის მიმოქცევის თაობაზე.

სამშაბათს შეთანხმებას მიაღწიეს განსაკუთრებით მწვავე საკითხზე - ესტონეთსა და ლატვიაში რუსულენოვან უმცირესობათა მდგომარეობაზე. მოსკოვი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ ამ ორ ქვეყანაში ასობით ათასი რუსულენოვანი მოსახლეობა დისკრიმინაციას განიცდის. რუსეთი აცხადებდა, რომ ამ საკითხის მოუგვარებლად არ გაავრცელებდა პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას კავშირის ახალ წევრებზე.

სამშაბათს ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ევროპის კავშირის წარმომადგენლებს შორის. მიღწეული კომპრომისის თანახმად, ერთობლივ დეკლარაციაში ვკითხულობთ: "ევროპის კავშირი და რუსეთის ფედერაცია მიესალმებიან ევროპის კავშირში გაწევრიანებას, როგორც ადამიანის უფლებებისა და უმცირესობათა დაცვის მყარ გარანტიას."

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრისტიინა ოიულანდმა განუცხადა ჩვენს რადიოს, იგი კმაყოფილია მიღწეული შეთანხმებით. [ოიულანდის ხმა] "ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ევროპის კავშირის პოზიცია, რომელიც პარასკევს შემუშავდა, არ შეცვლილა. იგი რუსეთის მხარეს გადაეცა. ჩემის აზრით, ეს პოზიცია სრულად ასახავს სოლიდარობის პრინციპს, რომელიც ევროპის კავშირის წევრობის განუყოფელი ნაწილია."

რუსეთი მოითხოვდა, რომ ესტონეთისა და ლატვიის მთავრობათა მიმართ უფრო კრიტიკული ტექსტი ყოფილიყო მიღებული და საუბარი ყოფილიყო უმცირესობათა "სოციალურ ინტეგრაციაზე", მაგრამ ევროპის კავშირმა უარი თქვა ასეთ ფორმულირებაზე.

როგორც კავშირის ანონიმმა წარმომადგენელმა უთხრა ჩვენს რადიოს, მომავალშიც დახმარებას აღმოუჩენენ "საზოგადოებაში უმცირესობათა ჩართვას". ახალ ვარიანტში ესტონეთი და ლატვია ნახსენები არ არიან.