საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს

საქართველოს პროფესიული კავშირების ხელმძღვანელობა ხელისუფლებას ზეწოლასა და გაერთიანების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შანტაჟის გზით მითვისების
მცდელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე ლაშა ჭიჭინაძე აცხადებს. რა გახდა ხელისუფლებასა და პროფკავშირების ხელმძღვანელობას შორის ბოლო დროს დამთბარი ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი?

საქართველოში ბევრს ეგონა, რომ “ვარდების რევოლუციის” ტალღა პროფესიული კავშირების გაერთიანებაშიც შეაღწევდა. თუმცა მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა. ერთი თვის წინ გაერთიანების მეექვსე ყრილობამ პროფკავშირების ლიდერად კვლავ ირაკლი ტუღუში აირჩია. ფორუმზე სტუმრად მიწვეულმა შრომისა და ჯანდაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა კი პროფკავშირების ხელმძღვანელობისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება შემდეგი სიტყვებით გამოხატა:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა] “მთავრობა არ ერევა არანაირი სახით საარჩევნო პროცედურაში და ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც პროფკავშირები გადაწყვეტს და აირჩევს.”

მაგრამ, როგორ ჩანს, სიტყვაში “თანამშრომლობა” მხარეები - პროფესიული კავშირების გაერთიანება და ხელისუფლება - განსხვავებულ აზრს დებდნენ. ჯერ იყო და პროფკავშირებმა მთავრობის თხოვნა დააკმაყოფილა და ბორჯომპარკი დათმო, შემდეგ კი, ეკონომიკის სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, გაერთიანების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაზაზე კურორტების განვითარების ეროვნული ფონდის შექმნასაც დასთანხმდა.

[ლაშა ჭიჭინაძის ხმა] “პროცენტულად, მართვის თვალსაზრით, ფონდი იმართება პარიტეტულ საწყისებზე, ანუ სახელმწიფო და ჩვენ თანაბრად ვმართავთ ფონდს, ხოლო შემოსული თანხები ნაწილდება 70/30-ზე. 30 - ჩვენ, 70 - სახელმწიფოს. ჩვენ ამ ქონებას კი არ ვაძლევთ ვინმეს, არამედ ერთობლივად, სინქრონულად ვახდენთ ამ ქონების - გარკვეული ქონების -რეალიზაციას, ხოლო გარკვეული ქონება ცალსახად რჩება ჩვენს საკუთრებაში.”

ეს ლაშა ჭიჭინაძე იყო, პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ეჭვობს, რომ ხელისუფლებას პროფკავშირების დანარჩენი ქონების ხელში ჩაგდებაც სურს. ეჭვის საფუძველს მას შემდეგი გარემოება აძლევს: გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, “კურორტინვესტის” ლიკვიდაციისა და “გეოფინინვესტთან” არსებული ფინანსური ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტაციის შემოწმებას აპირებს:


[ლაშა ჭიჭინაძის ხმა] “მოტივაცია, დასაბუთება ამ ბრძანებაში, თუ რატომ უნდა იქნეს ამოღებული ან რა საკითხთან დაკავშირებით, არ არის მოცემული. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუ რას ეძებს ან რას შეიძლება ეძებდეს აქ პროკურატურა. ეს, ალბათ, მიმართულია იქითკენ, რომ გვაიძულონ გავაფორმოთ ხელისუფლებასთან ისეთი შეთანხმება, რომელიც მათ უნდათ. ანუ გვაიძულონ შანტაჟის გზით, რომ დავთმოთ ჩვენ ჩვენი ქონება.”

ალბათ, ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს, თუ რა არგუმენტებს უპირისპირებენ ამგვარ ბრალდებებს პროკურატურის წარმომადგენლები.
პრესცენტრის თანამშრომელი ვითარებაში გარკვევას დამპირდა:

[ქალბატონის ხმა] “მე გავარკვევ, რატომ, იცი? მე ვიცი, რომ ჩვენ, უბრალოდ, ზედამხედველობას ვუწევთ, თორემ მოკვლევას აწარმოებს ფინანსური პოლიცია, მაგრამ მე მაინც გავარკვევ.”

თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პროკურატურიდან მეტი განმარტების მიღება ვერ მოხერხდა. პროფკავშირების ხელმძღვანელობა კი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთობლივი ფონდის შექმნის თაობაზე მიღწეული შეთანხმების შეჩერებით იმუქრება. “ვიდრე პროკურატურა მუშაობას არ დაასრულებს, შეთანხმება ძალაში არ შევა,” - აცხადებენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში.