სპორტული ეციკლოპედია

დავით პაიჭაძე, თბილისი ყოველკვირეულ ”ბიბლიოთეკაში” ნაირგვარ ლიტერატურასა და წიგნებს შევხებივართ, მაგრამ არასოდეს არაფერი გვითქვამს ამა თუ იმ ქართულ ლექსიკონზე,
ენციკლოპედიასა ან სხვა სახის საცნობარო გამოცემაზე. არა, ტერმინი ”საცნობარო” აქ ნამდვილად უადგილოა, რადგან დღევანდელ გადაცემაში ვაპირებთ გესაუბროთ ფუნდამენტურ გამოცემაზე, რომელსაც ავტორებმა 8 წლის შრომა დაახარჯეს. ორიოდე რიცხვი: ეს წიგნი შეიცავს 2500-მდე სტატიას, 4000-მდე ფოტოს, 500-ზე მეტ ნახატს, ნახაზსა თუ ცხრილს. რას შეიცავენ ეს სტატიები, ფოტოები თუ ნახატები, სჯობს, მკითხველმა ნახოს. დავით პაიჭაძე კი გადმოგცემთ რამდენიმე ცნობასა და შთაბეჭდილებას ახალი ქართული გამოცემის შესახებ, რომელსაც “სპორტის ენციკლოპედია” ჰქვია.

ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკას, რამდენიმე ათწლეულია, ერთი ვნება მოჰყვება: ესაა ზუსტი და ამომწურავი სტატისტიკა, რომელიც ახლავს აქტუალურ ინფორმაციას სპორტული მოვლენის შესახებ. ამ ვნების თანაზიარი ხდება მკითხველი, თუ ის თუნდაც უბრალოდ გადაფურცლავს ”სპორტის ენციკლოპედიას”. ვისაც წაუკითხავს ძველი თაობის ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტები, მყისვე იგრძნობს, რომ წიგნი მათ დაწესებულ სტანდარტებსაც ეფუძნება, რაც ნაშრომს მხოლოდ ეხმარება, უპასუხოს ენციკლოპედიის კანონებს: სანდო და დაზუსტებული ფაქტები, საგულისხმო დეტალები, არავითარი აღმატებითი ხარისხი და პათეტიკა.

[არჩილ გოგელიას ხმა] ”სხვათა შორის, ძალიან ინტელიგენტურად გაკეთებული წიგნია. დაწყებული დიზაინიდან, რომ გადახედავ წიგნს, ნახავ, რომ არაფერი გამოტოვებული არ არის, სპორტის არც ერთი სახეობა. ისეთი ნიუანსებია იქ, დღეს რომ არავინ არ იცის საქართველოში. მე თავად არ ვარ ის ჟურნალისტი, რომელიც ასეთ მასალას ოდესმე აგროვებდა, მაგრამ მშურს ადამიანების, რომელთაც ეს შეუძლიათ გააკეთონ. ერის კულტურა ენციკლოპედიებსა და ლექსიკონებზეც არის დამყარებული და, მე მგონი, ეს არის ერთ-ერთი ძალიან კულტურულად გაკეთებული წიგნი საქართველოში.” (სტილი დაცულია)

ეს არჩილ გოგელიაა, რომლის ფოტოც ერთ-ერთია ხსენებული 4 ათასიდან. ის საილუსტრაციოდ ახლავს სტატიას ფარიკაობის შესახებ.

“სპორტის ენციკლოპედია” საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ მოამზადა. თუმცა გამოცემაში ჩართული იყო სპორტულ ჟურნალისტიკასთან დაუკავშირებელი ბევრი სხვა პიროვნებაც. ერთი მათგანი, მწერალი ირაკლი ლომოური, წიგნის სარედაქციო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ლაპარაკობს წყაროებზე, რომელთაც ეყრდნობოდნენ წიგნის შედგენისას. სხვადსხვა ენაზე გამოცემულ სპორტულ ენციკლოპედიებსა და ინტერნეტში მოძიებული ინფორმაციის გარდა, წიგნში შევიდა ქართულ სპორტულ პრესაში, სახელმწიფო, სამუზეუმო, ოჯახურ და ჟურნალისტურ არქივებში შემონახული მასალები. ეს ბუნებრივია, რადგან თუ არა სპორტის ქართულ ენციკლოპედიაში, სხვაგან ვერსად ვერ იქნებოდა ამდენი ინფორმაცია ქართველ სპორტსმენებზე, მწვრთნელებსა და სპორტის ქართულ სახეობებზე. ირაკლი ლომოურს ვთხოვ, ზოგადად მიმოიხილოს, რა მოიცვა ახალმა წიგნმა:

[ლომოურის ხმა] ”სპორტის პრაქტიკულად ყველა სახეობა, რაც კი არსებობს, არა მხოლოდ ტრადიციული, არამედ ეგზოტიკური სახეობებიც - ყველაფერი განმარტებულია. ოლიმპიური და არაოლიმპიური სახეობები აღწერილია წესებისა და ისტორიის ჩათვლით. არის არა მხოლოდ ცნობილი ქართველი, არამედ მსოფლიოში ცნობილი ყველა სპორტსმენი, ცნობილი სპორტული კლუბები, თავისი ისტორიით, ყველა ოლიმპიური თამაშები - ანტიკურობიდან დღემდე. აქ არის ჩვენთვის საამაყო მიღწევები და მსოფლიო სპორტის რეალობა - ისტორია და დღევანდელობა.”

დღევანდელობა ამ შემთხვევაში, ვთქვათ ასე, ნამდვილი სიტყვაა, რადგან “სპორტის ენციკლოპედია” მოიცავს ინფორმაციას 2005 წლის 1 ივლისამდე. რაც შეეხება საამაყო მიღწევებს, ვიმეორებ, მოცემულია ენციკლოპედიისათვის დამახასიათებელი წესით, ყოველგვარი ”ლეგენდარულის”, ”სასიქადულოსა” და ”შესანიშნავის” გარეშე. თუმცა წიგნის ერთ-ერთმა ავტორმა (მას არ დავასახელებ) მითხრა, რომ საამისოდ გარკვეული წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდათ. ერთი ამბავიც: საბჭოთა პერიოდის ზოგი სპორტსმენი სტატიაში კომუნისტური მთავრობისაგან მიღებული ორდენების მოხსენიებასაც ითხოვდა. ენციკლოპედიაში აღნიშნულია სამთავრობო ჯილდოები, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა დაიმსახურეს, ოღონდ მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში.

კომუნისტური ხანა ვახსენეთ. “სპორტის ენციკლოპედიაში” შეხვდებით ცნობებს, რომლებიც მიგვანიშნებენ ამა თუ იმ სპორტსმენის წინააღმდეგობაზე სისტემისადმი. ერთი მაგალითია მოჭადრაკე ელენა ახმილოვსკაია, რომელიც 80-იან წლებში თბილისში ცხოვრობდა. ენციკლოპედიაში წერია, რომ 1988 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის დროს ის ცოლად გაჰყვა აშშ-ის კაცთა გუნდის კაპიტანს ჯონ დონალდსონს (იქორწინეს სალონიკში, ამერიკის საკონსულოში) და შეჯიბრება მიატოვა. მას შემდეგ შეერთებულ შტატებში ცხოვრობს. იყო ამ ქვეყნის სამგზის ჩემპიონი. ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონის, ჩეხი ემილ ზატოპეკის შესახებ კი წაიკითხავთ, რომ დაიბადა 1922 წლის 19 სექტემბერს. ზუსტად ამ წელსა და ამ დღეს დაიბადა მისი მეუღლე, აგრეთვე ოლიმპიური ჩემპიონი დანა ინგროვა. ემილ ზატოპეკმა 1968 წელს საბჭოთა ჯარების მიერ ჩეხოსლოვაკიის ოკუპაციის წინააღმდეგ გაილაშქრა, რის გამოც კომპარტიიდან გარიცხეს, ყველა წოდება ჩამოართვეს და სოციალისტური ქვეყნების სპორტული ისტორიოგრაფიდან ამოიღეს. ზატოპეკი იძულებული გახდა, გაზის ქარხანაში და ურანის საბადოებზე ემუშავა. 2000 წელს მეოცე საუკუნის საუკეთესო ჩეხ სპორტსმენად აღიარეს. ბიოგრაფიებში შეხვდებით სხვა რიგის დეტალებსაც: სტატია მსოფლიოს რვაგზისა და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვალერი ხარლამოვის შესახებ ასე სრულდება: ”დაიბადა მანქანაში, როცა მშობიარე დედა საავადმყოფოში გადაჰყავდათ. დაიღუპა ავტოკატასტროფაში მეუღლესთან ერთად. ტრაგედიის ადგილზე აღმართულია 500-კილოგრამიანი მარმარილოს შაიბა, წარწერით: ”აქ ჩაესვენა რუსული ჰოკეის ვარსკვლავი ვალერი ხარლამოვი”.

უკვე მოგახსენეთ, რომ სპორტის ქართულ სახეობებსა და ქართველ სპორტსმენებს ენციკლოპედიაში კუთვნილი ადგილი უკავიათ. წიგნის რედაქტორი ზურაბ მეძველია ლაპარაკობს ზოგიერთ კრიტერიუმზე, რომლითაც შეარჩიეს ენციკლოპედიაში მოსახვედრი სპორტსმენები:

[მეძველიას ხმა] ”სპორტსმენებს რაც შეეხება, ცხადია, სუბიექტურ მომენტს ვერ გავცდით. კი, იყო კრიტერიუმები: ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, პრიზიორები... მაგრამ ბორის პაიჭაძე არაფრის ჩემპიონი არ იყო, თუმცა, ცხადია, უნდა შესულიყო. ქართული სპორტი წარმოდგენილია ყველა სახეობით, რომელიც არსებობდა, შემოსულია და განვითარებულია. აქ არის სახეობის ზოგადი ისტორია და მისი ისტორია საქართველოში: ვინ შემოიტანა, როგორ განვითარდა და ა.შ.”

ინფორმაცია ენციკლოპედიაში ნაირგვარად არის კლასიფიცირებული. ოღონდ ეს განსხვავებული კლასიფიკაციები ერთმანეთისაგან გამიჯნულია და მკითხველს კი არ აბნევს, არამედ თანმიმდევრულად აწვდის, რაც შეიძლება, სრულ ინფორმაციას. ზურაბ მეძველიას ერთი ნიმუში მოჰყავს:

[მეძველიას ხმა] ”არის ქართული სპორტისა და მსოფლიო სპორტის ქრონიკა, სადაც გამოყოფილია ის მომენტები, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენი მსოფლიოს თუ ევროპის რეკორდი დამყარებულა, აგრეთვე ნებისმიერი ქართველი სპორტსმენის დამყარებული მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები.”(სტილი დაცულია)

სპორტის საყოველთაოდ ცნობილი სახეობების გარდა, ენციკლოპედია გვაწვდის ცნობებს მსოფლოს ხალხთა 150-ზე მეტი ტრადიციული სახეობის შესახებ. აქვეა 50-მდე ქართული ეროვნული თამაშობა, აგრეთვე სპორტის ტექნიკური და ექსტრემალური სახეობები. მაგალითად, რა გსმენიათ კჰო-კჰოს, გუშტინგირის, აიმცაკაჩარას ან ბეიზ-ჯამპინგის შესახებ? მეც ენციკლოპედიიდან შევიტყვე, რომ ტანგო (ესპანურიც და არგენტინულიც) სპორტული ცეკვისა და ფიგურული ციგურაობის სავალდებულო დისციპლინა ყოფილა, თანაც, მკაცრად განსაზღვრული მოთხოვნებით: თვლა, ტაქტი, ნაბიჯები, სერიები.

“სპორტის ენციკლოპედიის” განსაკუთრებულ ღირსებათა შორის უნდა ვახსენოთ მისი ფოტოები, მაკეტი და პოლიგრაფიული დონე. შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ მაინც ვიტყვი: ამ თვალსაზრისით, არსებობს “სპორტის ენციკლოპედია” და არსებობს მისი თანამედროვე ყველა დანარჩენი ქართული წიგნი.

დაბოლოს, ერთი პიროვნება, რომელმაც, მართლაც, ლომის წილი დაიდო ამ გამოცემაში: ესაა ჩვენი კოლეგა, სპორტის ენციკლოპედიის პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი. თქვენ ყოველ კვირადღეს უსმენთ მის პროგრამას ”რბენა წინაღობებით”.