ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელობა სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს
სამხრეთი კორეის ლიდერთა მოქმედების გამო, რომლებმაც, როგორც გაირკვა, დამალეს მონაცემები უწინდელი ბირთვული პროგრამების შესახებ. ამის შესახებ სააგენტოს დირექტორმა მოჰამედ ბარადეიმ ვენაში ისაუბრა, სადაც დღეს ხსენებული უწყების საგანგებო სხდომა გაიხსნა. სხდომის მონაწილეები სამხრეთი კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამების საკითხებზე მსჯელობენ. აი, რა თქვა ბარადეიმ ირანთან დაკავშირებით: [მოჰამედ ბარადეის ხმა] "ჩემი აზრით, საკმაოდ მკაფიოდ ავუხსენი ირანს, რომ ყველა პირობა აქვს იმ სარგებლის მისაღებად, რომელსაც მას მოუტანს ბირთვული პროგრამების გამჭვირვალეობა. იგი უნდა ცდილობდეს, მოლაპარაკებათა ამ რთულ სტადიაში რაც შეიძლება მეტი ნდობა დაიმსახუროს. ვფიქრობ, ეს შეიძლება გახდეს და გახდება კიდეც დასაწყისი უფრო ფართო დიალოგისა, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკური გზით მოვაგვაროთ." ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ თეირანი საიდუმლოდ მუშაობს ატომური იარაღის შექმნაზე. ირანი ამ ბრალდებას უარყოფს. დღესვე, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ გააფრთხილეს ირანი, რომ თუ მალევე არ მოგვარდა უთანხმოება ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო, ეს საკითხი განსახილველად გადაეცემა გაეროს უშიშროების საბჭოს.