ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები ბრიუსელში ახალ სამშვიდობო გეგმებს სახავენ

ბრიუსელში დღეს დაიწყო ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა. როგორც მოსალოდნელია, ისინი მხარს დაუჭერენ ავღანეთში მშვიდობის დამცველთა
კონტინგენტის კიდევ 3 000 კაცით გაზრდას, რაცა ავღანეთში სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება. ამ დროისათვის ავღანეთში ნატოს სარდლობის დაქვემდებარებაში სულ 8 ათასი კაცი იმყოფება. ნიშანდობლივია, რომ მათ შემადგენლობაში ერთი წლის წინ 50 ქართველი სამხედრო მოსამსახურეც იმყოფებოდა. მინდა გესაუბროთ იმის შესახებ, თუ კიდევ რა საკითხები იდგა ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.


ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომის მთავარი საკითხი ალიანსის სარდლობით ავღანეთში მიმდინარე სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაცია გახლავთ. ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, ავღანეთში, ძლიერი პროგრესის მიუხედავად, ბოლო ხანს მომხდარი ძალადობის აქტები ზედმეტი ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევსო. ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა დაადასტურეს მზადყოფნა გაიზარდოს აისაფის, ანუ ნატოს, სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთში 3 000 კაცით, რამაც მომავალი არჩევნების უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს:

” ავღანეთში საერთაშორისო ძალების მისიის გაფართოება ქვეყნის დასავლეთი რეგიონების მიმართულებით 31 მაისს გადაწყდა და ამ მომენტში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი იმაში მდგომარეობს, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ეროვნული ასამბლეისა და ადგილობრივი არჩევნები მომდევნო შემოდგომაზე მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარდება. ”

დამატებითი სამშვიდობო კონტინგენტი ავღანეთში იტალიის, რუმინეთისა და ნიდერლანდების სამხედრო ქვედანაყოფებით დაკომპლექტდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის ნატოს დროშის ქვეშ ავღანეთში უკვე 11 ათასი სამხედრო მოსამსახურე იქნება.


ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა ერაყის პრობლემაც განიხილეს, მაგრამ ნატოს ბლოკი ჯერ კიდევ არ არის მზად აიღოს პასუხისმგებლობა უსაფრთხოებაზე, გარდა იმ 150 კაცის გაგზავნისა, რომელმაც ერაყის უსაფრთხოების ძალების წვრთნას უნდა მიჰყოს ხელი. ნატოს გენერალური მდივნის იაპ დე ჰოოპ სხეფერის თქმით, ალიანსის საწვრთნელი ცენტრი ერაყში მალე ამოქმედდება:
[იაპ დე ჰოოპ სხეფერის ხმა] ”ერაყის საკითხში ურყევია ჩვენი გადაწყვეტილება, დავეხმაროთ ქვეყანას დემოკრატიულ აღორძინებაში. მთელ ალიანსს შეაქვს წვლილი იმაში, რომ ჩამოყალიბდეს ნატოს მისია, რომელიც ერაყის სამხედრო ძალებს გაწვრთნაში დაეხმარება. და ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ ერაყში, რუსტიმიაში, უკვე სექტემბერში შეიქმნება ნატოს წვრთნის, აღჭურვისა და სწავლების ცენტრი.”

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ნატოს თავდაცვის მინისტრები უფრო კულუარებში და ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს პარასკევის სხდომაზე იმსჯელებენ, უზბეკეთის პრობლემაა. ამ სხდომაში, ნატოს წევრი ქვეყნების გარდა, პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებიც მიიღებენ მონაწილეობას. მოელიან, რომ ნატო კიდევ ერთხელ მოუწოდებს უზბეკეთის ხელისუფლებას, ნება დართოს დამოუკიდებელ საერთაშორისო ჯგუფებს მიუკერძოებლად გამოიძიონ ანდიჟანის ტრაგიკული მოვლენები. ანდიჟანში მომხდარი სისასტიკის გამო, ნატოს ხელმძღვანელობამ უკვე თქვა უარი ჩატარდეს ”მშვიდობისათვის პარტნიორობის პროგრამის” ორი ღონისძიება უზბეკეთში. ასევე განიხილება საკითხი, ავღანეთში მიმდინარე ტაქტიკური ოპერაციის უზრუნველსაყოფად გამოყენებულ იქნეს პაკისტანის და არა უზბეკეთის ტერიტორია.

ნიშადობლივია ისიც, რომ უზბეკეთის დელეგაცია არ დაესწრება ”ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს” სხდომას, ხოლო რუსეთი ლამის ერთადერთი ქვეყააა, რომელმაც მხარი დაუჭირა ოფიციალური ტაშკენტის ვერსიას, რომ ანდიჟანში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია ისლამისტების მიერ იყო პროვოცირებული.