ირღვევა თუ არა ყოფილ სახელმწიფო მოხელეთა უფლებები

დავით პაიჭაძე, თბილისი 2004 წელი სახელმწიფო სამსახურიდან თანამშრომელთა უპრეცედენტო დათხოვნით აღინიშნა. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით საგანელიძე აღნიშნავს, რომ დათხოვნილ საჯარო მოხელეთა რიცხვი 15 ათასს აღწევს, პოლიციიდან გაუშვეს დაახლოებით 13 ათასი ადამიანი, ხოლო სხვა სამსახურებიდანაც რამდენიმე ათასი კაცია გაშვებული. დავით საგანელიძე ამტკიცებს, რომ მათი უმეტესობა კანონით გათვალისწინებული კომპენსაციის გარეშე დატოვეს. მე შევეცადე ვითარებაში გავრკვეულიყავი.

დღეს შეჩერებულია ყველა ის მუხლი საჯარო სამსახურის შესახებ კანონსა და საქართველოს შრომის კოდექსში, რომელიც არეგულირებს საჯარო მოხელეებისა და სახელმწიფოს ურთიერთობას, - ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი, ახალი მემარჯვენე დავით საგანელიძე. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავისუფალია არაერთი ვალდებულებისაგან:

[საგანელიძის ხმა] “დღეს ხელისუფლებას აქვს უფლება, პირდაპირ უთხრას მოსამსახურეებს, ხვალ აღარ მოხვალთ სამსახურშიო. მათ აღარც წინასწარ აფრთხილებენ და აღარც რაიმენაირ კომპენსაციას აძლევენ. ამავე დროს, იყო გარკვეული სარგოები წელთა ნამსახურობის მიხედვით: თუ ადამიანი, ვთქვათ, სამ წლამდე მუშაობდა, მას ერთი თვის ხელფასი ეძლეოდა, 5 წლამდე - ორი თვის, 10 წლის სტაჟის მქონეს - 6 თვის ხელფასს აძლევდნენ და ა.შ. ახლა ეს ყველაფერი შეჩერებულია.”

დავით საგანელიძე დასძენს, რომ შეჩერებულია ასევე ყველა ის მუხლი მთიანი რეგიონების შესახებ კანონში, რომელიც ითვალისწინებს შეღავათებს ამ რეგიონების მკვიდრთათვის. ახალი მემარჯვენეების გათვლით, ამჟამად ყველა შეჩერებული კომპენსაცია თუ შეღავათი 18 მილიონ ლარს შეადგენს. მთავრობას ივლისის თვეში, 200 მილიონიანი პროფიციტის პირობებში, არ აღმოაჩნდა სურვილი ეს ფული გაეღო, - ამბობს დავით საგანელიძე.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ამბობს, რომ ხსენებულ პრობლემებს ვერ გადაწყვეტენ მთავრობასთან შეთანხმების გარეშე. მისი თქმით, პარლამენტი არ ეწინააღმდეგება შეჩერებული ნორმების ამოქმედებას, განსაკუთრებით, სამსახურიდან დათხოვნის შესახებ წინასწარი შეტყობინების ვადის გაზრდას:

[წერეთლის ხმა] “მით უმეტეს, სტრუქტურული ცვლილებებისა და თანამშრომელთა დათხოვნის ტალღა სამინისტროებსა და დეპარტამენტებში უკვე ჩავლილია. ასე რომ, ამ პროცესში ადამიანების დიდი რაოდენობა აღარ იქნება ჩართული.”

გიგი წერეთელს ნაკლებ პრიორიტეტულად მიაჩნია საშვებულებო დანამატებისა და საკლასო ჩინის მიხედვით სახელფასო დანამატების საკითხი. თუმცა ხაზგასმით იმეორებს, რომ მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ, რადგან ბიუჯეტი ერთმნიშვნელოვნად აღმასრულებელი ხელისუფლების საგამგებლო სფეროა. საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ოპოზიციის კრიტიკას იმით უპასუხებს, რომ საჯარო სამსახურში ხელფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

სხვათა შორის, რა პრეტენზიასაც “ახალი მემარჯვენეები” უყენებენ ხელისუფლებას, ის, უწინარესად, პროფკავშირების საზრუნავი უნდა იყოს. მაგრამ რაკი ირაკლი ტუღუშმა პროფკავშირების კუთვნილი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის შემდეგ პროფკავშირების გამგეობის თავმჯდომარის პოსტი შეინარჩუნა, ხელისუფლებას, უბრალოდ, გარანტირებული აქვს მისი უპირობო ლოიალობა.