მთავრობა 3 სახელმწიფო ენერგოკომპანიის გაერთიანებას ჩქარობს

ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და მაგისტრალური გაზსადენის პრივატიზების თემისადმი დამოკიდებულება ბოლო პერიოდში საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის ერთგვარ ინდიკატორად ყალიბდება.
ამ თემაზე გასულ კვირასაც ცხარე დებატები მიმდინარეობდა. ხმაური საქართველოს მთავრობის იმ პროექტმა გამოიწვია, რომელიც 3 სახელმწიფო სტრუქტურის - ”საქნავთობის”, გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციების - ერთ კომპანიად გაერთიანებას ითვალისწინებს.

პირველი კითხვის ნიშნები ამ გაერთიანების მიმართ ნიქსონის ცენტრის ენერგოუსაფრთხოების პროგრამების დირექტორს ზეინო ბარანს გაუჩნდა, რომელმაც გამოთქვა ეჭვი, რომ მთავრობის განზრახვის უკან რუსული ინტერესი დგას, ანუ სავარაუდოა, რომ გაერთიანებულ ”ენერგომონსტრზე” კონტროლი ”გაზპრომისათვის” გაცილებით ადვილი განსახორციელებელი იქნება. ზეინო ბარანის ეჭვებმა საშუალება მისცა ”მემარჯვენე ოპოზიციას” ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური და სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკურ საკითხებში კახა ბენდუქიძე ანტიეროვნული პროექტის რეალიზაციაში დაედანაშაულებინათ. ”მემარჯვენე” ირაკლი იაშვილს მიაჩნია, რომ 3 კომპანიის გაერთიანების შემდეგ შეუძლებელი იქნება ახალი ენერგოსუბიექტის აქტივების გაყიდვას კონტროლი გაეწიოს.

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”ეს ყველაფერი ემსახურება ირიბად ისევ და ისევ მაგისტრალების გასხვისების თემაზე საუბარს. ანუ მოხდება აქტივების გაერთიანება. ამ გაერთიანებით კომპანიის ლიკვიდურობა, მიმზიდველობა გაცილებით უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ცალ-ცალკე ამ კომპანიებისა და შემდგომი გასხვისებისათვის, პრივატიზაციისათვის გაცილებით უფრო ხელსაყრელი გახდება ეს კომპანია.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლება ოპოზიციის ბრალდებას უარყოფს, თუმცა გაერთიანების სასარგებლოდ მთავრობის პოზიცია არცთუ დამაჯერებელია, არგუმენტები კი არის საკმაოდ ზედაპირული. სახელმწიფო მინისტრ კახა ბენდუქიძეს ნავთობისა და გაზის სფეროში 3 სახელმწიფო კომპანიის არსებობა ზედმეტ ფუფუნებად მიაჩნია, მით უმეტეს, როდესაც ამ უწყებების წლიური ბრუნვა, ბენდუქიძის შეფასებით, ორი ქართული რესტორნის ბრუნვის ტოლია.

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”საქართველოში, რომელშიც არც გაზია, არც ნავთობი და არც დიდი გადამამუშავებელი ვართ ამისა, გვყავს 4 უწყება და პლუს ენერგეტიკის სამინისტრო, რომელიც ამ საქმეს კურირებს. ჩემი აზრით, ეს იყო რაღაც ფეოდალური მენტალიტეტდიან ამოსული. ქუვეითში არის ერთი სამინისტრო და ერთი უწყება და ჩვენ რა გაგვიჭირდა ასეთი, რომ გვქონდეს ოთხი.” (სტილი დაცულია)

გაერთიანების ერთ-ერთ და ყველაზე სარწმუნო მოტივად სახელდება ბუნებრივ აირზე უნიფიცირებული გასაყიდი ფასის დაწესების სურვილი. მალე საქართველოს გაზის სხვადახვა ალტერნატიული წყარო გაუჩნდება და მისი მოწოდების, მომხმარებლამდე მიტანის და დისტრიბუციის ფუნქციას მთავრობა გაერთიანებულ კომპანიას დააკისრებს.

ორი სახელმწიფო ენერგოკომპანიის – ნავთობის და გაზის საერთაშორისო კორპორაციების - გაერთიანებაზე საუბარი ჯერ კიდევ ორი წლის წინ დაიწყო. მაშინაც ამის ინიციატორდ, პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად, კახა ბენდუქიძე გამოდიოდა. სხვათა შორის, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი არც მალავდა, რომ გაზის და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციების შერწყმის იდეა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან იყო კავშირში:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”გაყიდვა არის ოპტიმალური გამოსავალი, რადგან სახელმწიფოს საქმე არის ჯარი, ციხე და სასამართლო და არა მილსადენი და დენსადენი.”

ოპონენტები ხელისუფლების გადაწყვეტილებაში, 3 სახელმწიფო ენერგოკომპანიის ნაცვლად შექმნას ერთი ”ენერგომონსტრი”, რუსეთისათვის სტრატეგიული ენერგოობიექტების მიყიდვის მზაკვრულ განზრახვას ხედავენ. მთავრობა - კერძოდ კი, ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური - ირწმუნება, რომ გაზსადენის გაყიდვას არავინ ფიქრობს და თუ მთავრობას ეს სურს, ამას 3 კომპანიის გაერთიანების გარეშეც გააკეთებს.

[ნიკა გილაურის ხმა] ”თუ გაყიდვა უნდა ვინმეს მილსადენის, ხომ ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ თუ ვინმეს რამე უნდა – მილსადენია, არანაირ აუცილებლობას არ წარმოადგენს გაერთიანება და მერე გაყიდვა.” (სტილი დაცულია)

ოპოზიციას მთავრობის ”ფიცი სწამს, მაგრამ ბოლო აკვირვებს”. მათთვის გაუგებარია, რატომ ქმნის 3 სხვადახვა ორგანიზაციისაგან ხელისუფლება ერთ ენერგომონსტრს, მაშინ როდესაც ამ 3 კომპანიას, აქტივების გარდა, თავისი, თანაც ჯერ კიდევ შეუსწავლელი, ვალდებულებები აქვს.
ხელისუფლების გადაწყვეტილებათა რევიზია და კრიტიკა ოპოზიციის სრულიად ბუნებრივი მოვალეობაა და ამაში უცნაური არაფერია. სამაგიეროდ, უცნაურია, რატომ ჩქარობს მთავრობა ამ გადაწყვეტილების აღსრულებას და, ოპონენტების მხრიდან ატეხილი ხმაურის მიუხედავად, რატომ გზავნის სასამართლოში სასწრაფო წესით ახალი კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, თანაც ისე, რომ არც გაერთიანების ეკონომიკური დასაბუთება წარუდგენია საზოგადოებისათვის და ხეირიანად არც გასაერთიანებელ სუბიექტებთან ჩაუტარებია დეტალური კონსულტაციები. რაც მთავარია, ხელისუფლებამ ვერ მოახერხა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ირგვლივ არსებული არცთუ მცირერიცხოვანი ეჭვების გაქარწყლება და მაგისტრალური გაზსადენის ”გაზპრომისათვის” მიყიდვასთან დაკავშირებით ცალსახა პოზიციის ჩამოყალიბება. შესაბამისად, ოპოზიციასაც და ამერიკელ პარტნიორებსაც, რომლებიც იმავე მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციისათვის 50 მილიონს გვაძლევენ საჩუქრად, სრულიად ლოგიკურად უჩნდებათ შეკითხვები, რომლებზეც არგუმენტირებული პასუხები ჯერ არ გაცემულა.