„მოულოდნელი“ არჩევნები აფხაზეთში

თამარ ჩიქოვანი, თბილისი ის, რაც აფხაზეთში 3 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხდება, მოულოდნელი აღმოჩნდა როგორც ენგურს გამოღმა საქართველოსთვის, ისე რუსეთისა და თავად აფხაზეთისთვის.
ალბათ, 2 ოქტომბერსაც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ რუსეთის კანდიდატ რაულ ხაჯიმბას არჩევნებისას რაიმე სერიოზული წინააღმდეგობა შეექმნებოდა. არადა, სოხუმის ხელისუფლების ახალი ლიდერის ვინაობა კვლავ უცნობია.

ბოლო დღეებში სოხუმთან დაკავშირება პრაქტიკულად შეუძლებელია - ისიც კი, ვისაც მხოლოდ შორეული ნაცნობები ეგულება სოხუმში, ტელეფონის დახმარებით ცდილობს პირველწყაროდან იმის დადგენას, თუ რა ხდება სოხუმის ქუჩებში, მოსალოდნელია თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატების მომხრეებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება და, რაც მთავარია, რა შეიცვლება 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთში.
ფაქტი ერთია - ის, რაც 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აფხაზეთში ხდება, ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: ოფიციალური თბილისისთვის, რომლის წარმომადგენლები 3 ოქტომბრის არჩევნებს ფორმალობად მიიჩნევდნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ რაულ ხაჯიმბასა და რუსეთის პრეზიდენტის სოჭის შეხვედრის შემდეგ არჩევნების შედეგი ნათელი იყო; რუსეთისთვის, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ არჩევნების წინა დღეს სოხუმში მივლინებული რუსეთის დუმის დელეგაციისა და პოპ-მომღერლების მოწოდება, მხარი “სწორ” კანდიდატს, რაულ ხაჯიმბას, დაუჭირეთ, თორემ რუსეთი საზღვარს ჩაგიკეტავთო, - ყველაზე რეალურ არგუმენტად იქცეოდა აფხაზური ელექტორატისთვის; და, რაღა თქმა უნდა, მომხდარი მოულოდნელი აღმოჩნდა თავად აფხაზეთის პოლიტიკური ელიტისთვისაც, რომელსაც თითქოს უნდა სცოდნოდა, რა სურს მის ხალხს.
სოხუმიდან მიღებული ბოლო ცნობებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, უნდა გამოეცხადებინა. 6 საათისთვის გაირკვა, რომ ტექნიკური პრობლემების მომიზეზებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების გამოცხადება 6 ოქტომბრის დილისთვის გადადო. ექსპერტთა აზრით, ამ დროისთვის მოვლენების განვითარების სამი სცენარი არსებობს. პირველი: ცენტრალური საარჩევნო კომისია გამარჯვებულად მაინც რაულ ხაჯიმბას აღიარებს, რაც აუცილებლად გამოიწვევს შეიარაღებულ შეტაკებებს - სერგეი ბაღაფშის მხარდამჭერი ორგანიზაცია „ამცახარას“ შეიარაღებული წევრები არ მალავენ, რომ გამარჯვებას არავის დაუთმობენ. სცენარი მეორე: ცენტრალური საარჩევნო კომისია გამარჯვებულად სერგეი ბაღაფშს აღიარებს, რის შემდეგაც რაულ ხაჯიმბა რამდენიმე საარჩევნო ოლქის - უპირველესად კი, გალის არჩევნების შედეგების - გაუქმების თხოვნით სასამართლოს მიმართავს. პროცესი რა შედეგით დასრულდება, ძნელი სათქმელია. და მესამე, ყველაზე რეალური სცენარი: დაინიშნება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობას ძირითადი კანდიდატები - ხაჯიმბა და ბაღაფში - მიიღებენ. აფხაზური კანონმდებლობით, მეორე ტური არჩევნების შედეგის გამოცხადების შემდეგ ორი კვირის განმავლობაში უნდა გაიმართოს. ეს ორი კვირა, ექსპერტთა აზრით, საკმარისი იქნება ბაღაფშთან საერთო ენის გამოსანახავად.
ასეა თუ ისე, მიუხედავად იმისა, როგორი სცენარით წარიმართება მოვლენები, ერთი რამ ნათელია: აფხაზეთში ცვლილებებია და ეს ცვლილებები კვლავ გაგრძელდება. იმედია, ოფიციალური თბილისი ამ ცვლილებებიდან რეალურ დასკვნებს გამოიტანს.