საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვი საგანგაშოდ გაიზარდა

წელს, იანვრიდან აპრილის ჩათვლით, საქართველოში აღირიცხა789 ავტოავარია, რაც იმავე პერიოდის შარშანდელ მაჩვენებელს, დაახლოებით, 32 პროცენტით აღემატება.
იმავე სამწუხარო სტატისტიკის მიხედვით, დაღუპულთა რიცხვი, დაახლოებით, 13-ით, ხოლო დაშავებულთა რიცხვი, დაახლოებით, 28 პროცენტით გაიზარდა. შექმნილ სურათს ექსპერტები მძიმესა და საგანგაშოს უწოდებენ.

(ისმის მანქანის ძრავის ხმა)

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი გიული აბულაძე, რომელიც საბჭოთა ეპოქის ტელემაყურებლებს შესანიშნავად ახსოვთ, ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის ბოლოდროინდელ ზრდას საგანგაშოს უწოდებს:

(გიული აბულაძის ხმა) "საკმაოდ საგანგაშო ციფრებია. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში 4 თვის მონაცემების ასეთი სწრაფი ზრდა არ გვქონია."

ტრადიციული მიზეზების გარდა, როგორიც არის, მაგალითად: დაშვებული სიჩქარის გადაჭარბება, საჭესთან სიმთვრალე ანდა გასწრების წესების დარღვევა, ჩემთან მოსაუბრე მძღოლების აზრით, ავტოავარიას სხვა მრავალი მიზეზიც იწვევს:

(მძღოლი მამაკაცის ხმა) "როცა არ ვარგა გზა, მძღოლი იძულებით მარჯვნივ-მარცხნივ გადადის და გადმოდის და ავარიული მდგომარეობა ამის გამო ხშირია."

(მძღოლი ქალის ხმა) "ძალიან ბევრმა ისე გაბედა საჭესთან დაჯდომა, რომ მანქანის მართვა წესიერად არ იცის. . . გზების არასწორად დახაზვა, განათება... და კიდევ, ფეხით მოსიარულეები ქუჩაზე ზემოდან რომ გადადიან." (სტილი დაცულია)

როგორც სტატისტიკა მოწმობს, ქვეითად მოსიარულეთა ბრალი მართლაც დიდია. გიული აბულაძის თქმით, ქვეითების გაუფრთხილებლობა, განსაკუთრებით კი - თბილისში, ყოველგვარ საზღვრებს სცილდება:

(გიული აბულაძის ხმა) "დედაქალაქში მომხდარ ავარიათა 60% ქვეითად მოსიარულეებზე დაჯახების შემთხვევებზე მოდის. და აქედან თითქმის 100-ვე პროცენტი სწორედ ქვეითად მოსიარულეთა მიზეზით ხდება."(სტილი დაცულია)

თავსაც იღუპავენ და ჩვენც გვღუპავენ, - სასტიკად ცხარობენ მძღოლები და ქვეითად მოსიარულეებს, ეთერში რომ არ ითქმის, ხშირად ისეთ სიტყვებს უგზავნიან ხოლმე:

(ისმის მანქანის სიგნალი)

რა თქმა უნდა, ყველა ზემოხსენებული მიზეზი საფუძვლიანად გასათვალისწინებელია და ამაზე დავაც ზედმეტია. თუმცა არც ის არის სადავო, რომ ეს მიზეზები ყოველთვის არსებობდა. აქედან გამომდინარე, ვიცე-პოლკოვნიკ გიული აბულაძის ვარაუდით, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი უბედურ შემთხვევათა რიცხვის ზრდისა.

საგზაო პოლიციის მთავარი სამმართველოს შტაბის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი ინსპექტორი აბულაძე ფიქრობს, რომ კორუფციასთან - მართალია, სამართლიან - ბრძოლას, ნებსით თუ უნებლიეთ, პოლიციელთა სახელის დაკნინება მოჰყვა, რამაც მძღოლები და ქვეითები გაათამამა:

(გიული აბულაძის ხმა) "ისედაც უკიდურესი უდისციპლინობით გამოირჩეოდნენ მძღოლებიც და ქვეითად მოსიარულეებიც და ახლა უფრო მეტად იფეთქა დაუსჯელობის სინდრომმა. რაღაც სილაღე იგრძნეს ერთგვარი."

მთავარია ამ სილაღემ - ანუ, სხვა სიტყვებით, თავხედობამ - სავალალო შედეგები არ მოიტანოს, თორემ, თავადაც მოგეხსენებათ, უბედური შემთხვევა მხოლოდ სტატისტიკა არ არის.