გაზის ახალი ტარიფისგან განსხვავებით, მაგისტრალური გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის საფასური ჯერჯერობით უცნობია

  • ნინო როდონაია
ახალი წლიდან ყოველი ათასი კუბური მეტრი რუსული გაზისთვის საქართველო 110 დოლარს გადაიხდის. მომავალ წელს, შესაძლოა, რეალობად იქცეს კომპანია "გაზპრომის"
მიერ მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზაციაც, რომელსაც საქართველოს გარდა, მოწინააღმდეგენი აშშ-შიც ჰყავს. საქართველოს ხელისუფლებამ მის მიერ მთავარ მოკავშირედ გამოცხადებული აშშ-ის პოზიცია რომ, შესაძლოა, არ გაითვალისწინოს, ამის კონტური ოთხშაბათს გამოიკვეთა. თავად "გაზპრომი" კი მაგისტრალურ გაზსადენთან დაკავშირებული სერიოზული მოლაპარაკებისთვის საქართველოსგან კონკრეტული ფასის დასახელებას ითხოვს. ამრიგად, გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციის თემა წლის ბოლოს კვლავ აქტუალური გახდა.

ოთხშაბათს ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საქართველოში რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა და ,,გაზპრომის” შვილობილი კომპანია ,,გაზექსპორტის” წარმომადგენელმა დავით მორჩილაძემ პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მომავალ წელს საქართველო ბუნებრივ აირს რუსეთისგან უკვე შეთანხმებულ ფასად, 110 დოლარად, მიიღებს და რომ ახალი წლიდან სხვა საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები განახლდება. მათგან ყველაზე პრობლემატურის, საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის, შესაძლო პრივატიზაცია წელიწადზე მეტია განიხილება:

[დავით მორჩილაძის ხმა] "აქ ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ქართული მხარე ყიდის გაზსადენს, ამაზე არავინ არ საუბრობს. ბოლო შეხვედრაზე ჩვენ მივედით ასეთ დასკვნამდე, რომ უნდა გავიგოთ საქართველოსთვის მისაღები ფასი. ამიტომ ფასი, ცხადია, უნდა დაასახელოს საქართველომ." (სტილი დაცულია)

დავით მორჩილაძის საკმაოდ ფრთხილ განცხადებებს თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა გაზსადენის პრივატიზაციაზე ფიქრს მხოლოდ ფასის დადგენის შემდეგ დაიწყებს:

[დავით მორჩილაძის ხმა] "თუკი “გაზპრომი” დათანხმდება იმ ფასს, რომელსაც შესთავაზებს ქართული მხარე, ამის შემდეგ ქართული მხარე დაიწყებს ფიქრს იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა მაგისტრალის პრივატიზება.” (სტილი დაცულია)

თბილისში რომ უკვე ნაფიქრი აქვთ, ეს ოთხშაბათს სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ დაადასტურა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] "მილი ვისი იქნება, ამას არავითარი გავლენა არა აქვს იმიტომ, რომ გაზი მოდის რუსეთის ტერიტორიის გავლით და ეს მილი გინდა ჩვენი იყოს, გინდა ვიღაცის იყოს, გაზის ფასზე ამას არანაირი გავლენა არა აქვს." (სტილი დაცულია)

ბენდუქიძე მაგისტრალურ გაზსადენს მიიჩნევს მხოლოდ ფიზიკურ ობიექტად, რომელსაც საკუთარი ფასი აქვს. კონკრეტულ ღირებულებას ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს, თუმცა ცნობილია, რომ მის დასადგენად საჭირო აუდიტი დაწყებულია. თუკი სახელმწიფო მინისტრს არ ჩავთვლით, გაზსადენის შესაძლო პრივატიზაციაზე საჯაროდ საუბრისას საქართველოს მთავრობა უპირატესობას ჯერჯერობით ფრთხილ ტონს ანიჭებს. ამ გარემოებას “გაზექსპორტის” წარმომადგენელი დავით მორჩილაძე ბიზნესის კანონთა შესაბამისად ხსნის:

[დავით მორჩილაძის ხმა] "რატომ უნდა დაიწყოს საჯარო პროცედურები, რატომ უნდა დაიწყო პარლამენტის აზრის შესწავლა ან საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, თუკი არ იცი, რომ გყავს მყიდველი.” (სტილი დაცულია)

ცნობილია, რომ გაზსადენის პრივატიზაციას მოწინააღმდეგენი მხოლოდ საქართველოში არ ჰყავს. ქვეყნის მთავრობას რუსული “გაზპრომისთვის” მილსადენის გადაცემას არ ურჩევს არც აშშ-ის ადმინისტრაცია, რომელსაც კახა ბენდუქიძემ ოთხშაბათს “გაზპრომის” ახალი თანამშრომელი გერჰარდ შრიოდერი შეახსენა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] "ამერიკამ მოუაროს ჯერ ევროპას და მერე მოვიდეს ჩვენთან, კაცო. რა, დაბალი ღობე ნახა?! ჯერ გერმანიის კანცლერს მოუაროს და მერე მოუაროს საქართველოს მთავრობას.” (სტილი დაცულია)

სახელმწიფო მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო საკუთარი მილსადენების ბედს თავად გადაწყვეტს. კახა ბენდუქიძისგან განსხვავებით, აშშ-ს აზრის გამოხატვის პრეროგატივა რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა დაუტოვა:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] "თითოეულ მხარეს სრული, ასპროცენტიანი, უფლება აქვს საკუთარი აზრი გამოხატოს. ასევე სხვებსაც აქვთ ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტის უფლება. მიმაჩნია, რომ გაზის სფეროში რუსეთისა და საქართველოს თანამშრომლობა მხოლოდ ორმხრივი საკითხია."

ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ეკონომიკური დიპლომატიის მეთოდიც მოიხსენია და ის მომავალი წლისთვის საქართველო-რუსეთის პოლიტიკური ურთიერთობის გაუმჯობესების ბერკეტად დაასახელა. სავარაუდოა, რომ მაგისტრალური გაზსადენი ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იქნება.