აბუ-ღრაიბი და გაუნტანამო: პრინციპი თუ დამთხვევა?

ამერიკის შეერთებული შტატების თადარიგის ეფრეიტორმა ქალმა ლინდი ინგლანდმა ორშაბათს თავი დამნაშავედ ცნო ერაყის აბუ-ღრაიბის ციხეში პატიმართა მიმართ დამამცირებელი
მოპყრობის გამო. შეგახსენებთ, რომ 22 წლის ინგლანდი გადაღებული იყო ტუსაღთა წამების ამსახველ სკანდალურ ფოტოებზე, რომლებმაც დაახლოებით ერთი წლის წინ საერთაშორისო პრესის ფურცლები მოიარა. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა და თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ასეთი ცუდი მოპყრობა მაშინ ცალკეული ჯარისკაცების უდისციპლინობით ახსნეს. თუმცა ბოლო დროს გამოჩნდა ცნობები პატიმართა მიმართ ანალოგიური მოპყრობის შესახებ გუანტანამოს ციხეში. ამ პარალელების თაობაზე რადიო ”თავისუფლების” ვაშინგტონელი კორესპონდენტი ორ ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსან სამხედროს ესაუბრა. მინდა მათი მოსაზრებები გაგაცნოთ.

ამერიკის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი და დაზვერვის ოფიცერი კენეტ ალარდი დარწმუნებულია, რომ აბუ-ღრაიბსა და გუანტანამოში, კუბაში, ამერიკის სამხედრო პერსონალის მხრიდან გამოვლენილი შეურაცხმყოფელი ქმედებები ერთმანეთს ისე წააგავს, რომ ლამის ერთი და იმავე წიგნიდან გადაწერილი გეგონებათ. ამერიკის ახალი ამბების სააგენტოთა ცნობით, გუანტანამოში პატიმრების მიმართ გამოყენებულმა წამების ტექნიკამ შოკში ჩააგდო გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები, რომლებიც კუბაში დაკითხვის ჩასატარებლად გაგზავნეს. ცნობებში,რომელიც ბიუროს საიტზეა გამოქვეყნებული, აღწერილია საკნის გისოსებზე მიბმული პატიმრები, დათრგუნვილნი რელიგიური და სექსუალური დამცირებით - მსგავსი იმისა, რაც აბუ-ღრაიბში ხდებოდა. გადამდგარი პოლკოვნიკის კენეტ ალარდის თქმით, შესაძლოა, არსებობდეს არგუმენტები, რომ გუანტანამოში სასტიკად ეპყრობოდნენ იმ პატიმრებს, რომლებსაც ალ ყაიდასთან ჰქონდათ კავშირი და 11 სექტემბრის თავდასხმის მოწყობა ან ახალი ტერაქტების დაგეგმვა ედებათ ბრალად. მაგრამ არ შეიძლება იყოს რაიმე, რაც აბუ-ღრაიბის ციხეში ასეთი ტექნიკის გამოყენებას გაამართლებდა:

[კენეტ ალარდის ხმა]” რაც გუანტანამოს ტუსაღების დაკითხვის შედეგად ჩანს, არის ბირთვული მუქარის პოტენციალი ალ ყაიდას მხრიდან. და თქვენ უნდა შეეკითხოთ საკუთარ თავს: ”არის რაიმე, რის გაკეთებასაც შევძლებთ და რაც არ იქნება გამართლებული მთელი ამ ბოროტების თავიდან ასაცილებლად? ჩვენ ვალდებულები ვართ ვიმსჯელოთ ამაზე. ახლა, როცა აბუ-ღრაიბს განვიხილავთ, ჩანს, რომ არის სამარცხვინო ზედამხედველობა და არიან ადამიანები, რომლებიც არ აკეთებენ იმას, რისთვისაც მათ ფულს უხდიან.”


ამერიკის სამხედრო დაზვერვის მეორე მაღალჩინოსანი ოფიცერი, გენერალი ედვარდ ატკისონი, ეთანხმება მოსაზრებას, რომ აბუ-ღრაიბსა და გუანტანამოში პატიმრების წამება მხოლოდ უბრალო დამთხვევა არ არის. ატკისონმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ პენტაგონი ვალდებულია სანდო გამოძიება ჩაატაროს:

[ედვარდ ატკისონის ხმა]”მე მხოლოდ იმის
თქმა შემიძლია, რომ ამას ცუდი სუნი უდის და, ვფიქრობ, მაღალი დონის გამოძიება სჭირდება. ისინი, მართლაც, ბევრს აკეთებენ ასეთი გამოძიებისათვის, მაგრამ ატმოსფერო ჯერ კიდევ არ არის სასიკეთო და ჯერაც ძალიან ბევრი კითხვა არსებობს. მე ვფიქრობ, გაცილებით გონივრული იქნებოდა, თუკი ისინი აიღებდნენ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს გაუშვებდნენ გამოძიების ჩასატარებლად.”

ეს შტაბის უფროსის მოადგილე შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა ოთხვარსკვლავიანი გენერალი პეტერ რეისია. ატკისონის თქმით, რეისის წოდებისა და პენტაგონში მისი მდგომარეობის კაცისთვის სრულიადაც არ იქნებოდა რთული ნებისმიერი შეკითხვა დაესვა ერაყში მყოფი მაღალი რანგის ამერიკელი ოფიცრისათვის. მაგრამ აბუ-ღრაიბის ციხის საქმეს იძიებდა სამვარსკვლავიანი გენერალი ჯორჯ ფეი. ხოლო მაშინ შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტის სარდალი ერაყში იყო ასევე სამვარსკვლავიანი გენერალი რიკარდო სანჩესი. ატკისონის თქმით, სრულყოფილი თანამშრომლობის მხრივ, სამვარსკვლავიან გენერალ ჯორჯ ფეის, შესაძლოა, შექმნოდა სირთულე იმ გენერალთან, რომელსაც იგივე წოდება და უფრო მაღალი თანამდებობა ჰქონდა. მაგრამ პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენელი მაიორი მაიკლ ჩავერსი ამბობს, რომ აბუ-ღრაიბის სკანდალის გამოძიების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ოთხვარსკვლავიანი გენერალი პოლ კერნი, რომელიც წოდებით გაცილებით მაღლა დგას სანჩესზე. თუმცა პენტაგონის წარმომადგენელი იმასაც აღიარებს, რომ კერნი პერსონალურად არ იყო ჩართული ერაყში ჩატარებულ დაკითხვებში. ამასთან, ალარდი ამბობს, რომ ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, არიან თუ არა მაღალი რანგის ამერიკელი სამხედროები დამნაშავენი გუანტანამოში. მაგრამ იგი დარწმუნებულია, რომ აბუ-ღრაიბის საპატიმროს უფროსი, გენერალი ქალი ჯანის კარპინსკი პასუხისმგებელია თუნდაც იმის გამო, რომ მას არ აღმოაჩნდა აუცილებელი თვისება ლიდერისა, რაც ასეთ ფაქტებს აღკვეთდა.