2004 წელი - “ძველ არმიასთან” გამოთხოვების რთული და წინააღმდეგობრივი გზა

გავრცელებული თვალსაზრისით, ქვეყნის სამხედრო ცხოვრებაში
მომხდარი თავბრუდამხვევი ცვლილებებით, 2004 წელი ყველაზე ფართო ასპარეზს წარმოადგენს ოპტიმისტური შეფასებებისათვის. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ არმიისადმი აღმოჩენილი ყურადღების, სამჯერ გაზრდილი სამხედრო ხარჯებისა და ლამის მთელი ადმინისტრაციული რესურსის სამხედრო ყაიდაზე გადაყვანის მიუხედავად, 2004 წელს გადმოჰყვა რამდენიმე ისეთი ნაკლოვანება, რამაც ჯერ ცხინვალის კრიზისის, შემდეგ კი მუხროვანის ინციდენტის დროს იჩინა თავი. დღეს მინდა თვალი გადავავლოთ 2004 წლის ძირითად სამხედრო მოვლენებს.

“განიარაღდით, დაშალეთ თქვენი შეიარაღებული ფორმირებები და დაიწყეთ მოლაპარაკება საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან,” - მიმართა წლის დასაწყისში ქართველი “კომანდოსებით” გარშემორტყმულმა საქართველოს პრეზიდენტმა აჭარის, ყოფილი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიათა მეთაურებს. უფრო მოგვიანებით კი ასეთი შინაარსის განცხადება გაკეთდა:

[მიხეილ სააკაშვილის განცხადება]

მაგრამ ამ პოლიტიკური მიმართვის შემდეგ არავინ განიარაღებულა. სამაგიეროდ, სააკაშვილის ბრძანებით, დაიწყო სამხედრო ძალების გამალებული შეიარაღება. საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ უკრაინაში 4 წლის წინ გასარემონტებლად გაგზავნილი 5 საბრძოლო ვერტმფრენი და ორი კატარღა გამოისყიდა, აპრილის ბოლოს კი საბერძნეთიდან საჩუქრად მიიღო სარაკეტო კატარღა. და მთელ ამ ტექნიკას, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილ “კომანდოსებთან” ერთად, ფოთთან ახლოს მოუყარა თავი. სამხედრო სწავლება “დიოსკურია 2004” სამშვიდობო ხასიათს ატარებდა, მაგრამ ტანკებისა და ავიაციის გამოჩენამ ადმინისტრაციულ საზღვართან აჭარის მაშინდელი ლიდერი ასლან აბაშიძე წონასწორობიდან გამოიყვანა. 31 აპრილს, აბაშიძის ბრძანებით, ჩოლოქზე გამავალი ხიდი ააფეთქეს, მაგრამ ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააჩქარა მისი რეჟიმის დამხობა. 5 მაისს ასლან აბაშიძე, რამდენიმე დაახლოებულ პირსა და ოჯახის წევრთან ერთად, მოსკოვში გაიქცა, მთელი მისი საბრძოლო ტექნიკა კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს დარჩათ. თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის სამმართველოს უფროსი, პოლკოვნიკი მამუკა ლომსაძე ამ ნადავლით სიხარულს ვერ მალავდა:

[მამუკა ლომსაძის ხმა] “ სამი კონტეინერი მივიღეთ, იარაღით სავსე. მათში 38 მარტო “სტრელაა” და თითო ასეთი კომპლექტი 10 ათას დოლარს აღემატება. იქ იყო კიდევ სერიოზული სნაიპერული შაშხანები, შვეიცარიული წარმოებისა, რუსული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ე.წ. “ფოგოტები” და, რა ვიცი, კიდევ რამდენი რამ.”

აჭარის შემდეგ ჯერი სამხრეთ ოსეთის დაუმორჩილებელ ავტონომიაზე მიდგა. ივნისის დასაწყისში გორში საქართველოს შეიარაღებული ძალების 30-მდე მძიმე საბრძოლო ტექნიკა და რამდენიმე ასეული შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების მებრძოლი გამოჩნდა. მოსახლეობა აღფრთოვანებით ხვდებოდა გორის ქუჩებში გამოჩენილ ტანკებს და ამ ნაბიჯს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის წინაპირობად მიიჩნევდა.

[მოსახლეობის ხმა]
ძალის დემონსტრირება და ჰუმანიტარული შტურმი ცხინვალში თავდაპირველად აჭარის მსგავსი სცენარით წარიმართა. მაგრამ როკის გვირაბს იქიდან შემოსული სამხედრო დახმარებითა და ცოცხალი ძალით გაძლიერებულმა ედუარდ კოკოითმა სადივერსიო მოქმედებისა და ცეცხლის გახსნის ტაქტიკა აირჩია. მსოფლიოს პრესის ფურცლები მოიარა 40-მდე დატყვევებული ქართველი მშვიდობისმყოფლისა და 20-მდე დაღუპული ჯარისკაცის სურათებმა. მთელი თვის განმავლობაში სეპარატისტები უტევდნენ, საქართველოს ჯარი კი თავს იცავდა და მხოლოდ აგვისტოს მეორე ნახევარში შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების ნაწილი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ხელმძღვანელობდა, შეტევაზე გადავიდა და დაიკავა სოფელი თლიაყანა. მაგრამ მხოლოდ ერთი დღით, რადგან მეორე დღესვე თბილისმა და ცხინვალმა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს.

[ირაკლი ოქრუაშვილის ხმა]

ეს ერთთვიანი საბრძოლო ოპერაცია ცხინვალის მისადგომებთან პირველი სერიოზული სამხედრო გამოცდა აღმოჩნდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომელიც მანამდე გამარჯვებას გამარჯვებაზე აღწევდა. და მიუხედავად იმისა, რომ მარცხზე მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტები ლაპარაკობენ, ხელისუფლების შემდგომმა ნაბიჯებმა ცხადყო, რომ ცხინვალის კრიზისმა ხელისუფლებასაც დაუტოვა მარცხის მწარე შეგრძნება. რამდენიმე დღეში: რიყის ქვების საქმე ოსიაურის საწყობში, თანამდებობიდან გადააყენეს გენერალური შტაბის უფროსი გენერალი გივი იუკურიძე, დააპატიმრეს ქართული სამშვიდობო ბატალიონის სარდალი პოლკოვნიკი მიხეილ ქებაძე, გამჟღავნდა საუტილიზაციოდ გატანილი ვარგისი საზენიტო კომპლექსების საქმე და ხელისუფლებამ პირველად დაიწყო საუბარი ღალატზე.
[ბათუ ქუთელიას ხმა]

საქართველოს ხელისუფლებამ ცხინვალთან განცდილი წარუმატებლობა გადაყლაპა, მაგრამ არ დავიწყებია. ამას მიანიშნებს რეზერვისტების გადამზადების გამალებული პროგრამა, რომელიც სწორედ ცხინვალთან ახლოს - ოსიუარის, საჩხერისა და ძევერას საველე ბაზებზე წარმოებს. ამას მოწმობს ახალი საბრძოლო ტექნიკის შესყიდვა უკრაინიდან და, ბოლოს, თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილის დანიშნვნა და ამ დანიშვნის დროს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული არაორაზროვანი ფრაზა, რომ ოქრუაშვილის მინისტრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე გასტანს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საკითხი, თუ რომელი კონფლიქტური კერისკენ არის მიმართული პოლიტიკური ქორის, ირაკლი ოქრუაშვილის, მზერა - სოხუმისა თუ აფხაზეთისკენ?