ევროპის სტერეოტიპების სხვა სახე: კლიშეები, წარსული და რეალობა

ყოველი ჩვენგანი სხვა ქვეყნებისა და ერების შესახებ გარკვეულ წარმოდგენებსა და იერსახეებს ატარებს. ეს იმის მიუხედავად ხდება, თუ რამდენად ვიცნობთ ამ ქვეყნებს და ერებს რეალობაში.
ამ წარმოდგენებს ხშირად სტერეოტიპებს ან კლიშეებს უწოდებენ ხოლმე და ზედმეტად განზოგადებული ხასიათის გამო აკრიტიკებენ კიდეც. თუმცა სხვები ამტკიცებენ, რომ ჩვენს მრავალფეროვან სამყაროში გასარკვევად განზოგადებები გარდაუვალია და რომ სტერეოტიპები თითქმის ყოველთვის შეიცავენ სიმართლის მარცვალს. ყოველკვირეული რუბრიკა ’სხვა სახე’ დღეს ევროპის ქვეყნების შესახებ არსებულ სტერეოტიპებზე მოგითხრობთ. ამ თემაზე მე ბრიტანეთში მცხოვრებ გერმანელ ჟურნალისტს, თომას კილინგერს, ვესაუბრე.


რამდენიმე დღის წინ BBC-ს ელექტრონულ გვერდზე გერმანელი ჟურნალისტის თომას კილინგერის წერილი გამოქვეყნდა, სათაურით ’ევროპის სტერეოტიპები გააზრებას საჭიროებენ’. კილინგერი წერდა, რომ ევროპის ქვეყნების შესახებ არსებული სტერეოტიპები დღევანდელობას აღარ შეესაბამება და რომ დღეს მათი რადიკალური შეცვლაა საჭირო. ’როგორ შეიძლება გერმანიას მოწესრიგებული და მომუშავე ხალხის ქვეყანა ვუწოდოთ, როდესაც მას ყველაზე ახალგაზრდა პენსიონერები, ყველაზე ხნიერი სტუდენტები, ყველაზე მოკლე სამუშაო დღეები და ყველაზე გრძელი შვებულებები აქვს?’ – კითხულობდა გერმანელი ჟურნალისტი.

სტერეოტიპებისა და კლიშეების შესახებ ინტელექტუალები და ექსპერტები უკვე დიდი ხანია, რაც მსჯელობენ. მათი ნაწილი სტერეოტიპს ნეგატიურ ფენომენად მიიჩნევს, ვინაიდან ის მთელი ერის ან ქვეყნის სახეს უხეშად ანზოგადებს და რეალობისგან შორს მდგარ სურათს წარმოაჩენს. მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ, რომ განზოგადებების გარეშე ჩვენს რთულ და მრავალფეროვან სამყაროში გარკვევა შეუძლებელია და, შესაბამისად, სტერეოტიპებს აუცილებელ სააზროვნო მექანიზმად აღიქვამენ. ამ თვალსაზრისით, სტერეოტიპი მხოლოდ მაშინ ხდება ნეგატიური, როდესაც უბრალო აღწერას სცილდება და ერებს შორის სხვაობას ღირებულებად აქცევს - მაგალითად, რომელიმე ერს ან კულტურას სხვაზე მეტად ცივილიზებულად და განვითარებულად ან, პირიქით, ბარბაროსულად და ჩამორჩენილად წარმოაჩენს.

BBC-ს საიტზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორს, თომას კილინგერს, რომელსაც გუშინ საღამოს ტელეფონით დავუკავშირდი, მიაჩნია, რომ სტერეოტიპები თითქმის ყოველთვის შეიცავენ სიმართლის მარცვალს. მისი აზრით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ დროთა განმავლობაში ერები იცვლებიან და, შესაბამისად, აღარც მათ შესახებ არსებული კლიშეები ასახავენ ხოლმე სინამდვილეს. ამის მაგალითად ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარშიც გერმანია მოიყვანა:

[თომას კილინგერის ხმა] “გერმანელების შესახებ არსებული სტერეოტიპები ისტორიას ემყარება - ისინი ყოველთვის წარმოებით და გამომგონებლობით გამოირჩეოდნენ. ასე იყო მეცხრამეტე საუკუნეში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ; და, რა თქმა უნდა, ეს სტერეოტიპი ყველაზე მეტად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამყარდა, როდესაც ქვეყანამ აბსოლუტური ნგრევის შემდეგ სწრაფი განვითარება შეძლო და უძლიერესი ეკონომიკა შექმნა. მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელი დღეა. თანამედროვე გერმანული სისტემა მისივე წარმატების მსხვერპლია - ჩვენ ისეთი ძლიერი ეკონომიკური და სოციალური სისტემა ავაშენეთ, რომ გლობალიზაციის პირობებში მისი შენახვა უკვე აღარ შეგვიძლია. ჩვენ აღარ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს; 5 მილიონი უმუშევარი გვყავს. გერმანელები მიეჩვივნენ სოციალურ შეღავათებს და კარგ ცხოვრებას - გრძელ შვებულებებს, დასვენების პერიოდებს, ადრეულ ასაკში პენსიაზე გასვლას. მათ დაივიწყეს ის თვისებები, რაც ადრე ჰქონდათ და რამაც გერმანია ძლიერ ქვეყანად აქცია - მუშაობის ეთიკა, წარმოების სურვილი და ორგანიზებულობა.”

[გერმანული სიმღერა '700 Jahre']

კილინგერის აზრით, გერმანიასთან ერთად ბრიტანეთიც შეიცვალა და უკვე აღარც ის შეესაბამება მის შესახებ არსებულ სტერეოტიპს:

[თომას კილინგერის ხმა] ”30 წლის წინ ინგლისელებს ჩვენ ’ტემზაზე გასულ შეუძლოდ მყოფ ადამიანებად’ მოვიხსენიებდით. ისინი მუდმივად შვებულებებს იღებდნენ, შუადღეზე ჩაის სვამდნენ ან გაფიცვებს აწყობდნენ. მოკლედ, მუშაობით დიდად თავს არ იწუხებდნენ. მაგრამ ტეტჩერის რევოლუციის შემდეგ, როდესაც, მასობრივი პრივატიზაციის შედეგად, თითქმის ყველა, ვისაც ეგონა, რომ სტაბილური სამუშაო ჰქონდა, ქუჩაში აღმოჩნდა, ბრიტანელები შეიცვალნენ. მათ გაიაზრეს, რომ გადარჩენისთვის ახალი სამუშაო სექტორების შექმნა და მეტი მუშაობა იყო საჭირო. დღეს ბრიტანეთში მუშაობის ეთიკა ბევრად მაღალია, ვიდრე გერმანიაში. ამ ორმა ქვეყანამ, გარკვეულწილად, მათ შესახებ არსებული სტერეოტიპები გაცვალა.”

[ინგლისური ფოლკლორული თემა 'The Queen's Jig]



თომას კილინგერის აზრით, ევროპაში დღეს კიდევ უფრო ზოგადი სტერეოტიპებიც განიცდიან ცვლილებას - მაგალითად, ისეთები, რომლებიც ’სამხრეთ’ და ’დასავლეთ’ ევროპას აღწერენ. მისი თქმით, წარსულს ბარდება დრო, როდესაც მოწესრიგებული და განვითარებული ჩრდილოეთი ევროპა ზემოდან უყურებდა არაორგანიზებულ სამხრეთს:

[თომას კილინგერის ხმა] “ჩრდილოელები - და განსაკუთრებით გერმანელები - ყოველთვის ქედმაღლურად უყურებდნენ ხმელთაშუაზღვისპირელებს. ჩრდილოელები სამხრეთელებს ზარმაც, არაორგანიზებულ და ქაოტურ ხალხად აღიქვამდნენ. დღევანდელი ევროპა კი სულ სხვა სურათს გვთავაზობს: ესპანეთის ეკონომიკა სწრაფად იზრდება; ’არაორგანიზებულად’ მიჩნეული იტალიაც თავს მშვენივრად გრძნობს; მოწესრიგებული გერმანია კი სადღაც გაქრა.”

[იტალიური სიმღერა ’Volare’]

საუბრის ბოლოს გერმანელმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ კლიშეების და სტერეოტიპების შეცვლა დღეს ყველა ქვეყნის შესაძლებლობაში შედის და რომ ამისთვის მხოლოდ მუშაობა და ინტენსიური მცდელობაა საჭირო:

[თომას კილინგერის ხმა] “ძალიან მახარებს ის, რომ თანამედროვე სამყაროში ყველას აქვს შანსი მის შესახებ არსებული სტერეოტიპები დაანგრიოს. არ ვამბობ, რომ სულ უნდა ვმუშაობდეთ და საერთოდ არ უნდა დავისვენოთ; მაგრამ ახალ ქვეყნებს - მათ შორის საქართველოს და ყველა დანარჩენს, რომელიც კიდევ უფრო აღმოსავლეთით მდებარეობს - დანამდვილებით შეგვიძლია ვუთხრათ, რომ თუ მომენტს გამოიყენებენ, შეუძლებელს შეძლებენ და თავიანთი საზოგადოების შესახებ შექმნილ კლიშეებს დაანგრევენ.”