ერთი წლის წინ მმართველმა პარტიამ საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნა

  • ნინო როდონაია
ზუსტად ერთი წლის წინ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული პროგრამის პრეზენტაცია გამართა.
იმ პერიოდში ,,ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატებად” წოდებული პარტიის ლიდერები ერთხმად აცხადებდნენ, რომ პროგრამა ქვეყნის მოსახლეობის სურვილების მიხედვით დაიწერა.

რამდენად არსებობს საქართველოში საარჩევნო პარტიული პროგრამების შექმნისა და მასზე პასუხისმგებლობის კულტურა? - ამის გარკვევას პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანთან ერთად შევეცადე.

გასული წლის გაზაფხულზე, როდესაც საქართველო რევოლუციური დინების ფონზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებოდა და პრეზიდენტის პარტიის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა, ,,ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” ლიდერებმა საკუთარი წინასაარჩევნო პროგრამა გამოაქვეყნეს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური ზრდა, კორუფციასთან ბრძოლა და მოსახლეობის დასაქმების პრობლემის მოგვარება - პარტიული ლიდერები პროგრამის ძირითად შინაარსს მოქალაქეებს სწორედ ასე აცნობდნენ. წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნო დანაპირები შეასრულა, მის ანგარიშს კი ოპოზიციამ მოქალაქეთა კავშირის პროგრამიდან გადაწერილი უწოდა.

ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი არა მმართველი ან რომელიმე სხვა პარტიის პროგრამებად წოდებული გეგმის შეფასება, არამედ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე მსჯელობაა. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დირექტორი, პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ეს პრაქტიკა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "რა თქმა უნდა, ყველა პარტიას განსაკუთრებით არჩევნების წინ ახსენდება პროგრამის შესახებ, პროგრამა ყველას გააჩნია. სხვა საქმეა, რომ მისი შედგენაც და საზოგადოებისთვის მიწოდებაც ფორმალურ ხასიათს ატარებს. ეს არის, ალბათ, ყველაზე სამწუხარო. არც პარტია, თავისთავად, და, რაც უარესია, საზოგადოება არ ანიჭებს ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ ვირჩევთ არა პროგრამის მიხედვით, არამედ კონკრეტული ლიდერის და, ბოლოს და ბოლოს, მომწონს-არ მომწონს მიხედვით.” (სტილი დაცულია)

საქართველოში წინასაარჩევნო პროგრამები, ძირითადად, წარმოადგენს იმ სავალდებულო დოკუმენტს, რომელიც გარკვეული ფორმალური პროცედურების დაცვას სჭირდება:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "ამას ჰქვია, ალბათ, პირველ რიგში, ტრადიციის არარსებობა. ჩვენთან ეს ტრადიცია ვერ ჩამოყალიბდა. ამას ჰქვია ის, რომ არ არსებობს მოთხოვნილება საზოგადოების, ამომრჩევლების მხრიდან კონკრეტულ პროგრამაზე. ჰქვია აგრეთვე ისიც, რომ პარტიული სტრუქტურა საქართველოში ვერ ჩამოყალიბდა. პარტიების უმრავლესობა მიბმულია, აგებულია ერთ კაცზე, ლიდერზე, და რომ არა ის ერთი ლიდერი, პარტია აღარც არსებობს სინამდვილეში. აბა, რა პროგრამაზე შეიძლება იყოს საუბარი ასეთ პირობებში?!” (სტილი დაცულია)

ბოლო წლებში ჩატარებული არჩევნების წინ გამოქვეყნებული პროგრამების შინაარსი, როგორც წესი, ერთმანეთის მსგავსი იყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები არ შეცვლილა. პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ ამ თვალსაზრისით ორიგინალობას უახლოეს ხანში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ მიაღწევს:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "პრობლემა უფრო ის არის, რომ ჩვენთან ვერც მმართველმა ძალამ და სხვა პარტიებმა ვერ გააცნობიერეს, რას ნიშნავს მემარჯვენეობა, მემარცხენეობა, ცენტრისტობა და ამით არ ინტერესდება ამომრჩეველი, აგრეთვე ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, თორემ არის, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ამომრჩეველიც, მაგრამ მისი გადაწყვეტილება და მისი აზრი, სამწუხაროდ, არ არის განმსაზღვრელი.” (სტილი დაცულია)

საქართველოში ჯერჯერობით არც საარჩევნო პროგრამებზე პასუხისმგებლობის კულტურა არსებობს. არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ეს გარემოება ხელს უშლის ქვეყანაში პარტიული ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, დემოკრატიულ განვითარებას, რომელზეც ნებისმიერი პარტია საუბრობს. არჩეული პოლიტიკური ძალისთვის პასუხის მოთხოვნა უცხოა თავად ამომრჩევლისთვისაც:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] "ამომრჩეველს დაავიწყდება ყოველთვის, როცა მისი სამოქალაქო და პოლიტიკური კულტურის დონე არის, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, დაბალი და სწორედ ასეთია დღეს ამომრჩეველთა დიდი ნაწილის მდგომარეობა საქართველოში - ეს ერთი. მეორე - ტრადიცია თუ არ ჩამოყალიბდა და ტრადიციის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება უპირველესად, ისე შეუძლებელია ვილაპარაკოთ ამომრჩევლის პოზიციის შეცვლაზე, მდგრად პოლიტიკურ პოზიციაზე და იმაზე, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს კონკრეტული შეკვეთა. ჩვენ არ ვფიქრობთ, რა პროგრამით ვირჩევთ, რა ვადით გვინდა ავირჩიოთ და არც იმას ვფიქრობთ, შეუსრულებლობის შემთხვევაში როგორ უნდა ვიმოქმედოთ.” (სტილი დაცულია)

საარჩევნო პროგრამები რომ არჩევნებიდან თითქმის მეორე დღესვე ყველას ავიწყდება, პოლიტოლოგი არმაზ ახვლედიანი იმით ხსნის, რომ პარტიების სამოქმედო გეგმები არაკონკურენტულ გარემოში იქმნება, და ყურადღებას კიდევ ერთი ტიპის კულტურის არარსებობაზე ამახვილებს:

[არმაზ ახვლედიანის ხმა] ,,საქართველოში, ისევე როგორც ბევრ მსგავს ქვეყანაში, ვერ ვისწავლეთ გამარჯვების და დამარცხების კულტურა. ვიდრე ეს კულტურა ჩვენში არ დამკვიდრდება, პროგრამას, პარტიულ ინფრასტრუქტურას და არჩევნებს, საერთოდ, ექნება ის მნიშვნელობა, რა მნიშვნელობაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში აქვს დღეს.” (სტილი დაცულია)