ისმინება თუ არა საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა სატელეფონო საუბრები

ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ფიფია საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველსავე სხდომაზე სპეციალური საგამოძიებო კომისიის
შექმნის ინიციატივით წარდგება. მისი ინფორმაციით, დეპუტატთა სატელეფონო საუბრები ისმინება და ამ საქმიანობით საქართველოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტია დაკავებული. გოჩა ფიფია მოუწოდებს პარლამენტის დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატებს ოპოზიციასთან სოლიდარულად იმოქმედონ და საქართველოს ხელისუფლებას ტოტალიტარიზმის დამკვიდრებაში ხელი შეუშალონ.

დეპუტატთა სატელეფონო საუბრების მოსმენის კონკრეტული ფაქტების დასახელებისაგან გოჩა ფიფია ჯერჯერობით თავს იკავებს, თუმცა დაბეჯითებით აცხადებს, რომ თუ ამ საკითხის შესასწავლად მართლაც შეიქმნება საგამოძიებო კომისია, მასალა უხვად დაგროვდება. მასობრივი ინფორმაციისა და საზოგადოების სამსჯავროზე ამ ეტაპზე მას ერთი ექსპერიმენტის შედეგები გამოაქვს:

[გოჩა ფიფიას ხმა]” რაღაც მოლაპარაკება შედგა ტელეფონში, ასე ვთქვათ, შეგნებულად, რა თქმა უნდა, წინასწარი დათქმით. შემდეგ უკვე გადამოწმდა, შესაძლებელი იყო თუ არა იმ ადგილას, სადაც იქნებოდა ეს შეხვედრის ადგილი, მოსმენის შედეგად მოსულიყვნენ ის პირები, ვისაც, ასე ვთქვათ, სამსახურებრივად დაავალებდნენ ყოველივეს. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად, მივიღეთ ის შედეგი, რასაც ველოდით.”(სტილი დაცულია)

ანუ ოპერატიული მუშაკები პაემნის ადგილას დაუპატიჟებლად გამოცხადდნენ. გოჩა ფიფიას ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე, წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობა დაუჭერს მხარს. სავრაუდოდ, მათ შეუერთდება დეპუტატი ელენე თევდორაძეც, რომელიც ჯერ კიდევ საგაზაფხულო სესიაზე გამოთქვამდა შეშფოთებას სატელეფონო თვალთვალის შესახებ:

[ელენე თევდორაძის ხმა]” არავინ არ არის დღეს დაცული იმისგან, ისმინება, არ ისმინება და ეს არის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. არ შეიძლება, მე ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, ადამიანი თავს ქეჩოში ჩავლებულად არ უნდა გრძნობდეს.”(სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძემ ეს განცხადება 8 აპრილის სხდომაზე გააკეთა. სამთავრობო საათზე დეპუტატები ფინანსთა ყოფილ მინისტრს ვალერი ჩეჩელაშვილს ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელის დავით კეზერაშვილის სკანდალური სატელეფონო ჩანაწერის გამო უსმენდნენ. ეს ჩანაწერი ოპოზიციას, კერძოდ, კონსერვატორებს ჩაუვარდათ ხელში. უცენზურო და, ამასთანავე, კორუფციული საქმიანობის ამსახველი აუდიოჩანაწერი, არსებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით გაკეთდა და გავრცელდა. აღნიშნული სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერისთვის სპეციალური სასამართლო სანქციაც არსებობდა.

[კახა კუკავას ხმა]”ის მოსმენები, რომლებიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, მოსამართლის მიერ იყო სანქცირებული და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ახორციელებდა და სწორედ იმ თანამშრომელმა გადასცა ეს მოსმენები ოპოზიციას მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ შანტაჟის განხორციელება დაიწყო თავად შინაგან საქმეთა სამინისტრომ.”(სტილი დაცულია)

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ჩანაწერი კონსერვატორებს გადასცა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლის მიერ სანქცირებული ჩანაწერი უკვე მტკიცებულებაა, დავით კეზერაშვილის საქმე სასამართლომდე არ მისულა. არადა, ბრალდებები საკმაოდ მძიმე იყო: აუდიოჩანაწერების საფუძველზე კონსერვატორები დავით კეზერაშვილს კონტრაბანდასა და კორუფციაში სდებდნენ ბრალს. დეპუტატი კახა კუკავა ფიქრობს, რომ არა დანაშაულის გახსნის, არამედ შედარებით მსუბუქ მიზანს შეიძლება ისახავდეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, თუ იგი, მართლაც, დაკავებულია დეპუტატების სატელეფონო საუბრების მოსმენით:

[კახა კუკავას ხმა]” ეს არის, უბრალოდ, ოპერატიული კონტროლის მიზნით, რომ იცოდნენ, რას ელაპარაკება გამყრელიძე დავითაშვილს და ასე შემდეგ. ეს მიზანი აქვს მას და არა ის, რომ მათ წინააღმდეგ საქმეები აღიძრას.”

დადგება თუ არა პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატების სატელეფონო საუბრების მოსმენის შემსწავლელი სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ამ საკითხის ინიციატორი გოჩა ფიფია კი მიიჩნევს, რომ იდეის იგნორირება ან კომისიის შექმნის გადავადება ქვეყანაში პოლიციური რეჟიმის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.