საპარლამენტო ოპოზიცია, პროტესტის ნიშნად, პლენარულ სხდომებს არ დაესწრება

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები ბოიკოტის გამოცხადების ფორმებზე თითქმის შეჯერდნენ. თუმცა კონსულტაციებამდეც, უკვე რამდენიმე დღეა,
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრთა ბოიკოტის რეჟიმშია. ისინი ემხრობიან მოდელს, რომლის თანახმად, ოპოზიციონერი დეპუტატები არ დაესწრებიან პლენარულ სხდომებსა და ბიუროს სხდომებს, თუმცა აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საკომიტეტო განხილვებში. ოპოზიციის სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსების ინფორმირებას და საქმის აღძვრას საკონსტიტუციო სასამართლოში. როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, საქმე ეხება ყოფილი დეპუტატის ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების მოხსნას. გადაწყვეტილებას საპარლამენტო უმრავლესობამ 31 მარტს ერთხმად დაუჭირა მხარი.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციები შიდასაპარლამენტო ბოიკოტით ემიჯნებიან პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილებების ორ ისეთ ტრიბუნას, სადაც მათ გავლენის მოხდენა ისედაც არ შეუძლიათ. ესენია საპარლამენტო სესია და ბიურო. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ავანსცენად რჩება საპარლამენტო კომიტეტები და პრაქტიკული საქმიანობა საკანონმდებლო რეკომენდაციებისა და შენიშვნების დონეზე. რაც შეეხება პარლამენტსგარეთა მოღვაწეობას, საქართველოს რესპუბლიკური პარტია ხაშურის რაიონის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატის ვალერი გელაშვილის უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოში დაიცავს. სასარჩელე განცხადებაში, რომელიც მზადების პროცესშია, ძირითადი აქცენტი სამართლებრივ საკითხებზე გამახვილდება. რესპუბლიკელები ყოფილი დეპუტატისთვის უფლებამოსილების აღდგენას შეეცდებიან.

[დავით ზურაბიშვილის ხმა]“ სარჩელი აუცილებლად შევა და, მე მეტს ვიტყვი, ეს იქნება ერთგვარი ტესტიც კი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, იმიტომ რომ იმდენად დარღვეულია იქ ყველაფერი აბსოლუტურად, დაწყებული პროცედურიდან ამ გადაწყვეტილების მიღების, თვითონ დასკვნა არის იმდენად უსუსური და უმწეო და თითიდან გამოწოვილი, რომ თუ აქ არ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და არ იქნა გაუქმებული პარლამენტის გადაწყვეტილება, ეს ნიშნავს რომ ჩვენთან - სასამართლო სისტემა ისედაც არა გვაქვს და - საკონსტიტუციო სასამართლოც, ესე იგი, არ ყოფილა.“(სტილი დაცულია)

საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარე დავით ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის ხანგრძლივობა პირდაპირ არ უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებას. იგი ამბობს, რომ საპარლამენტო ოპოზიციის პლენარულ სხდომებზე დაბრუნება დამოკიდებული იქნება კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ აქტუალურ საკითხებზე. იგი არ გამორიცხავს, რომ ბოიკოტის შეწყვეტის გადაწყვეტილებები ოპოზიციურმა ფრაქციებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად მიიღონ. სხვათა შორის, ისინი უკვე შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბიუროს მომავალ სხდომას უკვე ყველა ოპოზიციური ფრაქცია დაესწრება. რაც შეეხება ბოიკოტის კიდევ ერთ მიზანს - ყურადღების მიპყრობასა და შიდასაპარლამენტო დემოკრატიის დეფიციტის მხილებას საერთაშორისო არენაზე, როგორც უმრავლესობის დეპუტატები ეჭვობენ, ოპოზიციის ეს ტაქტიკა მათთვის სასურველ შედეგს არ მოიტანს. ელენე თევდორაძეს მოუსმინეთ:

[ელენე თევდორაძის ხმა]“ მე უნდა მოგიყვანოთ წარსულში ერთი მაგალითი. მე მახსოვს, როდესაც აღორძინებამ თავის დროზე დატოვა, ბოიკოტი გამოუცხადა სესიებს და არ ესწრებოდა სხდომებს. ევროსაბჭოში მაშინ ძალიან ცუდად შეაფასეს ზუსტად ოპოზიციის ქმედება. მათთვინ მიუღებელი და გაუგებარი იყო, როგორ შეიძლება, იმიტომ რომ შენ რაღაც საკითხში ვერ დაეთანხმე უმრავლესობას, გამოუცხადო ბოიკოტი.“(სტილი დაცულია)

ელენე თევდორაძე ოპოზიციონერ კოლეგებს ამომრჩევლისადმი ანგარიშვალდებულებას შეახსენებს და პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნებას ურჩევს.